საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-750-702-2017 7 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - მ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინებით გ. მ-ის (შემდეგში: განმცხადებელი ან მოპასუხე) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალა და ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნივთს, მდებარე: ქ. თ-ში, ი. ა-ის ქ. 38-ში (ყოფილი ბ-ის 140), საოფისე ფართი #1 (მშენებარე), სართული 2, 307.70 კვ.მ. (ს/კ 0-); თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც განმცხადებელს აეკრძალა შპს „ს-ს“ კუთვნილი 6.16 % წილის უფლებრივად დატვირთვა, გაუქმდა.
2. ზემოხსენებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მ. მ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია განმცხადებელი მიუთითებს, რომ მან დ. კ-ასთან შეთანხმებას წილის გასხვისებაზე 2015 წლის 10 სექტემბერს მიაღწია და ამის შემდეგ დადებული ყადაღის გამო ვერ მოხდა მისი რეგისტრაცია, თუმცა, წარდგენილი მტკიცებულებები სხვა რამეზე მიუთითებდა. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დათარიღებულია 2015 წლის 10 სექტემბრით, მასზე მხარეთა ხელმოწერის ნოტარიული დადასტურება კი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოტანისა და აღსრულების შემდეგ განხორციელდა. წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის განმცხადებელმა იცოდა შეზღუდვის არსებობის შესახებ, შესაბამისად, მას შეცდომაში შეჰყავს სასამართლო. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ისედაც სრულად ვერ უზრუნველყოფენ სასარჩელო მოთხოვნის მოცულობას და შპს „ს-ს“ მოპასუხის წილის სხვა პირზე გადაფორმება დაუშვებელია, თუნდაც ის ჩანაცვლდეს განმცხადებლის კუთვნილი სხვა უძრავი ნივთით (იხ. საჩივარი - ტ.6., ს.ფ.132-133).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი მისი უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილი).
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 196-ე მუხლის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა დასაშვებია საქმის განხილვის ყველა სტადიაზე. ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია, გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის.
5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული არგუმენტი არ წარმოადგენდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შემთხვევაში არსებითი პირობაა, დაცული იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დანიშნულება ანუ უზრუნველყოფილი იქნეს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ ჩასანაცვლებელი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება შპს „ს-ს“ განმცხადებლის კუთვნილი 6.16%-იანი წილის ღირებულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმებას მოითხოვს ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მითითებას სსსკ-ის 196-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, აღნიშნული კი საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზეა დასაშვები მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა, ეს არ არის მხარის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ # ას-498-478-2016, 28.07.2016წ.). სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით სავსებით დასაბუთებულად იქნა უარყოფილი საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე.
9. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რაც ასახულია წინამდებარე განჩინების 4-5 პუნქტებში, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეთა ლეგიტიმური ინტერესების შეპირისპირების გათვალისწინებით, გამართლებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა სსსკ-ის 196-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, რადგან მოპასუხის მიერ შემოთავაზებული უძრავი ქონების ღირებულება გაცილებით აღემატება ჩასანაცვლებელი წილის ღირებულებას, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებასა და მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს. ამდენად, მოპასუხემ მართებულად გამოიყენა საპროცესო კოდექსით დადგენილი სამართლებრივი შესაძლებლობა.
10. საჩივრის ავტორის არგუმენტების დაუსაბუთებლობის გამო უარყოფილია საჩივრის დაკმაყოფილება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე