Facebook Twitter

საქმე №ას-871-813-2017 28 ივლისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლის დაშვების, ასევე, ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – კრედიტორის უფლებამონაცვლის დადგენა, ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივნისის განაჩენით, სხვა სასჯელთან ერთად:

- თ. ბ-ეს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 60 452 ლარის გადახდა;

- თ. ბ-ეს, ნ. დ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 311 830 ლარის გადახდა;

- თ. ბ-ეს, ნ. დ-თან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 800 ლარის გადახდა;

- თ. ბ-ეს, ზ.კ-თან და ნ.დ-ესთან ერთად სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 242 292 ლარის გადახდა;

- პ. კ-ეს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 37 564 ლარის გადახდა;

- პ. კ-ეს, ნ. დ-თან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 66 547 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ეს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 102 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ეს, თ.ბ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 31 830 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ეს, თ. ბ-ესთან და ზ. კ-თან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 242 292 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 991 238 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ს, პ.კ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 66 547 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ს, თ.ბ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 800 ლარის გადახდა;

- ზ. კ-ს, ნ. დ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 242 292 ლარის გადახდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განაჩენით აჭარის ა/რ პროკურორის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილდა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორს, თ. ა-იასა და მსჯავრდებულებს: ნ. ლ.ს ასულ დ-ეს, ნ. ი.ს ასულ დ-ს, პ. რ.ს ძე კ-ესა და თ. ჯ.ს ძე ბ-ეს შორის. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, შევიდა ცვლილებები მსჯავრდებულების მიმართ დამდგარ 2005 წლის 21 ივნისის განაჩენში, კერძოდ:

- განაჩენიდან ამოირიცხა მითითება თ.ბ-ისათვის, ნ.დ-ესთან და ზ.კ-თან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ 1 242 292 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე;

- განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება იმ მიმართებით, რომ თ.ბ-ეს, ნ.დ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ, ნაცვლად 311 830 ლარისა, დაეკისრა 31 830 ლარის გადახდა, შესაბამისად:

- თ. ბ-ეს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 60 452 ლარის გადახდა;

- თ. ბ-ეს, ნ. დ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 31 830 ლარის გადახდა;

- თ. ბ-ეს, ნ. დ-თან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1800 ლარის გადახდა;

- პ. კ-ეს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 37 564 ლარის გადახდა;

- პ. კ-ეს, ნ. დ-თან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 66 547 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ეს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 102 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ეს, თ. ბ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 31 830 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ეს, ზ. კ-თან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 242 292 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ს აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 991 238 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ს, პ. კ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 66 547 ლარის გადახდა;

- ნ. დ-ს, თ. ბ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 800 ლარის გადახდა;

- ზ. კ-ს, ნ. დ-ესთან სოლიდარულად, აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 1 242 292 ლარის გადახდა.

3. განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში და მის აღსასრულებლად, კრედიტორ აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის სასარგებლოდ და თითოეული მოვალის: თ. ბ-ის, პ. კ-ის, ნ. დ-ისა და ნ. დ-ის წინააღმდეგ გაიცა რამდენიმე სააღსრულებო ფურცელი, განაჩენის იმ ნაწილის მითითებით, რომელიც შესაბამისი სააღსრულებო ფურცლით უნდა აღსრულებულიყო.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აჭარის ა/რ ტელე-რადიო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ცნობა და უფლებამონაცვლის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

5. აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, მოითხოვა მისი გაუქმება და უფლებამონაცვლის დაშვების, ასევე, ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

6.1. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობაში დადასტურებულად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლეს, თუმცა, სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე იმ საფუძვლით განაცხადა უარი, რომ მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის 5 ოქტომბრის #58 დადგენილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტი მის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე გადაიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად და ძალადაკარგულად გამოცხადდა „აჭარის ავრონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რდიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1998 წლის 10 ნოემბრის #209 დადგენილება. დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის #33 დადგენილებით, 2014 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის დასახელება შემოკლებითაა მითითებული (აჭარის ა.რ. ტელერადიო დეპარტამენტი), რაც არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორი სხვა დაწესებულებაა. აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიურო 2016 წლის 12 ივლისის შეტყობინებაში მიუთითებს არა აჭარის ა/რ ტელერადიო დეპარტამენტის მოუძიებლობაზე, არამედ - დეპარტამენტის ლიკვიდაციაზე. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-3, 29-ე და 30-ე მუხლების თანახად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო დეპარტამენტი რეორგანიზებულ იქნა მთავრპბის საქვეუწყებო დაწესებულებად _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004 წლის 5 ოქტომბრის #58 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-6 მუხლის თანახმად, დეპარტამენტს აფინანსებს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ხოლო დეპარტამენტის ქონება წარმოადგენს ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას. ზემოაღნიშნული გარემოებები კი, წარმოადგენს საქვეუწყებო დაწესებულების _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიჩნევას;

6.2. სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლზე და არ დააკმაყოფილა განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, რაც არასწორია, რადგანაც სააღსრულებო ფურცელი ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრულ ვადაში გაიცა და საკითხი შეეხება უფლებამონაცვლის დადგენას, გარდა ამისა, სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარდგენილია ნორმით განსაზღვრულ ვადაში და უფლებამონაცვლის დადგენის მოთხოვნით ამავე ვადის დაცვით მიემართა სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ #ბს-30-30(კს-14) არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით განსაზღვრული 10-წლიანი ვადა წარმოადგენს უფლებამონაცვლის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ვადას;

6.3. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილზეც, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, რომლითაც დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე, კერძო საჩივარი წარადგინა მხოლოდ ნ. დ-მა. მოცემულ საქმეზე მოვალეებს წარმოადგენდნენ ასევე ნ. დ-ე, თ. ბ-ე, პ. კ-ე და ზ. კ-ი. მათ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება არ გაუსაჩივრებიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფძვლების, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის სამსჯელოა ორი ძირითადი საკითხი: წარმოადგენს თუ არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კრედიტორის უფლებამონაცვლეს და დადებით შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლება ექვემდებარება თუ არა იძულებით განხორციელებას.

1.2.1. პირველ საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ლიკვიდირებული კრედიტორის უფლებამონაცვლეა. ამ თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის #58 დადგენილებით განისაზღვრა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი, მის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე რეორგანიზებულ იქნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად, ამავე დადგენილების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის სამართალმემკვიდრეა;

ბ) საქმეში წარმოდგენილია ამავე დადგენილებით დამტკიცებული საქვეუწყებო დაწესებულების დებულება, რომლის 1.4. მუხლით განსაზღვრულია დაფინანსების წყარო _ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ხოლო, მე-6 მუხლით რეგულირებულია ქონების საკითხი _ დეპარტამენტის ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის #33 დადგენილებით (1) 2014 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება _ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი; (2) 2014 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად – ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტად რეორგანიზაციისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2004 წლის 5 ოქტომბრის №58 დადგენილება; (3) შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც დევალა ქონების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის დადგენა (4), ასევე, შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

დ) საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, ხოლო, 30-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ან მთავრობის დადგენილებით. საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. ზემოხსენებული სამართლებრივი დანაწესების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს შესაბამის სფეროში ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის გატარების ხელშემწყობ ინსტრუმენტს, რომელიც მატერიალურადაც უზრუნველყოფილია ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით, ხოლო მისი ქონება წარმოადგენს ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქვეუწყებო დაწესებულების ლიკვიდაცია, ბუნებრივია კრედიტორულ-დებიტორული მოთხოვნებიც სამართალმემკვიდრეობის გზით გადაეცემა ქონების მესაკუთრეს. ამ მხრივ, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 30-ე მუხლზე და მართებულად მიიჩნია, რომ ლიკვიდირებული საქვეუწყებო დაწესებულების მოთხოვნაზე (აქტივი) უფლებამოსილ სუბიექტს წარმოადგენდა სწორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

ე) სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით ქონებრივი მოთხოვნა წარმოეშვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტს, რომელიც სააღსრულებო ფურცლების გაცემის დროისათვის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის #58 დადგენილებით რეორგანიზებულ იქნა საქვეუწყებო დაწესებულებად. მხოლოდ ის გარემოება, რომ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორის დასახელება შემოკლებულია („აჭარის ა.რ. ტელერადიო დეპარტამენტი“) არ იძლევა მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გაზიარების საფუძველს, რომ იგი სხვა ორგანიზაცია იყო, უფრო მეტიც, ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც ვერ დაძლია საკუთარი საპროცესო მოვალეობა.

1.2.2. რაც შეეხება უფლებამონაცვლეობის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის, ისე _ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის რეგულაციას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს კრედიტორის უფლებამონაცვლის დაშვების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

1.3. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებს და თვლის, რომ ამ ნაწილში სასამართლოს მსჯელობა არ გამომდინარეობს მატერიალური სამართლის ნორმათა სწორი გამოყენება-განმარტებიდან, ამასთანავე, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა (სსსკ-ის 393-ე მუხლი), კერძოდ:

1.3.1. საპელაციო სასამართლომ უფლებამონაცვლის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი იმ საფუძლით განაცხადა, რომ განაჩენი, რომლითაც დადგენილია კრედიტორის უფლება, კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 27 სექტემბერს და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ამ განაჩენით დადგენილი ვალდებულების იძულებით აღრულების ვადა გავიდა 2016 წლის 27 სექტემბერს, შესაბამისად, განჩინების გამოტანის დროისათვის გასულია გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა და მოვალეს, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეუძლია, უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე.

1.3.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ვადა კრედიტორის უფლება-ცავი ნორმაა, რომელიც მას აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს მიერ დადასტურებული მოთხოვნის იძულებით რეალიზაცია მოახდინოს 10 წლის განმავლობაში. ბუნებრივია, 10-წლიანი ვადის ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, რამეთუ, (გამონაკლისი შემთხვევაა დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამ თვალსაზრისით პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებებს და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაცემულია, ამასთანავე, აღმასრულებლის მიმართვა უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე მოწმობს იმას, რომ უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარდგენილია აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში.

1.3.3. საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია საკითხი იმის თაობაზე, როდის იქნა სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი, რასაც შეეძლო ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა გამოეწვია, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის ის დებულება, რომელიც ადგენს, რომ უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა (2). საკასაციო სასამართლო ამ დასკვნას, გარდა ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა, ამყარებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, 1. აღსრულება შეწყდება, თუ: კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი.

1.3.4. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე სკ-ის 142 მუხლი, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაში იქნა გაცემული, კერძოდ 17.09.01წ., ამასთანავე მოცემულ შემთხვევაში არსებითად ადგილი აქვს 17.09.01წ. აღებულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას, სააღსრულებო ფურცელში მითითებული მხარეების უფლებამონაცვლეთა დადგენას, მათი მონაცემების შეტანას სააღსრულებო ფურცელში, რაც არ უკავშირდება სკ-ის 142-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადებს, ვინაიდან ხსენებული მუხლი ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ხანდაზმულობის ვადას, ამასთანავე ხდება არა სააღსრულებო ფურცლის, არამედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს 11.07.01წ. გადაწყვეტილებაზე 17.09.01წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი იყო აღსრულებისათვის, მოვალის თანხის გადახდევინების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფის მიერ წარდგენილი იყო საინკასო დავალება“ (იხ. სუსგ №ბს-30-30 (კს-14), 24 ივლისი, 2014 წელი).

1.3.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ საქმის მასალების ყოველმხრივი შესწავლა-ანალიზის საფუძველზე უნდა დაადგინოს, შეწყდა თუ არა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ვადა, ასევე, ხომ არ არსებობს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის სპეციალური კანონით განსაზღვრული წინაპირობები და ამ საკითხთა გადაჭრით უნდა შეაფასოს ნ.დ-ის შედავება სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებზე.

1.4. პალატა სრულად იზიარებს კერძო საჩივრის იმ არგუმენტსაც, რომ 2016 წლის 3 აგვისტოს განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უფლებამონაცვლეობის დადგენა და სააღსრულებო ფურცლის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ გაცემა მოითხოვა არა მხოლოდ ნ. დ-ის, არამედ სხვა მოვალეების მიმართაც. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით დააკმაყოფილა რა განცხადება სრულად, იგი კერძო საჩივრით მხოლოდ ნ. დ-მა გაასაჩივრა. საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით განიხილა კერძო საჩივარი და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, ბუნებრივია, სასამართლოს შეფასებები და დასკვნები შეეხებოდა მხოლოდ ნ.დ-ის პრეტენზიის საფუძლიანობას, ხოლო საქმის ხელახლა განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებაზე, ამჯერად იმ პირთა მიმართაც განაცხადა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომლებსაც კანონით დადგენილი წესითა და ვადაში იგი სადავოდ არ გაუხდიათ. ამდენად, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

1.5. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და, თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, იმგვარად, რომ მან რეალურად ვერ შეძლო სასამართლო აქტით დადასტურებული დარღვეული უფლების აღდგენა, კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად იქნება მიჩნეული, ხოლო, სამართალწარმოება მიიღებს ფორმალურ ხასიათს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე