საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-626-585-2017 14 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ფ-ე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელის მიხედვით)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ნ-უ. (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელის მიხედვით)
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, ბავშვის ნახვის უფლების განხორციელება, ნახვის დღეების განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით მ. ნ-უ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან ბავშვის დედა) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
1.1. დ. ფ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, ბავშვის მამა, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 3 დეკემბერს დაბადებული მ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2016 წლის 23 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
1.2. მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ და ბავშვის დედას (მოსარჩელეს) მიეცა არასრულწლოვანი შვილისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების უფლება, მამის (მოპასუხის) თანხმობის გარეშე, ასევე - არასრულწლოვანს მიეცა ნებართვა საქართველოდან დროებით გასვლასა და შემოსვლაზე მამის თანხმობის გარეშე;
2. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი:
2.1.მოპასუხეს არასრულწლოვან შვილთნ ურთიერთობისათვის განესაზღვრა ნახვის დღეები - ერთი წლის განმავლობაში ყოველი თვის მეორე და მეოთხე შაბათი და კვირა, დღის 12:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე; ერთი წლის შემდეგ - თვის ყოველი მეორე და მეოთხე შაბათი და კვირა დღე, შაბათის დღის 12:00 საათიდან კვირა საღამოს 17:00 საათამდე, სახლში წაყვანის უფლებით, ბავშვის სურვილისამებრ. არასრულწლოვანი შვილის საქართველოდან დროებითი გასვლის შემთხვევაში არ მოქმედებს მისი ნახვის რეჟიმი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით არასრულწლოვანის მამის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა მისი დაუშვებლობის გამო, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილება 2017 წლის 31 მარტს გაეგზავნა მისამართზე და ჩაჰბარდა მის დედას - მ. ფ-ეს 2017 წლის 4 აპრილს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 185), შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა აპელანტს დაეწყო 2017 წლის 5 აპრილიდან და ამოეწურა ამავე წლის 18 აპრილს, რომელიც იყო სამუშაო დღე. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოს ჩაბარდა 2017 წლის 21 აპრილს (იხ. ტ.1, ს.ფ. 186), ხოლო როგორც სააპელაციო საჩივარზე დართული ფოსტის ბარათიდან დგინდება, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2017 წლის 20 აპრილს (იხ. ტ.1, ს.ფ. 199). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა დაარღვია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი საპროცესო ვადა.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში ან სასამართლოს მიერ მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
6. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა, კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით განაპირობებს მის დაუშვებლობას, რაც, თავის მხრივ, წარმოშობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურსამართლებრივ საფუძველს. სსსკ-ის 374.3-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ჰქონდა 150 ლარი (იხ. ბაჟის ქვითარი, ტ.1 ს.ფ. 196), შესაბამისად, მას უნდა დაბრუნებოდა ეს თანხა.
7. სსსკ-ის 374.1-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
8. მოპასუხემ (აპელანტმა) კერძო საჩივარი წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება, რათა შესაძლებელი გახდეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობაზე მსჯელობა.
9. კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 259-ე მუხლზე უთითებს, რომლის თანახმად, „მხარეებს, თავიანთი განცხადების საფუძველზე, გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები არა უგვიანეს 3 დღისა განცხადების შემოტანიდან. გადაწყვეტილების ასლებს ხელს აწერს სასამართლოს კანცელარიის მდივანი და უსვამს სასამართლოს ბეჭედს“, ხოლო ამავე კოდექსის 259-ე პრიმა მუხლის საფუძველზე: „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია“.
10. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოხსენებულ ნორმათა მიხედვით, ცხადია, რომ მხარეებს თავინთი განცხადების საფუძველზე უნდა გადაეცეთ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რაც განსახილველ შემთხვევაში არ მომხდარა, ვინაიდან მოპასუხეს და არც მის წარმომადგენელს არ მიუმართავთ რაიონული სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. სსსკ-ის 2591-ე მუხლი ადგენს სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრების სურვილის მქონე მხარის ვალდებულებას, მიმართოს სასამართლოს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გაუგზავნა მოპასუხეს გადაწყვეტილება, რასაც სამართლებრივად მოჰყვა ის შედეგი, რომ გადაწყვეტილება ჩაჰბარდა მოპასუხის დედას - მ. ფ-ეს, რომელსაც 2-ჯერ აქვს გადატანილი ინსულტი და მას მოპასუხისათვის არ უცნობებია გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ.
11. კერძო საჩივრის ავტორი იმაზეც უთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეხება მოპასუხის არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანას, რასაც ბავშვის მამა არ ეთანხმება და აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი ყოფილი მეუღლე (მოსარჩელე) საცხოვრებლად გადავა თურქეთის რესპუბლიკაში, რითაც მას სამუდამოდ მოესპობა შვილის ნახვის შესაძლებლობა.
12. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან მას სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, 2591-ე მუხლით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსათვის, არამედ - სასამართლომ თავისი ინიციატივით ჩააბარა მოპასუხეს გადაწყვეტილება, რითაც გასცდა კანონის მოთხოვნებს, რადგან სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 2017 წლის 9 მარტიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, 2017 წლის 8 აპრილიდან და ეს ვადა დასრულდებოდა ამავე წლის 22 აპრილს, ხოლო სადავო გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა კანონით დადგენილ ვადაში 2017 წლის 20 აპრილს, აქედან გამომდინარე დასაბუთებულია მოპასუხის მოთხოვნა.
13. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის მართლზომიერების შეფასება. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის მსჯელობას სსსკ-ის 259-ე და 2591-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია: „ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით“. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მართლზომიერება სსსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე. მოხმობილი ნორმით სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გაგზავნის ვალდებულება დადგენილია შემდეგი კატეგორიის პირთათვის: ა) მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე; ბ) მოსარჩელეები - დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე; გ) მოსარჩელეები - დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე; დ) მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე; ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე; ვ) მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით; ზ) მხარეები – წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესებით გასაჩივრებისას; თ) მხარეები − არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე; ი) მოსარჩელეები − „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე.
16. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ძირითადი მოსარჩელე იყო ბავშვის დედა, რომელიც ითხოვდა ალიმენტის დაკისრებას და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვას მოპასუხისათვის, თავის მხრივ, ეს უკანასკნელი (ბავშვის მამა), როგორც შეგებებული მოსარჩელე, ითხოვდა ბავშვის ნახვის უფლებას და ნახვის დღეების განსაზღვრას (იხ. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება-ტ.1, ს.ფ.166-183). რაიონულმა სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გაუგზავნა ორივე მხარეს- ძირითად მოსარჩელეს და შეგებებულ მოსარჩელეს, ამდენად, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 2591-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის დედა, რომელიც სარჩელით ითხოვდა ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებას, წარმოადგენს სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირს, რომელსაც მართებულად გაუგზავნა სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. რაც შეეხება შეგებებულ მოსარჩელეს, მისი სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა ბავშვის ნახვის უფლების მოპოვებას და ნახვის დღეების განსაზღვრას, რაც სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ამომწურავი ჩამონათვალის არც ერთ ქვეპუნქტს არ შეესატყვისება. ამ ჩამონათვალიდან სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს კონკრეტულად „ე-თ“ ქვეპუნქტებზე, რადგან შეგებებული სარჩელის ავტორი (არასრულწლოვანის მამა) არ დავობდა არასრულწლოვანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით; მოპასუხე დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ იღებს საარსებო შემწეობას; მხარე სააპელაციო წესით ასაჩივრებდა რაიონული სასამართლოს შემაჯამებელ და არა წინასწარ (შუალედურ) გადაწყვეტილებას; განსახილველი დავა არ ეხება არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელს (აღნიშნული სამართალწარმოების სპეციფიკა ჰააგის 1980 წლის კონვენციითაა მოწესრიგებული). საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 2591-ე მუხლის, 46-ე მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის დანაწესის ერთობლივი გაანალიზების შედეგად განმარტავს, რომ მოპასუხე არ განეკუთვნება არც ერთ იმ პირს, რომელსაც სასამართლომ უნდა გაუგზავნოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ცხადია, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება იმ პირისათვის, რომლის წინაშეც კანონით სასამართლოს არ აქვს ასეთი ვალდებულება, არ შეიძლება კანონის დარღვევად იქნეს განხილული, თუმცა, განსახილველი საქმე, რომელიც არასრულწლოვანის მამის მოთხოვნიდან გამომდინარე, უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ურთიერთობა ჰქონდეს მშობელთან, საკასაციო სასამართლომ შეაფასა კონკრეტული პირისათვის დამდგარი ფაქტობრივი სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, რადგან საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელ ნაწილს - მხარის მიერ კანონით დადგენილი გასაჩივრების უფლების გამოყენებას. ასეთ ვითარებაში, საპროცესო ნორმის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ შეიზღუდოს პირის გასაჩივრების უფლება დაუშვებელია, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება, არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა, ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მხარის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის. (Liakopoulou v.Greece, 20627/04, $17, 2006, ECHR).
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმეში „გიორგი ნიკოლაევიჩ მიხაილოვი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა.“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, $57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს კერძოს საჩივრის ავტორის (მოპასუხის) მტკიცებას, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებისათვის, მხარეს უფლება ჰქონდა, მიემართა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მოთხოვნით სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოპასუხის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლომ გამოაცხადა 2017 წლის 9 მარტს და მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე, რომლისთვისაც საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 10 მარტიდან, შესაბამისად, არა უადრეს მე-20 დღე იყო 29 მარტი (ოთხშაბათი), ხოლო არა უგვიანეს 30-ე დღე - 8 აპრილი (რომელიც შაბათია და შესაბამისად ორშაბათს - 11 აპრილსაც შეეძლო მხარეს მიემართა სასამართლოსათვის), რა ვადაშიც მას ჰქონდა უფლება, მიემართა სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით, თუმცა, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, ვადამდე - 4 აპრილს ჩააბარა მოპასუხეს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება და 5 აპრილიდან აუთვალა სააპელაციო გასაჩივრების 14-დღიანი ვადა, რაც სასამართლოს გაანგარიშებით 18 აპრილს ამოიწურა, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, აპელანტმა საფოსტო განყოფილებას 20 აპრილს ჩააბარა სააპელაციო საჩივარი, რაც 21 აპრილს დარეგისტრირდა სასამართლოში (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).
20. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს ინიციატივით გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების დასაბუთებული ასლის ჩაბარებამ ხელყო მოპასუხის გასაჩივრების უფლება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია ამ საფუძვლით, რადგან საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) განმარტავს: „საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული“ (იხ. სუსგები # ას-520-479-2016, 05.09.2016წ; # ას-558-533-2016, 15.07.2016წ; #ას-562-537-2016, 15.07.2016წ; #ას-299-284-2016, 22.04.206წ; #ას-234-223-206, 22.04.2016წ; # ას-35-31-2017, 31.03.2017წ.).
21. ზემოხსენებული მოტივაციით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ფ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს დ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე