Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-670-626-2017 4 ივლისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ქ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ა. ა-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ, უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 373-ე, 369-ე, 2591-ე, 46-ე, 70-78-ე, მე-60, 61-ე, 63-ე, 374-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სსსკ-ით დადგენილი წესის დაცვით მოსარჩელეს, როგორც ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს (იხ. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, ს/ფ 28), თავად გაუგზავნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, რაც მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 31 მარტს (იხ. საფოსტო უკუგზავნილი, ს/ფ 173). შესაბამისად, სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 1 აპრილს დაიწყო და იმავე წლის 18 აპრილს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის 27 აპრილს იქნა წარდგენილი სასამართლოში (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს/ფ 175), რის გამოც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა (სსსკ-ის 63-ე და 374-ე მუხლები).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მოთხოვნით.

6. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მ. ბ-ის განმარტებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი 2017 წლის 31 მარტს ვერ ჩაბარდებოდა მოსარჩელეს, რადგან სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე შეუძლებელია სასამართლოს ვადაზე ადრე დაეწერა დასაბუთებული გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20 დღის შემდეგ წარმომადგენელი თითქმის ყოველდღე რეკავდა სასამართლოში იმის გასაგებად, მზად იყო თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილება და პასუხი ყოველთვის უარყოფითი იყო.

7. აპელანტის წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ მას გადაწყვეტილება 2017 წლის 24 აპრილს ჩაბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 27 აპრილს ანუ ჩაბარებიდან სამ დღეში წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, აპელანტი მას ყოველთვის დაუყოვნებლივ ატყობინებდა სასამართლო გზავნილის მიღების შესახებ ინფორმაციას, თუმცა, 2017 წლის 31 მარტს მოსარჩელეს მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. წარმომადგენლის მტკიცებით, აღნიშნული გარემოება იმის საფუძველია, რომ მოსარჩელეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი 2017 წლის 31 მარტს არ ჩაბარებია, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და სააპელაციო საჩივარი არსებითად იქნეს განხილული.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.

11. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესის დაცვით გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა მოსარჩელეს 2017 წლის 31 მარტს (იხ. საფოსტო უკუგზავნილი მოსარჩელის ხელმოწერით, ს/ფ 173).

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც ამ განჩინების მე-4 ქვეპუნქტშია მითითებული.

13. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელისათვის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა 2017 წლის 18 აპრილს ამოიწურა (2017 წლის 14,15,16,17 აპრილი, როგორც სააღდგომო დღეები არასამუშაო იყო, საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლი, სსსკ-ის 61-ე მუხლი), ხოლო სააპელაციო საჩივარი 2017 წლის 27 აპრილს იქნა წარდგენილი, რამაც სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად მისი განუხილველად დატოვება განაპირობა.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელის წარმომადგენლისათვის ჩაბარების დღიდან უნდა დაიწყოს, რადგან გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს და განსახილველ შემთხვევაში იგი კანონის დაცვით გამოთვალა სააპელაციო სასამართლომ.

15. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: # ას- 1025-986-2016, 13.010.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).

16.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ქ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე