Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-525-491-2017 14 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ქ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ა (მოსარჩელე)

მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

თავდაპირველი მოპასუხე - ნ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, თ. მ-ას სარჩელი თ. ქ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) და ნ. ქ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 160-ე, 162-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები).

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე, 374-ე, 390-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულად არ გამოასწორეს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის (იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში) და სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტის დედნის წარდგენა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში; ასევე, განემარტათ ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

6. ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, 2017 წლის 30 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი. კერძოდ, წარადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად არ შეავსეს და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის, რაც სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. ამ განჩინების მე-3 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სააპელაციო საჩივარში დეტალურად ჰქონდა მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება ჰქონდა გამახვილებული უზუსტობებზე, რომლებიც დაშვებული იქნა მოსამართლის მიერ და უთითებდა თუ რატომ არ ეთანხმებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

10. მოპასუხე განმარტავს, რომ იგი არ არის იურისტი და, შესაბამისად, შესაძლებელია ზუსტად ვერ დაიცვა სსსკ-ის ის მოთხოვნები, რაც საჭიროა სააპელაციო საჩივრის შედგენისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას, როგორც რიგით მოქალაქეს შეეზღუდოს უფლება მისი საქმე განხილულ იქნეს მინიმუმ ორი ინსტანციის სასამართლოში.

11. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება არის უსაფუძვლო, რითაც ილახება მისი კონსტიტუციური უფლება - მიმართოს სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 29 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13.სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

14.სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

15.სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი სრულად არ შეავსო. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესით, რომლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის ასეთი თხოვნით არ მიუმართავს, რის გამოც, სასამართლო უფლებამოსილი არ არის, თავისი ინიციატივით გააგრძელოს ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა.

16.საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რაც ამ განჩინების 4-7 ქვეპუნქტებში მითითებული. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეებმა ხარვეზი სრულად არ გამოასწორეს, აპლენტს არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც სსსკ-ის 368-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

17. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ქ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე