საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-692-646-2017 14 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი/მ დ. თ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ი/მ დ. თ-ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სალიცენზიო შეთანხმებებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 537.76 და 181.28 ლარის; პირგასამტეხლოს - 53.8 და 18.12 ლარის, სულ 790.96 ლარის გადახდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ორმა საფუძველმა განაპირობა - გასაჩივრების ვადის დარღვევა და სააპელაციო საჩივრის ღირებულება.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2016 წლის 29 დეკემბერს გამოცხადდა, რასაც ესწრებოდა მოპასუხე მხარის წარმომადგენელი, ზ. ხ-ა (იხ. ს/ფ 84). გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი 2017 წლის 26 იანვარს მოპასუხემ პირადად ჩაიბარა (იხ. ს/ფ 103), ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2017 წლის 13 თებერვალს იქნა წარდგენილი (იხ. ს/ფ 105).
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 2591-ე, 70-78-ე, 364-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების, ანუ 2016 წლის 26 იანვრის მომდევნო დღეს - 2017 წლის 27 იანვარს და ამავე წლის 9 თებერვალს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 13 თებერვალს ანუ გასაჩივრებისათბის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი.
7. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 (ათასი) ლარს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა 790.96 ლარს შეადგენს (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
8. ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ განჩინებაზე აპელანტმა კერძო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა სააპელაციო საჩივრის დროულად წარდგენა და ამასთან, არასწორად გადათვალა კალენდარული დღეები, კერძოდ, ვადაში არ ჩათვალა იანვრის თვის ბოლო ორი რიცხვი, შესაბამისად, არასწორად დაითვალა სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულებას, რომელიც უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, მოპასუხის განმარტებით, ეს წესი ზოგადად ხელს უშლის სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განხორციელებას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
13. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს, 2017 წლის 26 იანვარს (სსსკ-ის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა), პირადად ჩაბარდა 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი, შესაბამისად გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა 2017 წლის 27 იანვარს დაიწყო (სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე პუნქტი) და ამავე წლის 9 თებერვალს (ხუთშაბათი) ამოიწურა (სსსკ-ის 61-ე მუხლი), სააპელაციო საჩივარი კი ვადის დარღვევით, 2017 წლის 13 თებერვალს იქნა წარდგენილი. სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის ფაქტს თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს, თუმცა ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევას ითხოვს ავადმყოფობისა და გასაჩივრების ვადის შეცდომით გამოთვლის გამო.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ განჩინების მე-13 პუნქტში მითითებულ პრეტენზიას, რადგან სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო კანონმდებლობა გასაჩივრების ვადის გამოთვლის წესს იმპერატიულად განსაზღვრავს, რისი შეცვლა არც მხარეთა და არც სასამართლოს შეხედულებით არ არის დასაშვები.
15. "საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება" (იხ. სუსგ №ას-299-284-2016).
16.რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მეორე საფუძველს, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 1 000 ლარს არ აღემატებოდა (იხ. ამ განჩინების პირველი და მე-7 ქვეპუნქტები). სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად კი სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება
17. ასევე დაუსაბუთებელია, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე ხელყოფილია. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის ღირებულება, რომელიც არ შეიძლება იყოს 1000 (ათასი) ლარზე ნაკლები. სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
18. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). საკასაციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში, დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვ; იხ. სუსგ # ას- 230-218-2016, 28.04.2017წ.).
19. სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი, მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერ წინაპირობას წარმოადგენს, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტიან ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).
20.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი/მ დ. თ-ას კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე