Facebook Twitter

№ ას-1139-1095-2016 25 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით

საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ხ-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მ. ჯ-ე

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ი. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლში

დავის საგანი – მცირეწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. ხ-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. გ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მცირეწლოვანი შვილის - ა-ე გ-ის საცხოვრებელ ადგილად დედის (მოსარჩელის) საცხოვრებელი ადგილის - ოზურგეთი, სოფელი …, განსაზღვრა, აგრეთვე, მოპასუხისათვის 2011 წლის 02 ივლისს დაბადებული ა-ე გ-ისა და 2013 წლის 28 აგვისტოს დაბადებული მ. გ-ის სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად 200 ლარის (ერთ ბავშვზე - 100 ლარი), დაკისრება ბავშვების სრულწლოვანებამდე შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. მოსარჩელე 2010 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი: ა-ე გ-ე, დაბადებული 2011 წლის 2 ივლისს და მ. გ-ე, დაბადებული 2013 წლის 28 აგვისტოს.

3. მოპასუხე მეუღლესთან ხუთწლიანი თანაცხოვრების პერიოდში ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და მოსარჩელეს, შვილებისა და მშობლების თანდასწრებით, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რის შედეგადაც მათი მცირეწლოვანი შვილები დათრგუნულები და შეშინებულები იყვნენ, არ ჰქონდათ აღზრდა-განათლებისათვის შესაფერისი პირობები. მორიგი ინციდენტის შემდეგ, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის პოლიციას. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა შეადგინა შემაკავებელი ორდერი, რომელიც 2015 წლის 5 დეკემბერს დაამტკიცა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ. მოპასუხეს ერთი თვით აეკრძალა მიახლოება მსხვერპლთან და მის ადგილსამყოფელთან.

4. მოსარჩელემ დატოვა ოჯახი და მცირეწლოვან მ.-თან ერთად დაბრუნდა ოზურგეთის რაიონ სოფელ შრომაში, მამის ოჯახში.

5. რაც შეეხება უფროს შვილს - ა-ე გ-ეს, მოსარჩელემ ვერ მოახერხა მისი წაყვანა მეუღლისა და მისი მშობლების წინააღმდეგობის გამო, შესაბამისად, ითხოვს მის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქორწინების შემდეგ მოსარჩელემ გამოავლინა ისეთი თვისებები, რომლებიც აუტანელს ხდიდა მასთან ცხოვრებას, იგი ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა შვილებს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ უფროს შვილს - ა-ეს დაუზიანა ყბა და მამამ იგი ტუჩდაზიანებული მიიყვანა საბავშვო ბაღში.

7. მოპასუხის განმარტებით, 2015 წლის 7 დეკემბერს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოსარჩელემ დატოვა მისი ოჯახი და ორივე შვილთან ერთად წავიდა მშობლებთან. რამდენიმე დღის შემდეგ იგი დაბრუნდა შვილებთან ერთად, ნებაყოფლობით დატოვა უფროსი შვილი, უმცროსი - კი წაიყვანა.

8. მოპასუხის განმარტებით, იგი მოსარჩელესთან შეთანხმდა, რომ უფროსი შვილი იცხოვრებდა მამასთან, ხოლო უმცროსი შვილი - დედასთან. მოსარჩელის მოთხოვნა შვილის აღსაზრდელად გადაცემის შესახებ არ გამომდინარეობს ბავშვის ინტერესებიდან, რადგან ა-ე 2014 წლის 01 ოქტომბრიდან ხარაგაულის რაიონის სოფელ …-ის საბავშვო ბაღის აღსაზრდელია. იგი შეგუებულია საბავშვო ბაღში არსებულ გარემოს და მისგან განშორება უარყოფითად იმოქმედებს მის ფსიქიკაზე.

9. ალიმენტის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოპასუხემ მიიჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა, რადგან ერთი შვილი დედასთან ცხოვრობს, მეორე კი - მამასთან. გარდა ამისა, მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი უმუშევარია.

10. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის განჩინებით მშობლების - მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებები, შვილის - ა-ე გ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე აღძრულ დავასთან მიმართებით შეჩერდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი საქმეში ჩაერთო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და მას დაევალა მცირეწლოვანი ბავშვისთვის - ა-ე გ-ისთვის, წარმომადგენლის დანიშვნა, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს დაიცავდა ბავშვის ინტერესებს. ამასთან, მას დაევალა მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების შესწავლა, არამარტო მატერიალური, საბინაო, საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით, არამედ - ბავშვის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და აღზრდის ნორმალური პირობების შექმნის გათვალისწინებით და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

11. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განჩინებით მოპასუხის საცხოვრებელი პირობების შესწავლა და დასკვნის წარმოდგენა დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს (შემდგომში - „ხარაგაულის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი“), მოპასუხის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილსამყოფელის მიხედვით.

12. 2016 წლის 21 მარტის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ ალიმენტის ნაწილში სარჩელი გაიხმო და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით აღნიშნული მოთხოვნა დარჩა განუხილველი.

13. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბავშვის - ა-ე გ-ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედის - მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ოზურგეთი, სოფელი …

14. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

16. სააპელაციო სასამართლოს გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

17. მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში.

18. 2011 წლის 2 ივლისს დაიბადა ა-ე გ-ე.

19. 2013 წლის 28 აგვისტოს დაიბადა მ. გ-ე.

20. 2015 წლის 4 დეკემბერს გამოცემულია შემაკავებელი ორდერი №… ჯ. გ-ის მიმართ, რაც დამტკიცებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 5 დეკემბერს.

21. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის 2016 წლის 15 თებერვლის დასკვნიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე შვილთან, მ. გ-ესთან, ერთად ცხოვრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ …-ში დედასთან, მამასთან და ძმასთან ერთად. ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ოჯახის მატერიალური და ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახის წევრები ერთმანეთს სიყვარულით და სითბოთი მოიხსენიებენ. ოჯახში არ არის ისეთი კონფლიქტი, რაც გავლენას მოახდენს ბავშვზე. მეზობლების განმარტებით, ოჯახის წევრებს ხმამაღალი სიტყვაც კი არასოდეს უთქვამთ ერთმანეთისთვის. მოსარჩელეს შეუძლია სულიერად, მატერიალურად უზრუნველყოს ბავშვის აღზრდა-განვითარება და განათლება, ბავშვს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

22. საქმეშია სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2016 წლის 21 მარტის დასკვნა, რომლის თანახმად, მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარე, მეუღლეებს შორის კონფლიქტები გახშირდა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მისი მეუღლის სატელეფონო საუბრების შესახებ უცნობ მამაკაცთან. მოსარჩელემ მასთან შეთანხმების გარეშე დატოვა საცხოვრებელი სახლი და გადავიდა მშობლების ოჯახში. მოპასუხემ შესთავაზა მეუღლეს შერიგება, მაგრამ ასეთი არ მოხდა. დღეის მდგომარეობით მოპასუხესთან ცხოვრობს შვილი - ა-ე გ-ე და მისი ბებია - ჟ. კ. მოპასუხე სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ საოჯახო მეურნეობას ეწევა სოფელში, სეზონურად მუშაობს კერძო სამუშაოზე. დასკვნის თანახმად, სახლში არის აუცილებელი მოთხოვნილებების საყოფაცხოვრებო ნივთები, მაგრამ სახლი არის მეწყერსაშიშ ზონაში და იგეგმება რაიონის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა ოჯახისათვის ფინანსური დახმარების მიზნით. მოსარჩელის ოჯახიდან წასვლის შემდეგ ჭიათურიდან ჩავიდა ბავშვის ბებია და ისიც ეხმარება მოპასუხეს ბავშვის მოვლაში. მოპასუხის განმარტებით, ბავშვი არ გამოხატავს მიჯაჭვულობას დედის მიმართ. დასკვნის თანახმად, ბავშვების კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია, და-ძმა ერთად იზრდებოდეს ორივე მშობლის გარემოცვაში.

23. სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

24. მოპასუხე ასრულებს კერძო სამუშაოებს და ა-ეს ფაქტიურად ზრდის მოპასუხის ბებია.

25. ორივე სოციალურ დასკვნაში (როგორც გურიის, ისე ხარაგაულის მომსახურების ცენტრების დასკვნები) მითითებულია შემდეგი გარემოება: მცირეწლოვან ა-ე გ-ეს ფაქტიურად ზრდის მოპასუხის ბებია და მოპასუხის სახლი მდებარეობს მეწყერსაშიშ ზონაში.

26. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1197-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე მუხლები, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-9, მე-3 მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი და სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მუხლები.

27. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული შემდეგი სამართლებრივი შეფასებები:

28. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებთან შესაბამისობის საკითხი.

29. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. მათ ჰყავთ ორი შვილი, ერთი შვილი - ა-ე გ-ე ცხოვრობს მამის - მოპასუხის ოჯახში, ხარაგაულის რაიონის სოფელ …-ში.

30. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ბავშვის ინტერესების“ განსაზღვრას, სასამართლო პრაქტიკისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით.

31. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ბავშვის ასაკის გათვალისწინებას სხვა გარემოებებთან ერთად გააჩნია მნიშვნელობა ბავშვის მოთხოვნილების განსაზღვრაში, მისი საცხოვრებელი ადგილის (დედასა თუ მამასთან) პრიორიტეტების დადგენაში. მცირეწლოვანი ბავშვისთვის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს მშობლის ზრუნვა, სწორ ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბება, ბავშვის ნორმალური სოციალიზაცია. ასაკთან ერთად სხვა საკითხებთან ერთობლიობაში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისთვის (მამასთან თუ დედასთან) ასევე მნიშვნელობა აქვს ბავშვის სქესს. სწორედ არსებულ ეტაპზე ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც დედის ავტორიტეტის შელახვა და მასთან არასაკმარისი სიახლოვე დამღუპველი იქნება და უარყოფითად იმოქმედებს ინდივიდის ცხოვრების ფორმირებაზე.

32. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, ბავშვი დედას უნდა დაშორდეს მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ბავშვსა და მშობელს შორის კავშირი მიმართულია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების საწინააღმდეგოდ, რასაც, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ, ამასთან ერთად აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ის გარემოებაც, რომ ბავშვის მამის ოჯახში დარჩენის შემთხვევაში ბავშვი აღსაზრდელად ფაქტობრივად გადაეცემოდა მამის ბებიას, რადგან მამა მუშაობდა. იგი დღის განმავლობაში ბავშვთან არ იყო, გასული იყო ოჯახიდან სამუშაოდ და შვილს უტოვებს მის ბებიას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი არ აკნინებდა ბებიის როლს ბავშვის აღზრდაში, მაგრამ აღნიშნული ვერანაირად ვერ შეცვლიდა დედასთან შვილების ურთიერთობის აუცილებლობას.

33. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაანალიზა რა ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში ეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში - დედასთან დაშორებას, ასევე გაითვალისწინა რა ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: ბავშვის ასაკი, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა, მიიჩნია, რომ დედის მიერ ბავშვის დატოვების მიზეზი გამოწვეული იყო დაძაბული სიტუაციით და ამ სიტუაციის სიმძიმემ განაპირობა ბავშვთან სრულყოფილი ურთიერთობის აღდგენის შეფერხება, რაც უნდა გამოსწორებულიყო და მცირეწლოვანი ა-ე გ-ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განსაზღვრულიყო დედის - მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი - ოზურგეთის რაიონი, სოფელი …

34. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

35. სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაზიარებით და სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე და 1201-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ ბავშვის „ჭეშმარიტი ინტერესი“ მოცემულ შემთხვევაში იყო ის ფაქტი, რომ ა-ე გ-ეს ორივე მშობელთან ერთნაირი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა ყოფილიყო დარღვეული მისი, როგორც ბავშვის უფლებები და საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მისი უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა მცირეწლოვანი ა-ე გ-ე იმყოფებოდა მამის ოჯახში, სადაც მასზე მზრუნველობდა, მამაზე მეტად, მამის ბებია, ასევე მამის სახლი იმყოფებოდა მეწყერსაშიშ ზონაში, ხოლო დედასთან არსებობდა ყოველგვარი პირობა, რათა ბავშვი აღზრდილიყო საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ მოქალაქედ, მასზე იზრუნებდა თვით დედა (მშობელი) და, რაც მთავარია, იგი იცხოვრებდა და გაიზრდებოდა თავის დედმამიშვილთან ერთად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მცირეწლოვანი ა-ე გ-ის საცხოვრებელ ადგილად დედის - მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი, ოზურგეთის რაიონი, სოფელი …

36. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მყარ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა მორალურ და არა მატერიალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამასთან, არასრულწლოვანი და-ძმის დაცილება დასაშვებია მაშინ, როდესაც ეს აუცილებლობით არის გამოწვეული და მშობელს, რომელთანაც ბავშვი იზრდება, არ აქვს შესაძლებლობა, შეუქმნას მას აღზრდის ნორმალური პირობები.

37. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.

38. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი ასრულებს კერძო სამუშაოებს და ა-ე გ-ეს ფაქტობრივად კასატორის ბებია ზრდის. მისი განმარტებით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და ბავშვს თავად ზრდის.

39. კასატორმა მიუთითა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, „სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ“. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებმა ისე განსაზღვრეს ბავშვის ადგილსამყოფელი, რომ არ გაითვალისწინეს ბავშვის სურვილი, რომელიც 2014 წლის ოქტომბრის თვიდან … საბავშვო ბაღის აღსაზრდელია და შეგუებულია არსებულ გარემოს, ამასთან, ადგილისა და გარემოს შეცვლა აუცილებლობით არ არის გამოწვეული და მისი შეცვლა უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასების გარეშე დატოვა.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინებით დადგინდა მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა მხარეთა დასწრებით.

42. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 2 ივნისის საოქმო განჩინებით არასრულწლოვანთა კანონიერ წარმომადგენელს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაავალა სასამართლოსთვის არასრულწლოვანი ა-ე გ-ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ ფსიქოლოგის დასკვნისა და ასევე თითოეული მშობლის მიმართ შვილის დამოკიდებულების ამსახველი შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

43. 2017 წლის 26 ივლისს მოსარჩელემ წარმოადგინა შუამდგომლობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, დროებითი განკარგულების მიღების მოთხოვნით, შვილთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და მისთვის ბავშვის აღსაზრდელად გადასაცემად. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გამომდინარე იქედან, რომ სასამართლოში ჯერ კიდევ არ იყო წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნა, ამასთან, ბავშვი იყო სასკოლო ასაკის და ის დაფიქსირებული იყო სკოლის მოსწავლედ დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (სოფელი …) არსებულ საჯარო სკოლაში, მიზანშეწონილი იქნებოდა, ბავშვი დროებით, 2017 წლის აგვისტოს თვის ბოლომდე, გადასცემოდა დედას.

44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის დროებითი განკარგულებით მოსარჩელის განცხადება ბავშვთან ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება შემდეგი პირობებით: მოსარჩელეს მიეცა შესაძლებლობა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილიდან თავის საცხოვრებელ ადგილას წაეყვანა შვილი - 2011 წლის 2 ივლისს დაბადებული ა-ე გ-ე - 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით; აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მამის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის დაბრუნებას უზრუნველყოფდა დედა - მოსარჩელე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს დაევალა წინამდებარე დროებითი განკარგულების აღსრულების ზედამხედველობა.

45. 2017 წლის 2 ივნისს, 13 სექტემბერსა და 25 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის მიზნით გამართა ზეპირი მოსმენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

46. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

48. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

49. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მცირეწლოვანი ა-ე გ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

50. კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს იმ საფუძვლით, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ბავშვის სურვილი, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მცირეწლოვან ა-ე გ-ეს ფაქტობრივად ზრდის კასატორის ბებია.

51. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმებამდე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს განსახილველი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსათვის სახელმძღვანელო რამდენიმე მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხზე:

52. საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

53. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

54. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ამასთან, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთაგან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

55. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

56. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (სუსგ №ას-1112-1047-2015, 2016 წლის 4 მარტი).

57. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

58. აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

59. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა, ხოლო ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

60. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: (ა) არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; (ბ) არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა ან გამორიცხვა პროპორციული ზომა, და (გ) არის თუ არა უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული. (სუსგ №ას-888-838-2015, 2016 წლის 14 მარტი).

61. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესის დაცვისას დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სახელმწიფოს სახელით გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი.

62. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გამოხატვას ჰპოვებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესშიც.

63. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ №ას-53-51-2016, 2016 წლის 6 ივლისი). კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საოჯახო საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

64. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენს, არის თუ არა მცირეწლოვანი ა-ე გ-ის საუკეთესო ინტერესებში მის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

65. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვისას საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სწორედ საოჯახო დავების განხილვისთვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპით და კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმებას ახორციელებს როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე, საკასაციო პალატის 2017 წლის 2 ივნისის საოქმო განჩინებით არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისთვის მიცემული დავალების საფუძველზე, 2017 წლის 13 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის დასკვნაზე დაყრდნობით.

66. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში; 2011 წლის 2 ივლისს დაიბადა ა-ე გ-ე; 2013 წლის 28 აგვისტოს დაიბადა მ. გ-ე; მოსარჩელე შვილთან - მ. გ-ესთან ერთად ცხოვრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში დედასთან, მამასთან და ძმასთან ერთად. ა-ე გ-ე იზრდება მოპასუხესთან; მოპასუხე ასრულებს კერძო სამუშაოებს და ა-ეს ფაქტიურად ზრდის მოპასუხის ბებია.

67. კასატორის პირველი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ბავშვის სურვილი.

68. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).

69. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.

70. გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №12 (2009), რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, იქნეს მოსმენილი, მითითებულია, რომ ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ შეხედულებებთან: ბავშვს გააჩნია უფლება გამოხატოს თავისი შეხედულებები და არა - სხვების შეხედულებები.

71. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის განხილვისას, კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობის შესასწავლად, მნიშვნელოვანია შეფასდეს მცირეწლოვანი ა-ე გ-ის დამოკიდებულება დედის მიმართ. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, „პირველ და მეორე ვიზიტებზე ბავშვს ვთხოვე გაეხსენებინა რაიმე დედის შესახებ. ციტირება ბავშვის მონათხრობიდან: „დედა მიბრაზდებოდა, მცემდა, მე არ მინდა დედასთან, კიდე გამლახავს, არც ის არ მინდა დედა სახლში რომ დაბრუნდეს“, მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვმა მანამდე თქვა სანამდე დედას დაინახავდა. როცა ბავშვთან მესამე ვიზიტზე დედა ავიყვანე, ა-ე დივანზე იჯდა... ბავშვი აივნიდან მალულად იცქირებოდა, რომ დედა დაენახა და სახეზე ხელებაფარებული ჩუმად იღიმებოდა. როცა ოთახში შევედით, ბავშვი ჩაეხუტა დედას, მან გამოართვა მისთვის განკუთვნილი საჩუქრები, რომელიც ქალბატონმა ი.-მ ბავშვს მიუტანა. გახალისდა და თავს ბედნიერად გრძნობდა. ერთი საათის განმავლობაში მქონდა საშუალება დაკვირვება მომეხდინა დედა-შვილის ურთიერთობასა და ემოციურ მიჯაჭვულობაზე. ქალბატონი ც.-ი ცდილობდა მარტო არ დავეტოვებინეთ, ამიტომ მივუთითე ამის შესახებ. დედასთან ურთიერთობის შემდეგ, ბავშვს მარტო გავესაუბრე, ციტირება ბავშვის მონათხრობიდან: „მე მინდა დედასთან და მ.-თან, მამამ და ბებიამ ასე მითხრეს, დედასთან თუ წახვალ, აქ აღარასდროს დაგაბრუნებსო...ა-ე გ-ის მძაფრი, დაძაბული ემოციური ფონის მითითებით და ბებია-შვილიშვილისა და მამა-შვილის ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით ბავშვი არის ემოციური ძალადობის მსხვერპლი... ზემოთ აღნიშნული ა-ე გ-ის ფსიქოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, ბავშვის მძიმე ოჯახური სოციალური და ემოციური გარემოებების გათვალისწინებით და ბავშის დედის მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობის ფონზე მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი და ძლიერი სურვილი და მოთხოვნა, იცხოვროს დედასთან ერთად, რაც გამოვლინდა სატესტო დავალებებში“.

72. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგის მიერ გამოკვლეული ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც გააჩნია იურიდიული მნიშვნელობა (სუსგ №ას-1062-996-2012, 2013 წლის 22 იანვარი).

73. მოცემული დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ დედის მიმართ წინააღმდეგობის სურვილი არის ბავშვზე ემოციური ძალადობის შედეგი. პირიქით, ბავშვს დედის მიმართ გააჩნია ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, სურს დედასთან ურთიერთობა და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მის საკუთარ შეხედულებას. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა მისი სურვილი.

74. რაც შეეხება კასატორის მეორე პრეტენზიას, მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მცირეწლოვან ა-ე გ-ეს ფაქტობრივად ზრდის კასატორის ბებია.

75. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ასრულებს კერძო სამუშაოებს და ა-ეს ფაქტიურად ზრდის მოპასუხის ბებია.

76. 2017 წლის 11 სექტემბრის რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის დასკვნაშიც იგივეა მითითებული: „ბატონი ჯ. გ-ე ოჯახიდან უმეტესწილად წასულია თბილისში სამუშაოდ. როგორც მისგან მივიღე ინფორმაცია, ის კერძო საქმით არის დაკავებული. ა-ე კი ოჯახში ფაქტიურად ცხოვრობს ბებიასთან და დიდ ბებიასთან“. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები კი მოპასუხეს არ წარმოუდგენია და მისი საკასაციო პრეტენზია, რომ ის თავად ზრდის შვილს, ეფუძნება მხოლოდ მის ახსნა-განმარტებას.

77. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მას არ სურს დააკნინოს ბებია-პაპის როლი ბავშვის აღზრდაში, მაგრამ აღნიშნული ვერანაირად ვერ შეცვლის დედასთან შვილების ურთიერთობის აუცილებლობას. მითითებულის საკომპენსაციო ვერ იქნება ვერც მამასთან გატარებული დღის მცირედი ნაწილი (სუსგ №ას-211-204-2012, 2012 წლის 19 ივლისი).

78. ამრიგად, კასატორი ვერ უთითებს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

79. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა დამატებით გარემოებებზე, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკის შესაბამისად.

80. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვი დედას უნდა დაშორდეს მხოლოდ ისეთი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც ასეთი კავშირი მიმართულია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების საწინააღმდეგოდ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ბავშვის ასაკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს (სუსგ №ას-1062-996-2012, 2013 წლის 22 იანვარი). კერძოდ, ბავშვი არის მცირეწლოვანი, სწორედ არსებულ ეტაპზე ეყრება საფუძველი მის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც დედასთან არასაკმარისი სიახლოვე, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ბავშვის, როგორც ინდივიდის, შემდგომ ფორმირებაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა-ე გ-ისთვის დედის მზრუნველობა, მისი ასაკის გათვალისწინებით, შეუცვლელია (სუსგ-ები №ას-211-204-2012, 2012 წლის 19 ივლისი; №ას-1062-996-2012, 2013 წლის 22 იანვარი).

81. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბავშვი რამდენიმე წელი იზრდებოდა დედასთან და მამასთან ერთად, შესაბამისად, დედასთან განრიდება წარმოადგენს ბავშვის მიერ მიღებულ სტრესს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ემოციური სირთულეები გამოიწვიოს (სუსგ №ას-1062-996-2012, 2013 წლის 22 იანვარი). 2017 წლის 11 სექტემბრის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის დასკვნაშიც მითითებულია, რომ ბავშვს აღენიშნება ტრავმული განცდების მიმანიშნებელი სიმპტომები და დარღვევები ემოციურ სფეროში, ასევე დარღვევა ქცევის დონეზე.

82. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული დასკვნის იმ ნაწილსაც, რომელშიც ფსიქოლოგი აღწერს არასასიამოვნო ფაქტს, კერძოდ, „ქალბატონ ი.-ს ყოფილმა მეუღლემ, ბატონმა ჯ.-მ და ყოფილმა დედამთილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბატონი ჯ. მას სახლიდან აგდებდა. ეს მოხდა ბავშვის დასწრებით, რამაც ა-ე ძალიან გააღიზიანა“. ფსიქოლოგის დასკვნის ეს ნაწილი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის მამის ოჯახში დატოვების შემთხვევაში დედა-შვილის ურთიერთობის აღდგენა-დაახლოება საკმაოდ დიდ პრობლემას უკავშირდება (სუსგ №ას-1062-996-2012, 2013 წლის 22 იანვარი). სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის ერთ-ერთი მშობლისთვის მიკუთვნების შემთხვევაში, მას უნდა მიეცეს მეორე მშობელთან ურთიერთობის შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

83. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ მცირეწლოვანი ა-ე გ-ის და - მ.-ი იზრდება დედასთან, ფაქტობრივად და-ძმა იზრდება განცალკევებით. „საქმეზე _ „MUSTAFA AND ARMAĞAN AKIN v. TURKEY“ ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების განცალკევების თაობაზე წარმოადგენდა მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება და-ძმას უკრძალავდა ერთმანეთის ნახვას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მცირეწლოვანი და-ძმის განცალკევებით აღზრდა უარყოფითად იმოქმედებს მათ ფსიქიკაზე. არასრულწლოვანი და-ძმის დაცილება დასაშვებია მაშინ, როდესაც ეს აუცილებლობითაა გამოწვეული და მშობელს, რომელთანაც ბავშვი იზრდება, არ აქვს შესაძლებლობა, შეუქმნას მას აღზრდის ნორმალური პირობები (სუსგ №ას-904-944-2011, 2011 წლის 18 ოქტომბერი).

84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მცირეწლოვანი ა-ე გ-ის საუკეთესო ინტერესებშია მის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას და კასატორის საკასაციო პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.

85. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია არც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლით არ არის დასაშვები.

86. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა.

87. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჯ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე