№ას-1790-1767-2011 22 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – 1. ლ. გ-ე
2. ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმისა და სარეგისტრაციო მონაცემების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ისა“ და ლ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ის“ 2011 წლის 20 აპრილის №16 და №16 და №16ა ოქმების ბათილად ცნობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ის“ თანასაკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი №2 ფართის ლ. გ-ის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში და, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ. გ-ის სახელზე ქ. ქუთაისში, ლ-ის ქ.№4-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება,ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”ს-ის” 2011 წლის 20 აპრილის №16 და №16ა კრების გადაწყვეტილებები ქუთაისში, ლ-ის ქ. №4ა-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, საერთო შემოსასვლელის მარჯვნივ მდებარე არასაცხოვრებელი 19,64 კვ.მ№2 ფართის ლ. გ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში;. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი ქუთაისში, ლ-ის ქ. №4ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასაცხოვრებელი ფართზე №2, 19,64 კვ.მ. ფართით, საკადასტრო №... ლ. გ-ის საკუთრების შესახებ; ლ. გ-ესა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”ს-ს” სოლიდარულად დაეკისრათ ლ. კ-ის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის, 116 (ასთექვსმეტი) ლარის ანაზღაურება, ლ. გ-ეს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”ს-ს” სოლიდარულად დაეკისრათ ლ. კ-ის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ლ. გ-ესა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ”ს-ს” სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქუთაისში, ლ-ის ქ. №4ა-ში მდებარე არასაცხოვრებელი, 19,64 კვ.მ. №2 ფართი ეკუთვნოდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ”ს-ს”. ამ ფართს, ფაქტობრივად, არავინ ფლობდა.
ამხანაგობის საერთო კრების 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ზემოხსენებული ფართი, ამხანაგობის მიერ ჩატარებული აუქციონის საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობის წევრ ლ. გ-ეს.
აუქციონში გარდა ლ. გ-ისა, მონაწილეობდნენ ნ. ბ-ე და ნ. ბ-ე.
ამ კრების მიმდინარეობისა და მასზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შედგა ორი ოქმი - №16 და №16ა, ამასთან, №16ა კრების ოქმის საფუძველზე სადავო ფართის მესაკუთრედ, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ლ. გ-ე. შემდგომში, ლ. გ-ემ სადავო ფართი განკარგა და ამჟამად საჯარო რეესტრში მის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ბ. გ.
სააპელაციო სასამართლომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ვ” ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ სადავო ოქმებით განკარგული 19,64 კვ.მ ფართი არ იყო ინდივიდუალურ საკუთრებაში და მას, ფაქტობრივადაც, არავინ ფლობდა და, შესაბამისად, წარმოადგენდა ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრებას.
პალატის მითითებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ ქონებაზე წილი ეკუთვნოდა აპელანტსაც და, შესაბამისად, ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემით, მან ეს წილი დაკარგა.
სააპელაციო სასმართლომ მიუთითა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ი” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სადავო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამხანაგობის კუთვნილი ფართი იქცა ინდივიდუალური საკუთრების საგნად და, შესაბამისად, შეიცვალა მისი ფუნქცია, რის გამოც სადავო გადაწყვეტილებით მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ, რადგან სადავო ოქმებით ამხანაგობის კუთვნილი 19,64 კვ.მ იქცა ინდივიდუალურ საკუთრებად და ამან, ცხადია, გავლენა მოახდინა სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ ამ ქონების გამოყენებაზე, ზემოხსენებული გადაწყვეტილება ამხანაგობის ყველა წევრს უნდა მიეღო ერთხმად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება ამხანაგობის ყველა წევრს არ მიუღია და ამასთან, ამ გადაწყვეტილებას არ დასთანხმებია აპელანტიც.
საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებიდან და თავად აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის განმარტების საფუძველზე პალატამ გამოარკვია, რომ აპელანტი წინააღმდეგი იყო სადავო ქონება გადასცემოდა ლ. გ-ეს, რაც განაცხადა კიდეც კრებაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებული იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით.
გარდა ამისა, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 327.1-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება, ამხანაგობის წევრებს შორის, დადებულად ჩაითვლებოდა, თუ მხარეები შეთანხმდებოდნენ აუქციონის ჩატარების ყველა არსებით პირობაზე. პალატის აზრით, ამ ტიპის ხელშეკრულების არსებითი პირობებია: აუქციონის ობიექტი, ანუ გასასხვისებელი ქონება და მისი მახასიათებლები; სუბიექტები, რომელთაც აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ აუქციონში; განაცხადის წარდგენის წესი და ვადა; აუქციონის ჩატარების წესი: საწყისი ფასი, ლოტის ღირებულება; აუქციონში გამარჯვებულის დადგენის წესი; თანხის გადახდის ვადა და პირობები. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ რომ არც ერთ ზემოხსენებულ პირობაზე, გარდა საწყისი ფასისა, ამხანაგობის წევრები არ შეთანხმებულან, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რის გამოც, პალატის მოსაზრებით, გარიგება ნივთის აუქციონზე გასხვისების შესახებ დადებულად ვერ ჩაითვლებოდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. გ-ემ უფლება შეიძინა არარსებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, კრებაზე სადავო ქონების შეძენის სურვილი გამოთქვა აპელანტმაც. ამხანაგობის წევრები ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე რომ შეთანხმებულიყვნენ, შესაძლებელი იყო, აუქციონში მონაწილეობა აპელანტსაც მიეღო. აქედან გამომდინარე, პალატის განმარტებით, ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეუთანხმებლობით, მხარეს შეეზღუდა აუქციონში მონაწილეობის მიღებისა და ნივთის შეძენის უფლება. ამასთან, პალატის აზრით, დღის წესრიგი არ შეიცავდა პუნქტს ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე, ე.ი, ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, რომელიც არ იყო გათვალისწინებული წინასწარ გამოცხადებული დღის წესრიგით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ დღის წესრიგის თანახმად, ქონება უნდა გასხვისებულიყო ამხანაგობის წევრებზე, აუქციონში კი მონაწილეობა მიიღო ნ. ბ-ემ, რომელიც არ იყო ამხანაგობის წევრი, რაც ცხადყოფდა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა წინასწარ გამოცხადებული პროცედურების დარღვევით და იმ საკითხზე, რაც არ იყო გათვალისწინებული დღის წესრიგით და იგი ეწინააღმდგება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.
გარდა ამისა, პალატამ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო ასევე საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან სადავო ოქმები კრების მიმდინარეობას არასწორად ასახავდა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთი და იმავე კრების თაობაზე შედგენილი იყო ორი ოქმი. ამასთან, ოქმების, როგორც შინაარსი, ასევე მათი დადგენილებითი ნაწილი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. სახელდობრ, №16ა ოქმის მიხედვით, 19,64 კვ.მ. ფართი ამხანაგობას წევრებისათვის საკუთრებაში გადაუცია უსასყიდლოდ, სინამდვილეში კი, ამხანაგობას ამგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია და ამასთან, რომ სწორედ ამ ოქმის საფუძველზე დაირეგისტრირა ნივთზე უფლება ლ. გ-ემ. №16 ოქმის თანახმად კი, აუქციონში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ ამხანაგობის წევრები, ნ.მ-ძე და ლ. გ-ე, თუმცა, დადგენილია, რომ, სინამდვილეში, აუქციონში მონაწილეობა მიიღეს ნ. ბ-ემ, ნ. ბ-ემ და ლ. გ-ემ, ხოლო ნ.მ. კრებას საერთოდ არ დასწრებია. პალატის მითითებით, კრების ოქმიდან არ დგინდებოდა, რომ დღის წესრიგის რომელიმე საკითხთან დაკავშირებით მოეწყო კენჭისყრა. აქ მითითებულია, რომ „კრების ყველა მონაწილის აზრი” გამოთქვა რ.ს-მ, თუმცა ამხანაგობის წევრთა სახელით გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილება მას არ ჰქონია.
აქედან გამომდინარე, ვინაიდან სადავო კრების ოქმები შედგენილი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის შინაარსის დარღვევით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე მითითებით, რადგან სადავო გარიგებით დაირღვა კანონით დადგენილი წესი, პალატამ მიიჩნია, რომ ეს გარიგება და ამის თაობაზე შედგენილი კრების ოქმები ბათილი იყო, რის გამოც აპელანტის მოთხოვნა კრების ოქმების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
რადგან ლ. გ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო უფლება ბათილი გარიგების საფუძველზე, ანუ არარსებული უფლება, მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ჩანაწერის ბათილად აღიარების თაობაზე, მოთხოვნა ასევე კანონიერი იყო, რის გამოც ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. გ-ემ და ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-მა“, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე,რომ ამხანაგობა „ს-ის“ წევრთა საერთო კრების 20.04.11 გადაწყვეტილებას არ დასთანხმებია ლ. კ-ი და, რომ მან კრებაზე გამოთქვა სადავო ქონების შეძენის სურვილი და, რომ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებიდან და თავად ლ. ს-იძისა და ამხანაგობა „ს-ის“ განმარტებითაც ირკვეოდა, რომ ლ. კ-ი წინააღმდეგი იყო სადავო ქონების ლ. გ-ის გადაცემის თაობაზე და აღნიშნული კრებაზეც განაცხადა, ვინაიდან კასატორთა მითითებით, აღნიშნული არც კრების ოქმების მიხედვით დასტურდება და არც სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეებს აღუნიშნავთ და ამასთან, არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში ლ. კ-ი არსად მიუთითებდა, რომ გამოხატა სურვილი ფართის შეძენისა.
კასატორთა განმარტებით, ასევე არასწორია დადგენილი გარემოება მასზე, რომ სინამდვილეში აუქციონში მონაწილეობა მიიღეს ნ. ბ-ემ, ნ. ბ-ემ და ლ. გ-ემ, ხოლო ნ.მ-ძე კრებას საერთოდ არ დასწრებია, ვინაიდან ორივე ოქმების მიხედვით, და არც პროცესზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება აუქციონზე ნ. ბ-ისა და ნ. ბ-ის მონაწილეობა, არამედ ნ. ბ-ემ კრებაზე მხოლოდ წინადადება წამოაყენა არასაცხოვრებელი ფართების აუქციონზე გასხვისებასთან დაკავშირებით, ნ. ბ-ე კი მიუხედავად იმისა, რომ კრებას ესწრებოდა, აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია იმ მიზეზით, რომ იგი ამხანაგობის წევრი არ იყო.
კასატორთა აზრით, გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი. ამასთან, სამართლებრივად არასწორად შეაფასა კრების ოქმები, საერთოდ არ იმსჯელა იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ოქმების შეუსაბამობა, მაშინ, როცა საქმის მასალებით უტყუარად იყო დადგენილი, რომ, როდესაც საცხოვრებელი ფართების შემძენმა ამხანაგობის წევრებმა ლ. ჩ-ემ და ლ. გ-ემ №16 ოქმი, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სხვა სათანადო საბუთებთან ერთად წარადგინეს საჯარო რეესტრის ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში, საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად, სარეგისტრაციო სამსახურის 03.05.2011 წლის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და სარეგისტრაციო წარმოების განახლებისათვის საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მოითხოვეს ოქმის იმგვარად შეცვლა, რომ მასში არ ასახულიყო უძრავი ნივთის აუქციონზე გასხვისების შესახებ ინფორმაცია, რაც განახორციელეს ოქმის შესწორებით და მიანიჭეს ახალი №16ა.
გარდა ამისა, კასატორთა აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ლ. კ-ის იუდიული ინტერესი სარჩელით არ იკვეთებოდა, სააპელაციო სასამართლოს კი, აღნიშნულ საკითხზე ყურადღება საერთოდ არ გაუმახვილებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. გ-ისა და ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 180-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ დასაბუთებულია, ანუ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იკვეთება მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მიიჩნევს. ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარის მიერ მითითებული ინტერესის დაკმაყოფილების წინაპირობა, საფუძველი ეცლება აღიარებით მოთხოვნას. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა იქნას შეფასებული მისი იურიდიული ინტერესის მართებულობა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ამხანაგობის საერთო კრების 2011 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ფართი, ამხანაგობის მიერ ჩატარებული აუქციონის საფუძველზე, საკუთრებაში გადაეცა ამხანაგობის წევრს, ლ. გ-ეს, რაზედაც შედგა ორი ოქმი №16 და №16ა, ამ უკანასკნელი ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში სადავო ფართის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ლ. გ-ე. შემდგომში, ლ. გ-ემ ეს ფართი განკარგა და, ამჟამად, საჯარო რეესტრში მის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ბ. გ-ძე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმში აღნიშნავდა, რომ მისი იურიდიული ინტერესია ახალი კრების მოწვევა და სადავო ქონების მიღება. თავისი იურიდიული ინტერესის ასეთი ფორმულირებით მოსარჩელემ გამოკვეთა საბოლოო მიზანი. ახალი კრების მოწვევა არ წარმოადგენს გარანტიას მოსარჩელისათვის, რომ კრებაზე მისთვის სასურველი შედეგი მიიღწევა და შესაძლებელია დავა მხარეთა შორის გაგრძელდეს. ამ შემთხვევაშიც, მომავალში დადგება მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის აუცილებლობა. აღნიშნული მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელი არ არის ერთადერთი მოსარჩელის დარღვეული უფლებების დაცვისთვის, ასევე, დადგენილია, რომ სადავო ფართი ამჟამად წარმოადგენს არა ლ. გ-ის, არამედ, ბ.გ-ის საკუთრებას.
ამდენად, კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, სადავო კრებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა მოცემულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით ვერ იქნება მიღწეული. მოსარჩელის ქონებრივი ინტერესის დაკმაყოფილება არ არის შესაძლებელი აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით. მოსარჩელეს არ გააჩნია განსახილველი დავის დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი, რომლის რეალიზაცია ზემოაღნიშნული წინაპირობების გათვალისწინებით შესაძლებელია არა აღიარებითი, არამედ მიკუთვნებითი სარჩელით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. გ-ისა და ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ლ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე ლ. კ-ს არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ის“ სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ. გ-ისა და ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოწინააღმდეგე მხარეს ლ. კ-ს არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეთა ამხანაგობა „ს-ის“ სასარგებლოოდ დაეკისროს რ. მ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.