Facebook Twitter

№ას-884-824-2017 12 სექტემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – შ.ღ., მ.მ. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს.ბ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა შ.ღ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ძირითადი მოვალე ან მოპასუხე) და მ. მ–თვის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები), მოსარჩელის სასარგებლოდ, 9874 ლარის სოლიდარულად დაკისრებას, ასევე, ძირითადი მოპასუხისათვის საკრედიტო ბარათიდან და სს „პ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 3138.84 ლარის გადახდას, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული ძირითადი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ოზურგეთი, ......, ს/კ ..... (შემდეგში სადავო უძრავი ქონება) რეალიზაციას, დაკმაყოფილდა; შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებები; მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 6934.21 ლარის (ძირი თანხა - 5587.14 ლარი, პროცენტი - 68.76 ლარი და პირგასამტეხლო - 300 ლარი) გადახდა დაეკისრათ; ძირითად მოვალეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე დაეკისრა საკრედიტო (ამექს) ბარათიდან გამომდინარე - 1380.05 ლარი (ძირი თანხა - 1031.56 ლარი, პროცენტი - 248.49 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი); გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი სადავო უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა ვალდებულებას სრულად ვერ დაფარავდა, აღსრულება მიექცეოდა მოპასუხეთა სხვა ქონებებზე.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 368-ე, 373-ე, 374-ე, 390-ე, 414-ე-416-ე მუხლებით.

3.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2017 წლის 15 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად აპელანტებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის ელ. ვერსიის წარდგენა. აღნიშნული განჩინება მოპასუხეებს 2017 წლის 15 მაისს ჩაჰბარდათ. პალატის განმარტებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2017 წლის 25 მაისის ჩათვლით უნდა შევსებულიყო;

3.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენიათ პალატისთვის, საპროცესო ვადის გასაგრძელებლად, ამდენად, სსსკ-ის 368-ე მუხლისა და 374-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ მოპასუხეებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და სწორედ აღნიშნულმა განაპირობა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416 მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

6. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხეების მოთხოვნას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი.

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, საკასაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს 2017 წლის 15 მაისს ჩაჰბარდათ (იხ. ს.ფ. 127-128), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 16 მაისს დაიწყო და იმავე წლის 25 მაისს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე სახის შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის.

12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა მათი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის გარეშე წარმოებაში უნდა მიეღო სააპელაციო საჩივარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდათ არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, არამედ სხვა საფუძვლებითაც (დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივრის წარდგენა).

13. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 102.1-ე და 103.1-ე მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდნენ მათ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას, შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორთა მითითება მათთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ ხარვეზის არასწორად დადგენის თაობაზე.

14. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დანიშნულ ვადაში შეუვსებლობის ფაქტი, საკასაციო პალატას, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინება.

15. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე(შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ღ–სა და მ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი