Facebook Twitter

№ას-988-920-2017 12 სექტემბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.მ.

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ს.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, ლ.მ.– (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ნოტარიუს ბ.ს–ძის მიერ დამოწმებული 2015 წლის 28 დეკემბრის # 151400043 ვალის აღიარების ხელშეკრულებისა და 2015 წლის 19 მაისის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილის ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 369.1, 70-78, 2591 და 374.3 მუხლებით.

3.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში არსებულ 2017 წლის 13 მარტის სხდომის ოქმზე (იხ. ს.ფ. 84), რომლითაც დასტურდებოდა, რომ აპელანტის წარმომადგენელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, ამდენად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აპელანტისა და მისი წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. პალატის განმარტებით, საქმის მასალებში არსებული მოსარჩელის წარმომადგენლის 2017 წლის 11 აპრილის განცხადებით დგინდებოდა, რომ მხარემ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 29-ე დღეს მიმართა, ხოლო გადაწყვეტილება აპელანტმა 2017 წლის 28 აპრილს ჩაიბარა (იხ. ს.ფ. 113);

3.2. პალატა ასევე დაეყრდნო საქმეში არსებულ მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ ხელწერილს (იხ. ს.ფ. 112), რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ყველაზე გვიან მომზადებული იყო და მხარეს შეეძლო, ჩაებარებინა 2017 წლის 19 აპრილს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 20 აპრილს და ამოიწურა 2017 წლის 3 მაისს, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით - 2017 წლის 15 მაისს წარადგინა (ს.ფ. 114), რაც, პალატის დასკვნებით, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4.1. სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ვადის ათვლა არასწორად დაუკავშირა მოწინააღმდეგე მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღეს; მან არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე მიმართა სასამართლოს, თუმცა, იმ მიზეზით, რომ გადაწყვეტილება მომზადებული არ ყოფილა, მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

4.2. საქმის მასალებში წარმოდგენილია გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის დადგენილ ვადაში წერილობითი მიმართვა, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მხარე დროულად გამოცხადდა სასამართლოში;

4.3. უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და ზემდგომი ინსტანციის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების საშუალება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-416 მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი :

6. კერძო საჩივარი დასაბუთებულია. მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სსსკ-ის 2591.1 და ამავე კოდექსის 369.1 მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე.

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება განპირობებული იყო არა მხარის, არამედ სასამართლოს მიზეზით.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, არასწორად განმარტა სსსკ-ის 2591.1 და ამავე კოდექსის 369.1 მუხლები.

10. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

11. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან კანონით განსაზღვრულ პერიოდში გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ხოლო ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი. სასამართლო თავის მხრივ ვალდებულია, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეს დროულად გადასცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 29-ე დღეს და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, შესაბამისად, მან შეასრულა სსსკ-ის 2591 მუხლით მასზე დაკისრებული ვალდებულება, ასევე, დადგენილია, რომ სასამართლოს კერძო საჩივრის ავტორისათვის 2017 წლის 28 აპრილამდე დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გადაუცია. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, გადაცემის მომენტიდან. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს ბრალი არ მიუძღვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის დაგვიანებით ჩაბარებაში, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მისთვის გადაწყვეტილების გადაცემის მომდევნო დღიდან - 2017 წლის 29 აპრილიდან და ამოწურულიყო ამავე წლის 15 მაისს, 24 საათზე.

14. საქმის მასალებით, დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 15 მაისს წარადგინა, შესაბამისად, დაცულია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი საპროცესო ვადა.

15. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დაწყებოდა მოპასუხის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი დასკვნა სსსკ-ის 2591 და ამავე კოდექსის 369-ე მუხლების შინაარსიდან არ გამომდინარეობს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.მ–ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი