საქმე №ა-3022-შ-76-2016 1 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სს „ც.- ქ.-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ს“ სს „ც.- ქ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – გადახდის მომენტისათვის რუსეთის ფედერაციის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით 18427 ევროსა და 38 ცენტის, პირგასამტეხლოს – 1953 ევროსა და 30 ცენტის, ასევე სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის – 27674 რუბლის გადახდა.
სს „ც.- ქ.-ამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებულიი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 5 თებერვალს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით სს „ც.- ქ.-ას“ დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სს „ც.- ქ.-ას,“ კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა 2016 წლის 22 სექტემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სს „ც.- ქ.-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა2“ ქვეპუნქტის თანახმად, სს „ც.- ქ.-ას“ დაევალა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. შუამდგომლობის ავტორს აღნიშნული განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2016 წლის 22 სექტემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 15-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 23 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 7 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „ც.- ქ.-ის“ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ც.- ქ.-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი