Facebook Twitter

საქმე #ას-982-914-2017 14 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი. კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის განცხადების გამო მხარდაჭერის საჭიროების განსაზღვრისა და მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. კ-ის განცხადება მოსამართლის აცილების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით ი. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ი. კ-მა დადგენილ ვადაში მომართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება ხარვეზის არარსებობის გამო, ამასთან იშუამდგომლა მოსამართლე ბ.ალავიძის აცილების თაობაზე. აღნიშნული შუადგომლობა დასაბუთებულია იმით, რომ ხარვეზის დადგენით მოსამართლემ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. კ-ს არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მოსამართლის აცილების თაობაზე, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე-34-ე მუხლებზე, რომელთა თანახმადაც, მხარეებს შეუძლიათ წერილობით განაცხადონ აცილება. განცხადება აცილების შესახებ მოტივირებულ უნდა იქნეს და გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს; თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველ ნაწილში კი განსაზღვრულია მოსამართლის აცილების საფუძვლები: მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში და ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.

აღნიშნული ნორმა პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, მოსამართლე აცილებულ უნდა იქნას საქმის განხილვისაგან. განსახილველ შემთხვევაში კი, მხარე აცილების საფუძვლად უთითებს მოსამართლის მიერ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენას და ამით კანონის არასწორად განმარტებას, რაც უსაფუძვლოა და არ შეიძლება გახდეს მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე, 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ის შუამდგომლობა მოსამართლე ბესარიონ ალავიძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე