№აs-705-659-2017 12 სექტემბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ააიპ „ქ. ქ. ბ-ბ–ის გ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინება და 2017 წლის 10 მარტის საოქმო განჩინებები
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, ხელფასის დაქვითვის ბრძანების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი :
1. ნ.კ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დირექტორის წარმომადგენელი ან დასაქმებული) წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, ააიპ „ქ.ქ.ბ.ბ–ისგ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, ააიპ, ბ.-ბ–ის გაერთიანება ან დამსაქმებელი) დირექტორის წარმომადგენლად დაინიშნა.
2. 2015 წლის 11 დეკემბერს, ბაგა-ბაღების გაერთიანების # 15 ფილიალის თანამშრომლები გაიფიცნენ, არ მიიღეს აღსაზრდელები და ჩაშალეს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი.
3. სასწავლო პროცესის ჩაშლასთან დაკავშირებით, ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებმა (დირექტორის მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, იურისტმა და შესყიდვების სპეციალისტმა) შეადგინეს ოქმი, რომლის მიხედვით, მოპასუხის # 15 ფილიალის პერსონალი ეზოში იმყოფებოდა, ისინი უარს აცხადებდნენ თავიანთი უფლება-მოვალეობების შესრულებაზე, მათ არ მიიღეს აღსაზრდელები და ჩაშალეს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი. ამავე ოქმში დაფიქსირებულია მოსარჩელის პოზიცია, რომელიც აცხადებდა რომ მხარს არ უჭერდა და ემიჯნებოდა აღნიშნულ პროცესს. ამასთან, მან შექმნილი ვითარების შესახებ ადმინისტრაციის დროულად ინფორმირება და საკუთარი ძალებით პროცესის დარეგულირება ვერ მოახერხა.
4. მოსარჩელემ 2015 წლის 11 დეკემბრის მოხსენებით ბარათში აღნიშნა, რომ იგი თანამშრომელთა გაფიცვისა და სასწავლო პროცესის ჩაშლასთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა. მისი განმარტებით, მან თანამშრომელთა გაფიცვის თაობაზე მხოლოდ სამსახურში გამოცხადების დროს გაიგო, ხოლო გაერთიანების ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჩათვალა საჭიროდ, ვინაიდან, ააიპ-ის წარმომადგენლები ბაღში იყვნენ მისულები და ბაღის თანამშრომლებისგან იღებდნენ სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზის შესახებ ინფორმაციას.
5. მოპასუხის 2016 წლის 22 დეკემბრის # 221 ბრძანებით, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ჩაშლისთვის საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) 49-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და ააიპ-ის წესდების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფილიალის თანამშრომლებსა და დირექტორის წარმომადგენლებს (მათ შორის მოსარჩელეს) ერთი სამუშაო დღის - 2015 წლის 11 დეკემბრის შრომის ანაზღაურება დაექვითათ.
6. ააიპ-ის დირექტორის 2016 წლის 12 იანვრის # 86 ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება და ის იმავე თარიღიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი).
7. 2016 წლის 26 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ააიპ-ის დირექტორის 2016 წლის 12 იანვრის # 86 და ხელფასის დაქვითვის თაობაზე 2016 წლის 22 დეკემბრის # 221 ბრძანებების ბათილად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით. მისი მტკიცებით, იგი წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა თანამშრომელთა გაფიცვის შესახებ, შესაბამისად, მას რაიმე წვლილი არ მიუძღოდა სასწავლო პროცესის ჩაშლაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც დაექვითა ერთი დღის ხელფასი, ხოლო აქციიდან ერთი თვის შემდეგ, უკანონოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანების, ასევე, ფილიალის შინაგანაწესით სამუშაო დღე განისაზღვრებოდა 9:00 – 18:00 საათამდე. 2015 წლის 11 დეკემბერს სასწავლო პროცესის ჩაშლის შესახებ გაერთიანება ინფორმირებულ იქნა 10:30 საათზე, რის გამოც ვერ მოხერხდა გაფიცული პერსონალის ჩანაცვლება რეზერვით და ბაღების გაერთიანების მიზნების განხორციელება. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელემ დაარღვია მასზე დაკისრებული ძირითადი ვალდებულება - ფილიალში არსებული პრობლემების შესახებ დირექტორის ინფორმირება, რითაც ხელი შეუწყო სასწავლო პროცესის ჩაშლას. გარდა ამისა, დამსაქმებლის მტკიცებით, მოსარჩელეს იმ ნამუშევარი საათების ანაზღაურება მიეცა, რაც მან რეალურად შეასრულა.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ააიპ-ის დირექტორის 2016 წლის 12 იანვრის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ააიპ-ის დირექტორის წარმომადგენლად ბაგა-ბაღების გაერთიანების # 15 ფილიალში; ბათილად იქნა ცნობილი ააიპ-ის დირექტორის 2016 წლის 22 დეკემბრის # 221 ბრძანება მოსარჩელისათვის ხელფასის დაქვითვის თაობაზე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 38-ე, 49.8 მუხლები და ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
10.1. მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ მოსარჩელე სამსახურში 09:30 საათზე გამოცხადდა, სასამართლოს არ უნდა მიეჩნია, რომ იგი თანამშრომელთა გაფიცვის თაობაზე წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა;
10.2. გამომდინარე იქიდან, რომ ბაგა-ბაღებში სამუშაო საათები 09:00 საათზე იწყება, მოსარჩელის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება შრომითი ხელშეკრულების უხეშად დარღვევაზე მიუთითებს, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოდ დაკმაყოფილდა;
10.3. 2016 წლის 11 დეკემბერს, მოსარჩელის სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების შედეგად, შეუძლებელი გახდა სასწავლო პროცესის ჩაშლის თავიდან აცილება, ამდენად, იძულებითი მოცდენა მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული და იგი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. სააპელაციო პალატის დასკვნებით, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული საფუძველი დაუსაბუთებელი, ხოლო განხორციელებული სანქცია კი, არაადეკვატური იყო.
11.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მოსარჩელე 2016 წლის 11 დეკემბრამდე ინფორმირებული იყო გაფიცვის თაობაზე და მან დროულად არ შეატყობინა გაერთიანების ხელმძღვანელობას ფილიალის თანამშრომელთა მხრიდან მოსალოდნელი ქმედებების შესახებ;
11.3. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის სამუშაოზე დაგვიანებით გამოცხადება ვერ გახდებოდა სასამართლოს კვლევის საგანი, ვინაიდან, გათავისუფლების ბრძანების შინაარსის მიხედვით, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან ამ საფუძვლით არ გათავისუფლებულა;
11.4. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა 2016 წლის 22 დეკემბრის # 221 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან, მოსარჩელე გაფიცვის მონაწილე არ ყოფილა, არ არსებობდა სშკ-ის 49-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მისთვის ხელფასის დაქვითვის საფუძველიც;
12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით. მანვე მოითხოვა 2017 წლის 10 მარტს ადგილზე თათბირით მიღებული საქმისწარმოების შეჩერების, სარჩელისა და დანართი დოკუმენტების ასლების მიღების შესახებ შუამდგომლობათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებების გაუქმება, ასევე, საქმის წარმოების შეჩერება ან სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.1. მოსარჩელე სრულად იყო ინფორმირებული ბაგა-ბაღში მიმდინარე პროცესების, მათ შორის გაფიცვის მომზადების შესახებ, თუმცა, ამის თაობაზე გაერთიანების დირექციისთვის არ უცნობებია, რათა თანამშრომელთა გაფიცვა შემდგარიყო;
12.2. მოსარჩელე 2016 წლის 11 დეკემბერს ბაგა-ბაღში ჩაშლილი სასწავლო პროცესის ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე იყო;
12.3. უდავოა, რომ აღსაზრდელთა მიღების დაწყების დროისათვის, მოსარჩელე სამსახურში იმყოფებოდა და გაფიცვაშიც მონაწილეობდა, რაც სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევაა;
12.4. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მოსარჩელის სტატუსი, მისი თანამდებობრივი მდგომარეობა და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიჩნია გამოყენებული სანქცია არაადეკვატურად, ვინაიდან, შრომითი ხელშეკრულებით მოსარჩელე ვალდებული იყო, ბაგა-ბაღში მიმდინარე მოვლენების შესახებ უშუალოდ ეცნობებინა დირექტორისთვის;
12.5. მოსარჩელის უმოქმედობამ არა მარტო სახელშეკრულებო ვალდებულება დაარღვია, არამედ, მან ბოროტად გამოიყენა გაერთიანების დირექტორის ნდობა და უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 115-ე მუხლის მოთხოვნები უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად და მართლზომიერად განხორციელების თაობაზე;
12.6. მოსარჩელემ გაფიცულ თანამშრომლებთან ერთად არ გაითვალისწინა აღსაზრდელთა ინტერესები, ვინაიდან, ბაგა-ბაღში მისული ასეულობით აღსაზრდელი უკან დააბრუნეს, რითაც ჩაშალეს სასწავლო პროცესი.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15.2. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხელფასის დაქვითვის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოპასუხეს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე მოსთხოვოს (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით).
15.3. სადავო ბრძანებით მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - ვალდებულების უხეში დარღვევის გამო. მოპასუხის განმარტებით, უხეში დარღვევა გამოიხატა გაერთიანების მასწავლებელთა გაფიცვაში მოსარჩელის აქტიურ მონაწილეობასა და ამ გაფიცვის ორგანიზებასთან დაკავშირებით ინფორმაციის აიიპ-ის დირექტორისთვის მიუწოდებლობაში, მაშინ, როდესაც, მოსარჩელე წინასწარ იყო ინფორმირებული აღნიშნულის შესახებ.
15.4. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა რამდენადაა „უხეში“ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის კონკრეტული გარემოებები. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების სიმძიმე შეფასდეს, თავდაპირველად, გამოკვლეულ უნდა იქნეს იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები (შდრ. სუსგ №აs-816-782-2016, 2016 წლის 6 დეკემბრის განჩინება).
15.5. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების დასკვნას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი ვალდებულება უხეშად დაარღვია, მოპასუხის ვალდებულებაა (სსსკ-ის 102.1). განსახილველ შემთხვევაში, ამ უკანასკნელმა სათანადო და დასაშვებ მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების სარწმუნოდ და დამაჯერებლად დამტკიცება, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მასზე დაკისრებული ვალდებულება უხეშად არ დაურღვევია. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას (მოსარჩელის დათხოვნის შესახებ ბრძანება, სსკ-ის 51-ე მუხლი), სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგანაც არ იყო შესრულებული ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა.
15.6. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ არ არსებობდა მოსარჩელისათვის სშკ-ის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების დაქვითვის სამართლებრივი საფუძველიც, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ დასაქმებულს, გაერთიანების მასწავლებელთა გაფიცვაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციების დასკვნები, ხელფასის დაქვითვის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებითაც.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს.
სწორედ აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება სშკ-ის 37-ე მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, ამ ნორმის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეყვეტის კანონით მინიჭებული უფლება (ხელშეკრულებიდან გასვლა) უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება; №ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; № ას-549-517-2010, 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, № ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დაადგინა:
1. ააიპ "ქ.ქ.ბ.ბ.გ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ააიპ "ქ.ქ.ბ.ბ.გ–ას" (ს/ნ .....) დაუბრუნდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადახდო დავალება # 10252), გადახდის თარიღი: 14.06.2017, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი