საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-299-283-2017 13 აპრილი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - შ. ფ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ბ-ა" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით სს “ბ- ას“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შ. ფ-ის (შემდეგში: მომჩივანი ან საჩივრის ავტორი) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. თბილისში, გ-ის ქ. # 4, ავტოფარეხი, შენობა # 2, ს/კ 0-, 17.70 კვმ ფართობს.
2. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მომჩივანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმაზე მითითებით, რომ იგი არის თავდები რ. დ-სა და სს „ბ-ას“ შორის 2014 წლის 5 თებერვალს გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში. მართალია, მსესხებელს ჰქონდა გადაცდომები სესხის დაფარვაში, მაგრამ მას უარი არ უთქვამს ვალდებულების შესრულებაზე, პერიოდულად ფარავდა სესხს და მისი გარკვეული ნაწილი გადახდილია. სესხის ხელშეკრულება 36 თვიანია და მოქმედებს 2017 წლის 6 თებერვლამდე, შესაბამისად, მოვალეს საკმარისი დრო აქვს ბანკის ვალების გასასტუმრებლად. ეს უკანასკნელი მოელაპარაკა ბანკს, სწორედ მას ეკისრება ვალდებულების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 894-ე მუხლის საფუძველზე თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ)191-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით თავდების ქონების დაყადაღების საფუძველი (იხ. საჩივარი - ტ.2., ს.ფ.44-45)
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი მისი უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (სსსკ-ის 197 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი).
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხების განხილვისას. სასამართლო იყენებს სსსკ-ის XXIII თავით დადგენილ წესებს, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
5. სსსკ-ის 191.1-ე მუხლის თანახმად, „მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე“.
6. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დასაბუთებისადმი არსებული მოთხოვნა იმგვარად არ უნდა გაგებულიყო, რომ უზურნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია, უტყუარი მტკიცებულებების წარდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს არც სსსკ-ის 191-ე მუხლიდან და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მომწესრიგებელი სხვა ნორმებიდან. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია, ალბათობის მაღალი ხარისხით, იმ გარემოებების არსებობის ვარაუდზე მითითება, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.
7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობით სასარჩელო წარმოება არ არის სამოქალაქო ბრუნვის დამაბრკოლებელი ან შემზღუდველი ფაქტორი. სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგაც, მხარეებს არ ერთმევათ უფლება, გაყიდონ ან გაასხვისონ დავის საგანი, ანდა დათმონ თავიანთი მოთხოვნა. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობის კონსტიტუციური პრინციპის რეალიზების მიზნით, კანონმდებელი უშვებს საერთო წესიდან გადახვევის შესაძლებლობას და ადგენს, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, დროებითი ღონისძიების გამოყენების წესს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება პოტენციურად აღსრულებადს ხდის გადაწყვეტილებას და მოწინააღმდეგე მხარის არაკეთილსინდისიერი ქმედებებით განპირობებული დაბრკოლებების თავიდან აცილებას ემსახურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების სახეს, იმ მნიშვნელოვან მექანიზმს, რაც საშუალებას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება ან მისი აღუსრულებლობა.
9. სსსკ-ის 194.2-ე მუხლით დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივრის შინაარსი და ამომწურავადაა განმარტებული ის საკითხები, თუ რას უნდა შეიცავდეს მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი. მითითებული ნორმის „გ“ ქვეპუნტის თანახმად, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოტანილ განჩინებაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი უნდა შეიცავდეს გარემოებებს, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული კი გულისხმობს არა მხოლოდ ზეპირ მითითებას, არამედ - მხარის მიერ დასაბუთებული პოზიციის ჩამოყალიბებას, რომლითაც უტყუარად და უალტერნატივოდ უნდა დასტურდებოდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მართებულობა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არა უზრუნველყოფის, არამედ საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე სამსჯელო საკითხები იყო და, შესაბამისად, შესაგებლის არგუმენტებს წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოპასუხის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვს მე-2 პუნქტში მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 23-ე მუხლის მიხედვით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, ხოლო დასახელებული ნორმის მე-3 ნაწილით, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მითითებას სსსკ-ის 356 18 -ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზურნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საარბიტრაჟო სარჩელის უზურნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები (იხ. მე-4 და მე-12 პუნქტები). სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით სავსებით დასაბუთებულად იქნა უარყოფილი საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის განჩინება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე.
14. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ბანკმა სარჩელი აღძრა, როგორც ძირითადი მოვალის, ისე თავდების (საჩივრის ავტორის) წინააღმდეგ, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით, ხოლო ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიმართა სასამართლოს, რაც დასაბუთებულად და კანონიერად დაკმაყოფილდა.
15. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რაც ასახულია წინამდებარე განჩინების 4-9 პუნქტებში, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებშია თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმედნენ დავის შემთხევვაში საარბიტრაჟო ინსტიტუტის გამოყენებაზე (იხ. ხელშეკრულება- ტ.2, ს.ფ.15-16).
16. საჩივრის ავტორის არგუმენტების დაუსაბუთებლობის გამო უარყოფილია საჩივრის დაკმაყოფილება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე