საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-764-715-2017 14 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. დ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. დ-ი, ნ. გ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბ. დ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე, ჯ. დ-ისა და ნ. გ-ის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 229-ე, 233-ე მუხლები).
2. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით (სსსკ-ის 236-ე მუხლი).
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
4. დასახელებული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტის დედნის წარდგენა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში.
6. ზემოხსენებული განჩინების ასლი 2017 წლის 22 მარტს ჩაჰბარდა აპელანტის რძალს, ოჯახის წევრს - ლ-ს (იხ. საფოსტო უკუგზავნილი, ტ-2, ს/ფ 8).
7. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის დენა 2017 წლის 23 მარტს დაიწყო და იმავე წლის 29 მარტს (ოთხშაბათი) ამოიწურა. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და მას არც სასამართლოსთვის მიუმართავს რაიმე შუამდგომლობით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე, 374-ე, 390-ე, 59-ე, 63-ე მუხლებით და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა განუხილველი.
9. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უსაფუძვლო და უკანონოა. მან მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ბაჟის გადაუხდელობა არ უნდა გამხდარიყო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგან ამით სააპელაციო სასამართლომ მას მოუსპო უფლება, დავა გაეგრძელებინა ზემდგომ ინსტანციაში.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 3 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
14. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გზავნილი ჩაჰბარდა აპელანტის რძალს, ოჯახის წევრს - ლ-ს 2017 წლის 22 მარტს (იხ. საფოსტო უკუგზავნილი, ტ-2, ს/ფ 8), რაც კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია.
15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც წინამდებარე განჩინების 5-8 ქვეპუნქტებშია ასახული და დამატებით განმარტავს, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 23 მარტს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და იმავე წლის 29 მარტს ამოიწურა (ოთხშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
16. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. დ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე