საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-761-712-2017 10 ივლისი, 2017 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჭ-ა, გ. ჩ-ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ჭ-ასა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, დასაქმებული ან აპელანტი) და გ. ჩ-ას (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, დასაქმებული ან აპელანტი) სარჩელი შპს „ს-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, საწარმო, კასატორი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დასაქმებულთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა:
2.1. ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებელი საწარმოს გენერალური დირექტორის 2012 წლის 27 ნოემბრის # 15-01/120 ბრძანების პირველი, მეორე და მესამე პუნქტები;
2.2. ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 27 ნოემბერსა და 2013 წლის 1 თებერვალს პირველ მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 5.1. და 5.2 მუხლები; ბათილად იქნა ცნობილი ამავე დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საწარმოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 1 მარტის # 15-02/267 ბრძანება;
2.3. პირველი მოსარჩელე აღდგენილ იქნა საწარმოს ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილების) მენეჯერის (უფროსის) თანამდებობაზე;
2.4. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური, 2013 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობიდან - 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარიდან დაანგარიშებით, საიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიქვითება საშემოსავლო გადასახადი;
2.5. ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 27 ნოემბერსა და 2013 წლის 1 თებერვალს მეორე მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 5.1. და 5.2 მუხლები; ბათილად იქნა ცნობილი ამავე დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საწარმოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 1 მარტის # 15-02/967 ბრძანება;
2.6. მეორე მოსარჩელე აღდგენილ იქნა საწარმოს ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილების) მენეჯერის (უფროსის) ტოლფას თანამდებობაზე;
2.7. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური, 2013 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობიდან - 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარიდან დაანგარიშებით, საიდანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიქვითება საშემოსავლო გადასახადი;
2.8. თიოთოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 250-250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - 3780 (სამი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარის გადახდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 იანვრის განჩინებით (საქმე # ას-863-830-2016) დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა დამსაქმებლის განცხადება ამავე სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ და მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტი: „რ. ჭ-ა აღდგენილ იქნეს შპს „ს-ას“ ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) ტოლფას თანამდებობაზე“ განიმარტა შემდეგნაირად: „რ. ჭ-ა აღდგენილ იქნეს შპს „ს-ას“ ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) ფუნქციებისა და იმავე სახელფასო განაკვეთის მქონე სხვა საშტატო ერთეულზე“ (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.2, ს.ფ.58-63).
5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საწარმომ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ დასაბუთებით, რომ გასაჩივრებული განჩინების განმარტება უფრო მეტად ბუნდოვანია, ვიდრე განმარტებამდე არსებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტი (იხ. კერძო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 70-74).
6. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტზე, რომელიც პირველი და მეორე მოსარჩელეების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ასახავს, რაც წინამდებარე განჩინების 2.1-2.7 ქვეპუნქტებშია მითითებული და განმარტავს, რომ:
6.1. დამსაქმებელი საწარმოს უკლებლივ ყველა სერვისცენტრში არსებობს მენეჯერის მხოლოდ ერთი საშტატი ერთეული, სერვისცენტრებში არ არსებობს მენეჯერის ასისტენტის ან/და მოადგილის საშტატო ერთეული, ანუ ის თანამდებობები, რომლებიც ფუნქციურად მსგავსი იქნებოდა მენეჯერის თანამდებობის;
6.2. დამსაქმებელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მოითხოვა მისი მე-11 პუნქტის განმარტება - თუ რას ნიშნავს მენეჯერის თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა და რა კრიტერიუმები არსებობს გარკვეული თანამდებობის ტოლფასად მისაჩნევად;
6.3. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების საჭიროება წარმოშვა მე-7 და მე-11 პუნქტების ერთმანეთისადმი წინააღდეგობრივობამ, რადგან ამ პუნქტების ერთდროულად შესრულება შეუძლებელია დამსაქმებლის მიერ იმ მიზეზით, რომ ხობის სერვისცენტრში არსებობდა მენეჯერის მხოლოდ ერთი საშტატო ერთეული;
6.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით, ერთი მხრივ, დადგენილ ფაქტად არის მიჩნეული ის გარემოება, რომ საწარმოს უკლებლივ ყველა სერვისცენტრში არსებობს მენეჯერის მხოლოდ ერთი საშტატო ერთეული, ამასთან, არ არსებობს მენეჯერის ასისტენტის ან/და მოადგილის საშტატო ერთეული ან ის თანამდებობები, რომლებიც ფუნქციურად მსგავსი იქნებოდა მენეჯერის თანამდებობის (იხ. გასაჩივრებული განჩინების მე-4 გვერდი), თუმცა, სასამართლომ, მეორე მხრივ, განმარტა 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტი და დაადგინა მეორე მოსარჩელის აღდგენა ხობის საფოსტო სერვისცენტრის მენეჯერის (უფროსის) ფუნქციებისა და იმავე სახელფასო განაკვეთის სხვა საშტატო ერთეულზე, რაც შეუძლებელს ხდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია;
6.5. აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მეორე მოსარჩელე აღდგენილ იქნა ხობის სერვისცენტრში, აქედან გამომდინარე, რომც არსებობდეს სხვა სერვისცენტრებში მენეჯერის თავისუფალი საშტატო ერთეული, მაინც შეუძლებელი იქნებოდა მეორე მოსარჩელის აღდგენა თანამდებობაზე.
7. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით საწარმოს კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც განიმარტა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული ორივე მოსარჩელის მოთხოვნა, თუმცა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დამსაქმებელმა მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტის განმარტება, რომელიც მეორე დასაქმებულის მიმართ გადაწყვეტილების აღსრულებას ეხება (კერძო საჩივრის მოტივები იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტში).
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, მისი 4.1. ქვეპუნქტით უდავოდ არის დადგენილი, რომ ორივე დასაქმებული (მოსარჩელე) მოკლევადიანი მიმდევრობითი ხელშეკრულებებით 2004 წლიდან 2011 წლამდე დასაქმებული იყო მოპასუხესთან, პირველი მოსარჩელე - ხობის საფოსტო განყოფილების (ამჟამად წოდებული სერვისცენტრად) უფროსად (მენეჯერად), ხოლო მეორე მოსარჩელე - ზუგდიდის საფოსტო განყოფილების (ამჟამად წოდებული სერვისცენტრად) უფროსად (მენეჯერად) - /იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 337-338/. სააპელაციო სასამართლომ უვადოდ დადებულად მიიჩნია ორივე დასაქმებულთან გაფორმებული ხელშეკრულება /იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 345/. სასამართლომ იმსჯელა, რომ პირველი მოპასუხე უნდა აღდგენილიყო საწარმოს ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილება) მენეჯერის (უფროსის) თანამდებობაზე, ხოლო რადგან დამსაქმებელმა პირველი მოსარჩელის გათავისუფლების შემდეგ, ამავე ადგილზე ზუგდიდის სერვისცენტრის უფროსის თანამდებობიდან გადმოიყვანა მეორე დასაქმებული (მოსარჩელე), ეს უკანასკნელი ხობის საფოსტო სერვისცენტრის (საფოსტო განყოფილების) მენეჯერის (უფროსი) ტოლფას თანამდებობაზე უნდა აღდგენილიყო, ვინაიდან ერთსა და იმავე სამუშაო ადგილზე ორივე მოსარჩელის აღდგენა დაუშვებელი იყო /იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება- ტ.1, ს.ფ.346-347/.
11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სწორედ იმას უკავშირდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე, რომლითაც დამსაქმებლის მოთხოვნის საფუძველზე განიმარტა ამავე სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტი, კვლავაც შეუძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მეორე დასაქმებულის მიმართ, რადგან სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება წარმოიშვა, კერძოდ, დამსაქმებლისათვის გაურკვეველია, თუ სად, რომელ ტოლფას თანამდებობაზე (მენეჯერის ტოლფასი ფუნქციითა და ხელფასით) უნდა აღადგინოს მეორე დასაქმებული (იხ. კერძო საჩივრის საფუძვლების მე-6 პუნქტში).
12. კერძო საჩივრის პრეტენზია დასაბუთებულად მიაჩნია საკასაციო სასამართლოს და განმარტავს, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკითხი ეხება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას მეორე დასაქმებულთან მიმართებით. საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 38.8-ე მუხლის გამოყენებისას, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ ას-931-881-2015, 29.01.2015წ; # ას -951-901-2015, 29.01.2016წ;).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მხარე, კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს, ხოლო აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეზე გადადის მტკიცების ტვირთი, მიუთითოს და დაამტკიცოს, თუ რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმება არის შესაძლებელი. „ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნისას ამ გარემოების მტკიცების ტვირთი დასაქმებულებს, (და არა დამსაქმებელს), ეკისრებათ. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელეებმა უნდა დაამტკიცონ, როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითონ, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა (იხ. სუსგ-ები: # ას-902-864-2014, 30.03.2015 წ; #ას-475-456-2016, 24.06.2016წ; # ას-665-636-2016, 09.12.2016წ;# ას- 969 -934 -2016, 17.03.2017წ; # ას-1032-993-2016, 31.03.2017წ;).
15. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).
16. დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობის თანამდევ სამართლებრივ შედეგად განიხილება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი მოწესრიგება, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები სააპელაციო სასამართლოს დეტალური კვლევისა და შეფასების საგანი არ გამხდარა ის გარემოება, თუ რა უნდა იქნეს მიჩნეული მეორე მოსარჩელისათვის სამართლიანი დაკმაყოფილების თვალსაზრისით მის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობად, რადგან როგორც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, ორივე მოსარჩელის აღდგენა ერთსა და იმავე საშტატო ერთეულზე დაუშვებელია (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ერთსა და იმავე საშტატო ერთეულზე ორი დასაქმებულის აღდგენა პრაქტიკულად და ობიექტურად შეუძლებელია, რამაც წარმოშვა კიდეც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების საკითხი, თუმცა, ამ ეტაპზე ვერც განმარტებამ შეიტანა სიცხადე და მეორე მოსარჩელისადმი აღუსრულებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
17. მოცემულ საქმეზე გამოსაკვლევი გარემოების მნიშვნელობისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების განსამარტად, შესაძლოა, გამოყენებული იქნეს სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შესაძლებლობა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით განცხადების განხილვაზე.
18. ზემოხსენებული მოტივაციით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დამსაქმებლის (მოპასუხის) მიერ წარდგენილი განცხადების ხელახლა განსახილველად, საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ს-ის" კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შპს "ს-ის" განცხადების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე