Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1182-1143-2016 17 მარტი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ი, ნ. ვ-ი, თ. შ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.01.2010 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმად კრედიტორები არიან თ. ბ-ი და ნ. ვ-ი (შემდეგში: მოპასუხეები), ხოლო მოვალე - თ. შ-ი, სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2015 წლის 10 სექტემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით ყადაღა დაედო სიღნაღის რაიონის სოფელ ს-ოში ზემოხსენებული მოვალის საცხოვრებელ სახლში არსებულ მოძრავ ნივთებს:

1.1. „სამსუნგის“ ფირმის მაცივარი, ვერცხლისფერი – შეფასებული 500 ლარად;

1.2. „სამსუნგის“ ფირმის სარეცხი მანქანა – შეფასებული 500 ლარად;

1.3. სამზარეულოს ნაკრები, ყავისფერი – შეფასებული 600 ლარად;

1.4. „ლუქსის“ ფირმის ელექტროღუმელი, შავი ფერის – შეფასებული 60 ლარად (იხ. 10.09.2014 წ. აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ - ტ.1-.ს.ფ. 20-21).

2. დაყადაღების ადგილას –სოფელ ს-ოში მდებარე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მოვალე და მისი მეუღლე გ. ბ-ი (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი). ისინი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან.

3. მოსარჩელესა და სს „პ-ს“ შორის 2013 წლის 23 ოქტომბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება NTGRGRJ66550065, რომლის საფუძველზე მოსარჩელეზე გაიცა ვადიანი კრედიტი - 973.19 ლარი, 18 თვით, კრედიტის დაფარვის თარიღია 23.04.2015 წ.; კრედიტით სარგებლობისათვის გადახდის პირობებით - 0.01 % თვეში, საქონლის მომსახურების ნაღდი ანგარიშსწორების ფასი, რომელსაც აფინანსებს აღნიშნული კრედიტი - 920 ლარი (იხ. ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ.27–28);

4. ფირმა „ბეკოს“ მაღაზიის მიერ 25.04.2012 წელს გაცემული საგარანტიო ბარათით ირკვევა, რომ მოსარჩელემ შეიძინა „სამსუნგის“ ფირმის მაცივარი LR-34GEUN, 25.04.2012 საგარანტიო ბარათი (იხ. ტ.1, ს.ფ. 18);

5. საბანკო ამონაწერების მიხედვით, მოსარჩელე 2011 წლის აგვისტოდან 2014 წლის ივლისამდე იხდიდა თანხას დავალიანების დასაფარად. ბანკის „რ-ა“ ამონაწერით, გადასახადების გადახდის სიის მიხედვით, მოსარჩელის სახელზე გადახდებში თანხის შემტანად ასევე ფიქსირდება წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მოვალე (იხ. ტ.1, ამონაწერი სს „პ-იდან“ - ს.ფ.13–14; ამონაწერი სს ბანკი „რ-იდან“ - ს.ფ. 15–17).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული კრედიტორებისა და მოვალის წინააღმდეგ 2014 წლის 10 ნოემბერს აღძრული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2014 წლის 10 სექტემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთების (იხ. 1.1.-1.4. ქვეპუნქტები) ყადაღისაგან გათავისუფლება.

7. მოპასუხეთა (კრედიტორთა შესაგებელი)

7.1. კრედიტორებმა არ ცნეს მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და განმარტეს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა დაყადაღებული ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილება, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

8. მოვალის პოზიცია

8.1. მოვალეს არ წარუდგენია წერილობითი შესაგებელი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მან სრულად ცნო სარჩელი.

9. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

9.2. ყადაღისაგან გათავისუფლდა სიღნაღის რაიონის სოფელ ს-ოში კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული ნივთი: „სამსუნგის“ ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი, ორგამოსახსნელიანი, შეფასებული 500 (ხუთასი) ლარად.

9.3. მხარეთა განმარტებებისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებების ერთობლივად შეფასებით რაიონულმა სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 102-ე, 105-ე მუხლები).

9.4. სასამართლომ შეაფასა მოწმედ მიწვეული ი. ტ-ის განმარტება, რომ ნივთების შეძენას იგი არ დასწრებია; მან მოსარჩელის დავალებით სატვირთო ავტომანქანით მაღაზიიდან წამოიღო მაცივარი და სარეცხი მანქანა.

9.5. სასამართლომ დაასკვნა, რომ დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთებიდან „სამსუნგის“ ფირმის მაცივარი იყო მოსარჩელის მიერ შეძენილი ქონება და მისი საკუთრება. აღნიშნული გარემოება დადასტურდა მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილი საგარანტიო ბარათით (იხ. მე-4 პუნქტი). რაც შეეხებოდა სხვა მოძრავ ნივთებს (იხ. 1.2-1.4 ქვეპუნქტები), მათი მოსარჩელისადმი კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი. საბანკო ამონაწერებით დგინდებოდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იხდიდა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულად თანხას, ასევე - გადახდის გრაფიკების მიხედვით სასესხო თანხის დაფარვისათვის შემტანად მითითებულია მოვალეც (იხ. ტ.1, ს.ფ.15–16).

9.6. მხარეთა ახსნა–განმარტებებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე და მოვალე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ სიღნაღის რაიონ სოფელ ს-ოში და სწორედ მათ საცხოვრებელ სახლში მოხდა ქონების აღწერა - დაყადაღება. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტს ხელს აწერენ მოსარჩელეც და მოვალეც.

9.7. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით სრულად ვერ დასტურდებოდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, რადგან მან ვერ შეძლო დაემტკიცებინა თავისი უფლება ყველა სადავო ნივთზე. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი (იხ. 9.1 ქვეპუნქტი).

9.8. გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას, სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ (შემდეგში: სააღსრულებო კანონი) საქართველოს კანონის 32–ე, 44–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 158–ე მუხლით.

9.9. სააღსრულებო კანონის 32–ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი, ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.

9.10. სსკ-ის 158–ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მფლობელლობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.

9.11. სააღსრულებო კანონის 44–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც სსკ-ის 158–ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.

9.12. სსსკ-ის 102–ე მუხლის მე–3 ნაწილის, მე–4 მუხლისა და 103–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ – გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. სსსკ-ის 102–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის მე–4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

9.13. ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდა მისი საკუთრების უფლება მხოლოდ „სამსუნგის“ ფირმის მაცივარზე, დანარჩენ მოძრავ ქონებაზე მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა თავისი საკუთრების უფლება.

10. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

10.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

10.2. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, შეითავსა მოპასუხის ფუნქცია. სადავო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დასტურდება განვადების ხელშეკრულებითა და საბანკო ამონაწერებით.

11.თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნტი).

11.3. სასამართლომ დაასკვნა, რომ არ დგინდებოდა წინამდებარე განჩინების 1.2.-1.4 ქვეპუნქტებში დასახელებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი. აპელანტი სადავოდ ხდიდა იმას, რომ სარეცხი მანქანის კუთვნილების ფაქტს ადასტურებდა საქმეში წარდგენილი 2013 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულება და ამონაწერები სს “პ- იდან“ (იხ. ტ.1, ს.ფ. 23-28), რომელთა მიხედვით, აპელანტს ვადიანი კრედიტის სახით 973, 19 ლარი აქვს აღებული და ფარავს მას, თუმცა, სასამართლოს შეფასებით, გაურკვეველია, თუ რა ნივთის შესაძენად გაიცა აღნიშნული თანხა. ამ მტკიცებულებაზე მსჯელობისას სასამართლომ აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებდა მოწმის განმარტებას (იხ. 9.4. ქვეპუნქტი), რომელიც არ შესწრებია სადავო ნივთების მოსარჩელის მიერ შეძენის ფაქტს.

11.4. ამდენად, მაცივრის გარდა, არ დასტურდებოდა სხვა მოძრავ ნივთებზე აპელანტის საკუთრების უფლება. აღნიშნული საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის უარყოფას.

11. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

11.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით - სარჩელის უარყოფილი ნაწილის დაკმაყოფილება იმაზე დაყრდნობით, რომ 9.4. ქვეპუნქტში მითითებულმა მოწმემ დაადასტურა, რომ სწორედ მოსარჩელის დავალებით წამოიღო მაღაზიიდან სადავო ნივთები, რომელიც არ ეკუთვნის მოვალეს. კასატორს საკუთარი ხელფასით აქვს ეს ნივთები ნაყიდი.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

16. კასატორის პრეტენზია ძირითადად იმას ეფუძნება, რომ მოწმემ (იხ. 9.4 ქვეპუნქტი) დაადასტურა, რომ მოსარჩელის დავალებით, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, მაღაზიიდან სატვირთო ავტომობილით გადაზიდა მოძრავი ნივთები. კასატორის მტკიცებით, მან კრედიტით შეიძინა სადავო ნივთები. აღნიშნული არაკვალიფიციური შედავებაა და ვერ აქარწყლებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში.

17. სარჩელის უარყოფილი ნაწილის დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სააღსრულებო კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი და, სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების, ასევე, მტკიცებულებათა შეჯერებით დაადგინა მოსარჩელის საკუთრების უფლება ყადაღადადებულ კონკრეტულ ნივთზე, ხოლო სადავო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის გამო, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უარყოფილ ნაწილში მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციაზე კასატორის მიერ მითითებული არგუმენტი არასაკმარისია მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (ანალოგიურ საქმეებზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა: საქმე # ას919-881-2014, 11.12.2015წ; საქმე # ას-30-27-2015, 30.10.2015წ; საქმე # ას-1021-979-2014, 22.06.2015წ.).

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

19. ზემოხსენებული მოტივაციით არ არსებობს საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების არც ერთი წინაპირობა, რაც საკასაციო განაცხადის დაუშვებლად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე