საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1188-1148-2016 24 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „თ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ჯ-ი, ლ. გ-ე, ა. ხ-ი, გ. ხ-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან დასაქმებული), ლ. გ-ის (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან დასაქმებული), ა. ხის (შემდეგში: მესამე მოსარჩელე ან დასაქმებული), გ. ხ-ის (შემდეგში: მეოთხე მოსარჩელე ან დასაქმებული) სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა;
2. ბათილად იქნა ცნობილი სს „თ-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი ან კასატორი) გენერალური დირექტორის 2015 წლის 22 ივლისის №კ-516 ბრძანება და შედეგად დასაქმებულები აღდგენილ იქნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე:
2.1. პირველი მოსარჩელე - ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის სამმართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოების შიდა უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის განყოფილების ბიზნეს-ცენტრების საქმიანობის მონიტორინგის ჯგუფის ინჟინერ-ინსპექტორის თანამდებობაზე. მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად, 1060 ლარი, 2015 წლის 23 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2.2. მეორე მოსარჩელე - ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის სამმართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოების შიდა უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვის განყოფილების ბიზნეს-ცენტრების საქმიანობის მონიტორინგის ჯგუფის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად, 2300 ლარი, 2015 წლის 23 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 24 დეკემბრისა;
2.3. მესამე მოსარჩელე - კორპორაციული განვითარებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კორპორაციული განვითარებისა და საწარმოო საქმიანობის უზრუნველყოფის დირექტორის მრჩეველის თანამდებობაზე. მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად, 4385 ლარი, 2015 წლის 23 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2.4. მეოთხე მოსარჩელე - ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის სამმართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად, 2400 ლარი, 2015 წლის 23 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2.5. დამსაქმებელს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის (მოპასუხე ორგანიზაციის გენერალური დირექტორის) 2015 წლის 22 ივლისის # კ- 516 ბრძანება, კერძოდ:
3.1.1. დასაქმებულები აღდგენილ იქნენ პირვანდელ სამუშაო ადგილებზე;
3.1.2. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მისი ყოველთვიური ხელფასის - 1060 ლარის გადახდა 2015 წლის 23 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 2300 ლარის (სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და აღნიშნული განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა მხოლოდ სახელშეკრულებო ვადის პერიოდში - 2015 წლის 24 ოქტომბრამდე) გადახდა 2015 წლის 23 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს იმავე წლის 24 დეკემბრისა; მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ - 4 385 ლარის გადახდა 2015 წლის 23 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მეოთხე მოსარჩელის სასარგებლოდ - 2400 ლარის გადახდა 2015 წლის 23 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
3.1.3. მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა მათი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იმყოფებოდა საქმე №2/16513-15, რომელზედაც მხარეები იყვნენ ამ განჩინების პირველ და მეორე პუნქტებში დასახელებული დასაქმებულები და დამსაქმებელი; დავის საგანს წარმოადგენდა: სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
3.3. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ დამსაქმებელმა ისინი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა „პირადი განცხადების“ საფუძველზე, კერძოდ: პირველი დასაქმებული გათავისუფლდა 2012 წლის 30 ივლისის №კ-140 ბრძანებით; მეორე დასაქმებული - 2012 წლის 9 ივლისის №კ-118 ბრძანებით; მესამე დასაქმებული - 2012 წლის 26 ივნისის №კ-111 ბრძანებით; მეოთხე დასაქმებული - 2012 წლის 2 ივლისის №კ-114 ბრძანებით;
3.4. დამსაქმებლის ყველა ზემოხსენებული ბრძანება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/4283-13), ბათილად იქნა ცნობილი, ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ იმ თანამდებობებზე, რომელიც მათ ეკავათ გათავისუფლებამდე და მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მათი გათავისუფლების დღიდან - 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მათი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით;
3.5. სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დამსაქმებელმა ხელოვნურად გააუქმა ის საშტატო ერთეულები, რომლებზედაც უნდა მომხდარიყო მოსარჩელეთა აღდგენა, ფაქტობრივად კი აღნიშნული სამსახურები არ გაუქმებულა, მხოლოდ დასახელებები შეიცვალა და სამსახურები კვლავ აღიჭურვა იმავე უფლება-მოვალეობებით, რაც წინამორბედ სამსახურებს გააჩნდათ;
3.6. მოსარჩელეებმა 2014 წლის 30 დეკემბერს მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, და მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არ ასრულებდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებულ მოვალეობას;
3.7. აღმასრულებელმა 2014 წლის 10 დეკემბერს მიმართა მოპასუხე საწარმოს გენერალურ დირექტორს და მოსთხოვა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
3.8. მხარეთა შორის (კრედიტორები: მოსარჩელეები და მოვალე: დამსაქმებელი) შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდა 2015 წლის 19 ივნისს. იმავე წლის 22 ივლისს მოპასუხე საწარმოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა ბრძანება №კ-516, რომლითაც ოთხივე დასაქმებულს (განსახილველი დავის მოსარჩელეებს) შეუწყდა შრომითი ხელშეკრულებები და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან; დასახელებული ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი /“დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“/.
3.9. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხე საწარმოს გენერალური დირექტორის №კ-516 ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილას აღდგენა და 2015 წლის 23 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე - თითოეული მათგანის სასარგებლოდ, ნებისმიერი ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დაკისრება მოპასუხისათვის, მათი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3.10. მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა; აღნიშნული გზავნილი მოსარჩელეს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, 2015 წლის 2 სექტემბერს. მოპასუხეს სასამართლოში უნდა წარედგინა შესაგებელი, სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში; მოპასუხემ, დადგენილ ვადაში 11.09.2015 წელს, წარადგინა შესაგებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
3.11. სასამართლომ საქმის მოსმენა მოსამზადებელ სხდომაზე დანიშნა 2015 წლის 12 ნოემბერს 15 საათზე, რაც მხარეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3.12. სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
3.13. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვრა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის პირობები.
3.14. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომლის წარმომადგენელი სასამართლოს სხდომის ადგილისა და დროის თაობაზე ინფორმირებული იყო სსსკ-ით დადგენილი წესით; კერძოდ, სხდომის თარიღი ეცნობა მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელს ბ. მ-ს სატელეფონო შეტყობინების გზით, რაზედაც შედგენილია შესაბამისი აქტი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 343);
3.15. მოპასუხეს, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.
3.16. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
3.17. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის წინაპირობები და მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დააკმაყოფილა.
4. მოპასუხის საჩივარი საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და საქალაქო სასამართლოს განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ
4.1. მოპასუხემ საჩივარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 360-365) წარადგინა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ ის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იქნა გაფრთხილებული დანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით, კერძოდ, დარღვეული იყო სსსკ-ის 70-73-ე მუხლები, 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის საოქმო განჩინებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 397-404) არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი ამავე სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4.3. საოქმო განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა, რაც 2015 წლის 2 სექტემბერს ჩაბარდა სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. მოპასუხეს სასამართლოში უნდა წარედგინა შესაგებელი სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, რომელიც დადგენილ ვადაში - 11.09.2015 წელს არის შეტანილი.
4.4. საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2015 წლის 12 ნოემბერს 14:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით /“თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას“ -სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი/.
4.5. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. კანონმდებელი ზუსტად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის პირობებს.
4.6. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. სასამართლოს სხდომის ადგილისა და დროის თაობაზე მოპასუხის წარმომადგენელი ინფორმირებული იყო სსსკ-ით დადგენილი წესით. კერძოდ, სხდომის თარიღი ეცნობა მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელს ბ. მ-ს სატელეფონო შეტყობინებით, რაზედაც შედგა შესაბამისი აქტი (იხ. ტ.1, ს.ფ. 343)
4.7. მოპასუხეს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია. ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
4.8. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სსსკ-ის XXVI თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
4.9. 2015 წლის 19 ნოემბერს მოპასუხის წარმომადგენელმა ა. ა-მა საჩივარი წარადგინა სასამართლოს ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ „ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ“ აქტი სასამართლო მოხელემ არასრულყოფილად შეადგინა; აქტის შინაარსიდან ძნელი დასადგენი იყო, თუ რომელი მხარის წარმომადგენელს ესაუბრებოდა სასამართლოს მოხელე. საჩივრის ავტორის მტკიცებით, აქტის ჩანაწერი, რომ მხარეს ეცნობა სასამართლო უწყების შინაარსი, რეალურად არსებულ სიტუაციასთან შეუსაბამო იყო იმ თვალსაზრისით, რომ სატელეფონო შეტყობინების აქტში ზუსტად არ იყო გადატანილი 20.10.2015 წელს შემდგარი სატელეფონო საუბრის შინაარსი. საჩივრის ავტორის შეფასებით, გამოკვეთილი იყო სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება (იხ. ნორმის დეფინიცია 4.4 ქვეპუნქტში). კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ სასამართლო უწყება ყველა ზემოხსენებულ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხემ მოითხოვა საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 12 ნოემბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
4.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიამ 2016 წლის 26 იანვარს დანიშნა სასამართლო სხდომა საჩივრის განხილვის მიზნით, რის თაობაზეც მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ სსსკ-ით დადგენილი წესით, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინებით. მხარეები გამოცხადდნენ აღნიშნულ სხდომაზე. საჩივრის ავტორმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვდა იმ გარემოებებზე მითითებით, რაც ასახულია მის საჩივარში. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი გამოტანილი იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით.
4.11. მხარეთა პოზიციების მოსმენისა და შეჯერების შედეგად. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის საჩივარი და განმარტა, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, ერთდროულად უნდა იყოს სამი პირობა იმისათვის, რომ სასამართლომ იხელმძღვანელოს აღნიშნული მუხლით და საქმეზე მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება; კერძოდ:
4.11.1. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელიც სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით და არ არსებობს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება;
4.11.2. მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შუამდგომლობს მოსარჩელე მხარე;
4.11.3. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
4.11.4. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინებით.
4.12. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ სატელეფონო საუბრის ჩანაწერიდან ნათლად ირკვეოდა, რომ მოპასუხის წარმომადგენელი გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, მოსამართლის თანაშემწემ მას რამდენჯერმე გაუმეორა სხდომის ადგილისა და დროის თაობაზე, მოპასუხის წარმომადგენლისაგან მიღებულ იქნა დასტური შეტყობინების მიღების თაობაზე, ასევე, მას თანაშემწემ განუმარტა, რომ აღნიშნული შეტყობინება ოფიციალური იყო და მოპასუხეს დამატებითი უწყება აღარ გაეგზავნებოდა;
4.13. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლის თანაშემწემ მას არ განუმარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, საფუძვლად ვერ დაედებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმეში მონაწილე მხარეების, მოსამართლის ვინაობის, ასევე სასამართლო სხდომის ჩატარების ადგილის, დროის და დარბაზის ნომრის თაობაზე, რაც სრულად ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს; ეს უკანასკნელი კი წარმოადგენდა მოპასუხის იურისტს (აღნიშნული დასტურდებოდა მოპასუხის მიერ გაცემული რწმუნებით - იხ. ტ.1, ს.ფ. 236); შესაბამისად, მისთვის თავისთავად იყო ცნობილი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგები;
4.14. სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ საჩივრის ავტორის (მოპასუხის) წარმომადგენელმა - ა. ა-მა საჩივრის განხილვის მიზნით 2016 წლის 26 იანვარს გამართულ სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა არასწორად ჩაინიშნა თარიღი, რამაც გამოიწვია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა.
4.15. ზემოხსენებული გარემოებების შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
4.16. საქმეში არსებული მტკიცებულებების, საჩივრის ავტორისა და მოწინააღმდეგის განმარტებების საფუძველზე, სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული არგუმენტები, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
4.17. სასამართლოს შეფასებით, საჩივრის ავტორს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულება და საკმარისად დასაბუთებული მითითებაც კი, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა ნამდვილად გამოიწვია ისეთმა საპატიო გარემოებამ, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების გონივრულ წინაპირობას შექმნიდა და სსსკ-ის 233-ე მუხლის მოთხოვნებთან იქნებოდა შესაბამისობაში.
5. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განჩინება იმავე არგუმენტებით, რაც მის საჩივარში იყო მითითებული (იხ. ამ განჩინების 4.1. ქვეპუნქტი).
5.2. აპელანტის მტკიცებით, აქტი „ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ“ გაყალბებულია, რადგან რეალურად მოპასუხის ინფორმირება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ და მითითება გამოუცხადებლობის შედეგებზე, არ მომხდარა. ამ გარემოებას სასამართლომ მნიშვნელობა არ მიანიჭა და მიუთითა, რომ რადგან მოპასუხის წარმომადგენელი საზოგადოების იურისტი იყო, მისთვის თავისთავად იყო ცნობილი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე, რაც სააპელაციო საჩივრის ავტორის შეფასებით, არასწორი და დაუსაბუთებელი მსჯელობაა;
5.3. აპელანტის მტკიცებით, 20.10.2015 წლის 20 ოქტომბრის შეტყობინების შესახებ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას და უზენაესი სასამართლოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, რაც სამოქალაქო დავებზე სასამართლო პრაქტიკის საკითხებზეა მიღებული.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები
6.1. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 26 იანვარს მიღებული საოქმო განჩინება.
6.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს 26.01.2016წ. განჩინების მსჯელობა და დასკვნები და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
6.3. სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების 3.2-3.8 ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ 2015 წლის ივნისში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქმის მასალები სრულად გადაეგზავნა პროკურატურისათვის, მოვალის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო შესაბამისი რეაგირების მიზნით. საბოლოოდ, მხარეთა შორის (კრედიტორები - ოთხი მოსარჩელე და მოვალე - მოპასუხე) შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდა 2015 წლის 19 ივნისს. იმავე წლის 23 ივნისს კრედიტორებმა წერილობითი განცხადებით მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სააღსრულებო წარმოების აღსრულებულად ჩათვლის და საქმის დასრულების თაობაზე; დამსაქმებელმა 2015 წლის 22 ივლისს გამოსცა №კ-516 ბრძანება, რომლითაც ოთხივე დასაქმებულს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულებები და ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან; დასახელებული ბრძანების საფუძვლად მითითებული სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის წერილობითი დასაბუთება განცხადებით მოითხოვეს დასაქმებულებმა.
6.4. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი შრომის კოდექსი ავალდებულებს დამსაქმებელს, დასაქმებულის მოთხოვნიდან შვიდი დღის ვადაში განმცხადებლის ამ სახის მოთხოვნაზე რეაგირებას და დასაბუთებული პასუხის გაცემას, მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეს დღემდე არ გადაუცია მათთვის წერილობითი დასაბუთება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე; შრომის კანონმდებლობა სწორედ დამსაქმებელს აკისრებს ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთს. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელეებმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილება.
6.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამ განჩინების 3.9-3.16 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ არ იზიარებდა აპელანტის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ 2015 წლის 20 ოქტომბრის შეტყობინებისას დაირღვა სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რის გამოც უწყება მხარისათვის ჩაბარებულად არ უნდა ჩათვლილიყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად და რომ გამოვლენილი იყო ამავე კოდექსის 233-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის თაობაზე.
6.6. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს; ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ; დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს; ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.
6.7. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება: ა) ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით;
6.8. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოპასუხის წარმომადგენელს 2015 წლის 12 ნოემბერს (14:00 საათზე) დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ ეცნობა 2015 წლის 20 ოქტომბერს ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ტელეფონით); აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ შეადგინა მხარის ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტი (ტ.1, ს.ფ.343). საქმეში წარმოდგენილი იყო მითითებული შეტყობინების აუდიო ვერსია, რომელიც ადასტურებდა მოპასუხის წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარებას (ტ.1. ს.ფ. 405).
6.9. აპელანტი სააპელაციო საჩივარს ძირითადად იმაზე აფუძნებდა, რომ მოპასუხე გაფრთხილებული არ ყოფილა სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ საქმე განიხილა მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
6.10. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზიები და განმარტა, რომ იგი თავადვე ეწინააღმდეგებოდა მის მიერ წარდგენილ საჩივარში ასახულ პოზიციას; კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში (ტ.1, ს.ფ. 364) განთავსებულ მოპასუხის საჩივარზე; დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარში მოპასუხემ მიუთითა, რომ მისი გამოუცხადებლობა სხდომაზე გამოწვეული იყო საწარმოს წარმომადგენლის (იგი წარმოადგენდა ამავე საზოგადოების იურისტს) მიერ შეტყობინების ჩაწერის დროს დაშვებული უნებლიე შეცდომით, კერძოდ, მან, ნაცვლად სასამართლოს მოხელის მიერ მითითებული თარიღისა, გასამართი სხდომის თარიღად მოინიშნა 11.12.2015წ. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით, სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა მხარის გამოუცხადებლობა სასამართლოში საქმის განხილვის მიზნით დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე და მის მიერ საჩივარში მითითება საწარმოს იურისტისათვის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების მიუთითებლობის გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა;
6.11. სასამართლოს შეფასებით, წარმომადგენლის მიერ დაშვებული შეცდომა, რაც სასამართლო სხდომის გამართვის თარიღის არასწორად მონიშვნაში გამოიხატა, ვერ იქნებოდა მიჩნეული მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. ამასთან, მხარის წარმომადგენლის ინფორმირება სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე, მასვე აკისრებდა უშუალოდ მხარისათვის შესაბამისი ინფორმაციის გადაცემის ვალდებულებას და დამატებით ამ საკითხზე წარმომადგენლისათვის სასამართლოს მხრიდან გაფრთხილების წესს კანონი არ ადგენს.
6.12. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
6.13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობდა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
6.14. სასამართლომ იმსჯელა სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 241-ე, 233-ე მუხლის მოწესრიგებაზე და დაასკვნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. აპელანტის მიერ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად მითითებული არგუმენტები არ იყო საკმარისი ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში ასახული სამართლებრივპროცესუალური დასკვნების გასაბათილებლად; სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე და მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებები, ასევე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის ფაქტობრივი საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გააჩნდა საკმარისი პროცესუალური საფუძველი 2015 წლის 12 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის და სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა 2016 წლის 26 იანვრის განჩინებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოპასუხე მხარის საჩივრის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით; შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების პროცესუალურსამართლებრივი საფუძვლები.
7. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
7.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, მისი და ქვემდგომი სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება მოითხოვა, ამასთან - საკასაციო განაცხადი დასაშვებად ცნობა სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
7.2. საკასაციო განაცხადი ძირითადად მოპასუხის საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის პრეტენზიების იდენტურ არგუმენტებზე უთითებს (იხ. ამ განჩინების 4.1 და 5.2-5.3 ქვეპუნქტები). კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას სსსკ-ის 72-ე მუხლის წინაპირობების დაცვის ფორმალურობის თაობაზე.
7.3. მოპასუხე შუამდგომლობს, საქმეს დაერთოს დამსაქმებლის იურიდიული სამსახურის სამსახურებრივი წერილი # 0105/173 პერსონალის მართვის სამსახურისადმი, პერსონალის მართვის სამსახურის წერილი # 0106/126 და მისი დანართები, რომელთა საფუძველზე, მოპასუხის მოსაზრებით, დასტურედება მოსარჩელეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობები, რომლებზედაც აღდგენილი იქნენ დასაქმებულები გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დღეის მდგომარეობით აღარ არსებობს.
7.4. მოპასუხეს მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მისი აღსრულება, რაც დამატებითი არგუმენტია საკასაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
8.2. მოპასუხემ 2017 წლის 27 იანვარს წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომლითაც მოითხოვს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას იმის გამო, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობისათვის.
8.3. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა და რეკომენდაციებზე კასატორის მითითების პასუხად, მოსარჩელეთა წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის მიზანია სასამართლოს ეფექტიანი საქმიანობის ხელშეწყობა, დავების სწრაფი და გაჭიანურების გარეშე განხილვა, მხარეთა საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის - მიიღონ მონაწილეობა საქმის ზეპირ განხილვაში - შესრულება, საპროცესო ეკონომიის პრინციპის დაცვა.
8.4. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო განაცხადი დასაშვებად იქნა მიჩნეული არსებითად განსახილველად, სსსკ-ის 391- ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, ხომ არ არის საქმეში ისეთი პროცესუალური დარღვევები, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოპასუხის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დამსაქმებლის პრეტენზიათა ნაწილი, რომელიც ეხება სსსკ-ით დადგენილი წესით სასამართლო სხდომის შესახებ მხარისათვის უწყების ჩაბარების წესს დასაბუთებულია, ხოლო რაც შეეხება სამუშაოზე აღდგენის ნაწილში კასატორის მიერ მითითებულ არგუმენტს, რომ აღარ არსებობს ის სამუშაო ადგილები, რომლებიც დასაქმებულებს (მოსარჩელეებს) ეკავათ და არსებული სახით სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დატოვების შემთხვევაში ის მაინც ვერ აღსრულდება, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის აღნიშნული მოსაზრება ვერ დაედება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლის სახით, რადგან დამსაქმებლის მითითებული მტკიცება, თავისი შინაარსით, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის შესაგებელს წარმოადგენს.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არსებითად განსახილველად დასაშვებად მიიჩნია სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სამართლებრივად უნდა შეფასდეს ხომ არ არის დაშვებული ქვემდგომი სასამართლოს მიერ ისეთი სახის პროცესუალური დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
12. საკასაციო სასამართლოს განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საგანია სსსკ-ის 70-ე, 72-ე და 73-ე მუხლებით მოწესრიგებული სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების საკითხი. სსსკ-ის 70.1-ე მუხლით დადგენილია, რომ უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო 72-ე მუხლის პირველი პუნქტით ამომწურავად არის დადგენილი, თუ რისგან შედგება სასამართლო უწყება (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 6.6. ქვეპუნქტში).
13. განსახილველ შემთხვევაში სხდომის დანიშვნის თაობაზე სასამართლომ მოპასუხეს სსსკ-ის 70.3 მუხლით დადგენილი წესით /მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე“ აცნობა, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინების თაობაზე შედგენილი შესაბამისი აქტი საქმის მასალებშია (იხ. ამ განჩინების 4.6. ქვეპუნქტი). მოპასუხემ სადავო გახადა სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი აქტი ანუ ის, რომ იგი არასრულყოფილად იყო შედგენილი და მასში არ იყო ასახული სატელეფონო საუბრის შინაარსი, რის გამოც სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქვეპუნქტით დადგენილი გარემოება ვლინდებოდა (იხ. ნორმის დეფინიცია 4.4. ქვეპუნქტში).
14. საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 4.13-4.14 ქვეპუნქტებშია ასახული სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ გამოტანილი განჩინების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვისას და არ დააკმაყოფილა ამ უკანასკნელის პრეტენზიები.
15. საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის ფარგლებში გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომელიც ეხება სასამართლო უწყების მოპასუხისათვის ჩაბარებულად მიჩნევას (იხ. ამ განჩინების 6.9-6.14 ქვეპუნქტები), არ იზიარებს საკასაციო სასამართლო.
16. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობის მიხედვით მოპასუხის განმარტებითვე დგინდებოდა, რომ მისმა წარმომადგენელმა არასწორად მოინიშნა სასამართლოს მოხელის მიერ შეტყობინებული სხდომის თარიღი, რაც მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ იქნებოდა მიჩნეული. მოპასუხის მთავარი პრეტენზია ეხებოდა იმას, რომ 20.10.2015 წ. აქტის აუდიოჩანაწერი არ შეიცავდა სსსკ-ის 72.1-ე მუხლით დადგენილ ინფორმაციას, სხვებთან ერთად, მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ.1, ს.ფ. 422). აპელანტის ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი შეტყობინების აუდიო ვერსია ადასტურებდა მოპასუხის წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარებას (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.2, ს.ფ. 100), თუმცა, საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალებში, კერძოდ, ტ.1, ს.ფ. 405-ზე მოთავსებული აქტის აუდიოვერსიის მოსმენის შედეგად, დასტურდება, რომ სხდომის თარიღის, საათის, მხარეების, მოსამართლის ვინაობის, სხდომის დარბაზის შესახებ საქალაქო სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი არ შეიცავს სსსკ-ის 72.1. მუხლით დადგენილ სავალდებულო რეკვიზიტებს, კერძოდ, მხარისათვის მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ, ასევე, მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი მოწესრიგების ფარგლებში, მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების წესის შემოწმება სასამართლოს ვალდებულებაა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე უთითებს, რომ დარღვეულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა, სასამართლოს მსჯელობა და დასაბუთება, რომ თავად მხარემ არასწორად მოინიშნა სხდომის თარიღი არაა გამართლებული, რადგან, უპირველესად, შესამოწმებელია, რამდენად დაიცვა სასამართლოს მოხელემ მხარისათვის შეტყობინების ჩაბარების დროს საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. ეს საკითხი არ წარმოადგენს იმგვარ ფორმალობას, რომელიც სასამართლოს განმარტების საგანია, რადგან სსსკ-ის 72.1 მუხლით ამომწურავად არის დადგენილი სასამართლო უწყების შინაარსი, რომლის რომელიმე ელემენტის არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო უწყება არასრულად და კანონშეუსაბამოდ ჩაბარებულად უნდა იქნეს მიჩნეული.
18. ზემოხსენეული ფაქტობრივსამართლებრივი მოტივაციით დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდება იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "თ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე