Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-87-83-2017 13 აპრილი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ბ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ-ის“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავი ქონებიდან წილის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი ი. ხ-ის (შემდეგში: მოსარჩელის მეუღლე ან მოვალე) წინააღმდეგ, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდა.

2. მოსარჩელე ცნობილი იქნა საჯარო რეესტრში თავისი მეუღლის სახელზე რიცხული, ქ. თბილისში, გ-ის ქ. №19-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის /უძრავი ქონების/ საკადასტრო კოდი №0-) იმ 2/5 ნაწილის მესაკუთრედ, რომელიც არ არის იპოთეკით დატვირთული. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არ დარეგისტრირებულა (იხ. ტ.1 - დაუსწრებელი გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი - ს.ფ. 56-59; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ. 53-54).

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 16 ივლისის №A11040435 -016/001 განკარგულების თანახმად, ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მოვალის საკუთრებაში რიცხული, უძრავი ქონების (იხ. მახასიათებლები მე-2 პუნქტში) 3/5 ნაწილის შემძენი, 2012 წლის 6 ივლისს გამართულ (ონლაინ) აუქციონზე გახდა შპს ''პ-ის'' (ID 202400482; შემდეგში საწარმო ან მოპასუხე), რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარად. აღსრულება განხორციელდა სს „პ-ის“ (შემდეგში: იპოთეკარი ან ბანკი) სასარგებლოდ (იხ. ტ.1 - თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 16 ივლისის №A11040435-016/001 განკარგულება - ს.ფ. 148; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ. 53-54).

4. სარჩელის მოთხოვნა და მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოსარჩელემ 2015 წლის 16 ივნისს სარჩელი აღძრა ამ განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებული საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელის საკუთრებად რიცხული ქ. თბილისში, გ-ის ქ. №19-ში მდებარე უძრავი ქონების 3/5 ნაწილიდან 1/10 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.

4.2. მოპასუხემ არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. სასამართლომ დაადგინა ამ განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1158-ე, 1164-ე, 1160-ე, 312-ე მუხლები, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სააღსრულებო კანონი) 75-ე მუხლის მე-5, მე-6 პუნქტები.

5.3. სსკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით, შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. სსკ-ის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

5.4. სააღსრულებო კანონის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.

5.5. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ იპოთეკარის (ბანკის) სასარგებლოდ განხორციელებული იძულებითი აღსრულების შედეგად მოვალის საკუთრებაში რიცხული სადავო უძრავი ქონების 3/5 ნაწილის შემძენი, 2012 წლის 6 ივლისს გამართულ (ონლაინ) აუქციონზე, გახდა ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული საწარმო (მოპასუხე), რომელმაც უძრავი ნივთი 48 000 ლარად შეიძინა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული იძულებითი აღსრულება განხორციელდა მოვალესა და იპოთეკარს (ბანკს) შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

5.6. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 312-ე მუხლიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრი წარმოადგენს კეთილსინდისიერი სამოქალაქო ბრუნვის გარანტს და ემსახურება ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფას და დაცვას. აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, ობიექტურად არსებული ფაქტი - საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია იცავს ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაუნარიანი უფლებების განკარგვის დროს და მისი სისწორის პრეზუმფცია ეხება როგორც ადრინდელი მესაკუთრის, ასევე - ახალი შემძენის უფლებებს. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული პრინციპი იცავს ასევე კრედიტორის (იპოთეკარის) უფლებას. მას ენიჭება უფლებამოსილება, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ იპოთეკით დატვირთული ნივთიდან.

5.7. სასამართლოს მიერ დადგენილია ასევე, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის (საწარმოს) საკუთრების უფლება წარმოიშვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 16 ივლისის №A11040435-016/001 განკარგულების საფუძველზე, რომელიც ნამდვილია და სასამართლო წესით ბათილად ცნობილი არ არის. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დარღვევას გამოიწვევდა.

5.8. სასამართლომ მოსარჩელეს ისიც განუმარტა, რომ მას უფლება ჰქონდა, მეუღლისაგან მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.

5.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა სადავო უძრავი ქონების მის საკუთრებაში რიცხული 3/5 ნაწილიდან 1/10 ნაწილის გასხვისება, უფლებრივად დატვირთვა ან გამიჯვნა. სარჩელის უარყოფის გამო, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიება.

6.მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

6.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე დაყრდნობით:

6.1.1. სასამართლომ სადავო ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითა ის, რომ მოსარჩელეს შესაგებელი კანონის მოთხოვნათა დარღვევით - უშუალოდ სასამართლო პროცესზე გადაეცა, რის გამოც მოსარჩელემ სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა;

6.1.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არც ის აისახა, რომ მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმის განხილვის შეჩერების თაობაზე # 3/4081-15 და # 2ბ/5702-15 ადმინისტრაციული და სამოქალაქო საქმეების გადაწყვეტამდე;

6.1.3. საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას მოსამართლემ არ მიუთითა სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ ძირითად გარემოებებზე, არ ჩამოაყალიბა ფაქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მოთხოვნას და მოპასუხის შესაგებელს;

6.1.4. მოსამართლემ მოპასუხის წარმომადგენელს საქმის განხილვაში მონაწილეობა ვადაგასული მინდობილობის საფუძველზე მიაღებინა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

7.3. სასამართლომ აპელანტის მოთხოვნიდან გამომდინარე, იმსჯელა სსკ-ის 1160-ე მუხლის დანაწესზე (იხ. ამ განჩინების 5.3. ქვეპუნქტი) და განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა, მეუღლეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვისას, იცავს შემძენის ინტერესებს და არა იმ მეუღლის ინტერესებს, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ არ იყო რეგისტრირებული, თუმცა, მას აღნიშნული უფლება გააჩნდა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით.

7.4. სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად „1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა; 2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. 3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც“.

7.5. სსკ-ის 1160-ე, 185-ე და 312-ე მუხლების ერთობლივად გაანალიზების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების შეძენისას კანონი იცავს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს ქონების თანამესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის პრეტენზიისაგან (იხ. სუსგ # ას-7-7-2016, 16.03.2016წ.).

7.6. აპელანტის სხვა პრეტენზიებზე მსჯელობისას სასამართლომ განმარტა, რომ ამ განჩინების 6.1.1- 6.1.3 პუნქტებში მითითებული არგუმენტებიდან არც ერთი იყო დასაბუთებული, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კონკრეტული გარემოებების სასამართლო გადაწყვეტილებაში ასახვის ვალდებულებას არ ითვალისწინებს, ამასთან, სსსკ-ის 393.3-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. ასევე, უსაფუძვლო იყო წინამდებარე განჩინების 6.1.4. ქვეპუნქტში მითითებული მტკიცება, რადგან საქმეში მოთავსებული მინდობილობა (იხ. ტ.1, ს.ფ.141) სრულად აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის შესახებ დასაბუთებას არ შეიცავდა, რის გამოც არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების გზით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

8. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

8.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება სააპელაციო საჩივარში მითითებული ძირითადი არგუმენტების იდენტურ პრეტენზიებზე დაყრდნობით (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 88-97).

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81)

12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, ამასთან, სასამართლოს მიერ დასაბუთებულია სააპელაციო პრეტენზიების უარყოფა არა მხოლოდ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი კვალიფიკაციის, არამედ საპროცესოსამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისითაც, რომელიც ეხება მხარის მტკიცებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელებული საპროცესო ქმედებების არამართებულობაზე.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

14. განსახილველ შემთხვევაში კასატორის ძირითადი პრეტენზია იმას ეხება, რომ მისი, როგორც რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის თანასაკუთრების, რომელიც არ იყო აღრიცხული საჯარო რეესტრში კასატორის საკუთრებად, გარკვეული ნაწილი არასწორად განიკარგა. საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს სსკ-ის 1160-ე, 185-ე და 312-ე მუხლების თაობაზე, რადგან იურიდიულად მართებული კვალიფიკაცია მიენიჭა განსახილველ დავას.

15. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „შემძენი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ იგი გამსხვისებელს მიიჩნევს მის მიერ შეძენილი ქონების მესაკუთრედ და ეს უკანასკნელი ასეთად არის რეგისტრირებული რეესტრში. აღნიშნულის საწინააღმდეგო ინფორმაცია მას არ გააჩნია, თუნდაც რეესტრის ჩანაწერის მიმართ შეტანილი საჩივრის თაობაზე. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, როდესაც პირი იძენს რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული გამსხვისებლისაგან ქონებას, არაკეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს მისი კეთილსინდისიერების გამომრიცხავი ზემოთ მითითებული გარემოებების არსებობას. ამიტომ მტკიცების ტვირთი, შემძენის არაკეთილსინდისიერებისა, აწევს შემძენის მოწინააღმდეგე მხარეს და არა შემძენს“ (იხ. სუსგ # ას-1298-1236-2014, 06.03.2015წ.).

16. სსკ-ის 1160-ე მუხლის სსკ-ის 185-ე მუხლით დადგენილ დანაწესთან მიმართების თვალსაზრისით კი უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა და დასკვნები შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას, რაზედაც მითითებულიც არის გასაჩივრებულ განჩინებაში (იხ. ამ განჩინების 7.5 ქვეპუნქტი).

17. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული საპროცესო ქმედებები არ ასახულა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და სხვა, რაც სააპელაციო ეტაპზეც გახადა მხარემ სადავო, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც ეფუძნება საქმის მასალებში მოთავსებული მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებას.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე კასატორის ძირითადი პრეტენზია მოპასუხის ანუ სადავო ქონების შემძენი საწარმოს არაკეთილსინდისიერებას ეხება, თუმცა, კასატორს არ მიუთითებია არც ერთი სამართლებრივად წონადი და ვარგისი არგუმენტი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის თაობაზე, რაც საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობაზე უარის თქმისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

12. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე