Facebook Twitter

საქმე ა-2631-შ-65-2016 24 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

შუამდგომლობის ავტორი – ა. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ფ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. ფ-ეს ა. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სხვისი ფულადი თანხების სარგებლობისთვის პროცენტების გადახდა 2014 წლის 18 აგვისტოდან 2015 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში, 263 543 რუბლისა და 20 კაპიკის ოდენობით, ასევე საქართველოში მოსარჩელის ინტერესების წარმოდგენასთან დაკავშირებული ხარჯი - 514 923 რუბლისა და 80 კაპიკის ოდენობით, სულ 778 467 (შვიდას სამოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდაშვიდი) რუბლი.

2. ა. შ-ის წარმომადგენელმა დ. კ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობაზე დართული რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 26 მაისს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით ა. შ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. 2016 წლის 5 აგვისტოს მოწინააღმდეგე მხარემ - მ. ფ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების ცნობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა, ამასთან, განმარტა, რომ იგი სათანადო წესით არ ყოფილა ინფორმირებული რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის სხდომის შესახებ, რომელზეც სასამართლომ მის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, შესაბამისად, დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 30 ივლისის გზავნილით.

6. მოწინააღმდეგე მხარემ სადავო გახადა ასევე რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მისთვის თანხების დაკისრების კანონიერება, მისი განმარტებით, რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მას დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების გადახდა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ცნო და სააღსრულებო ფურცელი გასცა 2015 წლის 9 სექტემბერს. 2015 წლის 7 ოქტომბერს მას გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ და მან დადგენილ 7-დღიან ვადაში, 2015 წლის 12 ოქტომბერს, ნებაყოფლობით აღასრულა იგი. შესაბამისად, მას გადაწყვეტილების აღსრულების ვადები არ დაურღვევია. თუმცა, მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებით, აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაშიც კი, შუამდგომლობის ავტორი შეიძლება შედავებოდა მას მხოლოდ 2015 წლის სექტემბრიდან 2015 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდზე (იმ დღიდან, რაც გადაწყვეტილების არსებობა გახდა მისთვის ცნობილი - ამ გადაწყვეტილების მის მიერ აღსრულებამდე).

7. მოწინააღმდეგე მხარემ სადავო გახადა ასევე რუსეთის ფედერაციის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის საკითხიც. მისი განმარტებით, წარმოდგენილი დავა არ გამომდინარეობდა ხელშეკრულებიდან, რადგან მას დაკისრებული ჰქონდა პროცენტი სხვისი ფულადი თანხებით სარგებლობისთვის, რომლის საფუძველსაც არ წარმოადგენდა ხელშეკრულება. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, ასეთი სახის დავას საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს. ამავე დროს, მოწინააღმდეგე მხარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი იყო საქართველოს მოქალაქე და აღნიშნული თანხის გადახდის აღსრულებაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სასამართლო არ იყო კომპეტენტური, განეხილა წარმოდგენილი დავა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის განცხადება და დადგინდა ა. შ-ის შუამდგომლობის განხილვა ზეპირი მოსმენით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2016 წლის 26 ოქტომბერს, 30 ნოემბერსა და 14 დეკემბერს გამართულ სხდომებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს, მივიდა დასკვნამდე, რომ ა. შ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ, მხარეთა პოზიციების ზეპირი მოსმენის შედეგად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების ძირითადი საგანია რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის სხდომის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის ინფორმირებულობა.

12. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვნად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება.

13. იმავე შინაარსის ნორმას შეიცავს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

15. შესაბამისად, როგორც ზემოაღნიშნული კონვენცია, ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მხარის ინფორმირებულობას (საქმე №ა-3667-შ-97-2013, 2014 წლის 14 აპრილი).

16. საკასაციო პალატა მიუთითებს შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ, რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მოპასუხე მ. ფ-ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, მისი ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის დადგენა შეუძლებელი იყო და ზუსტი მისამართი ცნობილი არ იყო. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ, მიუხედავად მის მიერ არაერთხელ მიღებული ზომებისა, დაკავშირებოდა მოპასუხეს, მოპასუხის მისამართზე გაგზავნილი შეტყობინებები იგნორირებულ იქნა მის მიერ, რაც მეტყველებდა მოპასუხის მიერ საპროცესო უფლებების ბოროტად გამოყენებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელი იყო საქმის განხილვა მოპასუხის გარეშე. სასამართლომ, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე, მოპასუხეს წარმომადგენლად დაუნიშნა ადვოკატი, რომელიც სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინააღმდეგი იყო.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოსაზრების გაზიარების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თავად რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებიდან ცალსახად არ დგინდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი, კერძოდ, ის გარემოება, რომ 2016 წლის 14 აპრილის სასამართლო პროცესის თაობაზე იგი ინფორმირებული იყო.

18. რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერებს, კერძოდ, წარმოდგენილ გადაწყვეტილებაში მითითებულია იმის თაობაზე, რომ მ. ფ-ემ სასამართლოს წერილობითი განცხადებით აცნობა მისი იმჟამინდელი მისამართი: …-ის რაიონის სოფელი …, რაც გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნული გადაწყვეტილების იმ ჩანაწერთან, რომლის თანახმად, მოპასუხის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის დადგენა შეუძლებელია და ზუსტი მისამართი უცნობია.

19. შუამდგომლობის ავტორის მიერ საქმეში წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარის განცხადება, რომლითაც მან, საქმის მსვლელობის დროს, 2016 წლის 12 თებერვალს, მიმართა ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე რ…ს და, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ მისმა ყოფილმა ადვოკატმა, თ. წ-მა, ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოდან თავის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო გზავნილი. აღნიშნული გზავნილის თანახმად, მ. ფ-ე 2016 წლის 9 თებერვალს დაბარებული იყო ქალაქ ორენბურგის ცენტრალურ რაიონულ სასამართლოში ა. შ-ის სარჩელის განხილვის გამო. თ. წ-მა მ. ფ-ეს გზავნილი ჩააბარა 2016 წლის 29 იანვარს. აღნიშნულის მიზეზად მ. ფ-ემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იგი არის …-ს რაიონის სოფელ … მცხოვრები, ხოლო თ. წ-ლი კი ცხოვრობს თბილისში. მ. ფ-ე წერილში უთითებდა, რომ თ. წ-ლს გაეგზავნა მხოლოდ სარჩელი, სარჩელზე თანდართული დოკუმენტები კი მას არ გაგზავნია და, გამომდინარე იქედან, რომ მისთვის უცნობი იყო თანდართული დოკუმენტების შინაარსი, შეუძლებელი იყო სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მისი პოზიციის დაფიქსირება. მ. ფ-ე შუამდგომლობდა სასამართლოს წინაშე, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მისთვის გაეგზავნათ საქართველოში, … რაიონის სოფელ ….-ში.

20. საქმეში წარმოდგენილია ასევე ამონაბეჭდი ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს ელექტრონული ფოსტიდან, რომლითაც დასტურდება ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ქალაქ ორენბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 22 იანვარს თ. წ-ლის ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა გარკვეული სახის დოკუმენტები.

21. საქმეში დამატებით წარმოდგენილია ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს ცნობები (უწყებები), რომლებშიც მითითებულია მისამართი: საქართველო, …. რაიონი, სოფელი …. და, რომლითაც მ. ფ-ე 2016 წლის 13 იანვარსა და 2016 წლის 23 მარტს დაბარებულია ქალაქ ორენბურგის ცენტრალურ რაიონულ სასამართლოში, თუმცა, არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული უწყებების ადრესატისთვის ჩაბარების ან ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

22. საქმეში არსებობს, ასევე, ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს ცნობა (უწყება), რომელიც გაგზავნილია მისამართზე: საქართველო, …. რაიონი, სოფელი … და, რომლითაც მ. ფ-ე დაბარებულია სასამართლოში 2016 წლის 14 აპრილს, ამასთან, ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, წარმოდგენილია ასევე უკუგზავნილი, რომელზეც შესრულებულია ხელმოწერა 2016 წლის 7 აპრილს.

23. საკასაციო პალატის მიერ ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე, ზემოაღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ უკუგზავნილზე შესრულებული ხელმოწერითა და პირადი ნომრით არ დასტურდება, რომ გზავნილი ჩაიბარა მ. ფ-ემ (საქმეში წარმოდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობაში მ. ფ-ის პირადი ნომერი არ ემთხვევა უკუგზავნილში იმ პირის პირად ნომერს, ვინც აღნიშნული უწყება ჩაიბარა). ამასთან, უკუგზავნილში არც ის არის მითითებული, თუ რა დამოკიდებულებაშია უწყების ჩამბარებელი პირი ადრესატთან, ასევე არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე. გარდა ამისა, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს ცნობაში (უწყებაში), რომლითაც რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ აცნობა მოწინააღმდეგე მხარეს 2016 წლის 14 აპრილის სხდომის შესახებ, არ არის მითითებული, რომ იგი სასამართლო პროცესზე დაბარებულია, როგორც მოპასუხე, ა. შ-ის სარჩელზე.

24. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების, კერძოდ, თავად შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მ. ფ-ის 2016 წლის 12 თებერვლის წერილისა და სასამართლო უწყებების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს მიერ მითითებული გარემოება, რომ მოპასუხე იგნორირებას უკეთებდა სასამართლოს მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს, არ დასტურდება.

25. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იყო ინფორმებული 2016 წლის 14 აპრილის სასამართლო სხდომის თაობაზე, რაც „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარის, მოცემულ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველს.

26. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ასევე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლზე, რომლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს და განმარტავს, რომ სასამართლო პროცესის თაობაზე მოპასუხის ინფორმირებულობა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტის - შეჯიბრებითი სამართალწარმოების წინაპირობაა.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხილეთ, რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხილეთ „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხილეთ „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის, სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხილეთ „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015).

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეთა ავტონომიურობასა და თვითპასუხისმგებლობას განსაზღვრავს, რომელიც რაიმე ფორმით, მათ შორის საქმის განხილვაზე მიუწვევლობით არ შეიძლება შეეზღუდოთ სამართალწარმოებაში მონაწილე სუბიექტებს (საქმე №ა-3667-შ-97-2013, 2014 წლის 14 აპრილი).

29. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, მართალია, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სასამართლომ დაუნიშნა წარმომადგენელი, თუმცა აღნიშნული ფორმით არაინფორმირებული მოპასუხის საქმის განხილვაში ჩაბმას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, იმისთვის რათა დაცული იქნეს მხარეთა თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საქმის განხილვაში, რიგ შემთხვევებში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მოპასუხის ძებნას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე (სსსკ-ის 51-ე მუხლი) (საქმე №ა-3667-შ-97-2013, 2014 წლის 14 აპრილი).

30. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რადგან საქმის ამგვარი წესით განხილვა ეწინააღმდეგება მოპასუხის უფლებას თავისი ნების თავისუფალი გამოვლენით შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა სასამართლოში საქმის განხილვისას (საქმე №ა-3667-შ-97-2013, 2014 წლის 14 აპრილი).

31. მოწინააღმდეგე მხარის მიერ თავის პასუხში გამოთქმულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა რუსეთის ფედერაციის სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის საკითხს (იხ. მოცემული განჩინების მე-7 პუნქტი), საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილდა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, გამომდინარეობდა სწორედ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან, კერძოდ, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა სხვისი ფულადი თანხებით სარგებლობისთვის პროცენტის გადახდა, რაც წარმოადგენს ფულადი ვალდებულების გადახდის ვადის გადაცილებისას მოვალისთვის პროცენტის გადახდის დაკისრების მსგავს ინსტიტუტს. განსხვავება მდგომარეობას იმაში, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაყოფილია პერიოდებად, თუმცა, საერთო ჯამში, მხარეს პროცენტი დაკისრებული აქვს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ძირითადი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაც განიხილა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილება ცნო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 10 სექტემბერს, შესაბამისად, სწორედ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს უნდა განეხილა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი სასარჩელო მოთხოვნაც.

32. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მიერ თავის პასუხში გამოთქმულ პრეტენზიას, რომლითაც მან სადავო გახადა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით მისთვის თანხების დაკისრების კანონიერება (იხ. მოცემული განჩინების მე-6 პუნქტი), აღნიშნული საკითხის შესწავლა არ შედის უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების სფეროში.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. შ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. შ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიზორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე