Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-95-89-2017 13 აპრილი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, სამინისტრო ან კასატორი)/თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო/ და შპს „ქ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი, აპელანტი ან საწარმო) შორის 2012 წლის 31 დეკემბერს დაიდო №1 ხელშეკრულება კვებითი მომსახურების შესყიდვაზე (შემდეგში: ხელშეკრულება) (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი; იხ. ტ. 1, ს/ფ 14-21). ხელშეკრულების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული სპეცკონტიგენტისა და, ასევე, დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მომსახურეებისა და გარე დაცვის სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება მოპასუხეს უნდა გაეწია.

2. მიმწოდებელს კვების ულუფის მომზადებისას მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული, შესაბამისი სამსახურის მიერ შემოწმებული, სახელმწიფოში მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი, მარკირებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტების გამოყენება დაევალა (ხელშეკრულების 4.2 პუნქტი).

3. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა მიწოდებული მზა პროდუქციის რაოდენობასა და ხარისხზე შემსყიდველისათვის მომსახურების კონკრეტული პარტიის ჩაბარების მომენტში მთავრდებოდა (ხელშეკრულების 6.4 პუნქტი).

4. 2013 წლის 21 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #1 დაწესებულებაში განხორციელდა ინსპექტირება საწარმოს მიერ მიწოდებული პურის წონასა და ვარგისიანობაზე. მსჯავრდებულთათვის გადასაცემი ულუფიდან შერჩევით ამოღებულ იქნა 10 ცალი პურის ნიმუში, რაზეც ინსპექტირების აქტი შედგა.

5. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) 2013 წლის 4 თებერვლის N00193313 დასკვნის თანახმად, „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პურის ნიმუშები თავისი ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლებით შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებს და ვარგისია მოხმარებისათვის“. პურის თითოეული ნიმუშის წონა შეადგენდა: 545 გრ, 545 გრ, 540 გრ, 540 გრ, 540 გრ, 545 გრ, 540 გრ, 550 გრ, 545 გრ, 500 გრ.

6. უხარისხოდ გაწეული მომსახურების შემთხვევაში მიმწოდებელს პირგასამტეხლოს - მომსახურების საერთო ღირებულების 5 %-ის გადახდა ევალებოდა (ხელშეკრულების 9.6. პუნქტი).

7. სარჩელის საფუძვლები

7.1 მოსარჩელემ 2015 წლის 22 ივნისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 4 459,24 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

7.2 სამინისტრომ ამ განჩინების 1-6 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 20-25 მაისის ბრძანებით დამტკიცებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმების ზოგადი დებულების მიხედვით მსჯავრდებულზე პურის ნორმა კვირაში 3 850 გრამია, რაც დღეში 550 გრამს შეადგენს. მოსარჩელის განმარტებით, საწარმოს შემსყიდველის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა შესყიდული პურის დადგენილ პირობებთან შეუსაბამობის გამო უნდა დაკისრებოდა.

8. მოპასუხის შესაგებელი

8.1 მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და მიუთითა, რომ:

8.1.1 უცნობი იყო, ვინ, როგორ პირობებში და რა წესთა დაცვით აიღო ექსპერტიზაზე წარსადგენი პურის ნიმუშები, რადგან ლაბორატორიაში წარადგინეს უკვე აღებული ნიმუშები და არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, ნიმუშების აღება სპეციალისტის მიერ მოხდა თუ არა. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესამოწმებლად წარდგენილი პურის ნიმუშები ვარგისი იყო მოხმარებისათვის;

8.1.2 ხელშეკრულების პირობები არ დარღვეულა, რადგან საწარმოს შემსყიდველისათვის უხარისხო პროდუქცია არ მიუწოდებია. ამასთან, დაუშვებელია პირგასამტეხლოს გადახდისა და ვალდებულების შესრულების ერთდროულად მოთხოვნა. სარჩელიდან და საქმის მასალებიდან არ ირკვევოდა, როგორ გამოთვალა მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ოდენობა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

9.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე და 420-ე მუხლებით და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, გონივრულობის სტანდარტთან შეუსაბამობის გამო, 3 000 ლარამდე შეამცირა.

9.3 საქალაქო სასამართლომ მოპასუხის ამ განჩინების 8.1.1 ქვეპუნქტში აღნიშნული პოზიცია დაუსაბუთებლად მიიჩნია, რადგან სასჯელაღსრულების N1 დაწესებულების კვებითი მომსახურება, მათ შორის, პურის მიწოდების კუთხით მოპასუხის ექსკლუზიური ვალდებულება იყო, რაც აღნიშნული დაწესებულების პურით ალტერნატიული გზით მომარაგებას გამორიცხავდა.

9.4 საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მოიცავდა დათქმას პირგასამტეხლოს გამოყენების თაობაზე მხოლოდ უხარისხო პროდუქციის მიწოდებისას. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინი ,,უხარისხო’’ გულისხმობდა არა მხოლოდ პროდუქტის თვისობრივ მაჩვენებლებს, არამედ ვრცელდებოდა ,,უხარისხოდ გაწეულ მომსახურებაზე’’, რაც განვრცობითი ცნებაა და მოიცავს ვალდებულების შესრულებას ხელშეკრულებით და კანონით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მიმწოდებელმა კი ვერ უზრუნველყო ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რადგან პურის ყოველდღიური ნორმა არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რაც, მოსარჩელეს უფლებას ანიჭებდა გამოეყენებინა მოპასუხის წინააღმდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

10. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:

10.2 აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა პურის საერთო ტექნიკური პირობების შესახებ საქართველოს სტანდარტი, რაზედაც საწარმო უთითებდა ახსნა-განმარტების ეტაპზე და სხდომაზე წარადგინა საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი (სსტ 23-99) - პურის ხორბლის ფქვილის საერთო ტექნიკური პირობები, რომლითაც ხელმძღვანელობდა ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2013 წლის 4 თებერვლის N500313213 დასკვნის მომზადებისას. აღნიშნული სამართლებრივი აქტის მე-5 თავის 5.2.2 პუნქტის თანახმად: ,,ნაწარმის დადგენილი მასიდან ნაკლებობისკენ დასაშვები გადახრა ღუმელიდან გამოღების შემდეგ მაქსიმალური დაყოვნებისას არ უნდა აღემატებოდეს 2.5%-ს და იგი უნდა განისაზღვროს ერთდროულად ან ცალ-ცალკე აწონილი 10 ცალი პურის საშუალო მასის მიხედვით. ერთი ცალი ნაწარმის დადგენილი მასიდან ნაკლებობისაკენ დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 3.0 %-ს, ხოლო მეტობისკენ გადახრა შეუზღუდავია“. მოცემულ შემთხვევაში პურის წონის ცდომილება სტანდარტის თანახმად დასაშვებია, კერძოდ: 10 ცალი 550 გრ.-იანი (5500 გრ) პურის 2.5%-ის გადახრა შეადგენს 137.5 გრამს, კონკრეტულ შემთხვევაში 10 ცალი პურის წონა შეადგენს 5390 გრ.-ს, ე.ი. 27.5 გრ-ით მეტია დასაშვებ გადახრაზე. რაც შეეხება 1 პურის მასას, დასაშვები გადახრა შეადგენს 3.0%-ს. 550 გრ.-ის 3% შეადგენს 16.5 გრ.-ს, შესაბამისად, დასაშვებია, რომ 1 ცალი პური იწონიდეს არანაკლებ 533.5 გრ.-ს. ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, პურის წონის ცდომილება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით დასაშვები იყო.

10.3 კრედიტორმა მიიღო შესრულებული ვალდებულება და პრეტენზია არ გამოუთქვამს, შესაბამისად, მას პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი არ ჰქონდა. ხარვეზი, რომელიც სასამართლომ ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია, ზიანის მომტანი არ ყოფილა და მას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აპელანტის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11.2 . სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-6 ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მიმწოდებელი შემსყიდველს აწვდიდა მზა საკვებ პროდუქტს, მათ შორის პურს, ხოლო პროდუქტს, ულუფების სახით, პატიმრებს თავად მოსარჩელე აწვდიდა.

11.3 . საკითხი იმის შესახებ, დაირღვა თუ არა საწარმოს მიერ ნაკისრი ვალდებულება, უნდა გარკვეულიყო 2013 წლის 21 იანვრისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობისა და მოპასუხის მიერ ამავე დღეს მიწოდებული პურის მთლიანი ოდენობის შესახებ მონაცემთა ურთიერთშედარებით. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს ამგვარი მონაცემები სასამართლოსათვის არ წარუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ 2013 წლის 4 თებერვლის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე მითითებით, რომლითაც დადასტურდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2013 წლის 21 იანვარს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული პურის პარტიიდან ნიმუშის სახით აღებული 10 პურის წონა აღმოჩნდა 550 გრამზე ნაკლები და თითოეული პურის წონა მერყეობდა 540-545 გრამს შორის (ერთ შემთხვევაში პურის წონა შეადგენდა 500 გრამს). სასამართლომ აღნიშნა, ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ 2013 წლის 21 იანვარს მოპასუხის მიერ მიწოდებული პურის პარტიიდან 10 ცალი პურის საერთო წონა ნაკლები იყო 5 500 გრ.-ზე ( 10 * 550), არ იძლეოდა საკმარის საფუძველს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ 2013 წლის 21 იანვარს მოსარჩელეს მიეწოდა პურის პარტიის ოდენობა იმაზე ნაკლები წონით, ვიდრე უნდა მიწოდებოდა.

11.4 . ამ განჩინების 11.3 ქვეპუნქტში დასახელებული მონაცემების გარეშე პურის ნაკლები ოდენობით მიწოდების თვალსაზრისით, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ, დასკვნის გაკეთება შეუძლებელი იყო. მითითებული გარემოებებისა და მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი დასკვნა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით.

11.5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა ის პირობა, რომ მისაწოდებელი თითოეული პური მოპასუხეს უნდა მოემზადებინა და მიეწოდებინა პატიმრისათვის გადასაცემად გამზადებული ულუფის (მაგალითად: პატიმრისათვის შესაბამისი ნორმით დადგენილი ოდენობის პური) სახით, მხოლოდ იმ ფაქტის დადგენა, რომ ნიმუშად აღებული პურის წონა იყო 5 ან 10 გრამით უფრო ნაკლები, ვიდრე ეს გათვალისწინებულია პატიმრისათვის დადგენილი კვების ნორმებისა და წინასწარ შეთანხმებული მენიუს შესაბამისად, არ ადასტურებდა საწარმოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას ან არაჯეროვან შესრულებას.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1 . სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით მოითხოვა:

12.2 . მოცემული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოს პრაქტიკა არაერთგვაროვანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებითაა განხილული, რასაც შეეძლო საქმის განხილვის შედეგზე არსებითი გავლენა მოეხდინა. ასევე, გაურკვეველია სასამართლოს არგუმენტაცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლო გასცდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს;

12.3 . სააპელაციო სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ის ფაქტი, რომ საწარმოს მიერ უხარისხოდ გაწეული მომსახურების გამო ბრალდებულებმა/მსჯავრდებულებმა ვერ მიიღეს მათთვის გამოყოფილი დღიური ულუფა, რაც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებაა;

12.4 . სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ საწარმოს მიერ მიწოდებული პროდუქტის პატიმრებისათვის ულუფის სახით მიწოდებას ახორციელებდა შემსყიდველი, არასწორი იყო, რადგან ხელშეკრულების 5.4 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიეწოდებინა იმდენი ულუფა, რამდენიც მოთხოვნილი იყო კონკრეტული დაწესებულების მიერ. შესაბამისად, კასატორს მიმწოდებლის მიმართ პრეტენზია გააჩნდა არა ულუფათა რაოდენობის, არამედ თითოეული პურის წონასთან დაკავშირებით. მიმწოდებელი ვალდებული იყო დაეცვა პურის წონის სტანდარტი, მით უმეტეს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისთვის წინასწარ იყო ცნობილი ღუმელში პურის წონის კლების შესახებ.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

17. სასამართლო პრაქტიკის თანახმად დადგენილია, რომ „პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან“ (იხ. სუსგ ას-833-799-2016, 02.11.2016წ.). იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მოსარჩელემ, არ არსებობს მოპასუხისათვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

18. ამ განჩინების 12.4 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ამ განჩინების 11.3-11.5 პუნქტებში ასახულ მსჯელობაზე და დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლები პური მიაწოდა. მარტოოდენ ექსპერტიზის დასკვნაზე მითითება, რომ 9 პურის წონა 550 გრ-ზე ნაკლები იყო, საკასაციო სასამართლოს არ აძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საწარმომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია. 550 გრ. პური დღიურ ნორმად განსაზღვრულია თითოეული ბრალდებულ/მსჯავრდებულისათვის, უშუალოდ ბრალდებულ/მსჯავრდებულთან პროდუქტის მიწოდებას თავად მოსარჩელე უზრუნველყოფდა, რასაც კასატორიც აღნიშნავს (იხ. ამ განჩინების 12.4 პუნქტი).

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

21. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე