საქმე №ას-121-113-2017 7 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სსიპ გ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. წ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ. წ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა:
ა) დამსაქმებლის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის #... ბრძანების ბათილად ცნობა;
ბ) სსიპ გ-ის დირექტორის 2013 წლის 3 აპრილის #... ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის #... სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების (რომლითაც საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩა და დაინიშნა ს. ჯ-ე, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლდა ამავე თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებისაგან) ბათილად ცნობა;
გ) მოპასუხის დავალდებულება, აღადგინოს მოსარჩელე გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე;
დ) 2013 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის, თვეში 1 100 ლარის ანაზღაურების დავალდებულება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 15 აგვისტოდან მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციაში საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლად, იგი კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა თანამდებობრივ მოვალეობებს. მოსარჩელის მიერ დაკავებულ პოზიციაზე 2013 წლის ნოემბერში გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მოსარჩელემ მაინც მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლიდან გამომდინარე, იგი შეიძლებოდა უკონკურსოდ დანიშნულიყო დაკავებულ პოსტზე. კონკურსი იყო სამ ეტაპიანი, რომელთაგან პირველი და მე-2 მან წარმატებით გაიარა (ტესტირებაში უმაღლესი შეფასებიდან _ 30 ქულიდან აიღო 29), ხოლო სადავო ოქმის თანახმად, კანდიდატმა ვერ გაიარა გასაუბრების ეტაპი. გ-ის დირექტორმა კი, 2013 წლის 25 დეკემბერს გამოსცა #... ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე, სადაც საფუძვლად მითითებულია კომპანიის გადაწყვეტილება და დასაქმებულის შეუსაბამობა კვალიფიკაციასთან, რაც უკანონოა. გარდა ამისა, ნ.წ-ა კანონდარღვევით არ დაინიშნა საკონკურსო თანამდებობაზე, რადგანაც გასაუბრებისას მას მხოლოდ ორი შეკითხვა დაუსვეს ოჯახთან დაკავშირებით. კანონდარღვევას წარმოადგენს ისიც, რომ კონკურსის არც ერთ ეტაპზე არ შექმნილა საპრეტენზიო კომისია, რომელსაც პირდაპირ ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის ბრძანებულების მე-8 მუხლი, ასევე, წინასწარ არ იყო ცნობილი, თუ რა კრიტერიუმით ხდებოდა გასაუბრებისას კანდიდატის შერჩევა და რას ენიჭებოდა უპირატესობა. არ შექმნილა გასაუბრების ამსახველი ოქმი, რის გამოც, გაურკვეველია, როგორ უნდა ამტკიცოს კონკურსანტმა ან კომისიამ დამაკმაყოფილებელი იყო თუ არა გასაუბრების ეტაპი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შესაგებლის თანახმად, მოსარჩელის განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე 2013 წლის 5 ნოემბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგები _ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება (ოქმი #...), შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლი, 21-ე მუხლის მე-4 ნაწილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის ბარძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ გ-ის დებულების მე-5 მუხლის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტები. მოსარჩელემ დაძლია კონკურსის პირველი და მე-2 ეტაპები, რის გამოც, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 29 ნოემბრის #... სხდომის ოქმის თანახმად, იგი გადაყვანილ იქნა გასაუბრების ეტაპზე. კომისიამ 2013 წლის 16 დეკემბერს განიხილა ვაკანტური თანმდებობის დაკავების მსურველთა გასაუბრების შედეგები და შერჩეულ იქნა ს. ჯ-ე, ხოლო ცენტრს გაეწია რეკომენდაცია, ნ. წ-ას მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას თავმჯდომარეობდა ცენტრის დირექტორი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის #... ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის დებულების 5.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. მოსარჩელე უსაფუძვლოდ აპელირებს კონკურსის კანონდარღვევით ჩატარების ფაქტზე, რადგანაც იმ დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის #46 ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლი არ ავალდებულებდა ცენტრს კონკურსის ეტაპზე ან მისი დასრულების შემდგომ შეექმნა საპრეტენზიო კომისია, გარდა ამისა, მოსარჩელეს კონკურსის დასრულებიდან 2 დღეში შეეძლო, წარედგინა საპრეტენზიო განაცხადი. კონკურსის შედეგები მოსარჩელეს წერილობით ეცნობა 2013 წლის 20 დეკემბერს. გარდა ამისა, კონკურსის ჩატარების დროს მოქმედი წესის თანახმად, საკონკურსო კომისია იყენებდა კანდიდატთან ინტერვიურების მეთოდს, რომელიც კანდიდატის უნარ-ჩვევების გამორკვევის მიზნით კითხვების დასმის შესაძლებლობას შეეხებოდა. საკონკურსო კომისიამ გასაუბრების ეტაპზე მოსარჩელის მიერ გამოვლენილი შედეგები შეადარა სხვა კანდიდატის შედეგებს და ამ გზით აარჩია საუკეთესო კანდიდატი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის სხდომის #... ოქმის საფუძველზე დადგენილი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩა და დაინიშნა ს. ჯ-ე, ხოლო ნ. წ-ა გათავისუფლდა საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, ასევე ბათილად იქნა ცნობილი სსიპ „გ-ის“ დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის #...- ბრძანება ნ. წ-ას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გ-ის საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და ნ. წ-ა აღდგენილ იქნა სსიპ „გ-ის“ საქმისწარმოებისა და მომსახურების კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსის წესით შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე, სსიპ „გ-ს“ ნ. წ-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 1 მარტიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 1 100 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, რომელთაგან პირველი სამართლის ნორმის არასწორი გამოყენება-განმარტების, ასევე, ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასების საფუძვლებს ემყარება, ხოლო მეორე ადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს, რომელთაგან ერთ-ერთს საქმის სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობით განხილვა წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, ასევე, 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევითაა განხილული, რაც მისი გაუქმების საფუძველია.
1.2. განსახილველი დავის საგანს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გამოცხადებული კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების, ასევე, კანდიდატის შერჩევის კანონიერება და ამ საკითხების თაობაზე მიღებული აქტების მართლზომიერება წარმოადგენს, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არა კერძო, არამედ, საჯარო კანონმდებლობას ეფუძნება, კერძოდ:
1.2.1. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლს, რომელშიც მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
1.2.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო (იხ. სუსგ №ბს-474-469(გ-16), 14 ივლისი, 2016 წელი). როგორც სარჩელის შინაარსიდან ირკვევა, სასამართლომ უნდა შეამოწმოს:
ა) სსიპ გ-ის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის #... ბრძანების ნამდვილობა, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა ცენტრის საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან;
ბ) სსიპ გ-ის დირექტორის 2013 წლის 3 აპრილის #... ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის #... სხდომის ოქმის საფძველზე მიღებული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების (რომლითაც საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩა და დაინიშნა ს. ჯ-ე, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლდა ამავე თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებისაგან) ნამდვილობა;
გ) მოპასუხის დავალდებულება, აღადგინოს მოსარჩელე გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე;
დ) 2013 წლის 25 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის, თვეში 1 100 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
1.2.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. მართალია, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში სსიპ გ-ი არ არის მოხსენიებული, თუმცა, საგულისხმოა, რომ იგი ფუნქციონირებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის #... ბრძანებით დამტკიცებული დებულებით, რომლის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გ-ი (შემდგომში – ცენტრი) იქმნება განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ცენტრი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების თანახმად, ცენტრის დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს და ქმნის საკონკურსო კომისიას; კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
1.2.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება, მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ როგორც სსიპ გ-ის დირექტორის 2013 წლის 25 დეკემბრის #...- ბრძანება, ისე _ სსიპ გ-ის დირექტორის 2013 წლის 3 აპრილის #... ბრძანების საფუძველზე შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 16 დეკემბრის #... სხდომის ოქმის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, რამდენადაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 111 მუხლის თანახმად, ამ კანონის 29-ე–32-ე მუხლების (თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშვნა; თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა; კონკურსის გამოცხადება) მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას და ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის დანიშვნის წესისა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებისათვის კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლებისათვის კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება ამ კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.
1.3. ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის, ხოლო ამ კატეგორიის საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
1.4. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
1.5. პალატის მოსაზრებით, თუკი მივიჩნევთ, რომ დავა კერძო სამართლის მომწესრიგებელ ნორმებს _ შრომის კოდექსის დანაწესებს უნდა დაემყაროს, ასეთ შემთხვევაში, თუნდაც სარჩელი საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული და დადასტურდეს მოსარჩელის მიერ მითითებული დარღვევების არსებობის ფაქტი, მართლმსაჯულება დაკარგავს იმ ეფექტს, რომლის მოლოდინიც გააჩნია მხარეს. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა მოიხმობს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. უდავოა, რომ სსიპ-ის თანამშრომლის დანიშვნა-განთავისუფლების პროცედურა კანონმდებელმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით (სპეციალური კანონი) გათვალისწინებულ რეგულაციას დაუკავშირა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გათავისუფლებამდე მოსარჩელე ცენტრის საქმისწარმოებისა და საკადრო სამმართველოს კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დაინიშნა 2012 წლის 14 აგვისტოდან და გათავისუფლდა 2013 წლის 31 დეკემბრიდან, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დროებით მოვალეობის შემსრულებელი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს ადმინისტრაციული პროცესისათვის დამახასიათებელ უმნიშვნელოვანეს პრინციპზეც: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული საქმის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ამდენად, სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე