საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-698-652-2017 28 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ღ-ი, გ. ღ-ი, ლ. პ-ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნ. ღ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი), გ. ღ-ისა (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) და ლ. პ-ას (შემდეგში: მესამე მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი, აპელანტების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, განუხილველი დარჩა.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხის წარმომადგენელს, თ. გ-ეს, სააპელაციო სასამართლოში 02.05.2017 წ. 11:00 სთ-ზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ უწყება 2017 წლის 20 აპრილს პირადად ჩაბარდა (იხ: მინდობილობა - ტ. 1, ს/ფ 115; უკუგზავნილი - ტ. 2, ს/ფ 72). რაც შეეხება მეორე და მესამე მოპასუხეებს, მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, ორ-ორჯერ გაეგზავნათ უწყებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-ე-74-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა, მათ უწყებები არ ჩაბარდათ, რაც სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროცესუალურად იძლევა საფუძველს, რომ უწყება მათთვის ჩაბარებულად ჩაითვალოს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს არც აპელანტები და არც წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
5. მოსარჩელემ, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება (იხ. სხდომის ოქმი, ტ. 2, ს/ფ 76-81).
6. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე, 229.2-ე, 372-ე, 215-ე, 70-78-ე, 275-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წინაპირობები. კერძოდ, პირველი მოპასუხის წარმომადგენელი, ასევე, მეორე და მესამე მოპასუხეები, კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყვნენ სასამართლო სხდომის თაობაზე, თუმცა, ისინი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ სხდომაზე.
7. კერძო საჩივრის ავტორებს სასამართლოსთვის არ უცნობებიათ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ და არც სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავთ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 2 მაისის განჩინებით დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგან 02.05.17 წ. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, რომელთაც სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობათ კანონით დადგენილი წესით და მათი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობი იყო.
9. მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განჩინება, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
10.კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტები მიწვეული იყვნენ სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 70-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობათა დაცვით, არ შეიძლება დადასტურდეს რაიმე მტკიცებულებით.
11. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, პირველი მოპასუხის წარმომადგენელს, თ. გ-ეს, 2017 წლის 20 აპრილს შეუძლებელია უწყება ჩაჰბარებოდა, რადგან იგი ამ დღეს იმყოფებოდა ბათუმში, ისე როგორც, 2017 წლის 2 მაისს გამართულ სხდომის დღეს.
12. მეორე და მესამე მოპასუხეებს არ ჩაბარებიათ უწყებები და მათთვის უცნობი იყო სხდომის თარიღი. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სასამართლოს მსჯელობა მისამართის პრობლემასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან სახლში მუდმივად იმყოფება საკონტაქტო პირი.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლო უწყება არ ჩაბარებიათ, რადგან მეორე და მესამე მოპასუხეებს მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, ორ-ორჯერ გაეგზავნათ უწყებები სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა, უშედეგოდ, რაც სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესუალურად იძლევა საფუძველს, რომ უწყება მოპასუხეებისთვის ჩაბარებულად ჩაითვალოს. რაც შეეხება პირველ მოპასუხეს, მის წარმომადგენელს - თ. გ-ეს პირადად ჩაჰბარდა სასამართლო უწყება, 2017 წლის 20 აპრილს, რაც სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარებას გულისხმობს.
17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რაც ამ განჩინების 6-8 ქვეპუნქტებშია ასახული და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით სასამართლო უწყების ჩაბარებასთან დაკავშირებით, რადგან მეორე და მესამე მოპასუხეებს ორ-ორჯერ გაეგზავნათ უწყებები მათ მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო პირველი მოპასუხის უფლებამოსილ წარმომადგენელს სასამართლო უწყება პირადად ჩაჰბარდა (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი განთავსებულია საქმის მასალებში, იხ: მინდობილობა - ტ. 1, ს/ფ 115).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორები სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყვნენ სასამართლო სხდომის თაობაზე, ისინი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ სხდომაზე და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ღ-ის, გ. ღ-ისა და ლ. პ-ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე