საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-828-774-2017 14 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ვ. გ-ე, ი. გ-ე, ლ. გ-ე, გ. გ-ე, ს. გ-ე, ლ. გ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. ქუთაისში, ხ-ის ქუჩაზე №50, ბინა №5-ში (ს/კ №0-) მდებარე საცხოვრებელი სახლი (შემდეგში: უძრავი ქონება), საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ა. კ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სახელზე (საჯარო რეესტრის შესახებ „საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ-1, ს.ფ 12-13, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ,183-ე, 311-312-ე მუხლები).
2. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას ფლობენ ვ. გ-ე, ი. გ-ე, ნ. გ-ი, ლ. გ-ე, გ. გ-ე, ს. გ-ე, ლ. გ-ე (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1 მოსარჩელემ 2016 წლის 8 აპრილს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვა ამ უკანასკნელთა გამოსახლება და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.
3.2 მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
4. მოპასუხეების შესაგებელი
4.1 მოპასუხეებმა წერილობითი შესაგებლით არ ცნეს მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი მიუთითეს, რომ:
4.1.1 მოსარჩელე არის იპოთეკარი, რომელმაც მოპასუხეთათვის გადასაცემი სესხი გადასცა თ. ჩ-ეს. ეს უკანასკნელი მსჯავრდებულია ჩადენილი დანაშაულისათვის. მოპასუხეები გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი;
4.1.2 მოპასუხეები ცხოვრობენ სადავო ბინაში, არიან სოციალურად დაუცველები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე მუხლის თანახმად, აქვთ სადავო ბინაში კანონიერად ცხოვრების უფლება.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა;
5.1.1 მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. ასევე, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ, მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
5.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე, 172-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
5.3 საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, მოპასუხეები, კი სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
6.1 მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
6.1.1. მოსარჩელეს სადავო ბინის შესაძენად თანხა არ გადაუხდია. ის არის იპოთეკარი, რომელმაც თანხა მისცა არა აპელანტს, არამედ, თ. ჩ-ეს. აპელანტმა მოტყუებით დაკარგა სახლი და ოთხი მცირეწლოვანი შვილით დარჩა ქუჩაში. ეს ყველაფერი ცნობილია მოსარჩელისათვის. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება მოპასუხეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
6.1.2. საქალაქო სასამართლოს მოპასუხეები უნდა მიეჩნია კეთილსინდისიერ მფლობელებად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განიჩნებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
7.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოსარჩელის სახელზე და მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ მას.
7.3 სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტებს დავასთან სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია.
7.4 სასამართლოს შეფასებით, აპელანტებს არ მიუთითებიათ და დაუმტკიცებიათ ის ფაქტები, რომლებიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობდა.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით, კერძოდ:
8.1.1. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის, კერძოდ, ვალის გადაუხდელობის გამო, სადავო უძრავი ქონება გადავიდა მოსარჩელის საკუთრებაში. მესაკუთრე კასატორებს დაჰპირდა, რომ თ. ჩ-ის მიერ სესხის თანხის დაბრუნების შემთხვევაში, აიღებდა ხარჯის თანხას 1000 (ათასი) აშშ დოლარის ოდენობით და სადავო ბინას დაუბრუნებდა კასატორებს, თუმცა, თ. ჩ-ეს ვალდებულება არ შეუსრულებია. მეტიც, ზემოაღნიშნული ეპიზოდის გამო თ. ჩ-ე გასამართლებულია თაღლითობის მუხლით და მის წინააღმდეგ ძალაში შესულია გამამტყუნებელი განაჩენი. კასატორთა მითითებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი და მისაღები იყო სადავო უძრავ ქონებაში კასატორისა და მისი არასრულწლოვანი შვილების ცხოვრების ფაქტი;
8.1.2. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ უმსჯელია სსკ-ს 172-ე მუხლზე, რომელიც კასატორებს სადავო ბინაში ცხოვრების უფლებას აძლევს. გადაწყვეტილება დასაბუთებული მხოლოდ იმით იყო, რომ მესაკუთრე კეთილსინდისიერი შემძენია, თუმცა, მას ბინის საკუთრებაში მისაღებად თანხა არ გადაუხდია, ხოლო კასატორები - არაკეთილსინდისიერი მფლობელები არიან.
8.2 კასატორები ითხოვენ გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმებას მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომლებზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ არც კი იმსჯელა.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
13.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
13.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
13.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ კასატორები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, კასატორებმა ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-1043-1004-2016, 12.12..2016 წ; №ას-901-867-2016, 09.12.2016 წ; №ას-3-3-2016, 09.03.2016 წ; №ას-1082-1039-2016, 14.02.2017 წ; №ას-292-276-2017, 31.03.2017 წ; №ას-358-334-2017, 13.04. 2017 წ.).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
16. კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. გ-ის, ი. გ-ის, ლ. გ-ის, გ. გ-ის, ს. გ-ისა და ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე