საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1757-შ-43-2017 27 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. ნ. კ. ვ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. მ. ო. ს-ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ჩერტანოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის #2-5998/2014 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მამობის დადგენა და ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდეგში - მინსკის კონვენცია) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, ნ. ნ. კ. ვ-ას (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი ან არასრულწლოვნების დედა) წარმომადგენელმა ა. ნ. ო. ხ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ჩერტანოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის #2-5998/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების თაობაზე.
2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე. მ. ო. ს-ი (შემდეგში: მოპასუხე ან არასრულწლოვნების მამა) ცნობილი იქნა ჟ. ე-ის ასული ვ-ას (დაბ. 02.10.2008 წ; შემდეგში: არასრულწლოვანი ან პირველი ბავშვი) და ე. ე-ის ძე ვ-ის (დაბ. 28.09.2009 წ; შემდეგში: არასრულწლოვანი ან მეორე ბავშვი) მამად და მათ სარჩენად დაეკისრა ალიმენტი.
3. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ მოსარჩელე და მოპასუხე 2007 წლის 29 თებერვალს დაქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში წყვილს შეეძინა პირველი ბავშვი, ხოლო 2009 წლის თებერვლიდან წყვილი ერთად აღარ ცხოვრობდა, ამ პერიოდში მოსარჩელე მეორე შვილზე იყო ორსულად.
4. რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის მე-80, 81-ე და 83-ე მუხლების საფუძველზე, მშობლები მოვალენი არიან უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილების რჩენა.
5. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ჩერტანოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის #2-5998/2014 გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლისა და 48-ე მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, მოპასუხე ცნობილ იქნა ორივე არასრულწლოვანის მამად და მათ სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - 20 886 (10 443 თითოეულ ბავშვზე) რუბლის გადახდა, რაც შეესაბამება ქ. მოსკოვში ერთ ბავშვზე საარსებო მინიმუმის ოდენობას, ყოველთვიურად, შემდეგი ინდექსაციით ქ. მოსკოვის საარსებო მინიმუმის ოდენობის პროპორციულად, დაწყებული 2014 წლის 13 ოქტომბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე.
6. საქმის მასალებშია ცნობა, რომლის მიხედვით რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ჩერტანოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის #2-5998/2014 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მის საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. შუამდგომლობის ავტორმა სააღსრულებო ფურცლის დედანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა იმის დასტურად, რომ გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და ვინაიდან მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ექვემდებარება აღსრულებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 10 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ჩერტანოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის #2-5998/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე განსახილველად მიიღო.
8. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული შუამდგომლობა თანდართული მასალებით შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა მოპასუხეს 2017 წლის 17 მაისს, შემდეგ - 5 ივნისს, რომელსაც ვერ ჩაჰბარდა გზავნილები იმ მითითებით, რომ სოფელში გაკითხვით ადრესატი არ მოიძებნა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინების ასლისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) მოპასუხისათვის ჩაბარება მის საცხოვრებელ მისამართზე.
10. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 13 ივლისის მომართვის თანახმად, სასამართლოს გზავნილი ქვემდებარეობით გადაეგზავნა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონულ სამმართველოს. ამ უკანასკნელის უფროსი გამომძიებლის 2017 წლის 11 აგვისტოს მომართვითა და მასზე დართული ხელწერილით დასტურდება, რომ გზავნილი პირადად ჩაჰბარდა ადრესატს 2017 წლის 1 აგვისტოს. მოპასუხეს განემარტა უფლება, წარმოადგინოს მოსაზრება შუამდგომლობის თაობაზე შეტყობინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში, ასევე, განემარტა უფლება, რომ შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვს, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე (წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სპეციალური კანონის 71-ე მუხლი).
11. საპროცესო კანონით განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს რაიმე მოსაზრება ან შუამდგომლობა არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობებს, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ჩერტანოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის #2-5998/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ აღსრულებულა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
13. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
14. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
15. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნილია რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ჩერტანოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის #2-5998/2014 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება, რომლითაც მოპასუხე დადგინდა ორი არასრულწლოვანი ბავშვის მამად და მათ სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა დაეკისრა.
16. საქმის მასალებში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების მიხედვით დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იქნა ინფორმირებული ჩერტანოვსკის რაიონის სასამართლოში სხდომის დანიშვნის თაობაზე, რითაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების შესახებ.
17. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს. ამ მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი საპროცესო შესაძლებლობა, რათა მოპასუხისათვის ჩაებარებინა განსახილველი შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად (იხ. წინამდებარე განჩინების 8-11 პუნქტები). აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლოს უწყება (სსსკ-ის 70-ე მუხლი). მოპასუხეს არ მოუმართავს შუამდგომლობით ან რაიმე სახის მოთხოვნით საკასაციო სასამართლოსათვის, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული სპეციალური კანონის 68-ე და 70-ე მუხლების წინაპირობები დაცულია და დასაბუთებულია შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების შესახებ, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
18. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
19. ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - მოპასუხეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება.
20. სპეციალური კანონის 70-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო 71-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის, წარმოდგენილი აქვს კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი და ცნობა.
21. „მინსკის კონვენციის“ 54.2 მუხლით, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას განიხილავს კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიაჩნია, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ. ამავე კონვენციის 54.3 - ე მუხლით დადგენილია, რომ “იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება“ .
22. ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლები წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ნ. კ. ვ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ჩერტანოვსკის რაიონის სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის #2-5998/2014 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე:
2.1. ე. მ. ო. ს-ი (დაბ.05.06.1982წ.) ცნობილ იქნა ჟ. ე-ის ასული ვ-ას (დაბ. 02.10.2008 წ.) და ე. ე-ის ძე ვ-ის (დაბ. 28.09.2009 წ.) მამად;
2.2. ე. მ. ო. ს-ს ნ. ნ. კ. ვ-ას სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის ალიმენტის - 20 886 (10 443 თითოეულ ბავშვზე) რუბლის გადახდა, რაც შეესაბამება ქ. მოსკოვში ბავშვზე 1 საარსებო მინიმუმის ოდენობას, ყოველთვიურად, შემდეგი ინდექსაციით ქ. მოსკოვის საარსებო მინიმუმის ოდენობის პროპორციულად, დაწყებული 2014 წლის 13 ოქტომბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე