საქმე №ა-1847-შ-49-2017 14 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – რ. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის ქ.აქტაუს #2 სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება (დაუსწრებელი)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის ქ.აქტაუს #2 სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით (დაუსწრებელი) ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რ. მ-ს ნ.ა კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 412 970 თენგე, ასევე, სასამართლოს ხარჯის _ 56 129 თენგეს ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. კ-მა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დასტურდება, რომ:
ა) მოპასუხეს საქმის განხილვის თაობაზე ჩაბარდა ტელეგრამა, თუმცა იგი არც სხდომაზე გამოცხადებულა და არც წერილობით მიუმართავს სასამართლოსთვის;
ბ) გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;
გ) მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ივნისის განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში რ. მ-ის ძირითადი მისამართის დაზუსტება, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ფაქსის მითითება.
საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2017 წლის 26 ივლისს, ამასთან განემარტა რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი ეროვნული საპროცესო კანონმდებლობაა, შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე, სპეციალური კანონით დადგენილ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
2017 წლის 2 ივნისის განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში რ. მ-ის ძირითადი მისამართის დაზუსტება, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და ფაქსის მითითება.
საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2017 წლის 26 ივლისს, ამასთან განემარტა რომ, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდებოდა, შუამდგომლობა არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 27 ივლისს და ამოიწურა 2017 წლის 31 ივლისს. შუამდგომლობის ავტორს ამ დროის განმავლობაში ხარვეზი არ გამოსუსწორებია და არც რაიმე განცხადებიტ მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ის შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუს ოლქის ქ.აქტაუს #2 სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების (დაუსწრებელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე