საქმე №ას-653-609-2017 7 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ბ-ის კანონიერი წარმომადგენელი ნ. ს-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ-ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხეები _ ა. ბ-ი, დ. ა-ი, გ. და ვ.ჩ-ეები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ.ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ბ-ის (კანონიერი წარმომადგენელი ნ. ს-ა), ა. ბ-ის, დ. ა-ის, გ. და ვ.ჩ-ეების (შემდგომში _ მოპასუხეები, გ.ბ-ი მოხსენიებული, ასევე, როგორც აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, ქ. თბილისში, ს-ის შესახვევის #8-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისა და გ. ბ-ის საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით თანასაკუთრების საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით.
2. მოპასუხის პოზიცია:
გ. ბ-მა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქონების გაყოფა შეუძლებელია, დანარჩენ თანამოპასუხეებს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენიათ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საზიარო უფლება ქ.თბილისში, ს-ის შესახვევის #8-ში მდებარე ნ.ბ-ისა და გ. ბ-ის თანასაკუთრებაში არსებულ 50 კვ.მ უძრავ ქონებაზე ნივთის იძულებით რეალიზაციის გზით და დადგინდა რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება მესაკუთრეებს შორის მათი წილის პროპორციულად.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუხცადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
6.2. კერძო საჩივრის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორის ინტერესებს სასამართლოში იცავს ადვოკატი ხ. ხ-ა, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც განიხილებოდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხი და შესაბამისად, სავალდებულო იყო მისი დასწრება. დამცველის გამოუცხადებლობა გამოიწვევდა ბრალდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაუქმებას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული წარმოადგენს საპატიო მიზეზს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობისა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ. ს-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინების პასუხად აპელანტის კანონიერმა წარმომადგენელმა, დედამ, სასამართლოს წარუდგინა აპელანტის დაბადების მოწმობის ასლი, ასევე, მინდობილობა, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვნის ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში იცავს შ. ხ-ა (შემდგომში _ წარმომადგენელი). მინდობილობა გაცემულია 2 წლის ვადით და ძალაშია 2019 წლის 20 იანვრის ჩათვლით;
1.2.2. სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 21 თებერვალს დანიშნული სხდომის თაობზე უწყება ჩაიბარა აპელანტის წარმომადგენელმა;
1.2.3. 2017 წლის 9 მარტის სხდომა მათ შორის გადაიდო იმ საფუძვლით, რომ ვერ ახერხებდა აპელანტის წარმომადგენელი გამოცხადებას. სასამართლოს ახალი სხდომის თაობაზე ეცნობა გამოცხადებულ აპელანტის კანონიერ წარმომადგენელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე (3) მუხლის შესაბამისად, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული ხელწერილით;
1.2.4. 2017 წლის 10 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი (არც მისი კანონიერი და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული წარმომადგენელი), რის გამოც, დაკმაყოფილდა გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
1.3. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას ძირითადად იმ საფუძვლით აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, გარიგებით წარმომადგენელი სისხლის სამართლის საქმეზე იცავდა სხვა პირის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში (დაწვრილებით იხ. აღწერილობითი ნაწილის 6.2. პუნქტი).
1.3.1. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება.
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, შესაბამისად, ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა საკასაციო პალატის კვლევის ობიექტი ვერ გახდება. კერძო საჩივრის ფარგლებში, როგორც უკვე აღინიშნა, მხარემ მიუთითა საპატიო მიზეზის არსებობაზე.
1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
1.6.1. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.
1.6.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე და განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ აპელანტის წარმომადგენელი მართლაც იცავდა სხვა პირის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე. მართალია, კერძო საჩივარში მითითებულია, რომ მხარე წარმოადგენდა შესაბამის მტკიცებულებას, თუმცა, კერძო საჩივრის მიღებიდან მის განხილვამდე გასული საკმარისი დროის მიუხედავად, მას არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, საგულისხმოა, კიდევ რამდენიმე ფაქტორი: თუკი გავიზიარებთ იმ ფაქტს, რომ წარმომადგენელს მართლაც ჰქონდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოცხადების ვალდებულება, იმ პირობებში, როდესაც ერთი თვით ადრე იყო ცნობილი მხარისათვის სამოქალაქო საქმის განხილვის თარიღი, გაურკვეველია, რამ დააბრკოლა იგი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე (3) მუხლის მოთხოვნათა დაცვით საქმის განხილვის დაწყებამდე ეცნობებინა სასამართლოსათვის ამ მიზეზის თაობაზე. საგულისხმო მეორე ფაქტორად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს იმ საკანონმდებლო დანაწესს, რომლის თანახმადაც საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც, პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში (იხ, სსსკ-ის 93.2 მუხლი).
1.7. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩვარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის კანონიერი წარმომადგენლის _ ნ. ს-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე