Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-38-კს-03 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე)

ნ. კლარჯეიშვილი, ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 19 თებერვალს სს “ს-მ”, “ხ-ამ” და “კ. ა-მა” განცხადებით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს, მიუთითეს სასამართლოში სარჩელის აღძვრის განზრახვის თაობაზე და შემდეგი მოტივით მოითხოვეს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2003წ. 6 თებერვალს გაცემული სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება, რომელიც ეხება 240945 ლარის ვალის გადახდევინებას:

საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “კ. ა-ს” “ი-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 240945 ლარის გადახდა, რაზეც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2003წ. 6 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 1997წ. 27 თებერვალს სს “კ. ა-ი” დაიყო სამ საწარმოდ, რომელთაც ეწოდათ სს “კ. ა-ი”, სს “ს.” და სს “ხ-ა”. სს “კ. ა-ის” რეორგანიზაციის პერიოდში აქციონერთათვის ცნობილი არ იყო მოვალის – სააქციო .... “ი-ის” წინაშე დავალიანების შესახებ. სს “კ. ა-ის” სამართალმემკვიდრეებმა მიიჩნიეს, რომ მათ მიერ შეძენილი ქონება არის ნაკლის მქონე. ვალის არსებობის შესახებ მათთვის უნდა ეცნობებინა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს, ვალის მათ საწარმოზე დაკისრებით ადგებათ მნიშვნელოვანი ზიანი, რის გამოც აღნიშნული საკითხი საჭიროებს სამართლებრივი გზით გადაწყვეტას. მოვალეთა მითითებით, აღნიშნული სააღსრულებო საბუთი არის სადავო და თანხა გადასახდელად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს. განმცხადებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან სააღსრულებო წარმოების განხორციელებით მათ მიადგებათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და შეუძლებელი გახდება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 19 თებერვლის განჩინებით განმცხადებლების _ სს “ს-ს”, სს “ხ-ის” და სს “კ. ა-ის” მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სარჩელის აღძვრამდე, მისი უზრუნვეყოფის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2003წ. 6 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებასთან დაკავშირებული მოქმედების შეჩერება, რაზეც ქუთაისის საოლქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა სააქციო ...მა “ი-მა” და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გაჩინების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით სს უნივერალური ბანკი “ი-ის” საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 19 თებერვლის განჩინება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების მიღების შესახებ.

საოლქო სასამართლოს განჩინებაზე სს “ს-მ” კერძო საჩივარი წარადგინა და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 28 თებერვლის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების თაობაზე განჩინების ძალაში დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორმა არასწორად მიიჩნია სასამართლოს მოსაზრება, რომ მათ მიერ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში საქმეში “ი-ის” ჩაბმის გარეშე არამართებულია უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება. მათი მითითებით, ვინაიდან დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივია, “ი-ი” მხარედ უცილოდ იქნება ჩართული. განცხადების შეტანა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების შესახებ განაპირობა იმ გარემოებამ, რომ იმერეთის სააღსრულებლო ბიუროს მხრიდან სააღსრულებლო მოქმედებების დაწყების შეუჩერებლობა მოსარჩელეებს მიაყენებს მნიშვნელოვან მატერიალურ და მორალურ ზიანს. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დავა ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს წინააღმდეგ მათ სასარგებლოდ გადაწყდება, შეუძლებელი იქნება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რადგან 240945 ლარი ვალის გადახდევინება ფაქტობრივად გამოიწვევს სს “კ. ა-ის” სამართალმემკვიდრეების გაკოტრებას.

კერძო საჩივრის ავტორმა ასევე არასწორად მიიჩნია საოლქო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მათ “ი-ი” სავარაუდო მოპასუხედ არ მოუხსენებიათ, მაგრამ სკ-ს 414-ე მუხლის საფუძველზე პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება განჩინება, აქვს განჩინების გასაჩივრების უფლება. კერძო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის შეჩერების უფლება არ ჰქონდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, ვინაიდან აღსრულების შეჩერება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახე, გათვალისწინებულია საპროცესო კანონმდებლობით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 მარტის განჩინებით სს “ს-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით სრულად გაიზიარა ის მოსაზრება, რომ სს უნივერსალური ბანკი “ი-ი” ჩაბმული უნდა იქნეს აღნიშნულ საქმეში. მისი ჩაბმის გარეშე უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება არამართებული იყო. სასამართლო კოლეგიამ კი სარჩელის აღძვრამდე შემოტანილი განცხადების საფუძველზე ვერ მიიღო გადაწყვეტილება საქმეში მოპასუხეთა ან მესამე პირთა ჩაბმის შესახებ.

მიუხედავად მხარეთა – სს “ს-ს”, სს “კ. ა-ისა” და სს “ხ-ის” სსკ-ით დადგენილი წესით არაერთგზის მოწვევისა, არც კერძო საჩივრის ავტორი და არც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განმცხადებლები საკასაციო ინსტანციაში არ გამოცხადდნენ, ამიტომ კერძო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 420-ე მუხლისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ს-ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 28 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სს უნივერსალური ბანკი “ი-ის” წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით საკასაციო პალატამ გამოარკვია, რომ საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996წ. 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “კ. ა-ს” “ი-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 240945 ლარის გადახდა. 1997წ. 27 ნოემბერს განხორციელებული სს “კ. ა-ის” რეორგანიზაციის შედეგად, მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამი დამოუკიდებელი საწარმო _ სს “ს.”, სს “ხ-ა” და სს “კ. ა-ი”. სს “ი-ის” მიერ აღძრული სასარჩელო წარმოების საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს უნივერსალური ბანკი “ი-ის” სარჩელი; სს “კ. ა-ს”, სს “ს-სა” და სს “ხ-ას” სს უნივერალური ბანკი “ი-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 240945 ლარის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ს 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, შესასრულებლად სავალდებულოა ყველასათვის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე 2003წ. 6 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2003წ. 19 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორმა სს “ს-მ”, სს „ხ-ამ” და სს “კ. ა-მა” განცხადებით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს და სსკ-ს 192-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვეს მათ მიმართ დაწყებული 240965 ლარის იძულებით გადახდევინებასთან დაკავშირებული მოქმედების შეჩერება.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რადგან ამ კოდექსის 29-30-ე მუხლებით რეგულირებულია სარჩელის უზრუნველყოფის სახით მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შეჩერების საკითხი, ამიტომ სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებათა გამოყენების საკითხის გადაწყვეტა ხდება სსკ-ს შესაბამისი ნორმებით – XXIII თავი “სარჩელის უზრუნველყოფა”, რომლის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება, როცა ამ საბუთს ედავება მოვალე სასამართლო წესით. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 36-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტიც მიუთითებს: სასამართლო დავის გადაწყვეტამდე აჩერებს აღსრულდებას, მოვალის მიერ სააღსრულებო ფურცელზე სასარჩელო წესით საქართველოს კანონმდებლობით დასაშვები დავის აღძვრისას. ამდენად, სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონისა და სსკ-ით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც სარჩელის აღძვრამდეც შეიძლება იქნეს გამოყენებული, მხოლოდ სააღსრულებო ფურცლზე დავასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში კი, საკასაციო პალატის აზრით, ადგილი არა აქვს სააღსრულებო ფურცელზე დავას, არამედ როგორც წარმოდგენილი განცხადებიდან ირკვევა, განმცხადებლები დავის აღძვრას აპირებენ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული 240945 ლარის იძულებითი წესით მათთვის გადახდევინების შესახებ იმ მოტივით, რომ ისინი მოვალე სს “კ. ა-ის” რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი, დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან, არც საწარმოს გაყოფის და არც აქციების პრივატიზების დროს მათთვის არ იყო ცნობილი სს “კ. ა-ის” დავალიანების შესახებ “ი-ის” მიმართ, ამიტომ მათ მიერ შეძენილი ქონება ნაკლის მქონეა, რის გამოც 240945 ლარი გადასახდელად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს. ამდენად, საკასაციო პალატას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების საფუძველზე მიაჩნია, რომ განმცხადებლები მომავალში აპირებენ არა სააღსრულებო ფურცელზე სარჩელის აღძვრას, არამედ მოვალე სს “კ. ა-ის” რეორგანიზაციისა და აქციების პრივატიზების, როგორც ნაკლული ნივთის გასხვისების კანონიერებაზე დავას, ამიტომ განმცხადებლების მიერ მოპასუხედ დასახელებულია პრივატიზების მხარე – სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველო (ამჟამად სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო) და არა სააღსრულებო ბიურო.

დავის არსიდან გამომდინარე, მოვალე სს “კ. ა-ის” რეორგანიზაციისა და აქციების პრივატიზების კანონიერებაზე დავასთან დაკავშირებით საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია განმცხადებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება და სარჩელის უზრუნველყოფის სახით, სარჩელის აღძვრამდე სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება. ამიტომ სს “ს-ს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 28 თებერვლის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ ს-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 28 თებერვლის განჩინება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების მიღებაზე ამავე სასამართლოს 2003წ. 19 თებერვლის განჩინების გაუქმების შესახებ;

3. სს “ს-ს” კერძო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3614 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.