Facebook Twitter

საქმე №ას-225-214-2017 16 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპაუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. თ. კ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ მოპასუხის 2015 წლის 17 სექტემბრისა და 2016 წლის 20 ივნისის ბრძანებების ბათილად ცნობის, ა(ა)იპ „ს-ის“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და 2016 წლის 20 ივნისიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, ასევე, მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 30 ნოემბრის #... ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა ა(ა)იპ „ს-ის“ დირექტორად. იგი პირნათლად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 2015 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის აუდიტისა და შიდა კონტროლის სამსახურმა ჩაატარა ა(ა)იპ „ს-ის“ ფინანსური და აუდიტორული შემოწმება, რა დროსაც სალარო და საბანკო ოპერაციებში გამოვლინდა დარღვევები, რის გამოც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 სექტემბრის #... ბრძანებით დასაქმებულს გამოეცხადა გაფრთხილება. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული დარღვევები ჩადენილი იქნა არა მის, არამედ ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, გაფრთხილება მიეცა მოსარჩელეს, რომელმაც გააგრძელა საქმიანობა ჩვეული გულისხმიერებით. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 20 ივნისის #...ბრძანებით დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ არაკოლეგიური დამოკიდებულება და ზოგად ზნეობრივი ნორმების დარღვევა“. სადავო ბრძანებები არის უკანონო და უსამართლო, მიღებულია კანონმდებლობის დარღვევით. ბრძანებაში მოყვანილი საფუძველი და ფაქტები არის სიცრუე და ემსახურება მოსარჩელის დისკრედიტაციის მიზანს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შესაგებლის თანახმად, სადავო ბრძანებები შესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობები. გარდა ამისა, მოსარჩელეს გაშვებული აქვს კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადა. დასაქმებულმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობებს და ფინანსური და აუდიტორული ანგარიშიდან გამომდინარე, მიეცა გაფრთხილება, თუმცა, დისციპლინური ზომის მოქმედების პერიოდში მან კიდევ ერთხელ გამოიჩინა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2016 წლის 20 ივნისის #... ბრძანება და დასაქმებული აღდგენილ იქნა ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, მოპასუხეს ასევე დაეკისრა მოსარჩელისათვის 2016 წლის 20 ივნისიდან სამუშაზე აღდგენამდე მოსარჩელის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, მისი სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ, მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დამსაქმებლის ბრძანება კანონიერად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ და ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა (სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შევიდა კანონიერ ძალაში), იგი მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნია და ჩათვალა, რომ არ არსებობდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ განთავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ცალმხრივი ნება ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, რის გამოც არსებობდა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 32-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ფაქტობრივი საფუძველი. სააპელაციო პალატის ამ დასკვნებს არ ეთანხმება დამსაქმებელი და პრეტენზიას აცხადებს სასამართლოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე.

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის შემდგომი ნაწილები გვთავაზობს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, თუ რა მიიჩნევა კანონის დარღვევად, რომელთა შორისაა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი გამოყენება და/ან არასწორი განმარტება, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების საპროცესო ნორმათა დარღვევით დადგენა (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). გარდა აღნიშნულისა, საპროცესო კანონმდებლობა ადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების ჩამონათვალს და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამგვარ წინაპირობად მიიჩნევს გადაწყვეტილების იურიდიულად არასაკმარის დასაბუთებას.

1.3. საკასაციო საჩივრის პრეტენზიათა არსებითობა-დასაბუთებულობის, ასევე, გასაჩივრებული განჩინების მატერიალური კანონიერების შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ, წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.3.1. 2012 წლის 30 ნოემბრიდან გათავისუფლებამდე - 2016 წლის 20 ივნისამდე, მოსარჩელე მუშაობდა ა(ა)იპ „ს-ის“ დირექტორის თანამდებობაზე;

1.3.2. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით დასაქმებულს გამოეცხადა გაფრთხილება, ააიპ „ს-ის“ სალარო და საბანკო ოპერაციებში გამოვლენილი დარღვევების გამო;

1.3.3. მოპასუხის 2016 წლის 20 ივნისის ბრძანებით დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართ არაკოლეგიური დამოკიდებულებისა და ზოგადზნეობრივი ნორმების დარღვევა“, თუმცა, მსგავს დამოკიდებულებას და ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

1.4. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ზემოხსენებულ გარემოებებს სავალდებულო ძალა გააჩნიათ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, რამდენადაც კასატორს ისინი სადავოდ არ გაუხდია.

1.5. უპირველესად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსარზრებას იმის თაობაზე, რომ შინაგანაწესის არარსებობის პირობებში ადმინისტრაციული ზომის გამოყენება-დაწესება შეიძლება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დაშვებულ ანალოგიის პრინციპს დაემყაროს და ანალოგიით გამოყენებულ იქნეს საჯარო სფეროს მარეგულირებელი შრომითი ურთიერთობის მოწესრიგების ნორმები. სხვა მხრივ, საკასაციო სასამართლო ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობასა და გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებულობას ამოწმებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის კონტექსტში და თვლის, რომ არსებობის მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი _ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო პალატამ მოპასუხის ცალმხრივი ნების კანონიერება შრომის კოდექსის ნორმებთან შესაბამისობაში შეამოწმა და დაასკვნა, რომ პირის სამსახურიდან გათავისუფლება არ შეესაბამებოდა ორგანული კანონის მოთხოვნებს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს.

1.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტის მიზნით სწორად უნდა შეფასდეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობა და მისი სუბიექტები, რამდენადაც საკითხი შეეხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის თანამდებობიდან განთავისუფლების მართლზომიერებას და ამ მხრივ შრომის კანონმდებლობის გამოყენების პერსპექტივას, რომელზე მსჯელობისასაც, უპირველესად, უნდა განიმარტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება, ორგანიზაციული სტრუქტურა, მოიძებნოს ამ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და მათი ზოგადი ანალიზის საფუძველზე შეფასდეს ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების კანონიერების საკითხი, კერძოდ:

1.6.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ გვთავზობს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენს იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებს მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას _ წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც _ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის მატარებელია და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს.

1.6.2. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.

1.6.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება გულისხმობს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა და რომლის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო.

1.6.4. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის რეგულაციასთან დაკავშირებით ზემოთ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). კანონის ეს უკანასკნელი დათქმა დღის წესრიგში აყენებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობას, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლებისათვის გამოიყენება თუ არა შრომის კოდექსის ნორმები. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება, სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნეს მოძიებული.

1.7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. მსგავს მოწესრიგებას შეიცავს ამ კუთხით სამოქალაქო კოდექსის 35.2 და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.2 მუხლები. თუ გადავავლებთ თვალს სამოქალაქო კოდექსით დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებს, არა ერთ მსგავსებას ვნახავთ, კერძოდ:

1.7.1. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.7.2. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნეს მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით (საკასაციო პალატის მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საკითხზე დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან იხ. სუსგ-ებები: №ას-302-287-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; №ას-101-97-2016, 15 ივლისი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში, არც მხარეებს მიუთითებიათ და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც განსხვავებულად იქნა მოწესრიგებული დირექტორთან სასამასახურო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი და ეს წესი, მოცემული დავის ფარგლებში, დარღვეულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე კი, საკასაციო პალატა ამ საკითხს საკუთარი ინიციატივით ვერ გამოიკვლევს.

1.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც კასატორის ნება, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე კანონშესაბამისია (გამომდინარე სკ-ის 720.1 მუხლიდან), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებასაც, რომლებიც მის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას შეეხება.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. ამავე კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე ასევე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელეს დაეკისრება, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

2.3. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის პროპორციულად (4 000 X 4% + 4 000X 5%, თანახმად, სსსკ-ის 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა) იმ ხარჯების გადახდა, რომლისგანაც სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გათავისუფლებული იყო მოპასუხე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. თ. კ-ის სარჩელი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დამსაქმებლის 2016 წლის 20 ივნისის #... ბრძანების ბათილად ცნობის, ა(ა)იპ ს-ის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და 2016 წლის 20 ივნისიდან სამსახურში აღდგენამდე განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. თ. კ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 460 (160+300) ლარის ანაზღაურება.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე