Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-295-279-2017 19 მაისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ-ი, მ. მ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს ,,ს- ამ“ (შემდეგში: დამსაქმებელი, საწარმო, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) 2015 წლის 6 ივლისს უვადო შრომითი ხელშეკრულებები (კონტრაქტები) გააფორმა ნ. ტ-სა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე ან პირველი დასაქმებული) და მ. მ-ესთან (შემდეგში: მეორე მოსარჩელე ან მეორე დასაქმებული). ხელშეკრულებების თანახმად მოსარჩელეები მიღებულ იქნენ დამსაქმებლის შიდა ქართლის რეგიონალურ ქსელში ელექტროგადამცემი ხაზების (ე.გ.ხ.) საექსპლუატაციო ბრიგადის მე-2 კატეგორიის მემაღლივეებად; ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განესაზღვრათ 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარით (იხ. შრომითი ხელშეკრულებები; ტ.1, ს.ფ. 19-20).

2. დამსაქმებლის მმართველთა საბჭოს წევრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის (სამუშაოს აღწერის) თანახმად, მე-2 კატეგორიის მემაღლივე ასრულებს ეგხ-ების, მათი განშტოებების, გადაბმების, დამიწების კონტურის ტექნიკურ მომსახურეობას; მეტალური და რკინა-ბეტონის ანძების ტრავესრების შემოწმებას კოროზიაზე, მათ გაწმენდას კოროზიისგან და შეღებვას; იზოლატორების და სახაზო არმატურის შემოწმებას და შეცვლას; ე.გ.ხ.-ების ტრასების გაწმენდას მწვანე ნარგავებისგან; გამტარების ჭანჭიკური შეერთების შემოწმებას და აღდგენას; ხაზების მაღლივ დათვალიერებას და სხვა საექსპლუატაციო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს; მუშაობაში ხელმძღვანელობს ტექნიკური ექსპლუატაციის, უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოებისა და ელ. დანადგართა მოწყობილობის წესებით, დაზარალებულთა პირველადი დახმარებით, ეგხ-ის ექსპლუატაციის ინსტრუქციებით და ასრულებს იმ სამუშაოებს, რომელთა შესრულებაც გათვალისწინებულია განაწესით ან განკარგულებით, უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა მიხედვით. ამასთან, ახორციელებს რეგიონალური ქსელის საქმიანობის შესახებ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში (იხ. ტ.1, ს.ფ. 46-48; 5.4., 5.5., 5.6. პუნქტები). დასაქმებულთა მიერ შესასრულებელი სამუშაოები ასევე გაწერილია მათთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში.

3. დამსაქმებლის 2015 წლის 1 სექტემბრის #20712 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, დასაქმებულებს 2015 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაუფორმდათ მივლინება 220კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ხორგა-1,2“-ის გაორჯაჭვიანების პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით; აღნიშნული მივლინება 2015 წლის 10 სექტემბრის #21528 სამსახურებრივი ბარათით მათ გაუგრძელდათ 10 (ათი) დღით - 2015 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით (იხ. ტ.1, ს.ფ. 49-50);

4. მოპასუხის 2015 წლის 28 სექტემბრის #08/კ-პ ბრძანების მიხედვით, დამსაქმებლის 220 კვ.-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „ხორგა-1,2“-ის გაორჯაჭვიანების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროს შიდა ქართლის რეგიონალური ქსელის ელექტროგადამცემი ხაზების საექსპლუატაციო ბრიგადის თანამშრომლების მხრიდან დაფიქსირდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტები - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, სამუშაო საათების გაცდენა ხელმძღვანელი პირის ნებართვის გარეშე. კერძოდ, მოსარჩელეები ხშირად აგვიანებდნენ სამუშაო ადგილზე, არაკეთილსინდისიერად და ზერელედ ასრულებდნენ ანძების მონტაჟის სამუშაოებს, რაც აფერხებდა სამუშაოების დროულ და გეგმიურ შესრულებას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დასაქმებულები გადაყვანილი იყვნენ უფრო ნაკლები სირთულის სამუშაოებზე. მიუხედავად ამისა, ისინი 19 სექტემბერს თვითნებურად არ გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე, რის გამოც მათ შეუწყდათ მივლინება და დაბრუნდნენ შიდა ქართლის რეგიონალური ქსელის ოფისში.

5. შრომითი ხელშეკრულებების 4.3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების, თანამდებობრივი ინსტრუქციის 5.7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა ბრძანება (შემდეგში: სადავო ბრძანება) #08/კ-პ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 21-22); მითითებული ბრძანების მიღების საფუძველი გახდა ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის სამსახურის უფროსის ვ. კ-ას 2015 წლის 25 სექტემბრის წერილი და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის ზ. პ-ას #22629 მოხსენებითი ბარათი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52-53).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. დასაქმებულებმა 2015 წლის 23 ოქტომბერს სარჩელი აღძრეს დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვეს ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის, 2015 წლის 28 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიური ხელფასის - 750 ლარის ანაზღაურება.

6.2. მოსარჩელეების მითითებით, ამ განჩინების მე-3 პუნქტში აღნიშნული სამუშაოს შესრულების პერიოდში, 2015 წლის 19 სექტემბერს დილით, მათ დაუკავშირდათ უშუალო ხელმძღვანელი ვ. კ-ა, რომელმაც მათ უთხრა, რომ ღამით ორივეს უნდა ედარაჯათ ტყეში დროებით განთავსებული დანადგარისათვის და დღის განმავლობაში დაესვენათ. შემდეგ დააზუსტეს და დაავალეს, რომ ერთ საღამოს ერთი-ერთი მათგანი დაიცავდა ობიექტს, მეორე საღამოს - მეორე, რასაც დასაქმებულები არ დაეთანხმნენ.

6.3. მოსარჩელეთა განმარტებით, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის ბრძანებაში მითითებული არგუმენტები არასწორია (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი), მათი მხრიდან შრომითი ხელშეკრულების დარღვევას და დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, ასევე უსაფუძვლოა მითითება სამუშაოზე დაგვიანების შესახებ, რადგან მივლინებაში ყოფნის პერიოდში ობიექტზე მთელი ბრიგადა გადიოდა ერთად სამსახურის ავტომანქანით.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. დამსაქმებელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეებმა დაარღვიეს საწარმოს შინაგანაწესი, დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ 2008 წლის 11 ივლისის #138 ბრძანებით დამტკიცებული წესები, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი მოხსენებითი ბარათებით, ასევე დაირღვა მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით დასაქმებულების სარჩელი დაკმაყოფილდა:

8.1.1. ბათილად იქნა ცნობილი საწარმოს რეაბილიტაციის მმართველის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის 2015 წლის 28 სექტემბრის #08/კ-პ ბრძანება მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ;

8.1.2. დასაქმებულები აღდგენილი იქნენ შიდა ქართლის რეგიონალური ქსელის ელექტროგადამცემი ხაზების საექსპლუატაციო ბრიგადის მე-2 კატეგორიის მემაღლივის თანამდებობაზე;

8.1.3. დამსაქმებელს დასაქმებულების სასარგებლოდ დაეკისრა, იძულებითი განაცდურის სახით, თითოეულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2015 წლის 28 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიური ხელფასი - 750-750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი.

8.2. მოსარჩელეებთან ერთად დასაქმებულმა პირებმა: გ. ბ-მა, პ. მ-ემ, კ. ლ-ემ, ი. მ-ემ და ვ. ფ-მა საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადეს, რომ მივლინების პერიოდში ობიექტებზე გასვლა ხდებოდა ერთდროულად სამსახურის ავტომანქანით და ობიექტზე დაგვიანება ფიზიკურად შეუძლებელი იყო. მოსარჩელეთა მხრიდან სამუშაოს ზერელე და არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით არავისგან გაუგიათ და ასეთ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

8.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის სამსახურის უფროსის ვ. კ-ას განმარტების მიხედვით, მოსარჩელეები ნაკლებად იყვნენ დატვირთული სამუშაოებით, დარჩენილი იყო ორი დღე სამუშაოების დასამთავრებლად, მან დაავალა დასაქმებულებს, დღისით დაესვენათ და ღამით ემორიგევათ, სამუშაო ადგილზე დარჩენილი საწარმოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დასაცავად, რაზეც ეს უკანასკნელნი დათანხდნენ, ხოლო საღამოს, როდესაც ავტომანქანა გაუგზავნა ობიექტზე წასასვლელად, დასაქმებულებმა უარი განაცხადეს და უთხრეს, რომ იარაღის გარეშე ღამით არ დაიცავდნენ ობიექტს. ტერიტორია, რომელიც მოსარჩელეებს უნდა დაეცვათ არ მდებარეობდა შორს მოსახლეობიდან. მოწმემ მიუთითა, რომ სახლიდან ობიექტამდე თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით, მაგრამ ახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც თავისი ავტომანქანით წაიყვანა მოსარჩელეები, რადგან დილის 11 საათზე არ იყვნენ გამოცხადებული ადგილზე, ამასთან, ბრიგადირიც გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოსარჩელეთა მოქმედებებთან დაკავშირებით.

8.4. საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებსა და მოწმეთა განმარტებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მივლინების პერიოდში ბრიგადის წევრების და მათ შორის მოსარჩელეთა გადაადგილება სახლიდან სამუშაო ადგილამდე ხდებოდა ერთად, სამსახურებრივი ავტომანქანით და ობიექტზე დაგვიანება (ხშირი დაგვიანება) მხოლოდ მოსარჩელეთა მხრიდან გამორიცხული იყო. ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის სამსახურის უფროსის ვ. კ-ას 2015 წლის 25 სექტემბრის წერილში მითითებული გარემოებები სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებით არ დადასტურდა. თავად ვ. კ-ას ჩვენებით დადგინდა, რომ სამუშაოების დასრულებამდე დარჩენილი იყო ორი დღე, მოსარჩელეები ნაკლებად იყვნენ დატვირთული და ამიტომ დაავალა ღამით მორიგეობა, რაც არ ადასტურებდა სამუშაოების შეფერხებას, დროულ და გეგმიურ შეუსრულებლობას, ასევე არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები დისციპლინური გადაცდომის გამო გადაიყვანეს ნაკლები დატვირთვის სამუშაოზე - ობიექტის დასაცავად, რაც ასახულია მოხსენებით ბარათსა და გასაჩივრებულ ბრძანებაში.

8.5. საქალაქო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სშკ-ის მე-2, მე-11, 32-ე, 35-ე, 37-ე, 38-ე, 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლები და საწარმოში დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად განმარტა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, დასაქმებულის წინანდელი შრომითი საქმიანობა და ყოფაქცევა, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შესაბამისობა ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესთან.

8.6. შრომითსამართლებრივ დავაში დამსაქმებელს აწევს მტკიცების ტვირთი, მან უნდა ამტკიცოს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ დასაქმებულების მიმართ საწარმოში დისციპლინური პასუხისმგებლობის წესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა გამოყენებული არ ყოფილა.

8.7. სშკ-ის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ორივე დასაქმებულის ერთდროულად მორიგეობაზე. ვ. კ-ას დავალებით დასაქმებულებს ღამით ობიექტი ცალ-ცალკე უნდა დაეცვათ, რის გამოც მათ უარი განაცხადეს სამუშაოს შესრულებაზე. სხვა სამუშაო ადგილზე განთავსებულ სატრანსპორტო საშუალებებს იცავდა დაცვის პოლიციის ორ-ორი შეიარაღებული თანამშრომელი და შესაბამისად, თითოეული მოსარჩელისათვის ასეთი სახის სამუშაოს მარტო შესრულების დავალება, არ გამომდინარეობდა სშკ-ს 35-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან, რომლის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. ამასთან, მითითებული დავალების შესრულება არ ევალებოდათ მოსარჩელეებს, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულების და საწარმოს მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის (სამუშაოს აღწერის) მიხედვით, ღამით ობიექტის დაცვა არ შედიოდა მოსარჩელეთა ვალდებულებაში (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).

8.8. ამ განჩინების 8.2-8.7 ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო დასაქმებულების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რამაც, სშკ-ს 32-ე, 35-ე, 44-ე და სსკ-ის 408-ე, 411-ე მუხლებზე დაყრდნობით, დასაქმებულთა სამსახურში აღდგენა და დამსაქმებლისათვის მათ სასარგებლოდ გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიური ხელფასის დაკისრება განაპირობა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის განჩინება

9.1. სსსკ-ის 268-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით ამავე სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა გადაცემული, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და სამი თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.

10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

10.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება, მათი გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებასა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის მოთხოვნით.

10.2. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობა ურთიერთგამომრიცხველი იყო, რადგან დადგენილად იყო მიჩნეული, რომ დასაქმებულები სამსახურებრივ მოვალეობებს არაკეთილსინდისიერად და ზერელედ ასრულებდნენ, ასევე, უდავოდ ჩათვალა ის, რომ მოსარჩელეები სამსახურებრივ მოვალეობებს ჯეროვნად და დარღვევების გარეშე ასრულებდნენ.

10.3. აპელანტმა ამ განჩინების 3-5 ქვეპუნქტებში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იყო შეფასებული მოწმეთა ჩვენებები.

10.4. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის განჩინება უკანონო იყო და უნდა გაუქმებულიყო, რადგან საქალაქო სასამართლოს მოსარჩელეებისათვის გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა უნდა მოეთხოვა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ ევალებოდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მონაწილეობით უნდა განეხილა აღნიშნული განცხადება და არ უნდა დაეკმაყოფილებინა იგი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული ფაქტების დასადასტურებლად მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია სათანადო (სარწმუნო) მტკიცებულებები იმ პირობებში, როდესაც ამ ტიპის დავებში სადავო ბრძანების კანონიერების მტკიცების ტვირთი სწორედ დამსაქმებელს ეკისრება.

11.3. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, სშკ-ის 11.2-ე, 44-ე მუხლებზე, სსკ-ის 408-ე, 409-ე, 411-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ამ განჩინების 8.4-8.8 ქვეპუნქტებში მოცემული ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობა და მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო, დაემტკიცებინა ყველაზე მკაცრი დისციპლინური სახდელის გამოყენების მართლზომიერება.

11.4 გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემასთან დაკავშირებით აპელანტის პრეტენზიაზე სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული პრეტენზია კერძო საჩივრისათვის დადგენილი წესით იქნა განხილული სასამართლოს ზეპირ მოსმენაზე და იგი არ დაკმაყოფილდა, რადგან სსსკ-ის 268-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და სამი თვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესაძლებლობა.

12.დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი

12.1. დამსაქმებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სააპელაციო პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 2 700 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საწარმოს საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის (იხ. წინამდებარე განჩინების 8.6-8.7 ქვეპუნქტები) სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას. განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.

19. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დამსაქმებლის პრეტენზიებს, რომ:

19.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რადგან არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებია დასაქმებულთა მხრიდან სამუშაოზე დაგვიანებისა და სამუშაოს არაკეთილსინდისიერად შესრულების ფაქტი. აღნიშნულის დამტკიცება ვერც დამსაქმებელმა შეძლო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით;

19.2. დასაქმებულები შედარებით მარტივ სამუშაოზე იმ მიზეზით გადაიყვანეს, რომ ისინი თავიანთი არაკეთილსინდისიერი და ზერელე მუშაობით სამუშაო პროცესს აფერხებდნენ, რაც ასევე, არც მოწმეთა ჩვენებებით და არც სხვა მტკიცებულებით არ დადასტურდა;

19.3. კასატორის პრეტენზიის თაობაზე, რომ თუ დასაქმებულები ობიექტის დასაცავად ღამით მორიგეობაზე უარს ამბობდნენ, მათ მთელი დღე არ უნდა დაესვენათ, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა განმარტების, მოწმეთა ჩვენებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დასაქმებულები 2015 წლის 19 სექტემბერს დღის განმავლობაში უფროსის - ვ. კ-ას ბრძანებით არ გამოცხადდნენ სამუშაოდ, ხოლო ღამით მორიგეობაზე უარი განაცხადეს იმ საფუძვლით, რომ დასაცავი ობიექტი დაუსახლებელ ადგილას მდებარეობდა და მათ ცალ-ცალკე უნდა ემორიგევათ. მსგავს პირობებში არსებულ ობიექტებს დაცვის პოლიციის ორ-ორი შეიარაღებული თანამშრომელი იცავდა. დასაქმებულები კი ცალ-ცალკე და შეუიარაღებლად დაუსახლებელ ტერიტორიაზე მდებარე ობიექტის დაცვას ვერ შეძლებდნენ, რაც ისედაც არ შედიოდა მათ სამსახურებრივ მოვალეობებში (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი). დამსაქმებელმა ვერ შეძლო დასაქმებულთა ამ განმარტების გაქარწყლება ვერც ერთი მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, რამაც საკასაციო სასამართლოს გაუმყარა შინაგანი რწმენა სადავო ბრძანების არაკანონიერებასა და მისი გაუქმების დასაბუთებულობაზე;

19.4. კასატორის პრეტენზიას, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დასაქმებულთა მიერ სამუშაოზე გამოუცხადებლობა დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნიეს და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მას, არ იზიარებს საკასაციო სასამართლო და ამის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მოიხმობს: „შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა, თუმცა, ნიშანდობლივია, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის“ (იხ. სუსგ ას-416-399-2016, 29.06.2016წ.)

20.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მისცა. კასატორს არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.

21.საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანების არამართლზომიერებისა და იურიდიული დაუსაბუთებულობის შესახებ. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართლზომიერებასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 11.4 ქვეპუნქტი).

22.აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დაუსაბუთებულობა ყოველმხრივ და ობიექტიურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ ( იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ; შდრ. საქმე # 1124-1080-2016, 10.03.2017წ.).

24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სამართლიანობის, კანონიერებისა და მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპების, შრომითი დავის განხილვისას მხარეთა შორის თანაზომიერი ბალანსის დაცვის, გათვალისწინებით, დასაბუთებულია და კანონიერი.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და კასატორს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 2 700 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 700 ლარის 30 %-ის - 810 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს-ას“ (ს/კ 2..) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებით (საქმე № ას-295-279-2017) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 2 700 ლარის 30 %-ის 810 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე