საქმე №ას-302-285-2017 16 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „კ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ს-ე, გ. ლ-ე, მ. მ-ი (მოსარჩელე)
მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე _ სს „ს-ა“, სს „გ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ვ. ს-ემ, გ. ლ-ემ და მ. მ-მა (შემდგოში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „კ-ისა“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, საზოგადოება ან საწარმო) და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების: სს „ს-ის“, სს „გ-ის“ (შემდგოში _ მესამე პირები) მიმართ და მოითხოვეს საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე შრომის ანაზღაურების შეწყვეტის ნაწილში მოპასუხე საწარმოს აქციონერთა საერთო კრების მიერ 2015 წლის 9 მარტს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე საწარმოს აქციონერთა საერთო კრებამ 2013 წლის 16 აგვისტოს წესდებით გათვალისწინებული 4-წლიანი ვადით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად აიერჩიეს მოსარჩელეები, რის თაობაზეც თანხმობა არჩეულმა პირებმა დაადასტურეს წერილობით. აღნიშნულის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის გზით საწარმოსა და არჩეულ პირებს შორის გაფორმდა ზეპირი შეთანხმება უფლებამოსილების ვადის განმავლობაში მოსარჩელეებისათვის ზეპირი შეთანხმებითვე განსაზღვრული ოდენობით გადაეხადა შრომის საფასური. 2015 წლის 9 მარტს საწარმოს აქციონერთა საერთო კრებამ ცალმხრივად შეცვალა ორმხრივი ხელშეკრულების პირობები და მიიღო გადაწყვეტილება სამეთვალყურეო პირებისათვის ანაზღაურების შეწყვეტის თაობაზე. მიუხედავად ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლაზე მეორე მხარის თანხმობის არარსებობისა, საზოგადოებამ 2015 წლის მარტიდან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს აღარ გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება. საწარმოს დირექტორმა უარი განაცხადა მოსარჩელეების წერილობით მოთხოვნაზე, გაეგრძელებინა ზეპირი შეთანხმებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება ან ერთიანად გადაეხადა იგი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებამ გადაწყვეტილებით დაადგინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის შრომის ანაზღაურების მიუცემლობა, მართალია, გადაწყვეტილება არ შეიცავს პირდაპირ მითითებას, რომ იგი მოქმედ წევრებზე ვრცელდება და უნდა შესრულდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, თუმცა, საკითხის ინიციატორის მიერ ინიცირებისას გამოთქმული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ გადაწყვეტილება მიღებისთანავე შედის ძალაში და ვრცელდება მოქმედ წევრებზეც. მოპასუხის განმარტებით, საწარმო ვალდებულია აღასრულოს აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება, ვიდრე არ მიიღება ახალი, განსხვავებული გადაწყვეტილება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საწარმოს აქციონერთა საერთო კრების 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეებს, როგორც საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედ წევრებს, შეუწყდათ შრომის ანაზღაურება უფლებამოსილების შეწყვეტამდე.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, ხოლო სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:
1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.
1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კვლევას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:
ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;
ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
1.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ:
1.3.1. 2013 წლის 16 აგვისტოს მოპასუხე საწარმოს აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად არჩეული იქნენ მოსარჩელეები. ამავე კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება განისაზღვრა 880 ლარით. კრებაზე მიღებულ გადაწყეტილებას დაეთანხმნენ მოსარჩელეები. აღნიშნული რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
1.3.2. 2015 წლის 9 მარტის საზოგადოების აქციონერთა კრების თანახმად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის შრომის ანაზღაურების შეწყვეტის თაობაზე;
1.3.3. მოპასუხის მიერ 2015 წლის 7 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელეებისათვის დარიცხული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა 880 ლარს, ხოლო, 2015 წლის მარტის მონაცემებით მათ დაერიცხათ შრომის ანაზღაურების ნაწილი 264 ლარი;
1.3.4. 2015 წლის 7 მაისის წერილის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიმართვის მიუხედავად, საზოგადოებამ უარი განუცხადა მათ შემდგომში შრომის ანაზღაურებაზე;
1.3.5. საზოგადოების 2015 წლის 14 ივლისის კრების ოქმის თანახმად, მოსარჩელეებს შეუწყდათ საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის უფლებამოსილება. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ მითითებული კრების ოქმის საფუძველზე მოსარჩელეები აღარ წარმოადგენენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს და 2015 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: თ. ი-ი (თავჯდომარე); გ. ფ-ი (თავჯდომარის მოადგილე) და ნ. ხ-ა, ხოლო, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირს წარმოადგენს თ. ხ-ი;
1.3.6. უდავოა, რომ განსახილველი სარჩელით მოსარჩელეები მოითხოვდნენ საზოგადოების აქციონერთა საერთო კრების მიერ 2015 წლის 9 მარტს მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრებისთვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე შრომის ანაზღაურების შეწყვეტის ნაწილში.
1.4. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, სარჩელი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას იურიდიული ინტერესის თაობაზე, თუმცა, დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უდავოა, რომ მოსარჩელეებს სურთ 2015 წლის 9 მარტიდან უფლებამოსილების ამოწურვამდე მიუღებელი თანხის ანაზღაურება, ამ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აქციონერთა გადაწყვეტილების მართლსაწინააღმდეგოდ აღიარება არ შეიძლება მოსარჩელეთა ინტერესის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი იყოს, რადგანაც კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლა მიკუთვნებითი სარჩელის (თანხის დაკისრება) არარსებობის პირობებში მოსარჩელეთა უფლებების ეფექტურ დაცვას ვერ უზრუნველყოფს, სესაბამისად, მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ წევრებს არა თუ ნამდვილი, ფორმალური იურიდიული ინტერესიც არ გააჩნიათ.
1.5. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის“ ევროპოლ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანის სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.
1.6. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 24.02.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „კ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და ვ. ს-ის, გ. ლ-ისა და მ. მ-ის სარჩელი სს „კ-ის“, ასევე, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების: სს „ს-ისა“ და სს „გ-ის“ მიმართ, სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე შრომის ანაზღაურების შეწყვეტის ნაწილში სს „კ-ის“ აქციონერთა საერთო კრების 2015 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
3. სს „კ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 24.02.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე