Facebook Twitter

საქმე №ას-239-231-2012 8 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო

მესამე პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ბ.-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ამავე სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს, მესამე პირის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა დავალდებულება, მოახდინოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საზღვრების იმ სახით შეცვლა, რომ შესაძლებელი გახდეს შპს „ბ.-ს“ საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის, 2053 კვ.მ მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება.

2. მოპასუხეებმა, ასევე, მესამე პირმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ბ.-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლისა და 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შპს „ბ.-ს“ იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე გონივრული ვადით, თუმცა, არა უმეტეს ექვსი თვისა, შეჩერდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკსაციო საჩივარი შპს „ბ.-ს“ მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე, მოპასუხისათვის ქმედების დავალდებულების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქმის მასალების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად;

2. საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვის თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ მხარეებს;

3. კასატორის მოწინააღმდეგე მხარის _ შპს „ბ.-სათვის“ სასამართლო უწყების ჩაბარება ეთხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. სასამართლოს კურიერის მიერ უწყების ადრესატისათვის გადაცემა ვერ მოხერხდა, რის თაობაზეც შედგენილია შესაბამისი აქტი. ამ აქტის თანახმად კი, საწარმოს დარაჯმა კურიერს მისცა ერთ-ერთი აქციონერის (პარტნიორის), ვ. ხ-ის საკონტაქტო ნომერი. სატელეფონო საუბრიდან კი, მან გაარკვია, რომ საწარმოს დირექტორი გარდაცვლილია, მიმდინარეობს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი და იურისტებთან კონსულტაციის გავლამდე ადრესატმა უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე;

4. საკასაციო სასამართლოს წერილობით მომართა ვ. ხ-მა და განმარტა, რომ არის შპს „მ.-ს“ 100%-ით დამფუძნებელი პარტნიორი, რომელიც შპს „ბ.-ს“ 33,4%-იანი წილის მფლობელია. 2013 წელს გარდაიცვალა შპს „ბ.-ს“ დირექტორი გ. მ-ე და პარტნიორები ახალი დირექტორის დანიშვნის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი, დაიწყო საწარმოს იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი. განმცხადებლის ინფორმაციით, გარდაცვლილია ამავე საწარმოს 33,3%-იანი წილის მფლობელი ერთ-ერთი პარტნიორი ე. ნ-იც (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე) და სამკვიდროს მიღების პროცედურები არ არის დასრულებული, ხოლო 33,3%-იანი წილის მფლობელი ბ. ხ-ი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რამდენიმე წელია საქართველოში არ ჩამოსულა და მასთან განმცხადებელს რაიმე კონტაქტი არ აქვს.

5. მართალია, წინამდებარე განცხადება წარმოდგენილია ელ.ფოსტის მეშვეობით და გამომგზავნი პირის ხელმოწერით არ არის დადასტურებული, თუმცა, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენოს სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდის მონაცემებით (https://enreg.reestri.gov.ge), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

5.1. შპს „ბ.-ს“ (ს/#...) მიმართ მიმდინარეობს იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი;

5.2. შპს „ბ.-ს“ რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, მისი ბოლო დირექტორი იყო გ. მ-ე (სწორედ ამ პირის მიერაა აღძრული წინამდებარე დავაზე სარჩელი და საქმის განხილვის პროცესში იგი იყო საზოგადოების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი);

5.3. საზოგადოების დირექტორი გარდაიცვალა, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... გადაწყვეტილებით დადგინდა ხარვეზი საზოგადოების ახალი დირექტორის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის თაობაზე. მოთხოვნის დაუცველობის გამო, #... გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ უარი განაცხადა ინფორმაციის (ამონაწერის) გაცემაზე; ამავე სააგენტოს #... გადაწყვეტილებით შპს „ბ.-ს“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საწარმოს დირექტორის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო #... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ვ. ხ-ის განცხადებაზე (შპს-ს ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების რეგისტრაცია), ვინაიდან პარტნიორთა კრება არ იყო მოწვეული წესდების მოთხოვნათა დაცვით. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, პირობითი განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, #... გადაწყვეტილებით დაიწყო შპს „ბ.-ს“ იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში დაცული #... გადაწყვეტილება (რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე) კი, შეეხება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მანამდე რეგისტრირებულ მონაცემებს, ხოლო ლიკვიდაციის პროცესის რაიმე ფორმით დასრულების ფაქტი ამ დროისათვის არ დასტურდება;

5.4. იურიდიული პირის, შპს „ბ.-ს“ თაობაზე სამეწარმეო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული უკანასკნელი ამონაწერი ცარიელია და არ შეიცავს რეგისტრირებული სუბიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილ არც ერთ რეკვიზიტს, ამასთანავე, როგორც სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ისე _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვის პასუხად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ სამეწარმეო საზოგადოების იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული ამ დროისათვის არ არის.

6. საკასაციო პალატა მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში არ აღმოიფხვრა, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს მეწარმე სუბიექტის იძულებითი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასეთ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტის პარტნიორები/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები უფლებამოსილი არიან დანიშნონ ლიკვიდატორი და გაიარონ ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი პროცედურები. თუ პარტნიორებმა/ლიკვიდატორის დანიშვნაზე უფლებამოსილმა პირებმა ლიკვიდატორი არ დანიშნეს, იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება ამ კანონით ლიკვიდაციისათვის დადგენილი საერთო ვადის გასვლისთანავე. სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილით კი, დადგენილია, რომ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან. ამდენად, საჯარო რეესტრში დაცული უკანასკნელი მონაცემების თანახმად, შპს „ბ.-ს“ მიმართ მიმდინარეობს რა იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი, იგი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულად არ ითვლება და არც რაიმე გადაწყვეტილებაა მიღებული ლიკვიდაციის პროცესის რაიმე ფორმით დასრულების თაობაზე, ამასთანავე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოწურულია უშედეგოდ, რაც სასამართლოს ავალდებულებს, იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით რომლის შესაბამისადაც, საქმის წარმოება შეჩერდება ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით. აღნიშნული ნორმა მიმართულია მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვან დაცვაზე, რათა თუნდაც მხარის გარდაცვალების/იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულობის ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების/იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალების/რეორგანიზაციისას, თუ საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე საკასაციო განხილვის სუბიექტების ინტერესების დაცვისკენ.

7. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „ბ.-ს“ მიმართ დაწყებულია იძულებითი ლიკვიდაციის პროცესი, ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული და საკასაციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადაც უშედეგოდ დავიდა, პალატა თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი შპს „ბ.-ს“ მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე