Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-67-63-2017 13 აპრილი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, გამგეობა ან კასატორი) და შპს „ე-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი ან საწარმო; მოგვიანებით შპს „ე-ს“ შპს „ე-ით“ შეეცვალა სახელწოდება) შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც საწარმოს გამგეობისათვის ნაგავშემკრები კონტეინერები უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულების ღირებულება 47 800 (ორმოცდაშვიდი ათას რვაასი) ლარით განისაზღვრა.

2. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, საწარმოს (მიმწოდებელს) დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით (იხ. ხელშეკრულების 6.1 და 9.1 ქვეპუნქტები - ს.ფ. 11-12).

3. საწარმომ სრულად მიაწოდა გამგეობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, თუმცა 38 დღის ვადაგადაცილებით.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1 გამგეობამ 2015 წლის 31 მარტს სარჩელი აღძრა საწარმოს წინააღმდეგ, მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 18 164 (თვრამეტი ათას ას სამოცდაოთხი) ლარის დაკისრება.

4.2 მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელს 2014 წლის 23 აგვისტომდე უნდა შეესრულებინა ვალდებულება. 2014 წლის 3 სექტემბერს გამგეობამ წერილობით აცნობა საწარმოს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

4.3 ხელშეკრულების მიხედვით ერთი დღის ვადაგადაცილებისათვის საწარმოს დაეკისრებოდა 478 ლარი (47 800 * 1%). ვინაიდან, საწარმომ 38 დღის დაგვიანებით შეასრულა ვალდებულება, მასზე დაკისრებულმა პირგასამტეხლომ 18 164 ლარი შეადგინა.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1 მოპასუხემ არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ მან გამგეობას სრულად მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი. საქონლის მიწოდება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, ბოლო 22 500 ლარის საქონელი მოსარჩელეს რამდენიმე დღის დაგვიანებით მიეწოდა, რის შესახებაც გამგეობას წინასწარ ეცნობა.

5.2 უკანონო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით, რადგან 38 დღეზე იგი შეადგენს საერთო სახელშეკრულებო თანხის თითქმის 37%-ს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით 18 164 ლარის დაკისრება და საწარმოს ე.წ. „შავ სიაში“ დარეგისტრირება კანონშეუსაბამოა, რადგან საქონელი სრულად მიეწოდა გამგეობას, ხოლო რამდენიმე დღით დაგვიანება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, რის შესახებაც წინასწარ ეცნობა მოსარჩელეს, როგორც ელექტრონული ფოსტით და ტელეფონით, ასევე წერილობით.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს პირგასამტეხლოს - 1 816 ლარის გადახდა დაეკისრა.

6.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 327-ე, 477-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გამგეობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების საქონელი მიაწოდა. მაგრამ, ასევე, დადგენილი იყო და მხარეები არ დავობდნენ, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადები დაარღვია. საწარმოს მიერ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ 38 დღე შეადგინა.

6.3 სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესზე მითითებით განმარტა, რომ შეთანხმებაში მითითებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი უნდა შემცირებულიყო 10-ჯერ, კერძოდ 0,1%-მდე, შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 1 816 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა.

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1 გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

7.1.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თითქოს საწარმომ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტით დგინდებოდა, რომ მოპასუხეს მიწოდებული ჰქონდა მხოლოდ 18 216 ლარის ღირებულების საქონელი

7.1.2 ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გამგეობამ ხელახლა გამოაცხადა დარჩენილ სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი, რის შედეგადაც გაიზარდა მომსახურების ღირებულება და შესრულების დრო, ხოლო აღნიშნულმა გამგეობას ზიანი მიაყენა;

7.1.3 სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი. პირგასამტეხლო მხარეს ეკისრება ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოცემულ ხელშეკრულებას მხარემ ხელი მოაწერა და გააცნობიერა მისგან გამომდინარე შედეგებიც, მას სახელშეკრულებო ვალდებულებებში შემოსვლამდე და მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში შეეძლო დაეყენებინა პირგასამტეხლოს გამოთვლის პირობების შეცვლის საკითხი, რაც მხარეს არ განუხორციელებია.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არც იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება გამოიწვიოს და არც იმდენად მცირე - მოთხოვნის უზრუნველყოფა რომ ვერ შეძლოს.

8.3 სასამართლოს მითითებით, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს საყურადღებოა დარღვეული ვალდებულების მოცულობა და ხასიათი. მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების, პირგასამტეხლოს ოდენობა, სარგებლის ოდენობის უკუპროპორციული უნდა იყოს, ე.ი. რაც უფრო მაღალი იქნება სარგებელი, მით მცირე პირგასამტეხლო დაეკისრება ვალდებულების დამრღვევს. გასათვალისწინებელია აგრეთვე, თანაფარდობა დარღვეულ ვალდებულებასა და პირგასამტეხლოს ოდენობას შორის, დარიცხვის პერიოდი და ა.შ.

8.4 სასამართლოს შეფასებით, დარღვეულ ვალდებულებასა და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულებას საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო სავსებით უზრუნველყოფდა. რაც შეეხებოდა, აპელანტის პრეტენზიას ზიანთან დაკავშირებით, მას არც ზიანის ოდენობა მიუთითებია და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგენია სასამართლოსათვის.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გამგეობამ, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9.2 საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ამ განჩინების 7.1.1-7.1.3 პუნქტებში მითითებული გარემოებების იდენტურია.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1 მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

16.1 სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულება ვადის დარღვევით მოხდა, რასაც ორივე მხარე აცხადებს და ეთანხმება, რამაც მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება განაპირობა.

16.2 სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირება მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას უნდა მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ს, რაც შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

16.3. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი, მხარეთა ფინანსური მდგომარეობა, მოსარჩელის ეკონომიკური ინტერესი, აგრეთვე, სხვა ობიექტური გარემოებები. ამრიგად, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის დროს ყურადღება ექცევა ვალდებულების მოცულობასა და ხასიათს.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: ას-1342-1380-2014, 06.03.2015 წ; # ას-783-740-2015, 22.10.2015წ; # ას-103-99-2016, 08.04.2016წ; # 12-388-372-2016, 17.06.2016წ.).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

19. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე