Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-176-165-2017 2 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - რ. პ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ცვლილების შეტანა 2014 წლის 29 აგვისტროს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ პირგასამტეხლოს განსაზღვრა 0,01 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე - 450 აშშ დოლარით

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ა-სა (შემდეგში: მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) და პ. ს-ას (შემდეგში: მსესხებელი) შორის, 2014 წლის 1 თებერვალს, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს 25 000 აშშ დოლარი ასესხა, ერთი თვით, 3.5%–იანი სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - 0,12 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 623-625-ე და 286-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება – ტ.1, ს.ფ.16–20; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – ს.ფ. 88–89).

2. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ მსესხებელსა და რ. პ-ას (შემდეგში: მოსარჩელე, უძრავი ქონების მესაკუთრე, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2014 წლის 21 მაისს, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადაეცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, გ-ის მასივი, მიკრორაიონი 1, კორპუსი 2, ბინა №9, ბინის ფართი – 32.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0.. (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – ტ.1, ს.ფ. 15).

3. 2014 წლის 29 აგვისტოს, ნოტარიუსმა ე. შ–მა გასცა №140909913 სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც ვალდებულების შესრულების დროდ მიეთითა – 2014 წლის 1 მარტი, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში, სესხის ძირითადი თანხად – 25 000 აშშ დოლარი, პროცენტი – 275 აშშ დოლარი, რომელიც არის მოვალის მიერ გადაუხდელი სარგებლის ნაწილი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით – 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე – სულ 5400 აშშ დოლარი, საერთო ჯამში კრედიტორმა 30 675 აშშ დოლარზე მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ასევე - აღსრულების ხარჯები სრულად. სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრის კუთვნილი ქონების, როგორც იპოთეკის საგნის ( ბინა №9, ფართი 32.00 კვ.მ. მდებარე: ქ.თბილისში, გ-ის მასივი, 1 მიკრო რაიონი, მე-2 კორპუსი) რეალიზაცია (იხ. სააღსრულებო ფურცელი – ს.ფ. 24–26).

4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალის მიერ სარგებლის სახით გადასახდელი თანხა შეადგენდა – 25 000 აშშ დოლარის 3.5%–ს, რაც არის 875 აშშ დოლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოვალის მიერ კრედიტორისათვის სარგებლის სახით გადახდილმა თანხამ შეადგინა 600 აშშ დოლარი, კრედიტორმა მოთხოვნა შეამცირა შესრულებული ვალდებულების შესაბამისად და სააღსრულებო ფურცელში პროცენტის თანხა განისაზღვრა დარჩენილი – 275 აშშ დოლარით.

5. სარჩელის მოთხოვნა

5.1. ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულმა უძრავი ქონების მესაკუთრემ 2014 წლის 29 სექტემბერს სარჩელი აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ (იხ. პირველი პუნქტი) და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 29 აგვისტოს გაცემულ №140909913 სააღსრულებო ფურცელში (იხ. მე-3 პუნქტი) ცვლილების შეტანა სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ - სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 5400 აშშ დოლარის ოდენობით - გაუქმება.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1. კრედიტორმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ პროცენტიც და პირგასამტეხლოც კანონშესაბამისად იყო მოთხოვნილი და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით უძრავი ქონების მესაკუთრის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

7.2. ცვლილება შევიდა 2014 წლის 29 აგვისტოს, ნოტარიუს ე. შ-ის მიერ გაცემულ №140909913 სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში, კერძოდ: პირგასამტეხლო განისაზღვრა 0,04%–ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო საქმის წარმოების დაწყებამდე – 1800 აშშ დოლარით;

7.3. სააღსრულებო ფურცელი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

7.4.სასამართლომ უდავოდ მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას გამოიყენა სსკ-ის 316–ე, 317-ე, 361-ე, 623-625-ე მუხლები.

7.5.სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ - შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია, მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული უფლება–მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

7.6.მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელმა ჯეროვნად და განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა ვალდებულება. დადგენილი იყო, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, მოვალეს სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 875 აშშ დოლარი (სესხის ძირითადი თანხის– 3.5% ანუ 25 000–ის 3.5%, რაც შეადგენს – 875 აშშ დოლარს). ასევე დადგენილი იყო, რომ მსესხებელმა ერთი თვის სარგებლის თანხის ნაწილი - 600 აშშ დოლარი გადაიხადა, რის გამოც კრედიტორმა ამ ნაწილში შესრულებული ვალდებულების პროპორციულად შეამცირა მოთხოვნა და ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით არა 875 აშშ დოლარის, არამედ – 275 აშშ დოლარის გადახდის შესახებ (იხ. ამ განჩინების - მე-4 პუნქტი). ამასთან, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე დაეთანხმა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პროცენტის ოდენობას და 275 აშშ დოლარის ცვლილების ნაწილში მოთხოვნა მოხსნა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარგებლის დარიცხვის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და შესაბამისად, 2014 წლის 29 აგვისტოს №140909913 სააღსრულებო ფურცელი არ საჭიროებდა ცვლილებების შეტანას პროცენტის – 275 აშშ დოლარის დარიცხვის ნაწილში.

7.7.სასამართლომ სსკ-ის 417–418–ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია კონკრეტული წინაპირობების არსებობა. სსკ-ის მიხედვით პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში - ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

7.8.სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვვაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. სსკ-ის 420–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარმოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

7.9.განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი უნდა შემცირებულიყო. სსკ-ის 417–ე და 418–ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ნორმის თანახმად, სსკ ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც, თავის მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება–მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.

7.10.სასამართლომ შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთად მიიჩნია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო და დაასკვნა, რომ დავალიანების 0.12%–დან პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო 0.04%–მდე და მოვალის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო 1800 აშშ დოლარით უნდა განსაზღვრულიყო. სწორედ ამ სახით დადგინდა შესაბამისი ცვლილების შეტანა ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2014 წლის 29 აგვისტოს გაცემულ №140909912 სააღსრულებო ფურცელში, სხვა ნაწილში სააღსრულებო ფურცელი უცვლელად დარჩა.

8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

8.1. უძრავი ქონების მესაკუთრემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა სარჩელის (იხ. 5.1. ქვეპუნქტი) სრულად დაკმაყოფილება შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

8.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 625–ე მუხლის მე–3 ნაწილი. კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სესხის სარგებლობის საპროცენტო განაკვეთი – 3,5% აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5–მაგი ოდენობის მეთორმეტედს. შესაბამისად, აღნიშნული ეწინააღმდეგება კანონს და სსკ-ის 54–ე მუხლის თანახმად გარიგება არის ბათილი. ასეთ შემთხვევაში გამსესხებელს უნდა დაუბრუნდეს მიღებული თანხა, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გარეშე;

8.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 420-ე მუხლი. პირგასამტეხლო უნდა გაუქმებულიყო საერთოდ, ან უნდა შემცირებულიყო კიდევ უფრო მეტად 100 აშშ დოლარამდე.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

9.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით მოსარჩელე ისევ სადავოდ ხდიდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სესხის სარგებლის საპროცენტო განაკვეთის ოდენობას - 3,5%–ს და მითითებულ ნაწილში ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას.

9.4. სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე დაეთანხმა პროცენტის სახით 275 აშშ დოლარის დაკისრებას და აღნიშნულ ნაწილში მოხსნა კიდეც მოთხოვნა, სააპელაციო საჩივარში მითითებული ზოგადი ხასიათის პრეტენზიით შეუძლებელი იყო მხარის აღნიშნული აღიარების გაქარწყლება. ამასთან, საყურადღებო იყო ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის (მოსარჩელის) წარმომადგენელს მითითებულ საკითხთან დაკავშირებით არ წარუდგენია რაიმე სახის დასაბუთებული და გასაზიარებელი პრეტენზია, რის გამოც აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელად მიიჩნია სასამართლომ და არ დააკმაყოფილა.

9.5. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე და განმარტა, რომ სსკ-ის 361–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნების გამოვლენის საფუძველზე ხელშეკრულებით შეთანხმებული უფლება–მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (სსკ-ის 417-ე მუხლი).

9.6. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია 2014 წლის პირველი მარტიდან არ შესრულებულა. ასევე დავას არ იწვევდა მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა პირგასამტეხლოს თაობაზე. შესაბამისად, რამდენადაც ფულადი ვალდებულება არ შესრულებულა, პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნდა და ამ პირობებში მისი გაუქმების შესახებ აპელანტის პრეტენზია სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.

9.7. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

9.8. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლო 5400 აშშ დოლარიდან შემცირდა 1800 აშშ დოლარამდე. ფულადი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების ხანგრძლივობის (ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2014 წლის პირველ მარტს) და თავად დავალიანების (დაუბრუნებელი სესხის ძირითადი თახის) მოცულობის – 25 000 აშშ დოლარის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა – 1800 აშშ დოლარი წარმოადგენდა იმ მინიმალურ ოდენობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ფულადი ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის გათვალისწინებით შეიძლებოდა განსაზღვრულიყო. შესაბამისად, ფულადი ვალდებულების ვადაგადაცილების ხანგრძლივობის და თავად დავალიანების მოცულობის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტის მხრიდან პრეტენზიის წარდგენა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე არადამაჯერებელი და უსაფუძვლო იყო, რის გამოც მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს - 1800 აშშ დოლარის ნაცვლად, 100 აშშ დოლარამდე შემცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

10. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

10.1. უძრავი ქონების მესაკუთრემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეყტილების მიღება, კერძოდ, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში. კასატორმა მოითხოვა პირგასამტეხლოს განსაზღვრა 0.01 %-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე - 450 აშშ დოლარით; (1800 – 450 =1350), სწორედ 1350 აშშ დოლარის ფარგლებშია გასაჩივრებული დაკისრებული პირგასამტეხლო;

10.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 420-ე მუხლი, უფრო მეტად უნდა შეემცირებინა მხარის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო და განესაზღვრა 0.01 %-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ანუ 450 აშშ დოლარი უნდა დაჰკისრებოდა მოსარჩელეს სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

15. კასატორის შედავება არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელია, რადგან საკასაციო პრეტენზია ეხება ზოგადად სსკ-ის 420-ე მუხლის არასწორ გამოყენებას სასამართლოს მიერ, ხოლო სააპელაციო საჩივრისაგან განსხვავებით, როდესაც აპელანტი ითხოვდა პირგასამტეხლოს განსაზღვრას 100 აშშ დოლარით, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, კასატორი მზად არის პირგასამტეხლოს სახით 450 აშშ დოლარი გადაიხადოს. მხარეს არ აქვს არავითარი დასაბუთება, თუ მის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების გამო, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო, რომელიც 5400 აშშ დოლარიდან 1800 აშშ დოლარამდე შეამცირა სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რატომ უნდა შემცირდეს 450 აშშ დოლარამდე.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: # ას-337-315-2017, 22.05.2017წ; # ას-536-512-2016, 04.10. 2016 წ; # ას-170-165-2016, 14. 06. 2016 წ; # ას-48-43-2015, 19.03.2015 წ; # ას-23-23-2014, 10.04.2014 წ; # ას-1432-1351-2012, 20.05.2013 წ.)

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. პ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. რ. პ-ას (პ/ნ 6..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. გ-ას (პ/ნ 0..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2017 წლის 2 თებერვალი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე