Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-566-525-2017 26 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ლ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - ი. ფ-ი, მ. ლ-ე, რ. გ-ე, თ. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი გ. ლ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი), ი. ფ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე), მ. ლ-ის (შემდეგში: მესამე მოპასუხე), რ. გ-ისა (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე) და თ. ლ-ის (შემდეგში: მეხუთე მოპასუხე) წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, აპელანტების სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 20 თებერვალს, 11:00 საათზე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა პირველი მოპასუხე და აღნიშნა, რომ მისმა წარმომადგენელმა, რ. ხ-ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომაზე გამოცხადება და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, რის გამოც პირველმა მოპასუხემ სასამართლოს მთავარი სხდომის სხვა დროისთვის გადადება იშუამდგომლა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სხდომა გადაიდო 2017 წლის 1 მარტს, 12:00 საათზე. სხდომის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით და განემარტათ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი და სასამართლო უწყება, ს/ფ 246-248).

5. სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომის წინა დღეს, 2017 წლის 28 თებერვალს მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და ითხოვეს გონივრული ვადის მიცემა, სხვა წარმომადგენლის აყვანისათვის, იმ დასაბუთებით, რომ მათ რ. ხ-ას შეუწყვიტეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

6. 2017 წლის 1 მარტს სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები და არც მათი წარმომადგენელი, რ. ხ-ა, რომელმაც სასამართლოს სატელეფონო შეტყობინებით აცნობა, რომ სხვა პროცესზე მონაწილეობის გამო სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 215.1-ე, 216-ე, 99-ე, მე-100, 276-278-ე, 70-78-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 107-ე მუხლით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით და მოპასუხეთა სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია, რის გამოც მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რ. ხ-ა მოპასუხეთა ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენდა ორდერის საფუძველზე („ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-3 მუხლები), რაც სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტია. სსსკ-ის 99-ე და მე-100 მუხლების შესაბამისად მესამე და მეოთხე მოპასუხეებს შეეძლოთ შეეწყვიტათ წარმომადგენლის უფლებამოსილება, თუმცა, ამის შესახებ მხარემ გონივრული ვადით ადრე უნდა აცნობოს სასამართლოს და არა სხდომის წინა დღეს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტებს ჰქონდათ გონივრული დრო, წინასწარ გაეფრთხილებინათ სასამართლო ადვოკატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და ახალი ადვოკატი აეყვანათ, მით უმეტეს, როდესაც განსახილველ საქმეზე მანამდე ერთხელ უკვე გადაიდო სხდომა მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე.

9. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტთა მიერ სხდომის წინა დღეს დაყენებული შუამდგომლობა საქმის განხილვის გაჭიანურებას ემსახურებოდა. თავად მესამე და მეოთხე მოპასუხეებს შუამდგომლობის წარდგენით სხდომაზე გამოცხადების ვალდებულება არ გაქარწყლებიათ, რის გამოც სასამართლომ დაადგინა, რომ მათი სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. საკასაციო სასამართლოს შინაგან რწმენას მოპასუხეთა არადამაჯერებელი პოზიციაც ამყარებს, კერძოდ, ამ უკანასკნელთაგან მესამე და მეოთხე მოპასუხეებმა 28 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში დანიშნული სხდომის გადადება იმ მოტივით მოითხოვეს, რომ წარმომადგენელს - რ. ხ-ას შეუწყვიტეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და სხვა წარმომადგენლის ასაყვანად დრო მოითხოვეს, ხოლო 1 მარტს - დანარჩენ მოპასუხეთა წარმომადგენელმა რ. ხ-ამ სხდომის გადადება ითხოვა იმავე დღეს სხვა სხდომაზე მონაწილეობის მოტივით, თუმცა, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნამდვილად სხვა სხდომაზე მონაწილეობის გამო ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება (ხ. ამ განჩინების 5-6 და ქვემოთ მე-14 პუნქტები).

10. დანარჩენი მოპასუხეების სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო. სხდომაზე არ გამოცხადდა პირველი, მეორე და მეხუთე მოპასუხეების წარმომადგენელი რ. ხ-ა და არც გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსათვის.

11. იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომლებიც სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თანაც მათი გამოუცხადებლობა არასაპატიოდ იქნა შეფასებული - მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

12. პირველმა მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

13. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მისი წარმომადგენლის, რ. ხ-ას გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რადგან მას სხვა პროცესი ჰქონდა იმავე სასამართლოში, რომელიც დროულად არ დამთავრდა. აღნიშნულის თაობაზე კი ტელეფონით შეატყობინა სასამართლოს.

14. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დაზუსტებულ კერძო საჩივარს მტკიცებულებებთან ერთად დამატებით წარმოადგენდა უზენაეს სასამართლოში, თუმცა, მას დამატებით რაიმე განცხადება ან დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო ინფორმირებული იყო მისი წარმომადგენლის რ. ხ-ას სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, რადგან საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. არც თავად კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავთ, რომ 2017 წლის 1 მარტს ადვოკატს კიდევ ჰქონდა სხვა სხდომა, რის გამოც ვერ შეძლებდა საქმის განხილვაზე გამოცხადებას. 2017 წლის 1 მარტს დანიშნული სხდომის თაობაზე 2017 წლის 24 თებერვალს ეცნობა რ. ხ-ას, შესაბამისად, მას ჰქონდა გონივრული ვადა წერილობით მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის და ეცნობებინა სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის შესახებ, იმავე სასამართლოში, დღის იმავე პერიოდში დანიშნულ სხდომაში მონაწილეობის გამო.

19. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც ამ განჩინების 4-11 ქვეპუნქტებშია ასახული და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, რასაც თავადაც ადასტურებს. ის და მისი წარმომადგენელი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ სხდომაზე და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი, 372-ე, 387-ე მუხლები).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ლ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე