Facebook Twitter

№აs-866-833-2016 28 თებერვალი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.დ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ე. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გ.ე. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მყიდველი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან მსჯავრდებული) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა იმაში, რომ ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა ი.დ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, გამყიდველი ან კასატორი) კუთვნილ 13 000 აშშ დოლარად ღირებულ საცხოვრებელ ბინას.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განისაზღვრა მხარეების: ე.ჩ–ას (მოსარჩელე) ი.დ–სა და გ.ე–ს (მოპასუხეები), უფლება-მოვალეობანი დავის საგანთან - 2013 წლის 19 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდეგში ნასყიდობის ხელშეკრულება) ბათილად ცნობისა და ქ. სამტრედიაში, ... მდებარე ბინის (შემდეგში სადავო ქონება, ან ბინა) ერთი მეორედი ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობასთან მიმართებით. გადაწყვეტილებით დადგენილია სადავო გარიგების ნამდვილობა და მოპასუხის კეთილსინდისიერების ფაქტი {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, სსსკ-ის, 264-ე და 266-ე მუხლები}.

3. 2013 წლის 19 თებერვალს მოსარჩელემ სადავო ბინა 13 000 აშშ დოლარად მიჰყიდა მოპასუხეს {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სსკ-ის, 477-ე მუხლი}. ნასყიდობის ფასი მყიდველს უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ. ამასთან, ნაკისრი ვალდებულების ნაწილი შესრულდებოდა მყიდველისათვის ავტომანქანაზე საკუთრების გადაცემის გზით.

4. ზემოაღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში სადავო ბინის მოპასუხის საკუთრებად აღრიცხვას დაედო საფუძვლად (სსკ-ის 311.1-ე მუხლი).

5. მოპასუხემ მოსარჩელეს ნასყიდობის საფასურიდან მხოლოდ 700 აშშ დოლარი გადაუხადა.

6. 2015 წლის 11 დეკემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, სადავო ბინისა და მასზე საკუთრების უფლების დაბრუნება.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარდგენილი შესაგებლით გამორიცხა მოთხოვნა და მიუთითა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, სახელდობრ, მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მას და მოსარჩელეს შორის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გაფორმდა, ამასთან, იგი აღნიშნული ქონების კეთილსინდისიერი შემძენი იყო, რასაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაც ადასტურებდა.

8. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს აუნაზღაურდა მოპასუხის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანი, კერძოდ, საკუთრების უფლებით დაუბრუნდა და მასზე აღირიცხა სადავო უძრავი ქონება. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსსკ-ის 30916-ე-309-ე21 მუხლები, ასევე სსკ-ის 992-ე მუხლი, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და 412-ე მუხლები.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

9.1. სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილებისას უსაფუძვლოდ დაეყრდნო მხოლოდ განაჩენს;

9.2. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო მხარეთა-ახსნა განმარტებების საფუძველზე;

9.3. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა კანონიერ ძალაში შესული სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე აღიარებულ იქნა სადავო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენად.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მიზნით, სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

10.1. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, სსსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტები არ წარმოადგენდა პრეიუდიციული მნიშვნელობისას და მათი შეფასება უნდა განხორციელებულიყო სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში;

10.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, ვინაიდან, 2013 წლის 19 თებერვალს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობა ნამდვილი იყო, ამასთან ზიანი, რაც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებით, გამოიხატებოდა ბინის შეთანხმებული საფასურის, 13000 აშშ დოლარის არასრულად გადახდაში, მოსარჩელის მოთხოვნა ნამდვილი გარიგების საფუძველზე გასხვისებული სადავო უძრავი ქონების დაბრუნებაზე (ნაცვლად შესრულების მოთხოვნის წარდგენისა), არ გამომდინარეობდა სსკ-ის 992-ე და 408-ე მუხლების მოთხოვნებიდან, რაც უსაფუძვლოს ხდიდა მოთხოვნას.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ, საპატიო მიზეზის გარეშე დაურთო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მტკიცებულების სახით საქმეს, შემდეგ კი, არასწორად დააფუძნა მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ მტკიცებულებას;

11.2. სააპელაციო პალატამ სადავო უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი არაკანონიერად დააკვალიფიცირა ფულადი თანხის მითვისებად; გარდა ამისა, სასამართლოს მხოლოდ 2013 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით არ უნდა მიეჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილი იყო;

11.3. ზიანი გამოიხატა არა ბინის საფასურის გადაუხდელობაში, არამედ, უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391 მუხლის საფუძველზე, ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საჩივრის საფუძვლიანობის თაობაზე.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე კოდექსის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)“. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.

14. კასატორის მოთხოვნა - სადავო ბინისა და მასზე საკუთრების დაბრუნება - დელიქტური სამართლის ნორმებს ეფუძნება. დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სსკ-ის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც სამართლებრივი შედეგი („ზიანის ანაზღაურების ვალდებულება“) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან („სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს.

15. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელების განხილვისას, გამოიყენება სსსკ-ის XXXIV3 დადგენილი ნორმები. ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება ისაა, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (სსსკ-ის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის მთავარი ნორმის, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი („ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“).

16. განსახილველ შემთხვევაში, ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი იყო მოპასუხის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რაც გამოიხატა იმაში, რომ იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა მოსარჩელის კუთვნილ 13 000 აშშ დოლარად ღირებულ საცხოვრებელ ბინას. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა კანონის აღნიშნული მოთხოვნა და ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტები არ მიიღო მხედველობაში, მაშინ, როდესაც ისინი შეუდავებელი და დამტკიცებული იყო.

17. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაურთო საქმეს ახალი მტკიცებულება (2013 წლის 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) და შემდეგ არასწორად დააფუძნა გადაწყვეტილება აღნიშნულ მტკიცებულებას. სსსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. იმავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ითვლება შუამდგომლობის წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობის წარდგენას. კონკრეტულ შემთხვევაში, 2016 წლის 8 ივნისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ახალი მტკიცებულების სახით 2013 წლის 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქმეზე დასართავად არ არსებობდა საპატიო მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ წარადგინა მხარემ აღნიშნული სადავო მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში (იხ. 2016 წლის 8 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 18:08.18:11 სთ). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ, 2015 წლის 24 დეკემბერს წარდგენილი შესაგებლით იშუამდგომლა სასამართლო სხდომის ჩატარებამდე მტკიცებულების სახით ზემოხსენებული გადაწყვეტილების წარმოდგენის გადავადების თაობაზე, თუმცა სადავო მტკიცებულება მან მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში, 2016 წლის 8 ივნისის სხდომაზე წარადგინა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შესაგებლის წარდგენიდან საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოპასუხეს საკმარისი დრო გააჩნდა აღნიშნული მტკიცებულების სასამართლოსათვის წარსადგენად, შესაბამისად, არ არსებობდა ახალი მტკიცებულების სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაშვების კანონიერი საფუძველი. 2013 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო პალატას არა მარტო აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე მიაჩნია ამ საქმეზე დაუშვებელ მტკიცებულებად (სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილი), არამედ იმიტომაც, რომ დროულად წარდგენის შემთხვევაშიც კი, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი შეფასებები რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენდა 2014 წლის 5 ივნისის განაჩენით დადგენილ დელიქტური პასუხისმგებლობის განმაპირობებელ გარემოებებზე.

18. სააპელაციო პალატის მითითება სსსკ-ის 106-ე მუხლზე ამავე კოდექსის 30920 -ე მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (#4075.სსმ1, #76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების ხელახლა დადგენა არ ხდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა.

19. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიებს სადავო უძრავი ქონების მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში ზიანის ფაქტი დასტურდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომლითაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებით ამ უკანასკნელს მიაყენა ზიანი. მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურება მოთხოვნილია ნატურით (შესაბამისად, არ არსებობს ზიანის გაანგარიშების საჭიროება), ასევე, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება, ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ბინა და მასზე საკუთრება მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს.

20. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა სრულად შეესაბამება მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ №ას-176-163-2015, 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინება).

21. სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3 და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი.დ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის

2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი.დ–ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ი.დ–ს საკუთრების უფლებით დაუბრუნდეს და მის სახელზე აღირიცხოს ქ. სამტრედია, ..... მდებარე უძრავი ქონება (ბინა) საკადასტრო კოდით # ........;

5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი