საქმე №ას-7-7-2017 13 აპრილი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – დ. ვ-ე, ნ. გ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა და გირავნობის ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი დ. ვ-ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) და ნ. გ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის (# 2/2778-2014წ) განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „დ-ში“ (შემდეგში: საწარმო; ს/კ …) მეორე მოპასუხის კუთვნილ 20%-იან წილს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 199 პრიმა მუხლი).
2. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაკმაყოფილდა სარჩელი, კერძოდ:
3.1. ბათილად იქნა ცნობილი ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ საწარმოში 20%-იანი წილის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მოპასუხეებს შორის 2014 წლის 5 ნოემბერს დადებული გარიგება (კრების ოქმი);
3.2. პირველ მოპასუხეს დაევალა საცხოვრებელი სახლის აშენებისა და შეთანხმებული ფართის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთულიყო ზემოხსენებულ საწარმოში მისი კუთვნილი 20%-იანი წილი და ამ მიზნით, მოსარჩელესთან გაეფორმებინა შესაბამისი გირავნობის ხელშეკრულება, რაც უნდა დარეგისტრირებულიყო სამეწარმეო რეესტრში (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუიო ნაწილი - ტ.2, ს.ფ.54-55).
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეთა მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის განჩინებით განუხილველი დარჩა საკასაციო განაცხადის დაუშვებლობის გამო (იხ. საკასაციო სასამართლოს განჩინება # ას-125-121-2016; ტ.2, ს.ფ.125-137).
5. მოსარჩელემ 2016 წლის 2 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა იმის მითითებით, რომ გაურკვეველ ვითარებაში დაეკარგა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცლები (ორ ნაწილად) და გადაწყვეტილებაც (იხ. განცხადება - ტ.4, ს.ფ. 34).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის ზემოხსენებული განჩინება და დადგინდა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტების აღსრულების მიზნით გაცემულიყო 2016 წლის 6 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების დუბლიკატები (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ტ.4, ს.ფ.38).
7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სააღსრულებო კანონი) 23-ე მუხლით დადგენილია სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატის გაცემის შესაძლებლობა იმ სასამართლოს მიერ, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, თუმცა, აღნიშნული ნორმა დუბლიკატის გაცემას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოძიება ვერ ხერხდება და არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები.
8. კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, არასაკმარისია მოსარჩელის მითითება, რომ მას დაეკარგა სააღსრულებო ფურცელი, მას ასევე უნდა დაედასტურებინა, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტი, მიმდინარეობს თუ არა საქმეზე სააღსრულებო წარმოება, რის საშუალებასაც განცხადებაზე მოსარჩელის მიერ დართული მასალები არ იძლევა, შესაბამისად, მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა, რადგან სააღსრულებო კანონის 23-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი არის ის პირი, რომელიც უფლებამოსილია მიმართოს სააღსრულებო ფურცლის პირველი ეგზემპლარის გამცემ სასამართლოს მისი დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით. ამავე კანონის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. დასახელებული ნორმის მიხედვით, თუ დადგენილია გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი, მასზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობები არ არსებობს, რადგან სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც არ აღსრულებულა და რომლის იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის 10- წლიანი ვადა გასული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. მოცემული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. (იხ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინება: №ას-431-409-2012).
13. განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა, მიმდინარეობს თუ არა საქმეზე სააღსრულებო წარმოება, რადგან რაიმე რისკი კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შემთხვევაში არ არსებობს. სააღსრულებო კანონის 25-ე მუხლით დადგენილია აღსრულების დაწყების წესი და პროცედურა, რაც მოვალის ინფორმირებასაც მოიცავს. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს უკვე დაწყებული აღსრულების შესახებ მოვალისათვის გაგზავნილი შეტყობინება, ხოლო ამავე კანონით დადგენილი წესით კრედიტორის მოთხოვნა მართებულად დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ.
14. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „დუბლიკატის გაცემის ამ სპეციალური წესის შემოღება განაპირობა კრედიტორის უფლებამ, იძულებითი აღსრულების დაწყებამდე, სააღსრულებო ფურცლის დედნის დაკარგვის შემთხვევაში, მიიღოს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი, რომელიც იმავე იურიდიული ძალის მატარებელია, როგორისაც დედანი და დუბლიკატის წარდგენით მოითხოვოს აღსრულების დაწყება. ისეთ ვითარებაში, როდესაც სააღსრულებო ფურცლის დედანი უკვე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, აღარ არსებობს მისი განმეორებით გაცემის წინაპირობა (იხ. სუსგ # ას-11-11-2014, 05.03.2014წ.). განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის განცხადებით, სააღსრულებო ფურცლის დედანი დაკარგულია, ხოლო მისი დუბლიკატის საფუძველზე მოხდება სააღსრულებო წარმოების დაწყება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგების აღსრულებას უზრუნველყოფს. უკვე განხორციელებულ სააღსრულებო წარმოებას უკავშირდება აღსრულებული სასამართლო გადაწყვეტილება, რაც განმეორებით აღსრულებას გამორიცხავს სააღსრულებო კანონის საფუძველზე.
15. ზემოხსენებული მოტივაციით კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა უარყოფილია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ვ-ისა და ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე