Facebook Twitter

საქმე №ას-1016-936-2017 25 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. კ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ფ.-ე, ზ. ჯ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ე. კ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ლ. ფ.-ისა და ზ. ჯ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ე. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ფ.-ის, ზ. ჯ.-ისა და ლ. კ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თ.-ის №..-ში მდებარე უძრავი ქონება, საკუჭნაო №.., ს/კ №... და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრე ე. კ.-ს. ე. კ.-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ფ.-ემ, ზ. ჯ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ფ.-ისა და ზ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ლ. ფ.-ისა და ზ. ჯ.-ის მიმართ სარჩელი დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მეორე და მესამე პუნქტები) და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. კ.-ის სარჩელი ლ. ფ.-ისა და ზ. ჯ.-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. კ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი კასატორმა პირადად ჩაიბარა 2017 წლის 28 ივლისს (ტ.2, ს.ფ.89), ხოლო საკასაციო საჩივარი მან შეიტანა 2017 წლის 22 აგვისტოს (იხ. ტ.2, ს.ფ.91-100), ე.ი. გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 29 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 18 აგვისტოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. კ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი