საქმე№ას-111-104-2015 20 მარტი, 2015წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებლები – ა. ს-ი, ნ. ხ-ი, ქ. ხ-ი, გ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ხ-ი, თ. ხ-ი
განმცხადებლების მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. ხ-ისა და თ. ხ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ისა და გ. ხ-ის სარჩელი თ. ხ-ისა და ი. ხ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ა. ს-ი, ნ. ხ-ი, ქ. ხ-ი და გ. ხ-ი აღირიცხნენ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ი. ხ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე – თბილისი, ა-ს ქ. №... - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: – ... – ½ წილზე და ამ ნაწილში გაბათილდა თ. ხ-სა და ი. ხ-ს შორის უძრავ ქონებაზე 2010 წლის 23 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს თ. დ-ის მიერ 2013 წლის 13 აპრილს (რეგისტრაციის ნომერი №...) გ. ხ-ის სამკვიდრო ქონებაზე თ. ხ-ის სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ხ-მა და თ. ხ-მა.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა და იშუამდგომლეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, კერძოდ, მოითხოვეს, რომ თ. ხ-ს აკრძალვოდა მამკვიდრებელ გ. ხ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, შ. ნ-ის ფერდობი, ... მ/რ-ნი, კორპ. ..., ბ. ..., სამკვიდრო მოწმობის მიღება და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივნისის განჩინებით ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
2014 წლის 16 ივლისს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართეს საჩივრის ავტორებმა, მიუთითეს, რომ უარს ამბობენ საჩივარზე და მოითხოვეს მისი განუხილველად დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ი. ხ-ისა და თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ხ-მა და თ. ხ-მა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 მარტის განჩინებით ი. ხ-ის და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2015 წლის 20 მარტს საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა, რომელიც შეიცავს განცხადებას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, მოსარჩელეები ითხოვენ თ. ხ-ს აეკრძალოს მამკვიდრებელ გ. ხ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, შ. ნ-ის ფერდობი, ... მ/რ-ნი, კორპ. ..., ბ. ..., სამკვიდრო მოწმობის მიღება და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის საკასაციო შესაგებელში მოცემულ განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, საქმის მასალებს და მიიჩნევს რომ აღნიშნული განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ ა. ს-მა, ნ. ხ-მა, ქ. ხ-მა და გ. ხ-მა განსახილველი განცხადებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს ერთხელ უკვე მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო შესაგებელით (რომლითაც მოითხოვეს თ. ხ-ს აკრძალვოდა მამკვიდრებელ გ. ხ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე, ქ. თბილისი, შ. ნ-ის ფერდობი, ... მ/რ-ნი, კორპ. ..., ბ. ..., სამკვიდრო მოწმობის მიღება და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინებით აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 1 მაისის განჩინებაზე ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის საჩივარი დარჩა განუხილველი მოსარჩელეთა მიერ მასზე უარის თქმის გამო. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 მაისის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შესულია კანონიერ ძალაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში კი მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი არსებობს სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საკასაციო შესაგებელით წარდგენილი იმავე შინაარსის განცხადება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, და 191-ე მუხლებით, 194-ე მუხლის მე-5 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ს-ის, ნ. ხ-ის, ქ. ხ-ის და გ. ხ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე