3გ-ად-37-კს-02 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საქმეში შპს ,,ტ-ის” და შპს ,,წ-ის” დამფუძნებლების მესამე პირად ჩართვა; სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
აღწერილობითი ნაწილი:
1993 წელს გამოცხადდა ზესტაფონის მრავალდარგოვან საწარმო “ტ-ის” პრივატიზება, რომელიც საკონკურსო წესით იქნა შეძენილი ნ. წ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 11.03.97წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის დიდუბის რაიონის პროკურორის სარჩელი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე ბ. მ-ისა და ზესტაფონის მრავალდარგოვან საწარმო “ტ-ის” შრომითი კოლექტივის სარჩელი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიმართ, ბათილად იქნა ცნობილი “ტ-ის” კონკურსის შედეგები, გაუქმდა ნ. წ-ზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
10.05.99წ. ნ. წ-მა განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 24.03.97წ. შეტანილ სასარჩელო განცხადებაზე საქმის წარმოების განახლება, რომელიც ეხებოდა კონკურსის ბათილობით გამოწვეული ზიანის მოპასუხე-სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოსათვის სრული მოცულობით დაკისრებას, რომლის ოდენობა მოსარჩელემ შეამცირა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის 78093 ლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 23.05.01წ. გადაწყვეტილებით ნ. წ-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მიყენებეული ზიანის ანაზღაურების სახით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს დაეკისრა 78093 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს მიერ.
საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს “ტ-ის" და შპს “წ-ის" დამფუძნებლების საქმეში მესამე პირებად ჩაბმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 15.04.02წ. განჩინებით სამმართველოს წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. წ-სა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ 31.03.97წ. “ტ-ის" შრომითმა კოლექტივმა მოითხოვა ამ ობიექტის პრივატიზაციის ნუსხიდან ამოღება და სახაზინო საწარმოდ დატოვება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 05.05.97წ. ¹06/5-217, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 01.05.97წ. ¹3-31/54 მიმართვებისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 07.05.97წ. ¹1-3/304 ბრძანების შესაბამისად ზესტაფონის მრავალდარგოვანი საწარმო “ტ-ი" ამოღებულ იქნა მინისტრთა კაბინეტის 20.04.92წ. ¹306 დადგენილებით დამტკიცებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხიდან სახაზინო საწარმოდ დაფუძნების მიზნით. “ტ-ის" შრომითი კოლექტივის 31.03.97წ. ¹1 ოქმის საფუძველზე ზესტაფონის რაიონის გამგეობის 16.05.97წ. ¹66 დადგენილებით შეიქმნა სახაზინო საწარმო “ტ-ი", რომელიც 16.10.2000წ. სასამართლოში რეგისტრაციის გატარების შემდეგ გარდაიქმნა შპს-დ, რომლის 100%-იანი წილით დამფუძნებელია სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველო. სააპელაციო პალატამ აღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია, რომ დავა, რომლის საგანია ხელშეკრულების ბათილობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, არ ეხება შპს “ტ-ის" ინტერესებსა და უფლებებს, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომელიც არსებობს ნ. წ-სა და ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს შორის. რაც შეეხება შპს “წ-ს", სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თვითონ მოსარჩელე _ ნ. წ-ი არის ამ შპს-ს დირექტორი, რომელიც “მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინება 03.05.01წ. კერძო საჩივრით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის რაიონის სამმართველოს მიერ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 07.05.02წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, რის გამოც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
30.04.02წ. ნ. წ-მა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს. განმცხადებელმა სსკ-ს 194-ე მუხლის, 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტების საფუძველზე მოითხოვა მის მიერ საწარმო “ტ-ის" პრივატიზაციის შემდეგ მისივე სახსრებით შეძენილი და სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უკანონო მფლობელობაში მყოფი 111 ორმისადგომიანი დახლისა და 8 ჯიხურის დაყადაღება, ასევე “ტ-ის" საბალანსო ღირებულებაზე არსებული მთელი ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის აკრძალვა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.05.02წ. განჩინებით ნ. წ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო _ შპს “ტ-ის" მოდელში განთავსებულ 111 სავაჭრო დახლს და 8 ჯიხურს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს აეკრძალა შპს “ტ-ის" საბალანსო ღირებულებაზე არსებული მთელი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება გააადვილებს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც სასამართლომ განცხადება მიიჩნია საფუძვლიანად და დააკმაყოფილა იგი.
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს სავაჭრო მაგიდებისა და ჯიხურების დაბრუნება უკანონო მფლობელობიდან. მოსარჩელე მოითხოვს ნივთების ღირებულების და მისგან მიღებული მოგების ანაზღაურებას. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე განმარტა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 15.04.97წ. განჩინებით მათ შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ, დადგენილ იქნა, რომ “ტ-ი" მოცემულ დავასთან არანაირ კავშირში არ არის და დავის გადაწყვეტამ არ შეიძლება რაიმე გავლენა იქონიოს შპს-ს უფლებებზე. სამმართველოს წარმომადგენლის აზრით, აღნიშნული პოზიცია თვითონვე უარყო ქუთაისის საოლქო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 10.05.02წ. განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის რაიონის სამმართველოს კერძო საჩივარი საქმეში მესამე პირებად შპს “ტ-ის" და შპს “წ-ის" დამფუძნებლების ჩაბმის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი იმ სამართლურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელია. მოცემულ საქმეში მოსარჩელე ნ. წ-მა სარჩელი აღძრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის რაიონის სამმართველოს მიმართ კონკურსის შედეგების ბათილობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელე არ ითხოვს რაიმე ქონების დაბრუნებას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავა შპს “ტ-ის" და შპს “წ-ის" დამფუძნებლების ინტერესებს არ ეხება. გარდა ამისა, ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცდენილ იქნა კერძო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ს 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივარი შეიტანება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში, ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელი ესწრებოდა სადავო განჩინების გამოცხადებას 12.04.02წ., რა დროსაც მას განემარტა გასაჩივრების წესი და ვადა, მიუხედავად ამისა, კერძო საჩივარი შემოტანილ იქნა საოლქო სასამართლოში 03.05.02წ. ანუ 12-დღიანი ვადის დარღვევით, რომლის გაგრძელებაც დაუშვებელია.
აღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს კერძო საჩივარი შპს “ტ-ის" და შპს “წ-ის" დამფუძნებლების საქმეში ჩაბმის შესახებ არის უსაფუძვლო და დაუშვებელი, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საფუძვლიანია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს მიერ უზრუნველყოფის შესახებ 01.05.02წ. განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 191-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.
საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუტარებლობა არ გააძნელებს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან შპს “ტ-ის" მოდულში შენახული 111 ორმისადგომიანი დახლი და 8 ჯიხური არ წარმოადგენს დავის საგანს, დავის საგანს არ წარმოადგენს აგრეთვე შპს “ტ-ის" საბალანსო ღირებულებაზე არსებული მთელი ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა, დავა ეხება კონკურსის ბათილობით მიყენებული ზიანის, მიუღებელი მოგების, 111 დახლის და 8 ჯიხურის ღირებულების ანაზღაურებას, რის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაკისრებული თანხების ანაზღაურება არ უკავშირდება შპს “ტ-ის" ქონებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 01.05.02წ. განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც განჩინება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს კერძო საჩივარი საქმეშიO მესამე პირებად შპს “ტ-ისა" და შპს “წ-ის" დამფუძნებლების ჩაბმის შესახებ არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 15.04.02წ. განჩინება.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს კერძო საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.05.02წ. და 10.05.02წ. განჩინებები, მოეხსნას ყადაღა შპს “ტ-ის" მოდულში მდებარე 111 ორმისადგომიან დახლსა და 8 ჯიხურს, ასევე მოიხსნას აკრძალვა შპს “ტ-ის" საბალანსო ღირებულებაზე არსებული მთელი ქონების საპრივატიზებო ობიექტის ნუსხაში შეტანას.
3. საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.