გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-36-კ.ს-03 23 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003წ. 14 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სს “თ-ის” ყოფილმა დირექტორის მოადგილე თ. კ-ემ და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინების მიღება საქართველოს სახელმწიფო მართვის სამინისტროს 2003წ. 7 თებერვლის ¹1/3/122 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ, ასევე დამატებით მოთხოვნად მიუთითა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსათვის კონკურსის ჩატარების აკრძალვა, რომელიც დანიშნული იყო 2003წ. 18 მარტს და ეხებოდა სს “თ-ის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის (100%) ათი წლისწ ვადით მართვის უფლების გადაცემას.
შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა შემდეგს:
1) ქონების მართვის სამინისტროს 2003წ. 7 თებერვლის ¹1/3/122 ბრძანებით დამტკიცებული საინფორმაციო ცნობა ზემოთმითითებული კონკურსის გამოცხადების თაობაზე შედგენილია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 31 მარტის ¹1-3/54 ბრძანებით დამტკიცებული დებულების _ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ” პირველი მუხლის მე-2, მე-5, მე-6 ნაწილებისა და მეორე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით კერძოდ, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ საწარმოს.
2) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 7 თებერვლის ¹1-3/122 ბრძანება შედგენილია და გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად გათვალისწინებული წესისა და პირობების დარღვევით, რის გამოც შეილახება როგორც შუამდგომლობის ავტორის, კონსტიტუციური უფლება მონაწილეობა მიიღოს გამოცხადებულ კონკურსში, ასევე სახელმწიფო ინტერესი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 მარტის განჩინებით განმცხადებელს, სს “თ-ის” ყოფილ დირექტორის მოადგილეს თ. კ-ის შუამდგომლობაზე _ ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე დროებითი განჩინების მიღების შესახებ ეთქვა უარი შემდეგი საფუძვლებით: განმცხადებელს მის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში არა აქვს დასაბუთებული თუ რამდენად გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოუყენებლობა და დროებითი განჩინების მიუღებლობა.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობაში არ არის მითითებული დასაბუთებული ეჭვი ადმინისტრაციული აქტის კანონიერება-უკანონობის თაობაზე, ასევე იმის თაობაზე, თუ რა არსებით ზიანს მიაყენებს მხარეს ადმინისტრაციული აქტის გადაუდებელი აღუსრულებლობა და ზემოაღნიშნული გახდის თუ არა შეუძლებელს მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო კოლეგია, ზემოაღნიშნულ გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ არც ის გარემოება დასაბუთებულ თუ მომავალში აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება რა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მხარის ინტერესებს, 2002წ. 17 მარტის განჩინებით უარი უთხრა თ. კ-ეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რაზეც ამ უკანასკნელმა 2003წ. 24 მარტს შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე დაყრდნობით:
სასამართლო კოლეგიის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან შუამდგომლობაში დასაბუთებულადაა აღნიშნული, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2003წ. 7 მარტის ¹1-3/122 ბრძანება მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის მიღების პირობების დარღვევით, ასევეა, მითითებული რომ საკონკურსო პირობები მიღებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 31 მარტის ¹1-3/154 ბრძანებით დამტკიცებული დებულების “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ” პირველი მუხლის მე-2, მე-5, მე-6; მეორე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2003წ. 7 თებერვლის ¹1-3/122 ბრძანებით (რომლის მოქმედების შეჩერებასაც იგი ითხოვდა შუამდგომლობით) შეეზღუდა კონკურსში მონაწილეობის უფლება, ხოლო დროებითი განჩინების მიღების შემთხვევაში შეტანილი იქნებოდა კონკურსის პირობებში ცვლილებები და მასაც მიეცემოდა საშუალება მონაწილეობა მიეღო კონკურსში.
კერძო საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული იმ გარემოებაზე რომ საკონკურსო პირობები არის კაბალური, მასში ჩადებულია პირობა 20 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციის ან რეინვესტიციის განხორციელების შესახებ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 22 აპრილის ¹257 ბრანებულების პირველ პუნქტს.
კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მოქმედი კანონდმდებლობის შესაბამისად, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საწარმოების ქონების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს 1-დან 4 თვემდე ვადაში, ხოლო ქონების მართვის სამინისტრომ განისაზღვრა მინიმალური ვადა, რითაც მოესპო შესაძლებლობა დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს მიეღოთ მონაწილეობა კონკურსში.
კერძოO საჩივრის ავტორის მითითებით, ვინაიდან კონკურსის შედეგები მისი უკანონობის გამო ცნობილი იქნება უკანონოდ, შემდეგ თუნდაც არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილება მიყენებული ზიანის ანაზღაურება შეუძლებელი გახდება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 მარტის განჩინებით სს “თ-ის” ყოფილი დირექტორის მოადგილის თ. კ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სს “თ-ის” ყოფილი დირექტორის მოადგილის თ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას კერძო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ დააბრკოლებს საქმის განხილვასა და გადაწყვეტას.
ამავე დროს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ურთიერთწინააღმდეგობაშია აქციათა მართვის უფლებით გადაცემის მიზნები და საკონკურსო პირობები, რის გამოც შეუძლებელია გაირკვეს რა წარმოადგენს აქციათა მართვის უფლებით გადაცემის მიზანს. თავად განმცხადებელი არ განმარტავს, თუ რა წინააღმდეგობაა კონკურსის პირობებსა და აქციათა მართვის უფლების გადაცემის მიზნებს შორის. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 2003წ. 11 თებერვალს გაზეთ “ს. რ-ში” გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სს “თ-ის” აქციათა პაკეტის მართვის უფლების გადაცემის მიზნით კონკურსის გამოცხადების შესახებ სრულად გარკვევითა და კონკრეტულად არის მითითებული აქციათა მართვის უფლების გადაცემის მიზნები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ინფორმაციაში მითითებულ მიზნებსა და საკონკურსო პირობებს შორის რაიმე წინააღმდეგობა არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლო კოლეგიას და თვლის, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში სარჩელის აღძვრამდე დროებითი განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2003წ. 7 თებერვლის ¹1-3/122 ბრძანების შეჩერებისა და ამ უკანასკნელისათვის კონკურსის ჩატარების აკრძალვის შესახებ არ არის დასაბუთებული თუ რამდენად გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის დროებითი განჩინების მიუღებლობა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, არ არის დასაბუთებული და დაზუსტებული, თუ რა ზიანი მიადგა განმცხადებელს ან სახელმწიფოს ზემოთ აღნიშნული ბრძანების მიღებისთანავე და მომავალში მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება რა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მის ინტერესებს.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ დროებითი განჩინების მიღების შემთხვევაში შეტანილი იქნებოდა კონკურსის პირობებში ცვლილებები, რადგან კერძო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე გარემოებაზე, რაც შეიძლება ამგვარი დასკვნის საფუძვლად მიჩნეულიყო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინფორმაცია სს “თ-ის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციათა პაკეტის (100%) მართვის გადაცემაზე კონკურსის გამოცხადების თაობაზე გამოქვეყნებული იქნა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში – კონკურსის ჩატარებამდე ერთ თვეზე მეტი ხნით ადრე.
აღნიშნული გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “თ-ის” ყოფილი დირექტორის მოადგილის თ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 17 მარტის და 2003წ. 25 მარტის განჩინებები.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.