№ ა-3955-შ-109-2014 24 მარტი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ რუსეთის ფედრაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ა.ვ.დ-კი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „T“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე რუსეთის ფედრაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “რ. ა-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოში შპს „T-ის“ მიმართ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, დავალიანების – 32989 ევროსა და პირგასამტეხლოს – 1606,56 ევროს ანაზღაურება.
რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით შპს “რ. ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „T-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 32989 ევროს, პირგასამტეხლოს – 1606,56 ევროსა და სახელმწიფო ბაჟის – 28572,02 რუბლის ანაზღარება.
რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ა.ვ.დ-კიმ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მოპასუხეს ეცნობა საქმის განხილვის დრო, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2014 წლის 17 ივნისიდან და რუსეთის ფედრაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სათანადო დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დაადასტურებდა, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მას რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მიმართ.
აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2015 წლის 27 იანვარს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ რუსეთის ფედრაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ა.ვ.დ-კის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ა.ვ.დ-კიმ და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში დაუდგინდა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სათანადო დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დაადასტურებდა, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მას რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მიმართ. ხარვეზის გამოსწორებისათვის მხარეს საპროცესო ვადა განესაზღვრა 10 (ათი) დღით.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება გაეგზავნდა რუსეთის ფედრაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ა.ვ.დ-კის და ჩაბარდა 2015 წლის 27 იანვარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 28 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 6 თებერვალს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დადგენილი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე ა.ვ.დ-კის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის კემეროვსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი