საქართველოს უზენაესი სასმართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-553-528-2016 4 აპრილი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო, შემკვეთი, აპელანტი) და მ. ლ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, შემსრულებელი ან კასატორი) შორის 2013 წლის 18 ნოემებრს დაიდო # 1034 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას, 2013 წლის 10 ნოემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობა მიეღო ევროპის სხვადასხვა ქალაქის მუსიკალური სააგენტოების მოსმენებში და სახელშეკრულებო თანხა დაეხაჯა ავიაბილეთებში, ხოლო ვალდებულების შესრულების შესახებ სამინისტროსათვის წარედგინა შესაბამისი საბუთები (ავიაბილეთებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი-ქვითარი). ამისათვის სამინისტრო შემსრულებელს აუნაზღაურებდა მგზავრობის ხარჯებს (ავიაბილეთებს) 6981.25 (ექვსი ათას ოთხმოცდაერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ოდენობით, რომელშიც გათვალისწინებულია საშემოსავლო გადასახდი -1396.25 (ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარი (იხ. ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 22-25).
2. სს „ვ-ას“ საავანსო გადახდის გარანტიის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შორის განხორციელდა წინასწარი ანგარიშსწორება (იხ. საავანსო გადახდის გარანტია - ტ.1, ს.ფ. 26).
3. შემსრულებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა გამოიყენა არა მხოლოდ ავიაბილეთებისათვის, არამედ - სასტუმროში ცხოვრებისა და შიდა ხარჯების დასაფარად. მან 2015 წლის 25 დეკემბერს განცხადებით მიმართა სამინისტროს და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5 585 (ხუთი ათას ხუთას ოთხმოცდახუთი) ლარის არამიზნობრივი ხარჯვის, კერძოდ, ავიაბილეთებისათვის განკუთვნილი თანხის, სასტუმროსა და შიდა ხარჯების დაფარვის გადახდის საპატიოდ ჩათვლა (იხ. 2013 წლის 25 დეკემბრის # 13022 განცხადება - ტ.1, ს.ფ.27).
4. საქართველოს კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხების მუდმივმოქმედმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სამინისტროსა და დაქირავებულ პირს შორის ახალი შეთანხმების აქტის გაფორმების შესახებ, რომლის შესაბამისადაც დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული მოპასუხის მიერ წარმოსადგენი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მატარებლის ბილეთები - 226.10 (ორას ოცდაექვსი ლარი და ათი თეთრი) ლარი, ავიაბილეთები - 480, 34 (ოთხას ოთხმოცი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი, სასტუმრო - 2370, 64 (ორი ათას სამას სამოცდაათი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარი (იხ. 2014 წლის 28 იანვრის სხდომის ოქმი # 44 - ტ.1, ს.ფ. 29);
5. მოპასუხემ 2013 წლის 4 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო გერმანიაში (დიუსელდორფში) მუსიკალური სააგენტოს მოსმენაში (იხ. ავიაბილეთის ყუა - ტ.1, ს.ფ. 75-77).
6. სარჩელის მოთხოვნა და მოპასუხის შესაგებელი
6.1. სამინისტრომ 2014 წლის 3 ივლისს სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 2 467.92 (ორი ათას ოთხას სამოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ლარის დაკისრება;
6.2. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 594.92 (ხუთას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
7.2. საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უდავოდ მიიჩნია და შემდეგი სადავო გარემოებები დაადგინა:
7.2.1. სადავო არ იყო, რომ მოპასუხე მონაწილობდა დიუსელდორფში მუსიკალურ სააგენტოში მოსმენაში, ასევე, სადავო არ იყო და წარდგენილი ელექტრონული ავიაბილეთითა და თვითმფრინავში ჩასხდომის დამადასტურებელი ყუებით დასტურდებოდა, რომ შემსრულებელმა იმგზავრა თვითმფრინავით იტალიიდან გერმანიაში და გერმანიიდან - იტალიაში. დავას იწვევდა ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ვერ წარუდგინა ავიაბილეთების უშუალოდ მოპასუხის მიერ შეძენის დამადასტურებელი ქვითარი.
7.2.2. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ მან სახელშეკრულებო თანხის სადავო ნაწილი - 1873.40 (ათას რვაას სამოცდაცამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი მიზნობრივად გახარჯა, ავიაბილეთების შესაძენად, ასეთ ვითარებაში კი იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხემ აღნიშნული ბილეთები უსასყიდლოდ მიიღო, მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელსაც ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია;
7.2.3. სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხის - 594.52 (ხუთას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი) ლარის მოპასუხის მიერ ავიაბილეთების შესაძენად გახარჯვის ფაქტი;
7.2.4. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა თბილისის მიმართულებით ავიბილეთების ყუები, მაგრამ არ წარუდგენია ავიაბილეთების ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის კუთვნილი მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა.
7.3. გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლები.
7.4. სსკ-ის 316.1-ე მუხლის თანახმად „ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება“, ხოლო 317.1-ე მუხლით - „ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან“. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), ხოლო საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ სადავო თანხიდან მიზნობრივად დახარჯა 1873.40 ლარი, რაც ავიაბილეთების შესაძენად გადაიხადა, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი დასაბუთებული იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო დარჩენილი 594.52 ლარი მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა მოსარჩელისათვის.
8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
8.1.საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე მითითებით:
8.1.1. მოპასუხემ დროულად და ჯეროვნად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მის მიერ სამინისტროში წარდგენილი თანხის გახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ დაემთხვა იმ თანხას, რომელიც მან სამინისტროდან დაფინანსების სახით მიიღო. მოპასუხემ მიღებული 5585 ლარის ნაცვლად, გადახდის დამადასტურებელი ქვითრები წარადგინა 3117 ლარზე;
8.1.2. დაქირავებულ პირს სამინისტროსათვის უნდა წარედგინა ავიაბილეთებისათვის გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი და არა მხოლოდ ავიაბილეთების ღირებულებისა და მისი გამოყენების დამადასტურებელი საბუთი;
8.1.3. მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა, რომ ავიაბილეთები ამ უკანასკნელის მიერ იყო შეძენილი. მოპასუხე თვითონვე განმარტავდა, რომ ორი ავიაბილეთი მეგობრის საკრედიტო ბარათით შეიძინა. ამდენად, ის ფაქტი, რომ მოპასუხემ ავიაბილეთებში: რომი-მიუნხენი, მიუნხენი-დიუსელდორფი, დიუსელდორფი- მიუნხენი, მიუნხენი- ფლორენციის მიმართულებით თავად გადაიხადა 1873.40 ლარი, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და მოწინააღმდეგის (მოპასუხის) მიერ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის გამო, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამინისტროს უარყოფილი სარჩელის ნაწილში;
9.2. ზემოხსენებულ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 1873.40 ლარის გადახდა.
9.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 371-ე მუხლზე მიუთითა, რომლითაც დადგენილია, რომ „საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით“. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სააპელაციო ინსტანციით საქმისწარმოებისათვის დადგენილი ნორმები არ ითვალისწინებდა სააპელაციო პასუხის წარდგენასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ წესს, უნდა გამოეყენებინა პირველი ინსტანციის სასამართლოებში შესაგებლის წარდგენის ვალდებულების შესახებ სსსკ-ის 201-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, „მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს“. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
9.4. სსსკ-ის 232 პრიმა მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მითითებულ ნორმათა საფუძველზე სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ სასამართლო გზავნილი (სააპელაციო საჩივარი და თანდართული საბუთების ასლები) კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს და, შესაბამისად, განემარტა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ; ამასთან, ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ მის მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე არასაპატიო მიზეზით არ წარმოადგენს სააპელაციო პასუხს (შესაგებელს).
9.5. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი იყო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 2 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) წარმომადგენელს გაეგზავნა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული საბუთების ასლები და დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში წარედგინა სასამართლოსათვის შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად. იმავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მის წინააღმდეგ.
9.6. სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა მოპასუხის წარმომადგენელს - ნ. ქ-ას ოჯახის წევრს - ა-ას 2015 წლის 8 ოქტომბერს, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის ხელმოწერით. ამდენად, სასამართლო გზავნილი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარებულად მიიჩნევა მოპასუხისათვის, აქედან გამომდინარე, ამ უკანასკნელს სააპელაციო პასუხი (შესაგებელი) სასამართლოსთვის 2015 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარედგინა.
9.7. საქმის მასალების მიხედვით დასტურდებოდა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს შესაგებელი წარუდგინა 2015 წლის 26 ოქტომბერს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამასთან, მოპასუხეს სასამართლოსათვის არ უცნობებია სააპელაციო პასუხის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
9.8. სასამართლომ სსსკ-ის 63-ე მუხლზე მიუთითა, რომლის მიხედვით „საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ“ და განმარტა, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ; სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარდგენის ვადის ამოწურვით დგება ამ ვადაში შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის კანონით დადგენილ შედეგზე - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე მსჯელობის წინაპირობა, გარდა ამისა, უნდა არსებობდეს, კიდევ ერთი პირობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად, კერძოდ, აპელანტის (საპელაციო მოსარჩელის) მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულიად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას.
9.9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის გამო სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი გარემოებები: მოპასუხემ დროულად და ჯეროვნად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მის მიერ სამინისტროში წარდგენილი თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ დაემთხვა იმ თანხას, რომელიც მან სამინისტროსაგან მიიღო დაფინანსების სახით, კერძოდ, მოპასუხემ მიღებული 5585 ლარიდან ვერ დაამტკიცა 1873.40 ლარის მიზნობრივად გახარჯვის ფაქტი. აღნიშნული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 361.2-ე და 394.1-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად გამართლებული იყო აპელანტის მოთხოვნა.
10. მოპასუხის საჩივარი და სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება
10.1. წინამდებარე განჩინების 9.1. ქვეპუნქტში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს დააუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საჩივარი წარადგინა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ:
10.1.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) სასამართლოში წარდგენის ბოლო დღეს - 2015 წლის 19 ოქტომბერს ინდ.მეწარმეს - კურიერს ი. დ-ეს გადასცა შესაგებელი. დასახელებული ინდ.მეწარმე საკურიერო მომსახურებას უწევს შპს ნ. ქ-ას საადვოკატო ოფისს;
10.2. კურიერმა გზავნილის სასამართლოში ჩაბარების შემდეგ მოპასუხის წარმომადგენელს გადასცა შესაბამისი დასტური კანცელარიის ბეჭდით და სასამართლოს შესაბამისი მოხელის ხელმოწერით;
10.3. მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გაარკვია, რომ ზემოხსენებული გზავნილი კურიერს კანცელარიაში ჩაუბარებია სათანადო ქვითრის გარეშე, როგორც ფიზიკურ პირს - 2015 წლის 26 ოქტომბერს;
10.4. კურიერის მიერ აღნიშნული ჩაბარების დასტურის კანცელარიაში ჩაბარების შემთხვევაში სასამართლოსათვის ცნობილი გახდებოდა ქვითარზე მითითებული ინფორმაცია, კერძოდ, ის, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადასცა კურიერს გზავნილი (იხ. საჩივარი და თანდარული ქვითრები - ტ.2, ს.ფ. 31-34).
10.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2016 წლის 4 მაისის საოქმო განჩინებით (იხ. ტ.2- ს.ფ. 61-65) მოპასუხის წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
11. სააპელაციო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის (მოპაუხის) გამოუცხადებლობის გამო;
11.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სამინისტროს სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 1873.40 ლარის გადახდა.
11.3. სააპელაციო სასამართლომ განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოპასუხის წარმომადგენლის საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად განახლდა საქმის წარმოება (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი) და საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაინიშნა 2016 წლის 18 მაისს 10 საათსა და 20 წუთზე, რის შესახებაც მხარეთა წარმომადგენელები გაფრთხილებული იქნენ უშუალოდ სასამართლოში (იხ. ხელწერილი - ტ.2, ს.ფ. 66), შესაბამისად, სასამართლოს მიერ 2016 წლის 18 მაისს დანიშნულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, აპელანტმა მოითხოვა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
11.4. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას“, ამავე ნორმის მე-3 ნაწილით კი “ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ“. სსსკ-ის 230.1-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, როელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ამავე ნორმის მეორე ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები და ამ მიზნით, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
11.5. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) 2016 წლის 18 მაისის სხდომაზე, რომელიც 10:20 საათზე იყო დანიშნული, ინფორმირებული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადებულა;
11.6. სასამართლომ სსსკ-ის 230.1-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვალა, რომ მოპასუხემ ჯეროვნად და დროულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მის მიერ გახარჯული თანხების შესახებ სამინისტროსათვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ დაემთხვა იმ დაფინანსებას, რომელიც მოპასუხემ მიიღო მოსარჩელისაგან, შესაბამისად, 1873.40 ლარის მიზნობრივად დახარჯვის ნაწილში სარჩელი უარყოფილი იქნა შესაბამისი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად აუცილებელი მეორე წინაპირობის შემოწმებისას, სასამართლომ სსსკ-ის 361.2-ე და 394-.1-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად გამართლებული იყო და არსებობდა საპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
12. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა შემდეგ საკასაციო პრეტენზიებზე მითითებით:
12.1.1. კასატორის წარმომადგენელი ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მას სწორედ სხდომის დღეს - 18 მაისს დილიდან გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიმართა სამედიცინო კლინიკას „კ-ო“ და თსსუ-ს ს. ხ-ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკას, შესაბამისად, აიღო საავადმყოფო ფურცელი;
12.1.2. სააპელაციო სასამართლოში სხდომა დანიშნული იყო 10:20 საათზე, შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის ავადმყოფობის სიმწვავისა და დროის მცირე მონაკვეთის გათვალისწინებით, ობიექტურად შეუძლებელი იყო წარმომადგენლის მიერ მარწმუნებლის (მოპასუხის) გაფრთხილება და შემდეგ ამ უკანასკნელის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მინდობილობის გაცემა სხვა ადვოკატზე, რადგან კასატორი იმხანად იტალიაში იმყოფებოდა ფესტივალზე. შესაბამისად, შეუძლებელი იყო სხვა ადვოკატს გაეწია კასატორის წარმომადგენლობა;
12.1.3. სსსკ-ის 215.3-ე, 233-ე, 241-ე მუხლების ერთობლივი ანალიზით, საკასაციო საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილი სამედიცინო ცნობების, მათში ასახული დიაგნოზისა და სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომამდე 20- წუთიანი შუალედი, რომლის განმავლობაშიც წარმომადგენელი ცდილობდა სასამართლოსთან დაკავშირებას, ადასტურებს, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, რის გამოც კასატორის წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე;
12.1.4. სამედიცინო კლინიკაში ყოფნისას, მოპასუხის ადვოკატი ცდილობდა მოსამართლის თანაშემწესთან - ა. ს-თან დაკავშირებას ტელეფონზე (/995 32/ 2518521/22/23 {241-საინფორმაციო}), თუმცა, 20-წუთიან მონაკვეთში ეს ვერ მოხერხდა, რადგან ქსელი გადატვირთული იყო, ამას ადასტურებს „ჯეოსელიდან“ 2016 წლის 18 მაისს ამოღებული ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი საკუთარი მობ. ტელეფონიდან - 5.. ცდილობდა სასამართლოსთან დაკავშირებას; დაფიქსირებულია 4 გამავალი ზარი და არა ის ზარები, როცა ტელეფონი გადატვირთული, დაკავებული იყო და არც ავტომოპასუხე ირთვებოდა. გამავალი ზარი პირველად 10:22 წუთზეა დაფიქსირებული, თუმცა, თანაშემწესთან საუბარი ვერ შედგა, რადგან ჯერ ავტომოპასუხის, ხოლო შემდეგ ოპერატორის მოლოდინის რეჟიმია ჩართული. მოსამართლის თანაშემწესთან მხოლოდ 10:40 საათზე შედგა საუბარი, როდესაც მოსამართლეს უკვე გამოტანილი ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
12.1.5. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხის ადვოკატის მინდობილობას 2016 წლის 19 მარტს გაუვიდა მოქმედების ვადა, ხოლო სსსკ-ის მოთხოვნათა შესაბამისად სხდომის დღის შესახებ უშუალოდ მხარისათვის სასამართლოს არ უცნობებია.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 25 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე“ საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილოდეს შემდეგი გარემოებების გამო:
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია დასაბუთებულია და მოპასუხის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიათაგან 12.1.5 ქვეპუნქტში ასახული შედავების ფარგლებში იმსჯელებს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველზე, რადგან მოპასუხის მიერ დასახელებული არგუმენტის დასაბუთებულად მიჩნევა საკმარისი იქნება საკასაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
16. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ მოპასუხის (კასატორის) მიერ სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა ნ. ქ-აზე გაცემულია 2015 წლის 19 მარტს და იგი ძალაშია 2016 წლის 19 მარტის ჩათვლით (იხ. ტ.1, ს.ფ.65). სანოტარო აქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, მოპასუხის წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილების გაგრძელების (ახალი მინდობილობის გაცემის) დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ სსსკ-ის 401.1-ე მუხლის საფუძველზე მომხსენებელი მოსამართლის მიერ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე შემოწმების დროს მოპასუხის მიერ წარმომადგენელზე - ნ. ქ-აზე გაცემული მინდობილობის ვადის გასვლა ერთ-ერთ საფუძვლად დაედო საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენას (იხ. ტ.2, საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისისა და 8 აგვისტოს განჩინებები).
17. სსსკ-ის XII თავით მოწესრიგებულია სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელების წინაპირობები და წესი, კერძოდ, 93-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ მხარეებს წარმომადგენლების მეშვეობითაც შეუძლიათ აწარმოონ საქმე სასამართლოში, რაც მათ არ ართმევს უფლებას, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. სსსკ-ის 96-ე მუხლით განსაზღვრულია წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების წესი, ხოლო 98-ე მუხლით - წარმომადგენლის უფლებამოსილების განსაზღვრის ფარგლები, რაც მთლიანად მარწმუნებლის ნებაზეა დამოკიდებული: „1. უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. 2. მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს“.
18. განსახილველ შემთხვევაში ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის (კასატორის) წარმომადგენელს მარწმუნებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ვადა ჰქონდა 2016 წლის 19 მარტის ჩათვლით, მიუთითებს იმაზე, რომ 2016 წლის 20 მარტიდან ნ. ქ-ა არ იყო უფლებამოსილი მოპასუხის სახელით შეესრულებინა რაიმე საპროცესო მოქმედება. საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის სხდომაზე დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის - ნ. ქ-ას წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და მორიგი სხდომის თარიღი განისაზღვრა იმავე წლის 4 მაისს (იხ. წარმომადგენლის წერილობითი შუამდგომლობა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ტ.2, ს.ფ.52, 54-58).
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 4 მაისს, 10:15 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ მოპასუხის წარმომადგენელს - ნ. ქ-ას ეცნობა იმავე წლის 16 მარტს, რაც კანონიერია, რადგან წარმომადგენლის უფლებამოსილებას იურიდიულად მოქმედების ვადა ჯერ კიდევ ჰქონდა (იხ. აქტი ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ - ტ.2, ს.ფ.60).
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ საჩივრის ავტორის (მოპასუხის) წარმომადგენელს აღარ ჰქონდა სხდომაში მონაწილეობის უფლება, რადგან მისთვის მარწმუნებლის მიერ მინიჭებულ მინდობილობას უკვე ვადა ჰქონდა გასული ანუ 2016 წლის 20 მარტიდან ნ. ქ-ას აღარ ჰქონდა მოპასუხის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება და იმავე წლის 4 მაისს მისი მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე და მის მიერ განხორციელებული საპროცესო ქმედებები იურიდიულად ვარგისად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, 2016 წლის 4 მაისის სხდომაში მოპასუხის სახელით არაუფლებამოსილმა პირმა მიიღო მონაწილეობა და მორიგი სხდომის თარიღად 18 მაისის განსაზღვრის შესახებ მხარეთა გაფრთხილების ხელწერილსაც მოპასუხის სახელით არაუფლებამოსილმა პირმა მოაწერა ხელი (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი და ხელწერილი - ტ.2, ს.ფ.61-66), ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასასმართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იქნა მოწვეული სხდომაზე და მისი გამოუცხადებლობის გამო არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა (იხ. ამ განჩინების 11.3-11.5 ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მითითებას, რომ უშუალოდ მოპასუხე არ ყოფილა გაფრთხილებული სააპელაციო სხდომის დანიშვნის შესახებ.
21.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას, გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სავალდებულოა სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესის განუხრელი დაცვა და იმის უტყუარად დადგენა, მხარე იყო თუ არა სათანადოდ ინფორმირებული საპროცესო მოქმედების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე, რადგანაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს პრეზუმფციას მხარის მიერ სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული ფაქტებისა და სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნის მართებულობის აღიარების თაობაზე. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის ამგვარი განმარტება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპის - დისპოზიციურობის ნათელი გამოვლინებაა, სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე ევალება სასამართლოს მხოლოდ კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებებისა და სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნის მართებულობის შეფასება და ამ გზით გადაწყვეტილების მიღება, ამასთანავე, ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია“ (იხ. სუსგ # ას- 1453-1371-2012, 25.12.2012წ.).
22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაშვებულმა მნიშვნელოვანმა საპროცესო დარღვევამ არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რაც მოპასუხის საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძველია, შესაბამისად, საქმე ხელალხა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე