გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-37-კს-03 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საქმის წარმოების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 28.03.01წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ჩ-ის”, შპს “ო-ის” და შპს “ჟ-ის” სასარჩელო განცხადება და 1997წ. 9 მარტიდან ამავეწ. 23 ივლისამდე პერიოდში მოსარჩელეებზე საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გადასახადების დარიცხვა საერთო საფუძველზე ცნობილი იქნა უკანონოდ.
საგადასახადო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 28.03.01წ. გადაწყვეტილება, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და შპს “ჟ-ის”, შპს “ჩ-ის” და შპს “ო-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში 26.02.03წ. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას მოსარჩელეთა წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნდათ საამისოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობები, უარი თქვეს სარჩელზე. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 26.02.03წ. განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 28.03.01წ. გადაწყვეტილება და შპს “ჩ-ის”, შპს “ჟ-ის” და შპს “ო-ის” სარჩელის გამო საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება. სააპელაციო პალატამ თავის განჩინებას საფუძვლად დაუდო მოსარჩელეთა უარი სარჩელზე და სსკ-ს 272-ე მუხლის შესაბამისად შეწყვიტა საქმის წარმოება.
შპს “ო-ის” წარმომადგენელმა 21.03.03წ. საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინება გაასაჩივრა კეძო საჩივრით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ განსახილველ საქმეზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე უარს იტყოდა სარჩელზე, აპელანტი კი შეგებებულ მოთხოვნაზე და საქმე შეწყდებოდა წარმოებით, ანუ ოქმში უნდა დაფიქსირებულიყო მორიგება და არა ცალმხრივი ნების გამოვლენა, მიუხედავად ამისა განჩინებაში მიეთითა, რომ მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა და აღნიშნულს მხარი დაუჭირეს აპელანტებმა და მესამე პირმა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ დააკმაყოფილა რა საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი საოლქო სასამართლოს სსკ-ს 224-ე მუხლის საფუძველზე უნდა მიეღო გადაწყვეტილება და არა განჩინება. ამასთანავე, მხარეების მორიგების გამო სააპელაციო პალატის საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ო-ის” წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 26.03.02წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 26.02.03წ. განჩინება იმავე საფუძვლით გაასაჩივრეს აგრეთვე შპს “ჟ-ის” და შპს “ზ-ის” წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 08.04.03წ. განჩინებით კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმებით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 26.02.03წ. სხდომაზე შპს “ზ-ის” წარმომადგენელმა გ. ჩ-მ უარი განაცხადა სარჩელზე. შპს “ზ-ის” მიერ 22.11.02წ. გაცემული რწმუნების თანახმად, რწმუნებული უფლებამოსილი იყო მთლიანად ან ნაწილობრივ უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. გ. ჩ-მ სარჩელზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მან ვერ შეძლო დაზუსტებული სარჩელის წარდგენა და სარჩელის ახალი საფუძვლებით წარდგენის შემთხვევაში მიმართავდა რაიონულ სასამართლოს. შპს “ო-ის” წარომადგენელმა მ. ბ-მა და შპს “ჟ-ის” წარომადგენლებმა მ. ჭ-ემ და მ. ბ-მა (მინდობილობა 15.05.01წ.), რომლებსაც გააჩნდათ საგანმკარგულებლო უფლებამოსილება უარი ეთქვათ სარჩელზე, ასევე მოითხოვეს ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა. აღნიშნული მოთხოვნა დაფიქსირდა თბილისის საოლქო სასამართლოს 26.02.03წ. სასამართლო სხდომის ოქმში, რომელიც მხარეების მიერ სსკ-ს 291-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ გასაჩივრებულა. ამდენად, გასაჩივრებულ განჩინებაში სწორად არის მითითებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი (სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი).
პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრების ავტორების მოსაზრებას მხარეების მორიგების შესახებ, ვინაიდან ამის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტი ან რაიმე სხვა მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად პალატა სასკ-ს 3.2 მუხლის საფუძველზე ვერ იქონიებდა მსჯელობას მის მართლზომიერებაზე. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის, რომ საგადასახადო კანონმდებლობით მოწესრიგებული ნორმები იმეპატიულად არის განსაზღვრული და გადასახადის გადახდის საკითხებზე მხარეთა მორიგება არ დაიშვება. ამასთანავე, საქმეში მონაწილე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენლებს 10.09.02წ. ¹3-08/4983 მინდობილობის თანახმად არ გააჩნდათ საქმის მორიგებით დამთავრების უფლებამოსილება, მათ არ განუცხადებიათ უარი სააპელაციო საჩივარზე, კერძო საჩივარზე წარმოდგენილი შეპასუხებით მოწინააღმდეგე მხარე უარყოფს კერძო საჩივრების ავტორებთან მორიგების მიღწევას და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა გამოტანილი.
სსკ-ს 273-ე მუხლის I ნაწილის თანახმად საქმეზე წარმოება წყდება სასამართლოს განჩინებით. ამასთანავე, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად უქმდება სასამართლოს მიერ მანამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და აღდგება სარჩელის აღძვრამდე არსებული მდგომარეობა, რის გამო სარჩელზე უარის თქმა შედეგად იწვევდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო ინსტანციაში სარჩელზე უარის თქმა გამო იწვევდა მოწინააღმდეგე მხარის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების შეზღუდვას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 28.03.01წ. გადაწყვეტილება გაუქმდა მოსარჩელეების მიერ სარჩელზე უარის თქმის და არა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად. სარჩელზე უარის თქმით, ამის შედეგად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მოისპო სააპელაციო საჩივრის საფუძველი. ამდენად, უმართებულოა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების, შპს ”ჩ-ის”, შპს “ჟ-ის” და შპს ”ო-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნასთან ერთად, სააპელაიციო საჩივრის ფარგლების გადაცილებით, შეგებებული სარჩელის წარდგენის გარეშე, დამატებით მოითხოვდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შპს ”ჩ-ისათვის” _ 303283 ლარის, შპს ”ჟ-ისათვის” 358279 ლარის და შპს ”ო-ისათვის” _ 124000 ლარის ძირითადი გადასახადის გადახდის დაკისრებას. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი მოთხოვნების წამოყენება დასაშვები იყო არა სააპელაციო საჩივრის, არამედ შეგებებული სარჩელის წარდგენით, სააპელაციო პალატამ საქმის არსებითი განხილვის გარეშე დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რაც იძლევა სააპელაციო საჩივრის ახალი მოთხოვნების ნაწილში დაკმაყოფილების ვარაუდის საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, ამასთანავე, არარსებობს განჩინების დანარჩენ ნაწილში გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 408-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ო-ის”, შპს “ჟ-ის”, შპს “ზ-ის” კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 26.02.03წ. განჩინება გაუქმდეს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში.
2. შპს ”ო-ის”, შპს ”ჟ-ის”, შპს ”ზ-ის” კერძო საჩივრები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.