Facebook Twitter

№ას-967-902-2017 12 სექტემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.გ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ბ.რ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს „ბ.რ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა მ.გ–ისა (შემდეგშიტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე) და გ.ს–თვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სოლიდარული თავდები ან სოლიდარული მოვალე) საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 56 503.26 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრებას, დავალიანების დაფარვის მიზნით, ნ.გ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ...., ს/კ ...., 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (შემდეგში სადავო უძრავი ქონება) სარეალიზაციოდ მიქცევას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვალდებულების სრულად დასაფარად საკმარისი არ იქნებოდა, ძირითადი და სოლიდარული მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევას, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2008 წლის 16 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხის - 56 503.26 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; დავალიანების დაფარვის მიზნით, დადგინდა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა; სასარჩელო მოთხოვნა სოლიდარული თავდების მიმართ 2008 წლის 3 აპრილის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა ასევე, სასარჩელო მოთხოვნა, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით მიღებული თანხით ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოვალეთა სხვა ქონებებზე აღსრულების მიქცევაზე.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70.1, 70.3, 73.1, 74-ე, 60-61-ე, 368.5 და 374-ე მუხლებით.

3.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2017 წლის 26 აპრილს ჩაჰბარდა. პალატის განმარტებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2017 წლის 8 მაისის ჩათვლით უნდა შევსებულიყო;

3.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, ამდენად, სსსკ-ის 368-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობით, სასამართლომ უგულებელყო სსსკ-ის 47-ე მუხლი, ვინაიდან, მისთვის, როგორც პენსიონერისა და მძიმე ავადმყოფისთვის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება ამ ნორმას ეწინააღმდეგებოდა;

4.2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ ასევე დაარღვია სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები, ვინაიდან, მას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაჰბარებია.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-416 მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

6. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა სსსკ-ის 47-ე და 70-ე-78-ე მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე.

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს 2017 წლის 26 აპრილს ჩაჰბარდა, შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 27 აპრილს დაიწყო და იმავე წლის 8 მაისს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ის არის პენსიონერი და მძიმე ავადმყოფი, რის გამოც სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

13. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 102.1-ე და 103.1-ე მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რაც დაასაბუთებდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას, შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენასთან დაკავშირებით.

14. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია. ამ კუთხით პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შეტყობინების ბარათზე (იხ. ტ.2, ს.ფ. 10), რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ ხსენებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2017 წლის 26 აპრილს, მხარის წარმომადგენლისთვის გზავნილის ჩაბარება კი, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნიშნავს გზავნილის მხარისთვის ჩაბარებასაც.

15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს გზავნილის ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით ან სხვა რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს, შესაბამისად, მან დაარღვია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველია.

16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე(შდრ. ასევე. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი