Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-883-823-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ჟ. ჩ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა. ც-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით, ჟ. ჩ-ას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ა. ც-ის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. 2017 წლის 5 აპრილს მოპასუხემ და მოსარჩელემ სამტრედიის რაიონულ სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს და განმარტეს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას ეთანხმებოდნენ, არ ასაჩივრებდნენ, არ სურდათ დასაბუთებული გადაწყვეტილება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი მოითხოვეს (იხ. ს/ფ 92).

3. აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 250-ე, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 265-ე, 374-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებმა წერილობითი უარი განაცხადეს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებაზე, შესაბამისად, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მისი გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სსსკ-ით დადგენილ შემთხვევაში და წესით. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე მსჯელობა შესაძლებელია სსსკ-ის 421-ე-4321 მუხლებით გათვალისწინებული წესით და არა სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.

6. ამ განჩინების მე-5 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მოთხოვნით.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია მან წერილობითი ფორმით უარი განაცხადა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე, მაგრამ მან გამოიყენა გასაჩივრების ის წესი, რაც მითითებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. აპელანტის განმარტებით, მას წარმომადგენელი არ ჰყოლია, მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი კი მის ხელფასთან შედარებით მცირედია, ამიტომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

11. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ და მოპასუხემ ერთობლივი განცხადებით მიმართეს რაიონულ სასამართლოს დაეთანხმნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე, აღნიშნეს, რომ არ სურდათ დასაბუთებული გადაწყვეტილება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოითხოვეს.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რაც ამ განჩინების მე-5 პუნქტშია მითითებული და დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 250-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დღესვე, რადგან მის გასაჩივრებაზე მხარეებმა ერთობლივად განაცხადეს უარი. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება კი სსსკ-ის LII თავით განსაზღვრული, საქმის წარმოების განახლების შესახებ, წესებითაა შესაძლებელი.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მისი სააპელაციო საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რადგან საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს. როგორც უკვე აღინიშნა, თუ მხარეები წერილობით უარს განაცხადებენ გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის და მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება დაუშვებელია.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. ჩ-ას კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე