Facebook Twitter

საქმე №ას-1258-1178-2017 9 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „s--ის“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე, საქმეზე _ ი. ა-ას განცხადების გამო, შპს „s--ის“ მიმართ, შპს სამოქალაქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

შპს „s--ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ი. ა-ამ შპს „s-ის“ მიმართ და მოითხოვა შპს სამოქალაქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, რაც სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განჩინებით დაკმაყოფიოლდა, შესაბამისად, გაიცა მასზე სააღსრულებო ფურცელიც.

სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი. ა-ამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივნისის განჩინებასა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინებით, გასწორდა ამავე პალატის 2017 წლის 6 ივნისის განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში, ასევე ამ განჩინების საფუძველზე 2017 წლის 7 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად „ი. ა-ასი“ მიეთითა „ი. ა-ა“.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „s-ის“ დირექტორმა მ. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განმარტავს, რომ მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის წინა პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებიმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო. იმავეს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომლის 35613 და 35621 მუხლების შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის, საქმეები სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ) განიხილება სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს მხოლოდ სხვა ქვეყნების არბიტრაჟთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ამავე დროს, საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35621 მუხლის მე-6 ნაწილი).

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის უფლებამოსილი, განიხილოს ზემოხსენებული განჩინების კანონიერება, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მისი კანონიერების შემოწმების თაობაზე კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობა. საყურადღებოა, რომ ზემოხსენებული განმარტებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. სუსგ-ბები: №ას-1078-1029-2013, №ას-1009-1040-2011, №ას-239-225-2010, №ას-1246-1266-2011, №ას-741-798-2011, №ას-836-785-2010).

ამდენად, პალატა თვლის, რომ შპს „s--ის“ კერძო საჩივარი დაუშვებელია, რის გამოც, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612, 396-ე, 414-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „s-ის“ კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე