საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-967-916-2015 25 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი –ა. ბ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - კ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ი. ა-ი
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი - მ. დ-ი
ცენტრალური ორგანო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის საოქმო განჩინება საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – "ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ" 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად არასრულწლოვანი ნ. ბ-ის გერმანიაში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის მოქალაქე ა. ბ-ი (შემდეგში: მოსარჩელე, ბავშვის ან არასრულწლოვანის დედა, კასატორი) და საქართველოს მოქალაქე გ. ბ-ე (შემდეგში მოპასუხე, ბავშვის ან არასრულწლოვანის მამა, მოწინააღმდეგე მხარე) დაქორწინდნენ 2007 წლის 16 ნოემბერს, რაც დარეგისტრირდა კანონით დადგენილი წესით. დაქორწინების შემდეგ წყვილი ცხოვრობდა გერმანიაში.
2. თანაცხოვრების პერიოდში, ცოლ-ქმარს, 2008 წლის 15 აგვისტოს, გერმანიაში, /ბად-კანშტატი/შტუტგარტი/, შეეძინა ერთი შვილი - ნ. ბ-ე (შემდეგში არასრულწლოვანი ან ბავშვი), რომელიც არის როგორც საქართველოს, ასევე, გერმანიის მოქალაქე.
3. შპს შ-იის ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, ცოლ-ქმარმა 2012 წლის 16 თებერვალს დაიქირავა ბინა გერმანიაში (ტ.1., ს.ფ. 150- 155).
4. ცოლ-ქმარი დღემდე რეგისტრირებულ ქორწინებაშია, თუმცა, ბავშვის დედა ცხოვრობს შტუტგარტში/გერმანია და დროებით დასაქმებულია, ხოლო - მამა მუდმივად იმყოფება საქართველოში, /თ-ი, სოფ. დ-ი, წმ. ნ-ს ქ. 3/, დასაქმებულია G-ში.
5. არასრულწლოვანი ბავშვი 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 28 ივნისის ჩათვლით, რამდენიმე თვისა და დღის გამოტოვებით, სწავლობდა ბაგა-ბაღში ,,ი-ნა”, ხოლო 2014 წლის 4 სექტემბრიდან - ირიცხება სკოლაში (შპს ,,კ- ა”) და ითვლება წარმატებულ მოსწავლედ (იხ. ტ.1., ს.ფ. 63-65).
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, ბავშვის საქართველოში რეგისტრაციის ადგილია თბილისი, დ-ი, ნ-ს ქ. №31 (ტ.1., ს.ფ.73).
7. საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, არასრულწლოვანს, 2009 წლის 6 სექტემბრიდან 2014 წლის 24 აპრილამდე, სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი აქვს 9-ჯერ (ტ.1., ს.ფ.74-75).
8. ბავშვი, გერმანიაში, ჩაწერილია მ-ის სახელობის დაწყებით სკოლაში 2014 წლის 3 ივლისს, ხოლო იმავე წლის 17 ნოემბრიდან დაზღვეულია ჯანმრთელობის სადაზღვევო კომპანიაში ,,D-” (ტ.1., ს.ფ.148-149, 156-157).
9. გერმანიის საოჯახო სალაროს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ბავშვს დაბადებიდან, სახელმწიფოს მიერ, საოჯახო დახმარების ფარგლებში, ყოველთვიურად დაენიშნა 154 ევრო (ტ.1., ს.ფ.158-159).
10. სპორტკულტურა შტუტგარტის წერილის მიხედვით, ბავშვი 2013 წლის 1 იანვრიდან გაწევრიანებულია და დარეგისტრირებულია აღნიშნულ გაერთიანებაში (ტ.1., ს.ფ.160 - 161) .
11. 2014 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის (შემდეგში ჰააგის 1980 წლის კონვენცია) საფუძველზე, წარუდგინა გერმანიის იუსტიციის სამინისტროდან შესული მიმართვა, რომლის მიხედვითაც, შუამდგომლობის ავტორი, გერმანიის მოქალაქე, არასრულწლოვანი ბავშვის დედა, ითხოვდა მისი მეუღლის, საქართველოს მოქალაქის, ბავშვის მამის მიერ გერმანიიდან წამოყვანილი და საქართველოში არამართლზომიერად დაკავებული არასრულწლოვანი შვილის გერმანიაში, მის ჩვეულ ადგილას, დაბრუნებას (ტ.1., ს.ფ. 1-31).
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბავშვის დედის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არასრულწლოვანი დაუბრუნდა დედას და განისაზღვრა, რომ იგი წაიყვანდა ბავშვს საქართველოდან.
13. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა ჰააგის 1980 წლის კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1205-ე მუხლი; „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-6 და მე-9 მუხლები.
14. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმის მასალებში განთავსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე მიუთითა:
14.1. მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს ფსიქოლოგის 2014 წლის 21 ნოემბრის # 5309 დასკვნის თანახმად, რომელიც ემყარება საქმეში არსებულ მასალებს, მის მიერ ჩატარებულ კვლევებს, არასრულწლოვანის განმარტებებს, „ბავშვისათვის ნებისმიერი ფორმით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და მით უმეტეს ერთ-ერთი მშობლისგან მოცილება არის მატრავმირებელი, მანამ, სანამ ის არ შეეგუება ახალ გარემოს და არ მიეცემა საშუალება ორივე გარემოს მახასიათებლებით არ განსაზღვროს ერთ-ერთის უპირატესობა. ამ მომენტისათვის მიღებული ტრავმა გასვლის ეტაპზეა, თუმცა, ამ ჩვეული გარემოდან, სადაც მან შეიძინა მეგობრები და მოახდინა ადაპტაცია, კვლავ გერმანიაში დიდი ხნით დაბრუნება, მისთვის იქნება სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმატიზების მიზეზი. მსგავს შემთხვევებზე უმეტესწილად არასრულწლოვნები ავლენენ ფრუსტრირებული და დეპრესიული მდგომარეობის მიმართ მიდრეკილებებს, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება მათ ფსიქიკურ განვითარებაზე“ (იხ.ტ.1., ს.ფ. 132-133).
14.2. მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს სოციალური მუშაკის 2014 წლის 1 დეკემბრის # 2859 დასკვნით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული დავის საკითხი მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით (ტ.1., ს.ფ. 203-204).
14. 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგის მიერ შედგენილი 2014 წლის 1 დეკემბრის # 5656 დასკვნის თანახმად, „ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება არასრულწლოვანის გამგზავრება, თუ საქართველოში დარჩენა ბავშვისათვის იქნება მატრამვირებელი, რაც საფრთხეს შეუქმნის არასრულწლოვანის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ჩამოყალიბებას, რის გამოც საჭიროა არასრულწლოვანზე ზრუნვის შესაძლებლობა მიეცეთ მშობლებს თანაბრად, არასრულწლოვანის შემზადების მიზნით, რაც საცხოვრებელ გარემოსთან მიმართებაში უმტკივნეულოდ გადატანის საშუალებას მისცემს მის ფსიქიკას“ (ტ.1., ს.ფ. 205-207).
15. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ფსიქოლოგის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, არ დასტურდებოდა სერიოზული რისკის არსებობა იმის თაობაზე, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი, გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, აღმოჩნდებოდა, შეუქმნიდა მას ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს, ან სხვაგვარად ჩააყენებდა გაუსაძლის მდგომარეობაში. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, მხარეს, რომელიც ბავშვის გერმანიაში დაბრუნების წინააღმდეგი იყო, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.
16. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა გერმანია, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა და რომელიც მასზე ფაქტობრივად ახორციელებდა მეურვეობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებას ადასტურებდა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ბავშვის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ.
17. ბავშვის სურვილის შეფასებისას, იცხოვროს საქართველოში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს უნდა მომხდარიყო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ფსიქოლოგის დასკვნის, ბავშვის ასაკობრივი მაჩვენებლის, ფსიქო-ემოციური, დღეს არსებული და სამომავლო კეთილდღეობისა და არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
18. სასამართლომ, მხარეთა პოზიციების შეჯერების, ფსიქოლოგის შეფასების გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ მამის გარემო, რომელშიც დღევანდელი მდგომარეობით უწევს ბავშვს ყოფნა და ამ გარემოში არსებული პოზიცია, მისი საქართველოში მშობლებთან ერთად დარჩენის თაობაზე, ქვეცნობიერად განაწყობდა მას ამ გადაწყვეტილების მიღებისაკენ. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ბავშვი არ აკეთებდა არჩევანს მშობლებს შორის.
19. სასამართლომ საქმეში განთავსებულ ფსიქოლოგის დასკვნებზე მიუთითა, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო მოცემული დავის გადაწყვეტისათვის. ფსიქოლოგის მიერ, ორივე მშობლის მონაწილეობით, შედგენილი მესამე (01.12.2014წ.) დასკვნის თანახმად: „შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოხდა არასრულწლოვანთან ურთიერთობა სამ ეტაპზე, 1) სანამ დედა ჩამოვიდოდა, 2) მშობლების თანაცხოვრების პერიოდში 3) ინციდენტის შემდეგ. მოცემულმა სიტუაციებმა შეცვალა და გაამძაფრა არასრულწლოვანის ემოციური გაორებები მშობლებსა და გარემოს მიმართ, პირველ ეტაპზე, ლოგიკურად დომინირებდა მამა, ვინაიდან დედასთან ურთიერთობა არასრულწლოვანს მხოლოდ დისტანციურად ეძლეოდა, მეორე ეტაპზე - დედის ჩამოსვლის შემდეგ ეს უპირატესობა შემცირდა, ხოლო მესამე, ამ მომენტისათვის, ბოლო ეტაპზე, გამოიკვეთა თვითდანაშაულის განცდა დედის დანაკარგთან დაკავშირებით, რაც ტრავმატიზების შემდგომ ადექვატურ რეაქციას წარმოადგენდა. ამ ვითარებაში, არასრულწლოვანი გაუცნობიერებლად ავლენდა დედის მიმართ მეტ ლტოლვას (დანაკარგის შიშის აქტუალობიდან გამომდინარე), მაგრამ ვერბალურად აფიქსირებდა ,,აღარ არის ჩემი დედა, აღარ დავინახო ჩემი დედა”, თუმცა, ინტერვიუების საბოლოო ეტაპზე, როდესაც დაპირისპირებულ ინტრაპერსონალურ პოზიციებს შორის იკვეთებოდა რეალური სურვილები ამბობდა შემდეგს: ,,გერმანიაში წასვლა აღარ მინდა, მარტო დედაჩემს დავინახავ, ვეღარ დავურეკავ დედაჩემს, იმიტომ რომ ჩხუბის დანახვა აღარ მინდა და აღარ არის საჭირო, აი ვეღარ გადავწყვიტე ვნახო დედაჩემი თუ არა”. აქ იკვეთებოდა ემოციური ტრავმატიზების სიმძიმე არასრულწლოვანისათვის“. ამავე დასკვნაში აისახა, რომ: ,,1) არასრულწლოვანის ნებისმიერი პასუხი საცხოვრებლის განსაზღვრის თემასთან დაკავშირებული, ამ მომენტისათვის არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ცალსახად, ვინაიდან იგი საკითხთან დაკავშირებულ პოზიციებს აყალიბებდა ემოციური ტრავმატიზების და გაორების ფონზე, რაც იკვეთებოდა ინტერვიუებიდანაც. 2) არ იკვეთებოდა არცერთ ეტაპზე ფსიქოლოგიური ძალადობის ან არასრულწლოვნის ფსიქიკისათვის მატრავმირებელი გავლენის კვალი. 3) ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნებოდა არასრულწლოვანის გამგზავრება, თუ საქართველოში დარჩენა, ბავშვისათვის იქნებოდა მატრავმირებელი, რაც საფრთხეს შეუქმნიდა არასრულწლოვანის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ჩამოყალიბებას“ (იხ. ტ.1., ს.ფ.205-207) .
20. სასამართლომ მხარეთა განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტების, ფსიქოლოგის დასკვნისა და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის დედასთან, მოცემულ შემთხვევაში, მრავალი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, გერმანიაში დაბრუნება, ბავშვის სამომავლო კეთილდღეობას შეუწყობდა ხელს, რაც ამ უკანასკნელის ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ასევე გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ დედა-შვილური ურთიერთობა შეიძლებოდა გაუცხოებულიყო და ამ ურთიერთობის დანაკლისს უარყოფითად ემოქმედა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე და უარყოფითი ეფექტი მოეცა ბავშვის სწორად აღზრდის საქმეში. ბავშვის სხვა სკოლაში, გერმანულ სასწავლო პროცესზე გადართვა (გადაყვანა), სასამართლომ, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, საქმის განხილვის ეტაპზე უფრო მიიჩნია მართებულად, მით უფრო, რომ ბავშვი ცხოვრობდა გერმანიაში და დადიოდა საბავშვო ბაღში (მშობელთა მიერ ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იყო გათვალისწინებული ყოფილიყო ფსიქოლოგის რეკომენდაციები).
21. სასამართლომ, საქმეში არსებული მასალების (მტკიცებულებების) საფუძველზე მიიჩნია, რომ გერმანიაში დედასთან ბავშვის დაბრუნება უარყოფითად არ იმოქმედებდა არასრულწლოვანის სამომავლო განვითარებასა და წინსვლაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ დედა, თავისი ქმედებით, ცდილობდა ხელი შეეწყო მამა-შვილს შორის ურთიერთობის შენარჩუნებისა და გაღრმავებისათვის, რისი დასტურიც იყო მისი თანხმობა ბავშვისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, ასევე, ბავშვის საქართველოში პერიოდულად ჩასვლის თაობაზე, ბავშვის დადებითი დამოკიდებულება მამისა და მისი ნათესავების მიმართ.
22. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ იკვეთებოდა ბავშვის დედასთან დაბრუნების საფრთხის შემცველი გარემოებები, სახეზე არ იყო კონვენციით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არსებობდა მისი გერმანიაში დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
23. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა არასრულწლოვანის მამამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა.
24. მამის სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგ არგუმენტებზე:
24.1. სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ წარდგენილ დასკვნებს. აღნიშნული დასკვნების თანახმად, სოციალური სამსახური დადებითად აფასებდა მამის მიერ ბავშვის აღზრდის ფაქტს. 21.11.2014 წლის დასკვნის თანახმად, ბავშვს არ სურს გერმანიაში ხანგრძლივი დაბრუნება. ამავე დასკვნის მე-4 პასუხის მიხედვით, ბავშვისთვის ნებისმიერი ფორმით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არის მატრავმირებელი მანამ, სანამ ის არ შეეგუება ახალ გარემოს და არ მიეცემა საშუალება, ორივე გარემოს მახასიათებლით განსაზღვროს ერთ-ერთის უპირატესობა. ამ მომენტისთვის მიღებული ტრავმა გასვლის ეტაპზეა. ბავშვმა შეიძინა მეგობრები და მოახდინა ადაპტაცია, შესაბამისად, გერმანიაში მისი დიდი ხნით დაბრუნება იქნება სერიოზული ტრავმატიზების მიზეზი (იხ. ამ განჩინების 14.1. ქვეპუნქტი). მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნული დასკვნა ნამდვილად ცხადჰყოფდა ბავშვის საქართველოში დარჩენის უპირატესობას, რადგანაც მან შეიძინა ბევრი ახალი მეგობარი, კმაყოფილია მამასთან ცხოვრებით, მიიღო და შეგუებულია ახალ სოციალურ გარემოს, დადის სხვადასხვა წრეზე და გარემოს შეცვლა მასზე უარყოფითად იმოქმედებს. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ კი, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ თითქოს არ დასტურდებოდა სერიოზული რისკი, რომ გარემო, რომელშიც არასრულწლოვანი აღმოჩნდებოდა, მისთვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური საფრთხის შემცველი იქნებოდა. მოპასუხის მითითებით, როგორც 21 ნოემბრის, ასევე, 1 დეკემბრის დასკვნებში ცალსახად არის მითითებული, რომ ბავშვისათვის მატრავმირებელი იქნება გერმანიაში გამგზავრება, ბავშვს არ სურს დედასთან გერმანიაში საცხოვრებლად გამგზავრება.
24.2. ბავშვის მამის განმარტებით, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 01.12.2014 წლის დასკვნიდან ირკვევა, როგორ ზრუნავს მამა ბავშვზე. დასკვნის თანახმად: "მას მიჯაჭვულობა აქვს მამასთან, მაგრამ უყვარს დედაც, აქვს განცდა მის მიმართ და თხოვს, რომ დარჩეს საქართველოში". მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ ბავშვს ქვეცნობიერად მაინც საქართველოში უნდა ცხოვრება, დასკვნებით ცალსხად ვლიდნება ის გარემოება, რომ შვილი მამასთან კარგად არის, იზრდება თბილ გარემოში, არ აკლია მზრუნველობა. მამას სტაბილური შემოსავალი აქვს, დედისგან განსხვავებით, რომელიც დროებით მუშაობს, შესაბამასად, არავინ იცის, სამომავლოდ, გერმანიაში გამგზავრება რამდენად მიზანშეწონილი იქნება ბავშვის კეთილდღეობისთვის.
24.3. სასამართლომ არასწორად მოახდინა მუდმივი საცხოვრებლის ცნების ინტერპრეტირება. მოპასუხის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაუსაბუთებელია, თუ რატომ წარმოადგენს გერმანია ბავშვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, როდესაც უთითებს თავად მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე, ბავშვის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თაობაზე, რაც ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის გერმანია. დადგენილია, რომ მაგალითად, 2013 წელს, ბავშვი თითქმის 7 თვის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში, იქამდეც, არაერთხელ იყო ნამყოფი საქართველოში და ამ მომენტისთვისაც, 2014 წლის 24 აპრილიდან საქართველოში იმყოფება. სსკ-ის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად "არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი".
24.4. მოპასუხის მოსაზრებით, ზემოხსენებული დადგენილი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს, როგორც გერმანია, ისე საქართველო, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, პიროვნებას შეიძლება, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გააჩნდეს (სსკ-ის მე-20 მუხლის პირველი ნაწილი). გაურკვეველია, თუ რატომ ანიჭებს სასამართლო გერმანიას ბავშვის მუდმივი ადგილსამყოფელის სტატუსს, როცა წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ბავშვი ქართულ სკოლაში დადის, საქართველოს მოქალაქეა და მას, 2014 წლის 24 აპრილის შემდეგ, საქართველო არ დაუტოვებია.
24.5. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის მტკიცებულება, რომ დედის თანხმობით, 2014 წლის 23 აპრილს, მამამ ბავშვი წამოიყვანა საქართველოში 2-3 კვირით. მცდარია სასამართლოს მსჯელობა, რომ არასრულწლოვანი, ჰააგის 1980 წლის კონვენციის (მე-3 მუხლი) საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებული ბავშვია, ვინაიდან იგი დღემდე იმყოფება საქართველოში და მამამ არ უზრუნველჰყო ბავშვის დაბრუნება შეთანხმებისამებრ. მოპასუხის მტკიცებით, ბავშვი არ არის არამართლზომიერად დაკავებული.
24.6. მოპასუხის განმარტებით, მან და ბავშვის დედამ, 2013 წლის ზაფხულში, გადაწყვიტეს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა. ამ მიზნით, მოპასუხე საქართველოში წამოვიდა არასრულწლოვან შვილთან ერთად, რომელიც იმ პერიოდიდან მოყოლებული ბაღში დადიოდა და ქართულ ენას ითვისებდა. ბავშვსაც და დედასაც უნდა მიეღოთ საქართველოს მოქალაქეობა, რის თაობაზეც 2014 წლის იანვარში დედას თანხმობა აქვს გაცემული და მოსარჩელეც, 2014 წლის ზაფხულის დასაწყისიდან, უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, მოპასუხემ მას გარკვეული სამსახურიც შეურჩია. ამ მიზნით, მამამ არასრულწლოვანი შვილი საქართველოში ჩამოიყვანა 2014 წლის აპრილის თვეშიც. მოგვიანებით, დედას გეგმები შეეცვალა და გადაწყვიტა, არასრულწლოვანი, თითქოსდა გატაცების ან დაკავების მიზეზზე მითითებით, დაებრუნებინა გერმანიაში, რასაც როგორც არასრულწლოვანი, ისე ბავშვის მამა ეწინააღმდეგებიან.
24.7. არასრულწლოვანის მამის მოსაზრებით, დავის ფარგლებში, სასამართლოს უნდა გაერკვია, არასრულწლოვანის საქართველოში ჩამოყვანა განხორციელდა თუ არა მართლზომიერად, რაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ იკვეთება. მოპასუხის განმარტებით, გაურკვეველია, თუ რატომ უნდა უზრუნველყო მამას ბავშვის დაბრუნება გერმანიაში. თუკი დედას 2-3 კვირის თანხმობით ჰყავდა ბავშვი გერმანიიდან გამოშვებული, გაურკვეველია, რატომ არ იმოქმედა მან 2014 წლის ოქტომბრამდე. ის ფაქტი, რომ ბავშვი სკოლაში ჩაირიცხა და აქ სწავლობს, პირიქით, უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ოჯახი მართლაც ფიქრობდა საქართველოში გადმოსვლაზე.
24.8. მოპასუხის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად და ცალმხრივად იმსჯელა ჰააგის 1980 წლის კონვენციის ნორმებზე; მესამე მუხლი, რომელსაც ეფუძნება გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ადგენს: „ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებისა“. მოპასუხის მითითებით, სწორედ ამ კონტექსტში უნდა მოხდეს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე. სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ძირითადად ემყარება მხარეთა შორის 2-3 კვირიანი შეთანახმების არსებობის ფაქტს, რომლის ვადის გასვლამაც განაპირობა დედის მეურვეობის უფლების შეზღუდვა, თუმცა, საამისო მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა და, შესაბამისად, სასამართლო არ და ვერ იმსჯელებს აბსტრაქტულ გარემოებებზე.
24.9. მოპასუხის განმარტებით, ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლი ითვალისწინებს გამონაკლის დებულებებს, კერძოდ, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე თუკი პირი, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება დაადგენს, რომ: ბ) „არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს აუტანელ მდგომარეობაში“. ამავე მუხლის ა) პუნქტის მიხედვით, განკარგულება არ გაიცემა, „თუ პირი, დაწესებულება, ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას“. მოპასუხის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული მუხლის დებულებებიც, რადგანაც სოციალური სამსახურის დასკვნა და თავად ბავშვის პოზიცია ნათლად ადასტურებს, რომ გარემოს შეცვლა, ბავშვს მძიმე ფსიქოლოგიურ დარტყმას მიაყენებს. ამასთან, მოსარჩელის ლოგიკით ხელმძღვანელობის პირობებშიც კი, 2014 წლის აპრილში, საქართველოში გამომგზავრებიდან, 2-3 კვირაში უნდა დაბრუნებულიყო არასრულწლოვანი გერმანიაში, მაშინ, როდესაც "გატაცებასთან" დაკავშირებით, დედამ 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს განაცხადა. მოპასუხის მითითებით, მართალია, კონვენცია პირდაპირ არ საუბრობს ამგვარი დათანხმების ან შეგუების ფაქტი რა ვადაში უნდა დადგინდეს, ან რა ვადის გასვლის შემდეგ ითვლება უმოქმედობა შეგუებად, თუმცა, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ბავშვის გატაცება არ ყოფილა და არც არასრულწლოვანს გააჩნია უკან გამგზავრების სურვილი, რაც ბავშვის დედისთვისაც ცნობილია.
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა არასრულწლოვანის დედის მოთხოვნა, ჰააგის 1980 წლის კონვენციის შესაბამისად, ბავშვის გერმანიაში დაბრუნების თაობაზე.
26. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოდავე ცოლ-ქმარი განქორწინებული არ არის და უფლებამოსილ ორგანოს, გერმანიაში ან/და საქართველოში, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი არ განუსაზღვრავს. მხარეთა შორის სადავო არც ის გარემოება იყო, რომ 2014 წლის 24 აპრილის შემდეგ, როდესაც ბავშვი დაბრუნდა საქართველოში, მისი დედა იმყოფებოდა საქართველოში იმავე წლის ივნისში (ტ. I, ს.ფ. 41), მოინახულა შვილი და კვლავ დაბრუნდა გერანიაში. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ საქართველოში ჩამოსვლისას, ბავშვის დედამ გამოხატა პრეტენზია შვილის გერმანიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, დადგინდა, რომ 2013 წელს მეუღლეებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, არასრულწლოვანი დროის დიდ ნაწილს ატარებდა საქართველოში, მამასთან და, ასევე, გერმანიაშიც, დედასთან. შესაბამისად, გასაზიარებელი უნდა ყოფილიყო ბავშვის მამის განმარტება, რომელიც მითითებულია ამ განჩინების 24.6 ქვეპუნქტში. ბავშვი ადაპტირდა საქართველში, თუმცა, მოგვიანებით მისი დედა აღარ გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. II, ს.ფ. 4-18).
27. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანი წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე გერმანიის მოქალაქეს, ხოლო მეუღლეები განქორწინებული არ არიან, განსაზღვრული არ არის ბავშვის საცხოვრებელი ადგილი და იგი, 2013 წელს, თითქმის 7 თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ იმყოფებოდა საქართველოში, დაუსაბუთებელი იყო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა, რომ არასრულწლოვანის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და, 2014 წლის აპრილის შემდეგ, საქართველოში ბავშვის არამართლზომიერად დაკავება მოხდა. სასამართლომ დაასკვნა, არასრულწლოვანი არ წარმოადგენდა, ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს.
28. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდებოდა გარემოება, რომ არასრულწლოვანი, ზემოხსენებული კონვენციის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებული ბავშვი იყო, არ არსებობდა მისი გერმანიაში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან ბავშვი ადაპტირებული იყო გარემოში, სადაც მასზე ზრუნავს უშუალოდ მამა და არსებობდა სერიოზული რისკი, რომ გერმანიაში დაბრუნება, არასრულწლოვანს ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნიდა, რაც ეწინააღმდეგებოდა თავად კონვენციის მიზნებს.
29. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენისას ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე:
29.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 21 ნოემბრის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, გამოკვლევის პროცესში ქცევაზე დაკვირვების შედეგი: „““ბავშვს აცვია სუფთად, არის მოწესრიგებული, ამავე დროს საკმაოდ მოუსვენარი და კომუნიკაბელური, კარგად ასრულებს ინსტრუქციებს და პასუხობს ვრცლად. მამასთან ერთად არის საკმაოდ თავისუფალი, საუბრობს ბევრს და მის ფრაზეოლოგიაში ხშირად დომინირებს „მე ვფქირობ“, „მე მინდა“, „მე ვარ“, ეს მომენტი ერთგვარი მანიშნებელია „მე“ კონცეფციის ჩამოყალიბებისა და ასაკობრივი ეგოცენტრიზმის - (მე-ს სურვილები არის მის აღქმაში სამყაროს ცენტრი, მე-კონცეფცია არის პიროვნების რწმენა საკუთარ ღირებულებებსა და ნორმირებულ - არადევიანტურ ქცევებზე) ასაკობრივი ნორმის მანიშნებელი. ბავშვი დედაზე საუბრისას ამბობს, რომ ენატრება, თუმცა, ამაზე საუბარი არ სურს სხვებთან. ის ამბობს, რომ გერმანიაში ცოტა ხნით უნდა ჩასვლა დედის სანახავად და მალევე დაბრუნება, რადგან დიდი ხნის შემდეგ, მამაც ისევე მოენატრება, როგორც დედა ენატრება ხოლმე და მამასთან შეხვედრას ვეღარ შეძლებს („იქ გერმანიაში მინდა წასვლა 2 დღით, დედა ვნახო და ჩამოვიდე“). პროექციულ მეთოდებში იკვეთება მეგობრების დაკარგვის შიში, რაც ბავშვებში განსაკუთრებით მძაფრად არის მოცემული. იკვეთება ფსიქოლოგიური ტრავმატიზების მომენტი და აღნიშნულით გამოწვეული დანაკარგის შიში.
ბავშვისათვის ნებისმიერი ფორმით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და მითუმეტეს ერთ-ერთი მშობლისგან მოცილება არის მატრავმირებელი, მანამ სანამ ის არ შეეგუება ახალ გარემოს და არ მიეცემა საშუალება ორივე გარემოს მახასიათებლებით არ განსაზღვროს ერთ-ერთის უპირატესობა. ამ მომენტისათვის მიღებული ტრავმა გასვლის ეტაპზეა, თუმცა, ამ ჩვეული გარემოდან, სადაც მან შეიძინა მეგობრები და მოახდინა ადაპტაცია, კვლავ გერმანიაში დიდი ხნით დაბრუნება იქნება მისთვის სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმატიზების მიზეზი. მსგავს შემთხვევებზე უმეტესწილად არასრულწლოვნები ავლენენ ფრუსტრირებული და დეპრესიული მდგომარეობის მიმართ მიდრეკილებებს, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება მათ ფსიქიკურ განვითარებაზე“ (ტ. I, ს.ფ. 132,133).
29.2. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 01.12.2014 წლის დასკვნის თანახმად: „საქართველოში ბავშვი დადის სკოლაში, უხარია იქ წასვლა. ჰყავს მეგობრები. ბავშვი სკოლაში მიჰყავს მამას და სკოლიდან გამოჰყავს მძღოლს. სახლში მას ხვდება ბებია, თბილი კერა, საჭმელი, ასევე, მათთან ცხოვრობს მამის ძმა, რომელსაც არ ჰყავს ცოლ-შვილი და მთელ თავის დროს უთმობს ბავშვს. სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, მამა ბავშვს გაკვეთილების მომზადებაში ეხმარება. ექვსი წლის განმავლობაში ბავშვს მამასთან ხელჩაჭიდებული სძინავს. მამას დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვის მოვლასა და აღზრდაში, ის ძალიან თბილად და მეგობრულად ექცევა შვილს, ითვალისწინებს მის სურვილებს. მას აქვს ბავშვის საჭიროებების დროულად დაკმაყოფილების უნარი. მამის ოჯახში არის ბავშვის აღზრდისა და განვითარებს უსაფრთხო გარემო“ (ტ. 1, ს.ფ. 203,204).
29.3. სოციალური მუშაკის დასკვნასთან ერთად, საქმეში წარმოდგენილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგის 01.12.2014 წლის დასკვნა, რომელიც შედგენლია ფსიქოლოგთან ბავშვისა და ორივე მშობლის ერთობლივი ვიზიტის შედეგად (ტ. I, ს.ფ. 99-201). ფსიქოლოგის დასკვნით: „ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება არასრულწლოვანის გამგზავრება, თუ საქართველოში დარჩენა, ბავშვისათვის იქნება მატრავმირებელი, რაც საფრთხეს შეუქმნის არასრულწლოვანის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ჩამოყალიბებას. ფსიქოლოგის რეკომენდაციით: ამ საკითხის გადაწყვეტისათვის რეკომენდირებულია გარკვეული პერიოდის განმავლობაში არასრულწლოვანზე ზრუნვის შესაძლებლობა მიეცეთ მშობლებს თანაბრად, რა დროსაც უნდა მოხდეს ბავშვთა ფსიქოლოგთან არასრულწლოვანის თერაპია... აღნიშნულის შემდეგ შესაძლებელია გამოიკვეთოს არასრულწლოვანის ცალსახა პოზიცია მუდმივ საცხოვრებელ გარემოსთან მიმართებაში“ (ტ. 1, ს.ფ. 99-201, 205-207).
30. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოპასუხემ წარადგინა დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის (შემდეგში: ფსიქოლოგთა ასოციაციის) სპეციალისტების მიერ 24.02.2015 წელს შედგენილი დასკვნა, რომელიც დეტალურად პასუხობს დასმულ შეკითხვებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დასკვნის თანახმად: არასრულწლოვანს ჩაუტარდა საუბრის მეთოდი, ლუშერის ფერითი ტესტი, შონდი-ტესტი. მან აგრეთვე ფერითი ტესტის მეშვეობით შეაფასა თავისი დამოკიდებულება ისეთი ცნებების მიმართ, როგორიცაა: საკუთრი თავი, დედა, მამა, სკოლა, სწავლა, მეგობრები, მულტფილმის პერსონაჟები და სხვა.
”არსებული სიტუაცია: იცავს თავს, გრძნობს, რომ მას ემუქრებიან და ის არაადეკვატურად არის დამკვიდრებული. მიუხედავად ამისა, შეუპოვრად იცავს თავს პოზიციას მოსალოდნელი კონფლიქტების მიუხედავად და ეწინააღმდეგება გარემოს ზეწოლას. მასში არსებული დაპირისპირება იწვევს შფოთვას, მაგარამ ის ჯიუტად იცავს თავის მიზნებს. ამავე დროს არის მგრძნობიარე, აქვს წარმოსახვის კარგი უნარი და ცდილობს განიტვირთოს თავის მსგავსთან ერთად. მისი ინტერესის აღძვრა ძალიან ადვილია, მას მოსწონს ყველაფერი ახალი და უჩვეულო და სათავგადასავლო.
აქტუალური პრობლემები: ეძებს გამოსავალს, რომელიც არსებულ შეზღუდვებს მოხსნის. დამოუკიდებელია და ამავე დროს დაღლილია დამოუკიდებლობისაგან და ნებელობის დაძაბვისაგან. არიდებს თავს კონფლიქტს, ცდილობს ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს და ამავე დროს განიცდის სიტუაციაში ჩაურთველობას. განიცდის არსებულ კონფლიქტურ სიტუიაციას.
აქვს სრული იდენტიფიკაცია მამასთან. ჭირვეულია, ცდილობს არ იფიქროს დედისა და მამის ურთიერთობებზე, არც საკუთარ ემოციებზე და განცდებზე, მეგობრობს იმასთან, ვისთანაც ახდენს იდენტიფიკაციას ანუ თავის მსგავსთან, უნდა წარმოსახულ სამყაროში ცხოვრება და არარეალური სამყარო მისთვის ყველაზე დიდი ხალისის მომტანია. გაკვეთილებისა და სკოლის მიმართ იჩენს ამბივალენტურ დამოკიდებულებას.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანს გარკვეულწილად აქვს გამოხატული ემოციური ტრავმატიზების ნიშნები, ამავე დროს არ იკვეთება ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობის ან ფსიქიკისთვის მატრავმირებელი გავლენის კვალი“.
საქმის მასალების შესწავლისა და ბავშვის ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით, სპეციალისტები ეთანხმებიან სოციალური მოსახურების ცენტრის ფსიქლოგის დასკვნაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ გერმანიაში მისი დიდი ხნით (მომზადების და მზაობის შემუშავების გარეშე) დაბრუნება, ამ ეტაპზე, იქნება სერიოზული ტრავმატიზების მიზეზი, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკაზე და მის აკადემიურ მოსწრებასა და განვითარებაზე. ბავშვი დადის ქართულ სკოლაში, სადაც, ბუნებრივია, ქართულ ენაზე მიმდინარეობს სწავლება და მართალია ჯერ მარტივ, მაგრამ მაინც გარკვეულ სპეციალურ ტერმინოლოგიას ითვისებს, ხოლო გერმანიაში მას არამარტო ახალ და განსხვავებულ სასწავლო სტრატეგიასთან მოუხდება შეხება, არამედ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მეტყველებს გერმანულად და ჩვეულებრივი ურთიერთობის პრობლემა მას არ ექნება, მას მოუხდება სპეციალური მზაობის შემუშავება გერმანიაში სწავლის დასაწყებად, რაც ამ მოკლე დროში ვერ მოესწრება. ის ფაქტიც, რომ არასრულწლოვანი საკმაოდ მიჯაჭვულია მამაზე, უდავოდ გასათვალისწინებელია და, მათი უეცრად და მომზადების გარეშე, ერთმანეთთან დაშორება არ იქნება მიზანშეწონილი, თუ საერთოდ აუცილებელი გახდება მათი დაშორება“ (ტ. I, ს.ფ. 62-72).
31. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ბავშვის დედის შუამდგომლობა და მას, საქართველოში ჩამოსვლიდან, 2 კვირის მანძილზე, მიეცა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის უფლება, თან წაყვანის უფლებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფსიქოლოგიური კვლევის უზრუნველსაყოფად (ტ. II, ს.ფ. 90-93). ბავშვის დედამ წარმოადგინა რეგისტრირებული კავშირის „საქართველოს ბავშვების“ 11.06.2015 წლის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა, რომლის თანახმად: „შეფასების მომენტისათვის არ იკვეთება რაიმე სირთულე ბავშვის ფსიქო-ემოციურ და აკადემიურ ფუნქციონირებაში. ბავშვი ამჟამად ცხოვრობს მამასთან, ბებიასთან და ბიძასთან ერთად. დადის კერძო სკოლაში. ოჯახის წევრები და სკოლის დამრიგებელი მას ახასიათებენ, როგორც ძალიან კონტაქტურ, აქტიურ და გახსნილ ბავშვს, რომელსაც მეგობრული ურთიერთობები აქვს, როგორც თანაკლასელებთან, ასევე, მასზე რამდენიმე წლით უფროს მოსწავლეებთან. ბავშვს პოზიტიური და ახლო ურთიერთობა აქვს მამასთან, თავისუფლად გრძნობს თავს მის გარემოცვაში. მამას დაჰყავს ბავშვი სკოლაში, ასევე მასთან ერთად ატარებს შაბათ-კვირას, ისინი ხშირად სტუმრობენ გასართობ ცენტრებს. ბავშვი თავადაც აღნიშნავს, რომ მამასთან ერთად „ბევრჯერ დადის“ სტუმრად... ბებიის განცხადებით, მამა ყოველთვის ცდილობს ბავშვის დაძინების მომენტისათვის იმყოფებოდეს სახლში, რადგან მამის გარეშე, ბავშვი უარს ამბობს დაძინებაზე და ელოდება მამას “სანამ ძილი არ მოერევა“. დაძინებასთან დაკავშირებული გარემოებები დაადასტურა ბავშვმაც. გარდა ამისა, ბავშვის ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში ფაქტიურად მზად არის ბავშვის საძინებელი ოთახი (სადაც ჯერ არ არის ავეჯი) და ბავშვი აცხადებს, რომ იქ მარტო არ დარჩება და სურს მამასთან ერთად დაიძინოს“ (ტ. 2, ს.ფ. 109-118).
32. წინამდებარე საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვისას, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილია 03.06.2015 წლის დასკვნა, რომელიც შედგენილია დედასთან ორი კვირის განმავლობაში მცხოვრებ შვილთან დაკვირვების შედეგად; დასკვნის თანახმად: 28.04.2015წ. დედა ჩამოვიდა საქართველოში შვილთან შესახვედრად, „ბავშვის ემოცია იყო დადებითი, ბავშვი დედას ჩაეხუტა, მოიკითხა, შემდეგ გახარებულმა მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად განაგრძო თამაში. როდესაც განვუმარტე ბავშვს, რომ დედასთან ერთად უნდა წასულიყო საცხოვრებლად რამდენიმე დღით, მან მიპასუხა, რომ წავიდოდა დედასთან ერთად მხოლოდ საქართველოში და არა გერმანიაში, მხოლოდ ერთი დღით და ისევ დაბრუნდებოდა მამასთან სახლში. ბავშვი დარჩა დედასთან ყოველგვარი გართულებების გარეშე... ბავშვი დედ-მამასთან ერთად დადიოდა გასართობ ცენტრებში. მამის გადმოცემით, მასთან დაშორება ბავშვს უჭირდა, რის დასტურადაც მამამ სოციალურ მუშაკს გადასცა ვიდეო. ასევე, ბოლო დღეებში, სკოლის დამთავრების შემდეგ, ბავშვი აღარ წავიდა დედასთან და ორი ღამე დარჩა მამასთან. ბავშვთან გასაუბრების დროს, რომელიც შედგა 05.05.2015წ., მან აღნიშნა, რომ მამის გარეშე არ შეუძლია და უნდა დედაც მათთან ერთად ცხოვრობდეს. თუ დედა წავა, მერე ისევ მალე ჩამოვა და ნახავს.
შემდგარი ვიზიტებისა და ვიდეო მასალის კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ბავშვს მამასთან აქვს მყარი მიჯაჭვულობა. მას მოსწონს და კარგადაა შეგუებული იმ გარემოს, სადაც მას ამჟამად უხდება ცხოვრება. არის ლაღად, თავს გრძნობს დაცულად, რაც, სამწუხაროდ, არ გამოჩნდა დედასთან ურთიერთობის დროს. ის დედას არ მიჰყვება მამის გარეშე. ბავშვი განიცდის მამის გარეშე ყოფნას, თითქოს ეშინია მისი დაკარგვის.
მშობლებისა და ბავშვის თანაბარი ურთიერთობის დროს, ბავშვს ურჩევნია მამასთან და იმ სოციალურ გარემოში ცხოვრება, სადაც ამჟამად იმყოფება. მომავალში ასევე აუცილებელია შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ორივე მშობელს ექნება მშვილთან ურთიერთობის შესაძლებელობა. გაზრდილია დისტანციის დონე დედასა და ბავშვს შორის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მშობლების შეთანხმება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ბავშვის ფსიქიკას არ მიადგეს ზიანი (იხ.ტ.2., ს.ფ. 132-133. ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოცმუშაკის 2015 წლის 3 ივნისის # 1598 დასკვნა).
33. სააპელაციო სასამართლომ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დასკვნების ერთობლიობაში შეფასებით შედეგად დაასკვნა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანი ადაპტირებულია გარემოში, სადაც მასზე ზრუნავს უშუალოდ მამა, ბავშვს ჰქონდა მყარი მიჯაჭვულობა მამასთან და ფსიქოლოგები მუთითებდნენ, რომ გერმანიაში ბავშვის დაბრუნება, ამ ეტაპზე, იქნებოდა სერიოზული ტრავმატიზების მიზეზი, არ არსებობდა არასრულწლოვანის გერმანიაში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან არსებობდა იმის სერიოზული რისკი, რომ გერმანიაში დაბრუნება ბავშვს ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნიდა.
34. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა ჰააგის 1980 წლის კონვენციით; სსსკ-ის 13051 მუხლით; ბავშვის უფლებათა კონვენციით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 105-ე მუხლით.
35. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბავშვის დედამ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
36. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ არგუმენტებზე:
36.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა და ეს აღნიშნულიც არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2.18 პუნქტში, რომ არ დასტურდება სერიოზული რისკის არსებობა იმის თაობაზე, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი აღმოჩნდება, შეუქმნის მას ფიზიკურ ან ფსიქიკურ საფრთხეს, ან სხვაგვარად ჩააყენებს გაუსაძლის მდგომარეობაში. სასამართლოს განმარტებით, მხარეს, რომელიც ბავშვის გერმანიაში დაბრუნების წინააღმდეგია, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, გარკვეული სტანდარტი დადგინდა, რაც სააპელაციო წესით, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
36.2. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიფაქიზით უნდა მიუდგეს გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან სასწორზე დგას დედა-შვილის ურთიერთობის სამართლებრივი გზით დაშორების რეალური საფრთხე. ორმა სხვადასხვა სასამართლომ განსხვავებული ინტერპრეტაციია მისცა ჰააგის კონვენციას, რაზეც საკასაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უნდა შექმნას შემდგომი პრაქტიკა ამ კატეგორიის დავებზე.
36.3. კასატორის განმარტებით, ჰააგის კონვენციის მთავარ მიზანს რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაყვანილი ან დაკავებული ბავშვის სწრაფი დაბრუნების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ხოლო მოცემულ დავაში დადგენილი არის ფაქტი, რომ ბავშვი არის არამართლზომიერად, გერმანიიდან საქართველოში გადმოყვანილი და მამის მიერ დაკავებული, რადგან საწინააღმდეგო მოპასუხემ ვერცერთ ინსტანციაში ვერ დაადასტურა, ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა არამართლზომიერად დაკავების განმხორციელებელი მხარის მოთხოვნები.
36.4. კონვენციის მე-3 მუხლი ადგენს იმ თეზას, რაც არამართლზომიერად გადაადგილებისა და დაკავების განმსაზღვრელია, რაც ცალსახად სახეზეა განსახილველ შემთხვევაში, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ აბსტრაქტული და ზოგადი მსჯელობის საფუძველზე, საწინააღმდეგო მიიჩნია და ამით უხეშად დაარღვია კონვენციის მოთხოვნები და საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.
36.5. გასაჩივრეებული გადაწყვეტილებით უხეშად დაირღვა „ბავშვის უფლებების“ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად, ბავშვი არ უნდა დაშორდეს მშობელს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა ასეთი დაშორება ემსახურება მის ინტერესებს. საინტერესოა, თუ რა ფორმით დადასტურდა ასეთი დაშორების საჭიროება და ლეგიტიმაცია, ან ეს რის საფუძველზე დაამტკიცა სააპელაციო სასამართლომ. პირველ ინსტანციაში დადგენილ ფაქტად იქნა მიჩნეული, რომ ბავშვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს გერმანია წარმოადგენდა, შესაბამისად, ამის საწინააღმდეგო მოპასუხეს არ დაუდასტურებია.
36.6. საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა, როდესაც დაადგინა, რომ ბავშვი არ აკეთებს არჩევანს მშობლებს შორის, ანუ, არ არის დედის წინააღმდეგი და, რომ ბავშვის შესაძლო განწყობა საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით, შეიძლება განპირობებული იყოს მამის გარემოში ბოლო თვეების განმავლობაში ყოფნით და არა სხვა რაიმე მიზეზით. ხაზგასასმელია ფსიქოლოგის მიერ შედგენილი მესამე, 01.12.2014 წლის დასკვნა, რომელიც ორივე მშობლის მონაწილეობით იქნა შედგენილი. საქართველოში გარკვეულ დღეებში ყოფნის პერიოდში, ბავშვის მიმართ შედგენილი ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად ასახულ გარემოებებზე უთითებს კასატორი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტის მუქად დაფერილი ნაწილი).
36.7. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, გასათვალისწინებელი იყო, რომ დედა-შვილური ურთიერთობა შეიძლებოდა გაუცხოებულიყო და ამ ურთიერთობის დანაკლისს უარყოფითად ემოქმედა ბავშვის ფსიქო-სოციალურ განწყობაზე, რაც ცუდ ეფექტს მოგვცემდა მისი სწორად აღზრდის საქმეში. ეს არგუმენტანცია სააპელაციო სასამართლოსათვის დაუსაბუთებელი აღმოჩნდა;
36.8. უსაფუძვლოა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.8 პუნქტში ჩამოყალიბებული მსჯელობა, რომ არასრულწლოვანი 2013 წლის განმავლობაში შვიდი თვე იმყოფებოდა საქართველოში და პერიოდულად მიემგზავრებოდა გერმანიაში. კასატორის მტკიცებით, საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი არის გერმანია, ხოლო ამის საწინააღმდეგო ვერც მოპასუხემ დაამტკიცა და არც სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა.
36.9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ბავშვი სწავლობს სკოლაში „კ-ა“. კასატორის მტკიცებით, მეორე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა აღნიშნულ სკოლაში ბავშვის შეყვანასთან დაკავშირებით არ არსებობს, რაც საქალაქო სასამართლოშიც დადგინდა, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა ჩაითვალოს, რომ ამით დასტურდება ბავშვის საცხოვრებელი ადგილი ან საქართველოში გადმოსვლის განზრახვა, მაშინ, როდესაც ამაზე თანხმობა დედას არ გაუცია. სახეზეა ფაქტობრივად მამის მიერ უფლების გადამეტება, ამ უკანასკნელის სურვილით, შვილის სკოლაში შეყვანა და არსებულ გარემოსთან ბავშვის მიჯაჭვება.
36.10. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან მხარეები არ არიან განქორწინებული, შვილის საცხოვრებელი ადგილი არ არის განსაზღვრული. დადგენილი ფაქტია, რომ ბავშვი დაიბადა, იზრდებოდა, ბაღში დადიოდა გერმანიაში და საქართველოში პერიოდულად იმყოფებოდა. გერმანიაში მშობლებს შორის კონფლიქტის შემდგომ, არ დაბრუნდა გერმანიაში მშობლების კონფლიქტის შემდეგ, შესაბამისად, რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი არ არის გერმანია, საქმეში არ მოიპოვება და დაუსაბუთებელია ამ ნაწილში სასამართლოს მსჯელობა.
36.11. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ 2013 წლიდან მხარეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოში გადმოსვლა, ვინაიდან ამას მოპასუხე მხოლოდ ზეპირად განმარტავს, ხოლო სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. კასატორის მტკიცებით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე 2013, 2014 წლების განმავლობაში საქართველოში ჩამოდიოდა, არ ადასტურებს, რომ დედა ბავშვის საქართველოში დარჩენის მოსურნე იყო. პირიქით, კასატორს ჰქონდა მოლოდინი, რომ მოპასუხე დაბრუნდებოდა გერმანიაში და არც შვილის დაბრუნების თვალსაზრისით შექმნიდა პრობლემას; როდესაც რეალურად შეექმნა პრობლემა და დადგა ფაქტის წინაშე, ბავშვის დედამ სასამართლოს მიმართა.
36.12. უსაფუძვლოა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.8 პუნქტის ბოლო აბზაცი, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი არ წარმოადგენს კონვენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს. სასამართლო ამ დასკვნამდე იმაზე დაყრდნობით მივიდა, რომ მხარეები არ არიან განქორწინებული და 2013 წლის მანძილზე ბავშვი სისტემატურად იმყოფებოდა საქართველოში. აღნიშნული დასკვნა შეუსაბამოა კონვენციისეულ სტანდარტთან.
36.13. უსაფუძვლოა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.9 პუნქტის პირველ აბზაცში, გადმოცემული მსჯელობა, რომლის თანახმად, სასამართლომ ღიად თქვა, რომ თუნდაც ყოფილიყო ბავშვი კონვენციით გათვალისწინებული სუბიექტი, მაინც უნდა დარჩენილიყო საქართველოში, რადგან იგი „ადაპტირებული“ იყო აქაურ ყოფასთან. ამის შემდეგ, სასამართლო მსჯელობს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 21 ნოემბრის დასკვნაზე, მაშინ, როდესაც 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნა არის ერთადერთი მტკიცებულება, როდესაც პროცესში დედაც იქნა ჩართული და არ იყო ისეთი ცალმხრივი დასკვნები წარმოდგენილი, როგორიც, სხვებთან ერთად, არის 2014 წლის 21 ნოემბრის დასკვნა, ანუ ამ შემთხვევაშიც, მოპასუხის სასარგებლო დასკვნას ეყრდნობა სასამართლო, მაშინ, როდესაც იგი მიუკერძოებელი უნდა იყოს. 21 ნოემბრის დასკვნის შემდეგ, სასამართლო 1 დეკემბრის დასკვნაზე მსჯელობს, თუმცა, გვერდს უვლის დედის სასრგებლო მსჯელობას. ამის შემდეგ, სასამართლო მსჯელობს და სრულად ეყრდნობა ფსიქოლოგთა ასოციაციის სპეციალისტების 2015 წლის 24 თებერვლის დასკვნას, რომელიც პროცესუალური დარღვევით არის საქმეზე დართული, რაც ასევე გასაჩივრებული აქვს კასატორს. კასატორის მტკიცებით, ეს დასკვნა საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილების მიღების შემდეგ არის ჩატარებული, რაზედაც დედა არ იყო ინფორმირებული და, შესაბამისად, ჩართული მის მომზადებაში. კასატორის განმარტებით, დასკვნის შედგენისას, ბავშვი სრულად მოპასუხის ოჯახურ გარემოში იმყოფება და დედა არ იყო მიწვეული. დასკვნა არც სასამართლოს მიერ არის დანიშნული და მის შედგენას არც სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა.
36.14. კასატორის განამარტებით, საკასაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს გადაწყვეტილების მე-19 გვერდზე მოცემულ გარემოებებზე, კერძოდ, სასამართლო უთითებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ 2015 წლის 11 ივნისის ფსიქოლოგიურ შეფასებაზე, სადაც წერია, რომ არ იკვეთება რაიმე სირთულე ბავშვის ფსიქო-ემოციურ ფუნქციონირებაში, თუმცა, ამის მიუხედავად, სასამართლომ საწინააღმდეგოდ იმსჯელა, ასევე ნათლად იკვეთება, რომ ბავშვს აქვს დედისადმი მიჯაჭვულობა და ახლო ურთიერთობა და, ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ დედა-შვილი დააშორა. ამავე დასკვნაში ფსქოლოგები მსჯელობენ ფსიქოლოგთა ასოციაციის 24 თებერვლის დასკვნის უვარგისობის თაობაზე. კასატორის პრეტენზიით სააპელაციო სასამართლო მსჯელობს სოციალური მომსახურების 3 ივნისის დასკვნაზე, თუმცა, ამ დასკვნის პროცესუალური საფუძვლები არ არსებობს.
37. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით, დასაშვებად ცნო საკასაციო საჩივარი სსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და საქმის არსებითი განხილვა (სსსკ-ის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები), დანიშნა 2016 წლის 5 თებერვალს, რომელიც გადაიდო იმავე წლის 11 თებერვალს (იხ. ტ.2. - 05.02.2011წ. ოქმი).
38. 2016 წლის 11 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდნენ კასატორის წარმომადგენელი, მოპასუხე და მისი წარმომადგენელი, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იურისტი.
39. კასატორის წარმომადგენელი დაეთანხმა საკასაციო განაცხადს და დამატებით განმარტა, რომ ბავშვი გერმანიიდან დედის თანხმობით არის გადმოყვანილი (შდრ. ამ განჩინების 36.3 ქვეპუნქტი), შესაბამისად, არ არის საუბარი მის გატაცებაზე, თუმცა, არასრულწლოვანი არამართლზომიერად არის დაკავებული საქართველოში, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რითაც დაარღვია ჰააგის 1980 წლის კონვენციის მე-3 მუხლი, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და „ბავშვის უფლებების“ კონვენციის მე-9 მუხლი.
40. კასატორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოხდა ბავშვისა და მშობლის დაშორების ლეგიტიმაცია და იმეორებს საკასაციო განაცხადის პრეტენზიებს (იხ. ამ განჩინების 36.2, 36.8-36.11 ქვეპუნქტები); არასრულწლოვანის დედა 2014 წლის ივნისშიც, რამდენიმე დღით, იყო საქართველოში ჩამოსული, ბავშვი ივლისში უკვე რეგისტრირებული იყო სკოლაში; დედა იმედოვნებდა, რომ შეძლებდა შვილის წაყვანას, მაგრამ ვერ შეძლო. რეალურად ფაქტის წინაშე დამდგარმა კასატორმა საკუთარი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მიმართა, რომელმაც, კონვენციის საფუძველზე, საქართველოში გადმოაგზავნა შესაბამისი მასალები და სასამართლოში დაიწყო საქმისწარმოება, მოსარჩელედ კი დედა ჩაერთო.
41. კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოს ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგის 2014 წლის 1 დეკემბრის დასკვნაზე, რომელიც ბავშვთან დედის ურთიერთობას ასახავას სამ ეტაპად (იხ. წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტი), გააკრიტიკა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბავშვი თუნდაც ყოფილიყო ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული სუბიექტი, მაინც უნდა დარჩენილიყო საქართველოში, რადგან უკვე ადაპტირებული იყო აქაურ გარემოში. კასატორმა ხაზი გაუსვა ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვების“ 2015 წლის 11 ივნისის დასკვნას, რომელშიც იკვეთებოდა დედისადმი ბავშვის მიჯაჭვულობა, იმავდროულად, მითითებული იყო მოპასუხის ინიციატივით მომზადებულ დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 24 თებერვლის დასკვნის არასანდოობაზე, რასაც ასევე ასაჩივრებს კასატორი და საკუთარი პოზიციის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სსსკ-ის 380-382-ე მუხლებზე, რომელთა მოთხოვნების უგულებელყოფით, სააპელაციო სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო.
42. კასატორის წარმომადგენელმა ასევე გააკრიტიკა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.9. პუნქტის შემაჯამებელი აბზაცი და აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, რომ გერმანიაში დაბრუნება ბავშვს ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბავშვი არ აკეთებდა არჩევანს მშობლებს შორის. წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს არ წარმოუდგენია ბავშვის გერმანიაში დაბრუნების წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება. კასატორის შეფასებით, სასწორზე დგას დედა-შვილის ურთიერთობის საკითხი, სამართლებრივი გზით მათი დაშორების რეალური საფრთხე, რაზეც საკასაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს გადაწყვეტილების მიღებისას.
43. კასატორის მოწინააღმდეგემ, საქმის ზეპირი მოსმენისას, განმარტა, რომ არ ეთანხმება საკასაციო განაცხადში მითითებულ პრეტენზიებს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და დასაბუთებული, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
44. მოწინააღმდეგის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ყველა ინსტანციაში მოსარჩელე აპელირებდა, რომ ბავშვი არის არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული, ამჟამინდელ სასამართლო სხდომაზე კასატორმა დაადასტურა, რომ არასრულწლოვანი არ არის არამართლზომიერად გადაადგილებული; რაც შეეხება მის არამართლზომიერად დაკავებას საქართველოში, საამისო არცერთი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. ბავშვი კანონიერად იმყოფება საქართველოში, არ არსებობს რაიმე დოკუმენტი დედის პოზიციის გასაზიარებლად, რომ ბავშვი არამართლზომიერად არის დაყოვნებული საქართველოში.
45. მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ბავშვი 2013 წელს, შვიდი თვის განმავლობაში მუდმივად იყო საქართველოში, დადიოდა ბაღში, რაც დასტურდება სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობით, შემდეგ იგი შევიდა სკოლაში, სადაც კარგად სწავლობს და დადებითად ხასიათდება. მშობლებმა 2013 წლის ზაფხულში გადაწყვიტეს, რომ გადმოვიდოდნენ საცხოვრებლად საქართველოში, ამ მიზნით მოპასუხე წამოვიდა საქართველოში შვილთან ერთად, რაზედაც დედაც თანახმა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არასრულწლოვანი სახელმწიფო საზღვარს ვერ გადმოკვეთავდა. დაუსაბუთებელია კასატორის პოზიცია, რომ გერმანია არის ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მაშინ, როდესაც ბავშვი ქართულ სკოლაში დადის, საქართველოს მოქალაქეა და 2014 წლის 24 აპრილის შემდეგ საქართველო არ დაუტოვებია. დედის თანხმობით ჩამოსული არასრულწლოვანი, საქართველოში დარჩა მამასთან. კასატორი რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში 2014 წლის აპრილის შემდეგ, კერძოდ ივნისში და მას არ ჰქონია რაიმე პრეტენზია.
46. მოპასუხის წარმომადგენელი სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თითქოსდა გერმანიაში სწავლის დაწყების გამო, ბავშვის წასაყვანად, ივნისში ჩამოსულ დედას, ოქტომბრამდე არაფერი მოუმოქმედებია. ბავშვი ადაპტირებულია ამ გარემოში, იზრდება თბილ ოჯახში, ჰყავს მეგობრები, თავს კარგად გრძნობს, პირიქით, მისი გამგზავრება გერმანიაში, შესაძლებელია მატრავმირებელი აღმოჩნდეს. მოპასუხის წარმომადგენელმა გერმანიაში ბავშვის სკოლაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განმარტა, რომ იქაური კანონმდებლობით, საქართველოსაგან განსხვავებულად წესრიგდება ეს საკითხი; ბავშვი, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაბამის ასაკის დადგომისთანავე, ავტომატურად რეგისტრირდება სკოლაში, რაც კანონითაა მოწესრიგებული და ამ შემთხვევაში, სკოლაში რეგისტრაციას რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა არ უნდა მიენიჭოს.
47. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ განმარტა, რომ ის მეუღლესთან შეთანხმებული იყო საქართველოში გადმოსვლასა და საცხოვრებლად დარჩენაზე, მოპასუხემ ცოლს სამუშაოც კი მოუძებნა ვალდორფის სკოლაში, დედამ შვილს თანხმობა მისცა, მიეღო საქართველოს მოქალაქეობა. კასატორი სწავლობს და თან მუშაობს, საქართველოში წამოსვლაზე თავს იკავებდა ჯერ სწავლის მომიზეზებით, თუმცა, შემდეგ პირადი ხასიათის სხვა საკითხი წარმოჩინდა (იხ. 11.02.2016წ. სხდომის ოქმი).
48. მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დედა-შვილის ურთიერთობაზე ზედამხედველობას ახორციელებდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და მათმა ფსიქოლოგმა 3 ივნისის დასკვნაში დაწერა, რომ ბავშვს მამასთან ურჩევნია ყოფნა. ამ საკითხზე კასაციაში არაფერი აქვს მითითებული კასატორს და ზეპირი განმარტებისას მისი პოზიციის დაფიქსირების გამო, საჭიროდ ჩათვალა, პასუხი გაეცა. მოწინააღმდეგემ მიუთითა, რომ საქმის მასალებში არის სამი დასკვნა, რომელთა თანახმად, სოციალური სამსახური დადებითად აფასებს მამის მიერ ბავშვის აღზრდის ფაქტს; 21 ნოემბრის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანს არ სურს გერმანიაში ხანგრძლივად დაბრუნება. ბავშვისთვის ნებისმიერი ფორმით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არის მატრავმირებელი, სანამ ის შეეგუება ახალ გარემოს და არ მიეცემა საშუალება, ორივე გარემოს მახასიათებლით განსაზღვროს ერთ-ერთის უპირატესობა. ამ მომენტისათვის მიღებული ტრავმა გასვლის ეტაპზეა. მან შეიძინა მეგობრები, დადის სკოლაში, სხვადასხვა წრეებზე, მოახდინა ადაპტაცია, შესაბამისად, გერმანიაში მისი დიდი ხნით დაბრუნება, იქნება სერიოზული ხელახლი ტრავმის მიზეზი. ეს ყოველივე მეტყველებს ბავშვის საქართველოში დარჩენის უპირატესობაზე (იხ. ამ განჩინების 24.1 ქვეპუნქტი). ასევე, დასკვნაში მითითებულია, თუ როგორ ზრუნავს მამა ბავშვზე, თუ რა თბილ გარემოში იზრდება, ასევე აღნიშნულია დასკვნაში, რომ მას აქვს მიჯაჭვულობა მამასთან, მაგრამ უყვარს დედაც. ასევე ითხოვს დარჩეს საქართველოში.
49. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, 24 თებერვლის დასკვნის (იხ. განჩინების 30-ე პუნქტი) მოპასუხის მიერ მომზადების ინიცირების მიზეზი, კერძოდ: საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ამავე ეტაპზე საქმის განხილვის დროს, ფსიქოლოგი ერთ-ერთ დასკვნაში, უთითებდა რეკომენდაციაზე, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ბავშვზე ზრუნვა თანაბრად უნდა გამოეჩინათ მშობლებს, ამ ხნის მანძილზე მოხდებოდა ფსიქოლოგთან ბავშვის თერაპია, ეს უნდა მომხდარიყო ერთი-ორი თვის მანძილზე და ამის შემდეგ დადგინდებოდა ბავშვის სურვილი, თუ სად უნდა ეცხოვრა. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული რეალურად უნდა გაეკეთებინა საქალაქო სასამართლოს, თუმცა, არ გააკეთა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 2014 წლის დეკემბერში და, ამის შემდეგ, მოპასუხემ შეასრულა ფსიქოლოგის რეკომენდაცია, 2015 წლის თებერვალში მიმართა დ. უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციას. დასკვნის მოსამზადებლად, მოპასუხემ ფსიქოლოგებს წარუდგინა საქმის მასალები, სასამართლოს გადაწყვეტილება, სოციალური მომსახურების სამსახურის დასკვნები, ბავშვის დახასიათება სკოლიდან, სკაიპის მეშვეობით, დედა-შვილის ურთიერთობის ამსახველი ვიდეო-მასალა, დაახლოებით 5-6 ჩანაწერი, შესაბამისად, დასკვნის მოსამზადებლად, სპეციალისტებს გამოსაკვლევად წარედგინათ ყველა მასალა, კასატორის მტკიცების საწინააღმდეგოდ, იგი არ მომზადებულა ცალმხრივად და სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა, მიეღო დასკვნა. ამდენად, მოპასუხის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. მოპასუხის წარმომადგენელმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ როდესაც ბავშვის დედა ჩამოვიდა გერმანიიდან და დააყენა შუამდგომლობა, რომ მასაც მისცემოდა უფლება, შვილთან ურთიერთობა ჰქონოდა, მოპასუხე დაეთანხმა. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა ბავშვის დედის შუამდგომლობა და მას განესზღვრა 2 კვირიანი ვადა, რათა მისცემოდა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის უფლება, თან წაყვანის უფლებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფსიქოლოგიური კვლევის უზრუნველსაყოფად. ამდენად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სრულად იქნა დაცული და უზრუნველყოფილი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.
მოპასუხე აცხადებს, რომ თუ კასატორი მოითხოვს, ხელახალი დაკვირვების ჩატარებას ბავშვზე, როგორ ცხოვრობს, როგორია მისი მდგომარეობა, ამაზე იგი დღესაც თანახმაა, მაგრამ მსგავსი რამ კასატორს არ მოუთხოვია.
50. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ განსახილველ დავაში მისი სამსახური ჩართულია საქმისწარმოების დაწყებიდან, იგი დეტალურად იცნობს საქმის მასალებს; ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები ამზადებენ შესაბამსი დასკვნებს, ხოლო იურისტები მონაწილეობენ სასამართლო სხდომებზე. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი ეთანხმება მისი სამსახურის სპეციალისტთა მიერ მომზადებულ ყველა დოკუმენტს, მათ შორის ფსიქოლოგის მიერ 03.06.2015წ. დასკვნას (იხ. განჩინების 14.1-14.3 ქვეპუნქტები, მე-19 პუნქტი, 29.1-29.3 ქვეპუნქტები, 32-ე პუნქტი). ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რამდენჯერმე მიიყვანეს ბავშვი მშობლებთან ერთად, სადაც მიმდინარეობდა დაკვირვება შვილისა და მშობლების ურთიერთობაზე. ბავშვს უყვარს, როგორც დედა, ასევე მამა, მაგრამ მაინც გამოვლინდა მამასთან მიჯაჭვულობა. ბოლოს, როდესაც ბავშვი დედასთან იმყოფებოდა, მათ შორის ურთიერთობის ზედამხედველობის მიზნით, ბავშვს გაუჭირდა მამის გარეშე. დედას არ მიჰყვებოდა, თუ მამა არ იქნებოდა იქ. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც ბავშვმა პირადად დაურეკა წარმომადგენელს, ატირებულმა, და სთხოვა მამასთან წაყვანა, ჰკითხა, ხომ შეიძლებოდა ღამე მამასთან ყოფილიყო და დღე დედასთან წასულიყო. ასეთი შემთხევვა ორჯერ დაფიქსირდა. სასამართლოს მოეხსენება, რომ ამავე სამსახურს აქვს კანონით მინიჭებული სააღსრულებო ფუნქცია, შესაბამისად, სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც აღუსრულებელი არ დარჩება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოსაზრების, მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეფასების, საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო პრეტენზიის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს შემდეგი მოტივაციის გათვალისწინებით:
51. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
52. საკასაციო სასამართლო, საკასაციო პრეტენზიაზე მსჯელობისას, ყურადღებას ამახვილებს ჰააგის 1980 წლის კონვენციის მიზნებზე, რათა განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას, „ბავშვის უფლებათა“ კონვენციით გაცხადებული არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების შესატყვისად, სამოქალაქო საპროცესო სპეციალური ნორმების დაცვით, განავითაროს მსჯელობა და დაასაბუთოს დასკვნები.
53. ჰააგის 1980 წლის კონვენცია, პირველ რიგში, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „სტატუს ქვოს“ აღდგენას, როდესაც ითხოვს „უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების დაბრუნებას ყველა ხელშემკვრელ ქვეყანაში“, (იხ. კონვენციის თაობაზე ელიზა პერეზ-ველეს განმარტებითი მოხსენება - b. კონვენციის მიზნები, პ.16) ამასთან, „ერთი, მხრივ, ნათელია, რომ კონვენცია არ ეხება მეურვეობის უფლების არსს (მუხლი 19), მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე აშკარაა, რომ ბავშვის გადაადგილებისა და დაუბრუნებლობის კვალიფიცირება უკანონო ქმედებად, განპირობებულია მეურვეობის უფლებით, რაც იურიდიულ შინაარსს ანიჭებს იმ ქმედებების გამო შეცვლილ სიტუაციას, რომელთა თავიდან აცილებასაც ჩვენ ვცდილობთ“ (დასახელებული განმარტებითი მოხსენება - პირველი ნაწილი, კონვენციის ზოგადი მახასიათებლები, პ.9), „ამრიგად, კანონზომიერი იქნება დავასკვნათ, რომ კონვენციის ორივე მიზანი, ერთი პრევენციული, ხოლო მეორე – მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებელი რეინტეგრაციისაკენ - მთლიანობაში პასუხობს "ბავშვის ინტერესების უზენაესობის" კონცეფციას. თუმცა, ამ თვალსაზრისითაც კი, უნდა დავუშვათ, რომ ბავშვის გადაადგილება შეიძლება ზოგჯერ ობიექტური მიზეზებით იქნეს გამართლებული, რომლებიც უკავშირდება ან მის პიროვნებას ან მისთვის უახლოეს გარემოს. შესაბამისად, კონვენცია უშვებს ზოგიერთ გამონაკლისს უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით სახელმწიფოების მიერ აღებული ზოგადი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. მეტწილად ეს გამონაკლისები წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტულ გამოხატულებას იმ მეტისმეტად ბუნდოვანი პრინციპისა, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვის ინტერესების დაცვა წარმმართველი კრიტერიუმია ამ სფეროში“ (იხ. ციტირება საქმიდან „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, [საჩივარი N 2361/13] სტრასბურგი, 2015 წლის 21 ივლისი, გადაწყვეტილება,საბოლოო გახდა 21/10/2015).
54. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზიების განხილვისას, დადგენილია, რომ ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია მართლზომიერი საფუძვლით, იგი დედის თანხმობით ჩამოიყვანა მამამ, შესაბამისად, ჰააგის 1980 წლის კონვენციით დადგენილი საერთაშორისო გატაცების საკითხი ბავშვის მიმართ არ იხილება. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომელიც წინამდებარე განჩინების 27-ე პუნქტშია ასახული, სრულიად დასაბუთებულია, რაც ასევე დაადასტურა თავად კასატორის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას (იხ. ამ განჩინების 39-ე პუნქტი), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო გაბათილებულად მიიჩნევს საკასაციო საჩივრის პრეტენზიას, რომ დადგენილია ფაქტი ბავშვის გერმანიიდან საქართველოში არამართლზომიერად გადმოყვანის შესახებ (იხ. ამ განჩინების 36.3 და 36.4 ქვეპუნქტები). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია, არასრულწლოვანის საქართველოში ყოფნის მართლზომიერება, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა და დასკვნების გაანალიზება, რათა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სამართლებრივად შეფასდეს კასატორის პრეტენზია იმ კონტექსტში, რომ ბავშვი არამართლზომიერად არის დაკავებული საქართველოში.
55. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიქტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72)
56. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოდავე მხარეები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, უთითებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობაზე, რაც სასამართლოს არწმუნებს, რომ მშობლები სწორედ არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებენ წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულებისას და თითოეული მათგანი შვილის უპირატეს ინტერესს აღიარებს.
57. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე: „ჰააგის კონვენციის მიხედვით, დაბრუნების მოთხოვნის კონტექსტში, რომელიც შესაბამისად გამიჯნულია მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისაგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფცია უნდა შეფასდეს ჰააგის კონვენციით დაშვებული გამონაკლისების მიხედვით, რომელიც გულისხმობს დროის გასვლას (მუხლი 12), კონვენციის გამოყენების პირობებს (მუხლი 13 § a) და სერიოზული რისკების არსებობას (მუხლი 13 § b). ასევე, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობა, რაც გულისხმობს ფუნდამენტური თავისუფლების და ადამიანთა უფლებების დაცვას (მუხლი 20). ეს დავალება, პირველ რიგში, ეკისრება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს, სხვა დანარჩენთან ერთად, მხარეებთან პირდაპირი ურთიერთობის უპირატესობა. მე-8 მუხლთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების დროს, ეროვნული სასამართლოები სარგებლობენ შეფასების ზღვრით, რომელიც საბოლოოდ ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას. მაშასადამე, სასამართლო კომპეტენტურია განიხილოს ეროვნული სასამართლოების მიერ ჩატარებული პროცედურა, კერძოდ, დაადგინოს, ეროვნული სასამართლოები ჰააგის კონვენციის გამოყენებისა და განმარტების დროს, რამდენად იცავდნენ კონვენციის გარანტიებს, განსაკუთრებით მე-8 მუხლთან დაკავშირებულს. ევროპული და ჰააგის კონვენციის ჰარმონიული განმარტება შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ხდება ორ პირობაზე დაკვირვება. პირველ რიგში, ფაქტორები რომლებსაც შეუძლიათ დაუშვან გამონაკლისი ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით, აღნიშნული კონვენციების მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების გამოყენებით, კონკრეტულად იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი აღზრდილია სამართალწარმოების რომელიმე მხარის მიერ, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მოთხოვნის ადრესატი სასამართლოს მიერ. ამ სასამართლომ უნდა მიიღოს ამ საკითხზე საკმარისად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რათა საშუალება მისცეს ევროპულ სასამართლოს დაადგინოს, რომ ეს საკითხები ეფექტურად იქნა განხილული. მეორეს მხრივ, აღნიშნული ფაქტორები უნდა შეფასდეს კონვენციის მე-8 მუხლის გათვალისწინებით და ამ მხრივ კონვენციის მე-8 მუხლი ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს კონკრეტულ პროცედურულ მოვალეობებს: როცა განიხილება საჩივარი ბავშვის დაბრუნების შესახებ, სასამართლომ არ უნდა განიხილოს მხოლოდ არგუმენტირებული მტკიცება ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, არამედ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი მიზეზების დასახელებით, გამომდინარე საქმის კონკრეტული გარემოებებიდან. ორივე შემთხვევა, პროტესტების არ გათვალისწინება დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ დაკვალიფიცირდნენ ჰააგის კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების ფარგლებში და გადაწყვეტილების შედეგად არასაკმარისი დასაბუთებით ამ პროტესტების უარყოფა ეწინააღმდეგება კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს, ისევე, როგორც ჰააგის კონვენციის მიზანს და დანიშნულებას. აუცილებელია სათანადოდ გათვალისწინება იმ არგუმენტების, რომლებიც მოყვანილია ეროვნული სასამართლოების დასაბუთებაში, რომლებიც არაა ავტომატური და სტერეოტიპული, არამედ ჰააგის კონვენციის მიერ დაშვებული გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც უნდა განიმარტოს, არის საკმარისად დეტალური. ეს ასევე საშუალებას მისცემს სასამართლოს, რომლის მოვალეობა არაა ეროვნული სასამართლოების ადგილის დაკავება, განახორციელოს ევროპული ზედამხედველობა, რომელიც მასზე არის მინდობილი. დამატებით იმ პრინციპებისა, რომლებიც აღნიშნულია ზემოთ, სასამართლომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ოჯახური ცხოვრების ეფექტურად დაცვა მოითხოვს, რომ მშობელსა და ბავშვს შორის მომავალი ურთიერთობა იყოს განსაზღვრული მნიშვნელოვანი განხილვის და არა უბრალოდ დროის გასვლის ფაქტორის საფუძველზე (იხ.Maumousseau and Washington v. France , no. 39388/05, § 73, 6 December 2007; Lipkowsky and McCormack v. Germany (dec.), no. 26755/10, 18 January 2011 დაDiamante and Pelliccioni v. San Marino, no. 32250/08, § 177, 27 September 2011)[ „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, (საჩივარი N 2361/13)]“.
58. წინამდებარე განჩინების 56-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეფასების საგანია ის მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც მოდავე მხარეებმა წარმოადგინეს, ასევე საქმის მასალებში განთავსებული სპეციალისტთა დასკვნები, რომელთა ერთობლივი ანალიზით, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3, მე-8 მუხლებზე დაყრდნობით, უნდა გადაწყდეს საქართველოში მართლზომიერად ჩამოსული ბავშვის მამასთან ყოფნა არღვევს თუ არა ჰააგის კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის სტანდარტს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის არამართლზომიერი დაკავების მავნე შედეგების არიდება.
59. კასატორის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, რომ ბავშვი დედის თანხმობით ჩამოვიდა საქართველოში 2-3- კვირით (იხ. ამ განჩინების 24.5 და 36.4. ქვეპუნქტები, 39-ე პუნქტი), სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ 2014 წლის 23 აპრილს, ბავშვი საქართველოში მამამ ჩამოიყვანა განსაზღვრული ვადით; მტკიცებულებები ადასტურებს, რომ საქართველოში ბავშვის პერიოდულად ყოფნა ჩვეულებრივი საკითხია და ეფუძნებოდა მშობელთა შეთანხმებას, კერძოდ, ბავშვი 2009 წლიდან მოყოლებული, დროდადრო, რამდენიმე თვე იმყოფებოდა საქართველოში; 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით (რამდენიმე თვისა და დღის გამოტოვებით), არასრულწლოვანი საქართველოში სწავლობდა ბაღში, ხოლო 2014 წლის 4 სექტემბრიდან კი - სკოლაში. დედამ 2014 წლის 6 იანვარს, სანოტარო წესით დადასტურებული თანხმობა გასცა შვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. ამ განჩინების 26-27 პუნქტები), რაც დაფუძნებულია მხარეთა განმარტებებსა და სხდომის ოქმებში ასახული პოზიციების გაანალიზებასა და შეჯერებაზე (სსსკ-ის 407-ე მუხლი); სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მამასთან ერთად, 2014 წლის 23 აპრილს, ბავშვის საქართველოში ჩამოსვლიდან, ორი თვის შემდეგ, კასატორი ივნისის ბოლოს იმყოფებოდა საქართველოში, მოინახულა შვილი და დაბრუნდა გერმანიაში, ხოლო ოქტომბრამდე რაიმე პრეტენზია, რომ შვილის ნახვის უფლება არ მისცეს დედას ან არ გაატანეს ბავშვი გერმანიაში, მამას არ ჰქონდა არასრულწლოვანის მეურვეობის უფლება, მას არ გამოუთქვამს; მხოლოდ 2014 წლის ოქტომბერში, გერმანიის იუსტიცის სამინისტროსადმი მიმართვით დაიწყო ბავშვის დედამ არასრულწლოვანის დასაბრუნებლად ღონისძიებების გატარება, თუმცა, მარტოოდენ ზეპირი განმარტების გარდა, მას არ დაუსაბუთებია, რომ ლიმიტირებული დროით დაეთანხმა მეუღლეს, საქართველოში წაეყვანა ბავშვი. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მეგობარი გერმანიის სახელმწიფოს მომართვის შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადში თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი დაფიქსირებულია, რომ დედა ვეღარ ახორციელებს ბავშვზე მეურვეობის უფლებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია არასრულწლოვანის დედის პოზიცია, თუ რით იყო განპირობებული საქართველოში თითქოსდა არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების სამართლებრივი პროცედურები; თუკი ეს სასწავლო პროცესს უკავშირდება, როგორც ამას კასატორი უთითებს, მაინც არადამაჯერებელია ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა არასრულწლოვანის ჩვეული გარემოსაგან მოწყვეტა და მისი გადაყვანა ამ ეტაპზე უცხო გარემოში, უკვე დაწყებულ სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებული ფსიქო-ემოციური ფაქტორების გაუთვალისწინებლად. წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთად, სასამართლოს შინაგანი რწმენის გამყარებას ხელს უწყობს მოპასუხის თანმიმდევრული პოზიცია საქმისწარმოების თითოეულ ეტაპზე (სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც ასევე აისახა საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც, ამასთან, ბავშვის მამამ დელიკატურად განმარტა ის მიზეზი, რის გამოც მისმა მეუღლემ შეცვალა საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის განზრახვა (იხ. 11.02.2016წ. სხდომის ოქმი და ამ განჩინების 47-ე პუნქტი), რაც არ გაუპროტესტებია კასატორის წარმომადგენელს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ თავად კასატორმა, საკუთარი წერილობითი პრეტენზიისაგან განსხვავებით, საქმის საკასაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენისას, დაადასტურა, რომ არ იყო სადავო ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილება, არამედ საკითხი ეხებოდა მის არამართლზომიერ დაკავებას საქართველოს ტერიტორიაზე მამის მიერ (შდრ. წინამდებარე განჩინების 36.3., 36.4. ქვეპუნქტებსა და 39-ე პუნქტში კასატორის მიერ დაფიქსირებული პოზიცია).
60. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს, რომ არასრულწლოვანი არ წარმოადგენს, ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს (იხ. ამ განჩინების 27-ე პუნქტი), ამასთან, მნიშვნელოვნად მიაჩნია იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასკვნაზეც, რომელშიც ასახულია, რომ ზემოხსენებული კონვენციის საფუძველზე, არასრულწლოვანის საქართველოში არამართლზომიერად დაკავების დადგენის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა ბავშვის გერმანიაში დაბრუნების საფუძველი, რადგან იგი ადაპტირებული იყო არსებულ გარემოსთან, მიჯაჭვული იყო მამაზე და არსებობდა სერიოზული რისკი, რომ გერმანიაში გამგზავრება ბავშვს ფსიქოლოგიიურ საფრთხეს შეუქმნიდა, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა კონვენციის მიზნებთან (იხ. ამ განჩინების 28-ე პუნქტი). კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ მსჯელობასაც აკრიტიკებს (იხ. წინამდებარე განჩინების 36.13 ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციის უზენაესობა ყოველთვის გადასწონის მშობლის უფლებასა და ინტერესს, თუმცა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვისა და მშობლის დაშორების ლეგიტიმაციად, როგორც ამას კასატორი აცხადებს (იხ. ამ განჩინების 36.2. ქვეპუნქტი და მე-40 პუნქტი), რადგან „ძალიან სერიოზული ჩარევაა ოჯახის გახლეჩა“ (იხ. ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ - Olsson v. Sweden, /No.1/, #10465/83, სერია ა, No. 130, 24.3.88, par. 72), რაც განსახილველი დავის საგანი არ არის.
61. „უკანონოდ დაკავებული“ ბავშვების მოხსენიება გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი არ იმყოფება თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (იმ პირის თანხმობით, რომელიც, როგორც წესი, ახორციელებს მასზე მეურვეობას) და პირი, ვისთანაც იგი იმყოფება, არ აბრუნებს მას. ეს არის ტიპიური სიტუაცია, რომელსაც ადგილი აქვს, როდესაც ბავშვის გადაადგილება ნახვის უფლების არამართებული გამოყენების შედეგია (იხ. კონვენციის თაობაზე ელიზა პერეზ-ველეს განმარტებითი მოხსენება - b.ქვეპუნქტი a, პ.57). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჰააგის კონვენცია მეურვეობისა და ნახვის უფლებებს მიჯნავს, „კონვენცია ცალსახად ანიჭებს უპირატესობას იმ იდეას, რომ ნახვის უფლება წარმოადგენს მეურვეობის უფლების ბუნებრივ კომპენსაციას და მასზე უფლებაც, შესაბამისად, იმ მშობელს უნდა ჰქონდეს, რომელიც მეურვეობის უფლებას მოკლებულია (იხ. კონვენციის თაობაზე დასახელებული განმარტებითი მოხსენება - პ.26). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე, კასატორს არ განუცხადებია პრეტენზია, რომ ბავშვის მამას არ ჰქონდა მეურვეობის უფლება, ამასთან, არასრულწლოვანის საქართველოში ცხოვრების პერიოდში ბაღში და სკოლაში სიარული, სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესს პასუხობს და ბუნებრივია, რომ დედა არ აცხადებდა ამაზე პრეტენზიას. ამავე კონტექსტში, საკასაციო სასამართლოს, ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის პრეტენზიები ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 36.5, 36.8-36.10 ქვეპუნქტები, მე-40 პუნქტი). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომ რადგან ბავშვი როგორც საქართველოს, ისე გერმანიის მოქალაქეა, ამასთან მეუღლეები განქორწინებული არ არიან, განსაზღვრული არ არის ბავშვის საცხოვრებელი ადგილი (იხ. განჩინების 27-ე პუნქტი). ის ფაქტი, რომ დაინტერესებულ პირებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობა, სრულებით არ გულისხმობს, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო მასშტაბის შემთხვევასთან, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს კონვენცია (იხ. კონვენციის ზემოხსენებული განმარტებითი მოხსენება -პირველი მუხლი- კონვენციის ამოცანები, პ.56) ჩვეული საცხოვრებელი გარემოს საკითხი განსაკუთრებით საგულისხმოა არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესების შესაფასებლად, რადგან „ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“ (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.) თუმცა, საუკეთესო ინტერესების შეფასებისას, მნიშვნელოვანია, ეროვნულმა სასამართლოებმა შეაფასონ არასრულწლოვანის ემოციური, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება არსებულ ვითარებასთან, გათვალისწინებული იქნეს ნებისმიერი ცვლილება უკვე ადაპტირებულ გარემოში, ასეთ შემთხვევაში კი, ჩვეულ საცხოვრებელ გარემოდ არ მიიჩნევა კონვენციის მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (დომიცილი), მისგან განსხვავდება ჩვეული საცხოვრებელი ადგილი, როგორც წმინდად ფაქტობრივი გარემოება(იხ. კონვენციის ზემოხსენებული განმარტებითი მოხსენება, b. იურიდიული ფაქტორი, პ.66).
62. ჩვეული საცხოვრებელი გარემოს შეფასებისას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის პრეტენზიებზე, რომლებიც ფსიქოლოგ-სპეციალისტთა დასკვნებს ეხება და ასევე გასაჩივრებულ საოქმო განჩინებას (იხ. ამ განჩინების 36.1, 36.6, 36.7, 36.13, 36.14 ქვეპუნქტები და 41-ე პუნქტი). კასატორის მოსაზრებით, სასმართლომ უსაფუძვლოდ დაურთო საქმეს მოპასუხის მიერ მომზადებული ფსიქოლოგთა ასოციაციის 24.02.2015 წ. დასკვნა, რითაც დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი და საპროცესო ნორმები, სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენის შესახებ (სსსკ-ის 380-382-ე მუხლები). კასატორის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე, მოპასუხის ინიციატივით, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღმწერი დასკვნის მიღებით არ დარღვეულა საპროცესო ნორმები და მტკიცებულების მიღების უფლებამოსილება სასამართლოს ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი განსაზღვრულია სსსკ-ის XLIII თავით და განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას, სასამართლო ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტებითაა აღჭურვილი, რაც დასადგენ გარემოებათა წრის სასამართლოს ინიციატივით განსაზღვრაში და მტკიცებულებათა გამოთხოვაში გამოიხატება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას (ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი), სასამართლომ მიიღო მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომლის მომზადების მიზანი მოწინააღმდეგემ ფსიქოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე განმარტა, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, დედის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა, რომელმაც, საქართველოში ჩამოსულმა, ითხოვა შვილთან ურთიერთობაზე დაკვირვების მიზნით, ორი კვირით ბავშვის წაყვანა; აღნიშნულ შუამდგომლობას მოწინააღმდეგეც დაეთანხმა (იხ. ამ განჩინების 49-ე პუნქტი). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უზურნველჰყო მხარეთა შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების (სსსკ-ის მე-4, მე-5 მუხლები) დაცვა განსახილველ დავაში, შეესაბამისად, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
63. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ასევე კასატორის პრეტენზიას (იხ. ამ განჩინების 36.14 ქვეპუნქტი) და აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა, მისივე საუკეთესო ინტერესებითაა ნაკარნახევი, ამასთან, საქართველოში დედის ჩამოსვლისას, მშობლისა და არასრულწლოვანის ურთიერთობის დაკვირვებისა და შეფასების მიზნით მომზადდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ 03.06.2015წ. დასკვნა (იხ. ამ განჩინების 32-ე პუნქტი).
64. ჰააგის 1980 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მსჯელობისას (იხ. ამ განჩინების 24.9 ქვეპუნქტი), სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იმ ვარაუდის დაშვების შემთხვევაშიც, რომ ბავშვი არამართლზომიერად იყო დაკავებული საქართველოს ტერიტორიაზე, მაინც არ არსებობდა მისი გერმანიაში დაბრუნების საფუძველი (იხ. ამ განჩინების 28-33 პუნქტები). საკასაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული დასკვნის გაზიარება ეფუძნება საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა განმარტებების, სპეციალისტების მოსაზრებათა ერთობლიობით გაანალიზებასა და შეფასებას ბავშვის საუკეთესო ინტერესის კონცეფციის კონტექსტში. საკასაციო სასამართლოსათვის წინამდებარე განჩინების მიღებისას, ამოსავალი ღირებულებაა არასრულწოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ფსიქოლოგის მიერ შეფასდა, კერძოდ: „არ იკვეთება არცერთ ეტაპზე ფსიქოლოგიური ძალადობის ან არასრულწლოვნის ფსიქიკისათვის მატრავმირებელი კვალი“ (იხ. ამ განჩინების მე-19, 30-ე პუნქტები), აღნიშნული დასკვნა აბათილებს კასატორის პრეტენზიას, რომ სახეზეა ფაქტობრივად მამის მიერ უფლების გადამეტება და არსებულ გარემოსთან ბავშვის მიჯაჭვება (იხ. განჩინების 36.9 ქვეპუნქტი). არასრულწლოვანის ფსიქიკისათვის ნებისმიერი მატრავმირებელი ვითარების არიდება ორივე მშობლის ზრუნვის საგანია, მოცემულ შემთხვევაში, გამოკვეთილია, რომ ბავშვს უყვარს მშობლები, თუმცა, უპირატესობას ანიჭებს მამასთან ყოფნას, რაც დადასტურებულია სპეციალისტთა მიერ არაერთხელ მომზადებული დასკვნით (იხ. განჩინების 14.1-14.3 ქვეპუნქტები, მე-19 პუნქტი, 29.1- 29.3 ქვეპუნქტები, 30-32 პუნქტები, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს იურისტის პოზიცია - პ.50).
65. წინამდებარე განჩინების მიღებისას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის მამის კანონისმიერი და ზნეობრივი მოვალეობაა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, კვლავაც შეუწყოს ხელი დედისა და შვილის ურთიერთობას, რათა შენარჩუნებული იქნეს არასრულწლოვანისათვის ჰარმონიული ოჯახური გარემო, რომელშიც ბუნებრივია დედა და მამა, ასევე, ოჯახის სხვა წევრებიც არიან ჩართული.
66. ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება, რაც მისი უცვლელად დატოვებისა და წარმოდგენილი საკასაციო განაცხადის უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 399-ე, 257.1-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის საოქმო განჩინება საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე;
3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე