საქმე №ას-916-857-2017 23 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე და
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განიხილა მ. მ-ის კერძო საჩივარი დ. ჯ-ას, ჟ. კ-ას, მ. ქ-ას, ბ. კ-ასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებაზე. მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა განჩინებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის განჩინება.3. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. მ-ემ და მოითხოვა განჩინების აღწერილობითი ნაწილის მეშვიდე სტრიქონში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ბინა #13-ის ნაცვლად დაფიქსირებულია ბინა #10.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
5. 2018 წლის 13 თებერვალს საკასაციო სასამართლოში განმეორებით წარმოადგინა განცხადება მ. მ-ემ და მოითხოვა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ბინა #13-ის ნაცვლად დაფიქსირებულია ბინა #10.
6. საკასაციო პალატა მ. მ-ის განცხადების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. განმცხადებლის მიერ წამოყენებული პრეტენზია უზენაესი სასამართლოს განჩინების უსწორობის გასწორების შესახებ, ამავე მხარის მიერ ადრე წარმოდგენილი და უკვე განხილული განცხადების იდენტურ გარემოებაზე უთითებს, რაც საკასაცო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან განმცხადებლის მიერ უსწორობის გასწორების გარემოებად მითითებული საფუძველი ვერ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დანაწესს. განსახილველ შემთხვევაში მ. მ-ის განცხადება იმავე საფუძვლებსა და არგუმენტებს ეყრდნობა, რაც უკვე განხილული და უარყოფილია საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, ამდენად წარმოდგენილი განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
განუხილველად დარჩეს მ. მ-ის მიერ 2018 წლის 13 თებერვალს განმეორებით წარმოდგენილი განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩვრდება.მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი