საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-491-459-2017 30 ივნისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ს-ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სადაზღვევო თანხის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში: სამინისტრო ან დამზღვევი) და სს „ს-ს“ (შემდეგში: მზღვეველი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N124 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას;
2. ხელშეკრულების №1 დანართის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა ითვალისწინებდა დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი ბუნებრივი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალებისას მემკვიდრისათვის პოლისში მითითებული ფიქსირებული თანხის ანაზღაურებას; სიცოცხლის დაზღვევა არ ვრცელდებოდა დაზღვეულის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარ სადაზღვევო შემთხვევაზე;
3. ვიცე-პოლკოვნიკი ზ. ა-ე (შემდეგში: დაზღვეული, გარდაცვლილი, სამხედრო მოსამსახურე), როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, სარგებლობდა სს „ს-ის“ სადაზღვევო მომსახურებით;
4. დაზღვეული 2014 წლის 24 სექტემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების დღეს იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და მონაწილეობდა ფიზიკური მომზადების ღონისძიებაში. სამინისტროს ტერიტორიაზე სირბილის შემდეგ, დაზღვეული, ვარჯიშის გაგრძელების მიზნით, შევიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამსახურის სპროტდარბაზში (შემდეგში სპორტდარბაზი), რა დროსაც, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
5. მოსარჩელე ბ. ა-ე (შემდეგში: მოსარჩელე, მემკვიდრე ან აპელანტი) გარდაცვლილი ზ. ა-ის მეუღლე და პირველი რიგის მემკვიდრეა.
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. სადაზღვევო თანხის მიღებაზე უფლებამოსილმა პირმა - 2014 წლის 24 სექტემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სადაზღვევო თანხის, 10 000 (ათი ათასი) ლარის, დაკისრების მოთხოვნით;
6.2. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა ანაზღაურდება დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი ბუნებრივი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული დაზღვეულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი 10 000 ლარით განისაზღვრა;
6.3. დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, გულსისძარღვთა მწვავე უკმარისობაა, განვითარებული გულის იშემიური დაავადების შედეგად;
6.4. იგი გარდაიცვალა სპორტდარბაზში ვარჯიშისას, რა დროსაც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. აღნიშნული დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 9 მარტის დასკვნით, სადაც ხაზგასმულია, რომ „ვიცე-პოლკოვნიკ ზ. გ-ის ძე ა-ის გარდაცვალება დადგა გულსისძარღვთა მწვავე უკმარისობით, განვითარებული გულის იშემიური დაავადების შედეგად, რომელიც წარმოადგენს ორგანულ დაავადებას და მისი განვითარება არ არის მიზეზობრივ კავშირში სამხედრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.“
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1.მზღვეველმა სარჩელი არ ცნო, მან წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებაზე მიუთითა: დაზღვეული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა, რაც მისი მოსაზრებით, შეთანხმებული დაზღვევის პირობების თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილი იქნა;
8.2. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ დაზღვეულის გარდაცვალება უკავშირდებოდა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, რაც გამორიცხავდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას;
8.3. სასამართლომ დაასკვნა, რომ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მიზეზს გულის იშემიური დაავადების შედეგად განვითარებული გულსისძარღვთა მწვავე უკმარისობა წარმოადგენდა;
8.4. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 799-ე მუხლის პირველი ნაწილი.
9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა;
9.2. აპელანტმა მიუთითა სარჩელში მითითებული პრეტენზიის იდენტურ გარემოებებზე, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 7.1.-7.4. პუნქტებში.
9.3.აპელანტმა, ასევე, გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში: სამინისტრო) ჩართვის თაობაზე. თავდაცვის მინისტრის 26.09.07 წ. N560 ბრძანების მე-40 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები, მის ოჯახს მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი განსახილველ დავაზე სასამართლო გადაწყვეტილებით არ იქნებოდა დაკმაყოფილებული სარჩელი და სადაზღვევო თანხა გადახდას არ დაექვემდებარებოდა, სამინისტროს, ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, წარმოეშვებოდა ბრძანებაში მითითებული ერთჯერადი დახმარების თანხის გარდაცვლილის ოჯახისათვის გადახდის ვალდებულება. ამდენად, აპელანტის მითითებით, განსახილველ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება უდავოდ იქონიებდა გავლენას სამინისტროს უფლებებსა და მოვალეობებზე.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა;
10.2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 24 სექტემბერს დაზღვეულის გარდაცვალება არ უკავშირდებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
10.3. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის უდავოა და საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 9 მარტის დასკვნაში დაფიქსირებული ინფორმაციითაც დასტურდება, რომ 2014 წლის 24 სექტემბერს, დაზღვეული იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტერიტორიაზე, მონაწილეობდა ფიზიკური მომზადების ღონისძიებაში. აღნიშნულ დღეს იგი, ვარჯიშის გაგრძელების მიზნით, შევიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამსახურის სპროტდარბაზში, რა დროსაც, მოულოდნელად გარდაიცვალა;
10.4. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზღვეულის სიკვდილის მიზეზია გულსისძარღვთა მწვავე უკმარისობა განვითარებული გულის იშემიური დაავადების შედეგად. ამავე დასკვნით დგინდება, რომ ქიმიურ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი მისი გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი;
10.5. მითითებული მასალების ანალიზისა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა სამსახურში ყოფნის პერიოდში, თუმცა, მისი გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის უშუალო შესრულებას არ უკავშირდებოდა. სასამართლოს განმარტებით, მზღვეველის პასუხისმგებლობის გამოსარიცხად დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეული უნდა იყოს იმის შედეგად, რომ მან თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა ან ასეთ მოვალეობას ასრულებდა, ანუ გარდაიცვალა სამუშაოს მიზეზით. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმას, გარდაიცვალა თუ არა დაზღვეული სამუშაო ადგილას ან სამუშაო საათების დროს;
10.6. სასამართლომ განმარტა, როდესაც უდავო გარემოებას წარმოადგენს დაზღვეული პირის გულის იშემიური დაავადებით სნეულების ფაქტი, ასეთ მოცემულობაში მტკიცებას საჭიროებდა ის გარემოება, რომ გულსისძარღვთა მწვავე უკმარისობით დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება იყო. სასამართლოს მითითებით, ამ გარემოების დამტკიცების მიზნით დასაშვები მტკიცებულება საქმის მასალებში წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, მხოლოდ იმ ფაქტზე აპელირება, რომ შემთხვევა სამსახურში ყოფნის დროს მოხდა, ვერ მიიჩნეოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. მით უფრო, რომ სამხედრო სამსახური მოიცავს 24-საათიან სამუშაო რეჟიმს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამხედრო მოსამსახურე არ იმყოფება შვებულებაში ან თვითდათხოვნაში. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურს გადის უწყვეტად, მუდმივად იმყოფება სამუშაო საათების რეჟიმში. შესაბამისად, ამ მოცემულობის ამგვარი სახით, მისი შინაარსობრივი მნიშვნელობის გაანალიზების გარეშე, მიღება სადაზღვევო ურთიერთობის არსებობას საფუძველს გამოაცლიდა და დანიშნულებას დააკარგვინებდა;
10.7. განჩინების სამართლებრივი მოტივაციისას სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით: „დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“. ამავე კოდექსის 836-ე მუხლის შესაბამისად, „დაზღვევის ხელშეკრულების დადება სხვა პირის სასარგებლოდ დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის“. სასამართლომ, ასევე, მიუთითა სსკ-ის 844-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, „სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს“;
10.8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაზღვეული, როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, სარგებლობდა მზღვეველის სადაზღვევო პოლისით. დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურეთა სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო ანაზღაურება განისაზღვრა 10 000 ლარით. ვინაიდან, დადგენილი იქნა, რომ სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, თუმცა, მისი გარდაცვალება არ უკავშირდებოდა სამსახურებრივი მოვალეობის უშუალო შესრულებას.
11. მზღვეველის საკასაციო საჩივარი
11.1. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა;
11.2. კასატორის მტკიცებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ დაზღვეულის გარდაცვალება არ უკავშირდებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლომ ერთობლიობაში არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, მოპასუხის მიერ წარდგენილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების დასტური, რომლის თანახმადაც ფიზიკური დატვირთვა გულის იშემიური დაავადების დროს შესაძლებელია გახდეს გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის განვითარებისა და შედეგად გარდაცვალების მიზეზი.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1.საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით მზღვეველის საკასაციო განაცხადი მიღებულია წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს (8.02.2017 N259; ახალი რედაქცია ამოქმედდა 2017 წლის 14 მარტიდან), რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული;
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია;
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81);
17. კასატორს არაკვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი, რადგან მისი პრეტენზიები ძირითადად ეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დაკმაყოფილებული სააპელაციო საჩივრის უსაფუძვლობას, თუმცა, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის მოწინააღმდეგის მტკიცების გასაქარწყლებლად სამართლებრივად ვარგისი, სარწმუნო და დამაჯერებელი არც ერთი მტკიცებულება. მოპასუხის ზეპირი განმარტება და წინამდებარე განჩინების 11.2. ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების დასტური არ არის საკმარისი მტკიცებულება მემკვიდრის სარჩელის უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის დასამტკიცებლად, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით;
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებაში არსებითად სწორია. ამასთან, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, დამატებით ყურადღება გაამახვილოს შემდეგზე:
19.1. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მისი 10 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 799.1, 844-ე, 1336-ე მუხლებიდან, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-12 პუნქტიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებადია, რადგანაც განხორციელებულია შედეგის განმსაზღვრელი ყველა წინაპირობა ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით:
19.1.1. მზღვეველსა და დამზღვევს შორის 2014 წლის 28 თებერვალს დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი ბუნებრივი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში (რომელიც არ არის დაკავშირებული დაზღვეულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან) მემკვიდრეს აუნაზღაუროს პოლისში მითითებული ფიქსირებული თანხა. ხელშეკრულება აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მისი მოქმედება დაიწყო 2014 წლის 28 თებერვალს (სსკ-ის 806-ე, 815-816-ე მუხლები);
19.1.2. სადაზღვევო შემთხვევა დადგა - დაზღვეული გარდაიცვალა 2014 წლის 24 სექტემბერს;
19.1.3. გარდაცვლილის მემკვიდრეს ხელშეკრულებით მინიჭებული აქვს სადაზღვევო საზღაურის მიღების უფლება (დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის 10.12 მუხლი, სსკ-ის 1336-ე, 1151-ე მუხლები);
19.1.4. არ არსებობს მზღვეველის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო გარემოება (სსკ-ის 850-ე, ხელშეკრულების 1.3.10 პუნქტი);
20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, გადამწყვეტია დაზღვეულის მიერ მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და დაზღვეულის გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა; დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეული უნდა იყოს იმის შედეგად, რომ მან თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა ან ასეთ მოვალეობას ასრულებდა ანუ გარდაიცვალა სამუშაოს მიზეზით. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს იმას, გარდაიცვალა თუ არა დაზღვეული სამუშაო ადგილას ან სამუშაო საათების დროს. მზღვეველის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე კანონიერი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარსებებდა მიზეზობრივი კავშირი დაზღვეულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და დაზღვეულის გარდაცვალებას შორის“ (იხ. სუსგ # ას-907-869-2014; შდრ. # ას-755-811-2011, 10.09.2012 წ.);
21. განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით მხარეთათვის უზრუნველყოფილი იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე (საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მესამე ნაწილი) დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და დასაბუთებული, რაც მოპასუხის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია;
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ს-ს" (ს/კ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის (საგადასახადო დავალება N947201625, გადახდის თარიღი 2017 წლის 31 მარტი), 70% – 350 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე